სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ოფლისდენა და ცხიმის წვა

სპორტდარბაზში მოსიარულეთა ნაწილს ღრმად სწამს, რომ ოფლისდენას ცხიმის წვის პროცესის გააქტიურება შეუძლია. სწორედ ამიტომ, ადამიანები, რომლებსაც ნორმალურ ვითარებაში საოფლე ჯირკვლები კარგად უმუშავებთ და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ აქვთ, ვარჯიშისას ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჭარბი ოფლიანობა გამოიწვიონ. ისინი თავდაუზოგავად დარბიან, ასრულებენ ხანგრძლივ კარდიოს, არაადეკვატურად ბევრ ტანსაცმელს იცვამენ და გადაჭარბებულად ირჯებიან. ხშირად ხდება, რომ ზედმეტი მონდომების გამო ისინი საკუთარ თავს ზიანსაც კი აყენებენ, გადახურებული ორგანიზმი მაღალ ტემპერატურას ვეღარ უძლებს და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ასეთი ადამიანების რწმენა ოფლისდენას და ცხიმის წვას შორის არსებულ დადებით კორელაციასთან მიმართებით, მსუბუქად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია. მსგავსი იდეები გარკვეულწილად დიდ საფრთხესაც შეიცავს. შესაძლოა თქვენმა ცრურწმენამ სახიფათო ფორმები არ მიიღოს, მაგრამ ის თქვენს რეალურ მიზნებთან  ნამდვილად დაგაშორებთ  და გაიძულებთ ის აკეთოთ, რაც აუცილებელი სულაც არ არის, ამასთან, თქვენ გაცილებით ნაკლებ დროსა და ენერგიას დაუთმობთ იმას, რისი გაკეთებაც რეალურად გესაჭიროებათ.

კიდევ ერთი გავრცელებული ცრურწმენით ოფლისდენა არაფემინურია, რის გამოც ქალბატონები ხშირად თავს არიდებენ სრული დატვირთვით ვარჯიშს და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში ხელი ეშლებათ. ქალთა ჟურნალებში უამრავ სტატიას ნახავთ, რომლებიც ვარჯიშთა ისეთ ნაირსახეობებს გთავაზობთ, რომელთა დახმარებითაც წონაში ზედმეტი ოფლისღვრის გარეშეც დაიკლებთ. პერსონალურ ინსტრუქტორებს თუ მოვუსმენთ, ისინი გვეტყვიან, რომ მსგავსი დაპირებების მიცემა არარეალურია და ისინი მხოლოდ ადამიანთა  დროებით მოსახიბლად  თუ გამოგვადგება. ნებისმიერ ადამიანს ოფლიანობის განსხვავებული ზღვარი აქვს. ზოგიერთი მათგანი ვარჯიშის დაწყებისთანავე ოფლად იღვრება, ზოგი კი მაღალი ინტენსივობის დატვირთვის დროსაც კი არ ოფლიანობს. თუმცა აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ ოფლიანობის თავიდან არიდების არანაირი ლოგიკური მიზეზი არ გაქვთ. ამასთან, თუ თქვენი ორგანიზმი ოფლიანობისკენ არ არის მიდრეკილი, დიდ პრობლემას არც ეს წარმოადგენს.

 

მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქალები ოფლიანობას უნდა ერიდონ, გარკვეულწილად სექსისტური და დესპოტურია, რადგან ის არასამართლიანად ზღუდავს ქალის უნარს და სურვილს, სრული დატვირთვით ივარჯიშოს და დარბაზში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს. მოსაზრება, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის მაგიური განსხვავებები არსებობს და რომ მათ ერთნაირი მიზნების მისაღწევად განსხვავებულად ვარჯიში ესაჭიროებათ, საკმაოდ მოძველებული და გამოუსადეგარია. მსგავსი ცრურწმენების გამო ქალები ხშირად დიდ დროს, თანხებსა და ენერგიას ხარჯავენ ე.წ. ფემინურ ვარჯიშებზე და სასურველი შედეგების მიღწევას ვერ ახერხებენ, რაც მათ იმედგაცრუებულს ტოვებს. არ შეიძლება ვარჯიშის ეფექტურობა გავზომოთ იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის ოფლს ვღვრით მისი შესრულების დროს. ჩვენს სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ მითზე, რომელიც გვეუბნება, რომ ოფლისდენა ცხიმის ცვის პროცესს უწყობს ხელს.

ოფლისდენა ცხიმის წვაში ვერ დაგეხმარებათ

ოფლისდენას ცხიმის წვის პროცესთან კავშირი არ აქვს. ამ ორ მოვლენას შორის არანაირი კორელაცია არ არსებობს, ოფლისდენა რომ ცხიმებს წვავდეს, ამერიკაში ჭარბწონიანობის პრობლემის გადაჭრა მნიშვნელოვნად გამარტივდებოდა, რადგან ზაფხულში ადამიანები, რომლებიც მარტივად იოფლებიან, ჭარბი ცხიმების დაწვას ადვილად შეძლებდნენ. ჭარბწონიან ადამიანებს ვერც ტროპიკულ ქვეყნებში შეხვდებოდით. ოფლისდენა ბუნებრივი მოვლენაა, რომლის დროსაც კანში არსებული საოფლე ჯირკვლებიდან ორგანიზმის გაგრილების მიზნით წყლის, ცოტაოდენი შარდოვანას და მარილების გამოდევნა ხდება. ოფლიანობა ჩვენი ორგანიზმის თერმორეგულაციაზეა პასუხისმგებელი და მის გადახურებისგან დაცვას უზრუნველყოფს. ვარჯიშის დროს ფიზიკური ძალისხმევის გამო კუნთების გადახურება ხდება. ორგანიზმი კი გაგრილების მიზნით ოფლის გამოყოფას იწყებს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოფლის გამოყოფასთან ერთად ცხიმებიც იწვება.

ოფლისდენა თქვენი ვარჯიშის ეფექტურობის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. როდესაც ადამიანები კმაყოფილები აღნიშნავენ, რომ ვარჯიშის დროს ბევრი ოფლი დაღვარეს, ისინი ფიქრობენ, რომ მათი ვარჯიში ეფექტური იყო, თუმცა რეალურად მათ უბრალოდ საკმარისი ძალისხმევა გამოიჩინეს და კუნთები დატვირთეს. იაპონიაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცები ქალებთან შედარებით უფრო მარტივად ოფლიანდებიან და თანაბარი დატვირთვის დროს ორჯერ მეტ ოფლსაც ღვრიან, მაგრამ ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ისინი უფრო ეფექტურად ან ინტენსიურად ვარჯიშობენ.

ნებისმიერი მითი გარკვეული მიზეზით ჩნდება, ამ მხრივ არც ოფლისდენასა და ცხიმის  წვას შორის არსებული დადებითი კორელაციის მითია გამონაკლისი. თუ მოკრივეების, ძალოსნების ან ბოდიბილდერების ცხოვრების სტილს დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ მნიშვნელოვანი ბრძოლების ან ცერემონიების წინ ისინი განსაკუთრებულ რეჟიმში დგებიან და დიდი დატვირთვით ვარჯიშობენ. როგორც წესი, სპორტსმენები ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლების მიზნით დიდ დროს ატარებენ საუნაში, ბევრს დარბიან და უამრავ ტანისამოსს იცვამენ, რათა ოფლიანობის პროვოცირება მოახდინონ. ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმის 75 % წყლისგან შედგება, ოფლისდენის დროს კი ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნა ხდება. შესაბამისად, წონაში რამდენიმე კილოგრამით სწრაფად დაკლების მსურველები ცდილობენ დაგროვილი ზედმეტი  სითხე მოიშორონ, შესაბამისად ისინი გამოშრობის ეფექტს ქმნიან. რეალურად კი ამ პროცესში ზედმეტი ცხიმებისგან გამოთავისუფლება არ ხდება. ადამიანები თავიანთ ფავორიტ სპორტსმენებს აკვირდებოდნენ და ფიქრობდნენ, რომ ჭარბი ოფლიანობის გამოწვევით ისეთ მშვენიერ ფორმებს ჩამოიყალიბებდნენ, როგორებიც ცნობილ ბოდიბილდერებს ან მოკრივეებს აქვთ. ამ მიზნით ისინი ხშირად ჭარბად იმოსებიან და საუნაშიც დადიან, თუმცა, ცხადია, სასურველი შედეგის მიღებას მაინც ვერ ახერხებენ. ისინი გარეგანი დაკვირვების შედეგად გამოტანილი არასწორი დასკვნების მსხვერპლები არიან.  ცნობილი ათლეტების მშვენიერი ფიგურები ხანგრძლივი ვარჯიშისა და სათანადო დიეტის დაცვის შედეგს წარმოადგენს და არავითარ შემთხვევაში არ არის ჭარბი ოფლიანობის დამსახურება.

ოფლიანობა ცხიმს არ წვავს, ჭარბი ოფლიანობა კი ორგანიზმისთვსის საზიანოა

ათლეტები ხშირად იტანჯებიან ჰიპერთერმიით (ორგანიზმის გადახურება), რაც გამოწვეულია იმით, რომ ორგანიზმი იმაზე მეტად ხურდება, ვიდრე მას შეუძლია. ოფლისდენით ორგანიზმის სათანადოდ გაგრილება ვეღარ ხდება. როდესაც დახურულ სივრცეში, ჰიდრატაციის ნაკლებობის პირობებში, მაღალ ტემპერატურაზე დიდ დროს ატარებთ, სითბური დარტყმის მიღების საფრთხის წინაშე ხართ. გადახურება, ზედმეტი ოფლისღვრა და წყლის მიღების შეზღუდვა აზიანებს თქვენს გულს, ნერვულ სისტემას, თერმორეგულაციას, თირკმლის ფუნქციას, არღვევს ელექტროლიტურ ბალანსს და ასუსტებს კუნთებს. ჭარბი ოფლიანობის გამოწვევის მიზნით ადამიანები ხშირად მიდიან მსხვერპლზე, რაც ხშირად სამედიცინო ჩარევების მიზეზადაც იქცევა ხოლმე.

მაშასადამე,  ჩამოვყალიბდით, რომ ოფლისდენა ლოკალიზებული ფენომენია და ის ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნას უწყობს ხელს, ცხიმის წვის პროცესთან კი არანაირი კავშირი არ აქვს. ყველამ ვიცით, რომ ვარჯიშის გარკვეული სახეობებით და სათანადო დიეტის დაცვით კუნთოვანი მასის გაზრდის ხელშეწყობა შეგიძლიათ. რეგულარულ ვარჯიშს თქვენი სხეულის ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნის უნარი შესწევს. ამასთან დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოთ კვებასაც და არ მიიღოთ საკვები, რომლებიც დაგაზიანებთ. მთავარია, მაღალი ინტენსივობით ივარჯიშოთ. შესაძლოა, დღის ბოლოს ვარჯიშით უკმაყოფილო იყოთ, რადგან სათანადო რაოდენობის ოფლი არ დაგიღვრიათ. ამან არ უნდა შეგაშინოთ, რადგან როგორც უკვე ავღნიშნეთ, ოფლიანობა ვარჯიშის ინტენსივობის განმსაზღვრელი ნამდვილად არ არის. შესაძლოა, თქვენ ბოლომდე დაიხარჯოთ და საკმარისი რაოდენობის ცხიმებიც დაწვათ, მაგრამ  ოფლიანობა არ გქონდეთ. ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა და ის თქვენი ვარჯიშის ეფექტურობას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს. ასე რომ, მეტი ყურადღება დაუთმეთ დატვირთვის ხარისხსა და ინტენსივობას, თავი აარიდეთ ცრურწმენებს. ნუ მისცემთ მათ საშუალებას  ძვირფასი დრო დაგაკარგინოთ და მიზნისკენ მიმავალი გზიდან გადაგახვევინოთ.

წარმატებებს გისურვებთ!

 

 

გაიარეთ ავტორიზაცია და შეაფასეთ სტატია


ცუდი

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

კარგი

10

დან 10

1 ხმა

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა