Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



რა არის ცელულიტი?

პროფესიონალ დერმატოლოგებსა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს შორის ცელულიტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობები გამუდმებით არსებობდა. წლების მანძილზე მედიცინის მუშაკები ცელულიტს ჭარბ ცხიმად მიიჩნევდნენ და მასთან ბრძოლის მთავარ სტრატეგიად დიეტას და ფიზიკურ დატვირთვას განიხილავდნენ. თუმცა აშკარაა, რომ მოშვებული და მოდუნებული კანის პრობლემა არამხოლოდ ჭარბწონიან, არამედ გამხდარ ადამიანებსაც აწუხებთ. ისინიც ხშირად მიმართავენ სპა ცენტრებსა და კანის სამკურნალო დაწესებულებებს, რათა ცელულიტს თავი საბოლოოდ დააღწიონ. სამწუხარო სიმართლე კი ის არის, რომ სქესობრივი სიმწიფის ასაკს მიღწეული ქალბატონების 80-90 %-ს ცელულიტის პრობლემა აწუხებს. მათი უმეტესი ნაწილი კი ჭარბ წონას არ უჩივის. მაშასადამე, რა შეიძლება იყოს ცელულიტი, რომელიც ქალბატონებში ასე გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს და როგორია მისი დეფინიცია?

ტერმინი „ცელულიტი“ ევროპაში 150 წლის წინ გაჩნდა. მას შემდეგ კვლევები ძირითადად ცელულიტის ქსოვილის სტრუქტურული აგებულების შესწავლას ცდილობდნენ. თანამედროვე კვლევებით დასტურდება, რომ ცელულიტი გაცილებით მწვავე პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე უბრალოდ ჭარბი ცხიმია. იმისთვის, რომ მასთან ბრძოლაში წარმატებას მივაღწიოთ, მის უნიკალურ სტრუქტურას უნდა ჩავწვდეთ. ცელულიტზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ცხიმის სტრუქტურის ანალიზი და ცელულიტის წარმოშობის მიზეზების კვლევა დაგვჭირდება.

რა არის ცელულიტი?

ადამიანის ორგანიზმში საკმაოდ ბევრი ცხიმია. ჩვენი კანის ზედაპირიც ცხიმის ფენებით არის დაფარული. ცხიმის შრეები მთელს ორგანიზმში გვხვდება. ცხიმი ადამიანის ორგანიზმის თერმორეგულაციაზეა პასუხისმგებელი, ის ახდენს მექანიკური ტრავმების პრევენციას, გამოკვეთს სხეულის კონტურებს და ავსებს ცარიელ სივრცეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხიმი ადამიანისთვის ენერგიის უმთავრეს წყაროსაც წარმოადგენს. როგორც ენერგიის წყარო, ლიპიდები ცხიმოვან უჯრედებში (ადიპოციდებში) ტრიაცილგლიცეროლების სახით მარაგდება. როდესაც ორგანიზმს ენერგია ესაჭიროება, ეს უკანასკნელი გლიცეროლად და ცხიმოვან მჟავებად იშლება. მეტაბოლიზმის პროცესში კი ისინი ენერგიად გარდაიქმნებიან. სწორედ ამაში მდგომარეობს ცხიმოვან უჯრედთა ძირითადი დატვირთვა. ადიპოციტებში ცხიმები გროვდება, რის შედეგადაც ცხიმოვანი ქსოვილის ჩამოყალიბება ხდება.

ცხიმი ჩვენს ორგანიზმში კუნთების, ორგანოებისა და ძვლების გარშემო გვხვდება.  გვიან 1970-იან წლებში ექიმებმა ნიურბერგერმა და მიულერმა ცელულიტისა და ცხიმის უკეთ გასაცნობად კანის სტრუქტურისა და ცხიმოვანი უჯრედების ცალკეული კომპონენტების შესწავლა გადაწყვიტეს. მათ აღმოაჩინეს, რომ კანქვეშა ქსოვილის ყველაზე ზედა შრე ცხიმოვანი უჯრედებისგან შედგებოდა, ისინი ერთმანეთს შემაერთებელი ქსოვილის ვერტიკალური კედლებით ემიჯნებოდნენ. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ზედმეტი დატვირთვის და მეტისმეტი ზეწოლის შემთხვევაში ცხიმოვანი უჯრედები ზიანდებოდნენ. ზეწოლა ძირითადად ზედმეტი წონით, წყლის შეკავებით ან სისუსტით იყო გამოწვეული, რასაც თავის მხრივ ვარჯიშის და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა იწვევდა. ზედმეტი ზეწოლით მიღებული დაზიანებები კი საბოლოოდ კანზე არასასურველ ცვლილებებს აჩენდაა, რასაც ჩვენ დღეს ცელულიტს ვუწოდებთ.

ქალისა და მამაკაცის კანქვეშა სტრუქტურებს თუ შევადარებთ, აღმოვაჩენთ, რომ მამაკაცებს  ცხიმოვანი უჯრედების განსხვავებული სტუქტურა და ირიბი შემაერთებელი ქსოვილი აქვთ, რაც მას არასასურველი დატვირთვის შემთხვევაში მეტ გამძლეობას მატებს. სწორედ ზემოთ ხსენებული ანატომიური განსხვავება დასახელდა უმთავრეს მიზეზად, რის გამოც ქალბატონებში ცელულიტი გაცილებით ხშირად გვხვდება,  ვიდრე მამაკაცებში.

როგორ ხდება ცელულიტის ფორმირება?

ცელულიტის ფორმირება ოთხ ძირითად საფეხურს მოიცავს. პირველ ეტაპზე, ორგანიზმში გარკვეული ცვლილებები მიმდინარეობს, რაც შიშველი თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება. კანის შემაერთებელი ქსოვილი დეგრადაციას განიცდის. სისხლძარღვები და კაპილარები, რომლებიც კანში სისხლის მიმოქცევასა და ტრანსპორტირებაზე არიან პასუხისმგებლები, სუსტდებიან და ქმედითუნარიანობას კარგავენ. მოცემულ ეტაპზე ხშირად ცხიმოვანი უჯრედების აგრეგაციაც ხდება.

 

კაპილართა სისტემის მოშლის გამო, ქსოვილებში სითხის დაგროვების პროცესი იწყება. მეორე ეტაპზე მიკროცირკულაციის პროცესი დაქვეითებას განაგრძობს. კანის შემაერთებელი ქსოვილი კი უფრო და უფრო ზიანდება. კანზე უჩვეულო ნაპრალები ჩნდება, რაც ანთებითი პროცესის წარმოქმნაზე მიგვანიშნებს. ამ დროს ხდება ცალკეულ ფერმენტთა გააქტიურებაც, როგორიცაა  მაგ. კოლაგენაზა. სითხის აკუმულირება რეგულარულ სახეს იღებს. შესამჩნევი ხდება ე.წ. ფორთოხლის კანიც. მესამე და მეოთხე ეტაპზე კი მიკროცირკულაციის პროცესი საგრძნობლად ფერხდება, კანის შემაერთებელ ქსოვილში მეტაბოლური აქტივობა იკლებს. პროტეინის სინთეზისა და აღდგენითი პროცესები დრამატულად ნელდება. ცელულიტის ფორმირების ბოლო სტადიაზე კანი მნიშვნელოვნად ზიანდება.

ცელულიტის წარმოქმნის მიზეზები

ცელულიტის წარმოქმნას უმეტესად სხვა და სხვა მიზეზთა კომბინაცია იწვევს. ცვლილებები მოლეკულურ და სტრუქტურულ დონეზე მიმდინარეობს. საკმაოდ რთულია იმ ძირითადი ფაქტორების გამოკვეთა, რომლებიც ცელულიტის გაჩენის  პროვოცირებას ახდენენ.

ცელულიტის გაჩენის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ცხიმოვან ქსოვილში სითხის შეკავება სახელდება. აღნიშნული მიზეზის გამო არამხოლოდ ბარძაყების, დუნდულებისა და მუცლის მიდამოებში ამოზნექილი კანის პრობლემა დგება, არამედ კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოს დაზიანებით, კანი სიგლუვესა და სიმტკიცესაც კარგავს. ასაკთან ერთად ორგანიზმის სტუქტურულ ცილას ელასტიურობა ეკარგება. სითხის და ტოქსინების დაგროვება და ცირკულაციის შენელება, ის მთავარი ფაქტორებია, რომლებიც ცელულიტის გაჩენას განაპირობებს. მათ შორის ყველაზე მთავარი ცირკულაციის პროცესის მოშლაა. აღნიშნული პრობლემა ყველაზე მეტად უწყობს ხელს ცელულიტის ფორმირებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.

 

ცირკულაციის პროცესის შეფერხებას კი თავის მხრივ სხვა და სხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის ყველაზე ხშირია: ვარჯიშის ნაკლებობა, მჯდომარე ცხოვრების წესი, დაბინძურებული არტერიები და მკვებავი ნივთიერებების მნიშვნელოვანი დეფიციტი. ყოველივე ამან თქვენ შესაძლოა ცელულიტის წარმოქმნის პრობლემის წინაშე დაგაყენოთ. ზოგადად ცელულიტი სწორედ ისეთ ადგილებში იჩენს თავს, სადაც ცირკულაცია ისედაც სუსტია.

როგორ ვუმკურნალოთ ცელულიტს?

ვარჯიშის, წონაში კლებისა და ლიპოსაქციის გარდა ცელულიტის მკურნალობის სხვა და სხვა გზა არსებობს. მის წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენება მასაჟის პროცედურებიც, თუმცა მათი ეფექტიანობა ბოლომდე შესწავლილი არ არის. სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების გარეშე, მასაჟმა შესაძლოა კონკრეტულ არეებში დამატებითი პრობლემების შექმნაც კი გამოიწვიოს. რეგულარულად შესრულებული მსუბუქი ლიმფოდრენაჟი სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, უჯრედებში მეტაბოლურ პროცესებსაც აჩქარებს და ცელულიტის მიერ მოყენებული ზიანის აღმოფხვრას ასტიმულირებს. მსგავსი ტიპის მასაჟი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროცედურაა ცელულიტის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოცემული მასაჟის შესრულება კვირაში ორჯერ არის რეკომენდებული, საჭიროების შემთხვევაში კი უფრო ხშირადაც შეიძლება. თუმცა მოცემული თერაპია სერიოზულ მომზადებას საჭიროებს და ის კვალიფიციური პერსონალის მიერ უნდა შესრულდეს.

ცელულიტის სამკურნალოდ ხშირად მიმართავენ არომათერაპიასაც. აღნიშნული პროცედურის მასაჟთან კომბინაცია კი გაცილებით უკეთეს შედეგებს იძლევა. ზეთები, რომლებიც არომათერაპიის დროს გამოიყენება ლიმფატიური სისტემისა და ცირკულაციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ზეთები, რომლებიც შეგიძლიათ არომათერაპიისთვის გამოიყენოთ, შემდეგია: ლავანდის, ევკალიპტის, ლიმონის,  აბზინდის, კვიპაროსის, კედრის, ღვიისა და როზმარინის.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი დეკადის მანძილზე ცელულიტთან დაკავშირებით ჩვენი ცოდნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, კვლევები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. მეცნიერები ცდილობენ ცელულიტის დასამარცხებლად ახალ, უფრო ეფექტურ და უსაფრთხო მეთოდებს მიაკვლიონ, რადგან მიუხედავად უამრავი ინოვაციისა, თანამედროვე სამყაროში ცელულიტი კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.

 

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა