Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ვარჯიშით გამოწვეული ჰიპოგლიკემია

ადამიანებს, რომლებსაც ჰიპოგლიკემიის დიაგნოზს უსვამენ, ერთ ლიტრ სისხლში შაქრის დონე 2,5-2,8 მილიმოლამდე აქვთ დაწეული. მწვავე ჰიპოგლიკემია ადამიანის სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს და აუცილებლად საჭიროებს სათანადო მკურნალობას. აღნიშნული პრობლემის დასამარცხებლად მედიკოსები პაციენტებს სისხლში შაქრის დონის მუდმივი გაკონტროლებისკენ მოუწოდებენ. ჰიპოგლიკემიით დაავადებულმა ადამიანებმა დღის განმავლობაში რამდენჯერმე მცირე ულუფებით უნდა იკვებონ. კვებებს შორის სასარგებლო ხემსის მირთმევაც აუცილებელია, რათა სისხლში შაქრის დონის ნორმალიზება შესაძლებელი გახდეს. დიაბეტით დაავადებულ ათლეტებს, სათანადო პრევენციული ზომების მიღების გარეშე, ვარჯიშის შემდეგ სისხლში შაქრის დონის ვარდნის საფრთხე ემუქრებათ. მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიში ჰიპოგლიკემიის გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია, აღნიშნული პრობლემისთვის თავის არიდების მიზნით, ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება აუცილებელი სულაც არ არის. ჩვენს სტატიაში იმ სტრატეგიებზე გესაუბრებით, რომელთა დახმარებით ფიტნესით დაკავებული ადამიანები სისხლში შაქრის დონის გაკონტროლებას მარტივად შეძლებენ.

ინსულინი ორგანიზმში მრავალ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. მისი ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა ღვიძლისთვის სათანადო სიგნალის მიწოდებაა, რომლის დამხარებითაც ღვიძლი გლუკოზას გლიკოგენად გარდაქმნის და მას აღნიშნული სახით ინახავს. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ენდოგენური ინსულინის (პანკრეასის მიერ გამომუშავებული) დონე ავტომატურად კონტროლდება. ის ორგანიზმის საჭიროების მიხედვით იმატებს ან იკლებს. პირველი ტიპის დიაბეტით დაავადებული ადამიანების ორგანიზმში კი პანკრეასის მიერ ინსულინი საერთოდ არ გამომუშავდება, რაც სისხლში შაქრის დონის გაკონტროლებას ძალიან ართულებს. ვარჯიშის დროს გლუკოზა ენერგიის წყაროდ გამოიყენება, რაც სისხლში გლუკოზის შემცველობას მნიშვნელოვნად ამცირებს. ჯანმრთელი ადამიანების ორგანიზმში შაქრის დონის კლების პარალელურად, პანკრეასი ინსულინის გამომუშავებას ამცირებს, ღვიძლი კი შენახული გლუკოზის გამოთავისუფლებას იწყებს, რათა სისხლში შაქრის შემცველობა დაარეგულიროს. იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებსაც პირველი ტიპის დიაბეტი აწუხებთ, აღნიშნული პროცესები ბუნებრივი გზით არ რეგულირდება.

დიაბეტით დაავადებული ადამიანების ორგანიზმში ვარჯიშის დროს ინსულინი თუ იმავე სიხშირით გამომუშავდება, როგორც ჩვეულებრივ მდგომარეობაში, სისხლში შაქრის დონე მინიმუმამდე დაიწევს, რადგან ინსულინი ღვიძლს შენახული გლუკოზის გამოთავისუფლების შესაკავებლად სპეციალურ სიგნალს მიაწვდის. ეს ყოველივე სისხლში შაქრის შემცველობის გაკონტროლებას შეუძლებელს გახდის. პირველი ტიპის დიაბეტს სხვაგვარად ინსულინ-დამოკიდებულ დიაბეტსაც უწოდებენ, რადგან პანკრეასის მიერ ინსულინის გამომუშავების ლიმიტირება აღნიშნული ტიპის დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს სისხლში შაქრის დონის რეგულირებისთვის იძულებულს ხდის მთელი ცხოვრების მანძილზე ინსულინის ინექციები მიიღონ.

როგორ უნდა დაიცვათ თავი ვარჯიშით გამოწვეული ჰიპოგლიკემიისგან?

  • თავდაპირველად წონებით ივარჯიშეთ, შემდეგ კი კარდიო შეასრულეთ

შესაძლოა, დაუჯერებლადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ წონებით ვარჯიშების შესრულებისას თქვენს სისხლში შაქრის დონე მნიშვნელოვნად იმატებს. წონებით აზიდვები ორგანიზმში ისეთი ჰორმონების გამომუშავებას უწყობს ხელს, როგორებიცაა: ზრდის ჰორმონი, კორტიზოლი და კატექოლამინები. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ჰორმონი სისხლში შაქრის დონის მატებას უწყობს ხელს. წონებით ვარჯიშისგან განსხვავებით კარდიო გლუკოზის შემცველობას მნიშვნელოვნად ამცირებს. როდესაც დატვირთვის დაწყებისას უპირატესობას წონებით ვარჯიშს ანიჭებთ, თქვენ სისხლში შაქრის დონეს მაღლა წევთ, რაც კარდიოს შესრულებით გამოწვეული შაქრის დონის კლებას დაგიბალანსებთ. მსგავსი თანიმდევრობით ვარჯიში გლუკოზის დონის ვარდნის პრევენციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

  • შეამცირეთ მიღებული ინსულინის დოზები

პირველი ტიპის დიაბეტით დაავადებული ადამიანები ინსულინს რეგულარულად საბაზისო ან გაზრდილი რაოდენობით იღებენ. მცირე დოზით ინსულინის მიღება რეგულარულ და განგრძობით ხასიათს ატარებს, მაშინ როდესაც ინსულინის დოზის გაზრდა გარკვეული ტიპის საკვების მიღებამდე ან გლუკოზის დონის მნიშვნელოვანი მატებისას არის რეკომენდებული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვარჯიშის დროს სისხლში შაქრის დონის დაქვეითება ინსულინის ჭარბ გამომუშავებას უკავშირდება, ხოლო თუ ინსულინის ცირკულაცია შემცირებულია, შაქრის დონის ვარდნის პრევენცია სავსებით შესაძლებელია. ადამიანებმა, რომლებსაც ბაზალური რაოდენობით ინსულინის მიღება რეგულარულად უხდებათ, გარკვეული დროით მიღებული ინსულინის დოზა უნდა შეამცირონ, რათა ვარჯიშის დროს შაქრის დონის დაქვეითებისგან თავის დაზღვევა შეძლონ. ცხადია, დოზების რეგულირება თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურად უნდა მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

გარდა ინექციის დოზის შემცირებისა, ვარჯიშის შემდეგ ჰიპოგლიკემიის განვითარებისგან თავის დაცვა ინსულინის აქტიური ცირკულაციის შემცირებითაც შეიძლება, რაც ვარჯიშის დაწყებამდე ან მისი მიმდინარეობისას საკვების მიღებისგან თავის შეკავებით მიიღწევა. თუმცა კვებაზე უარის თქმა ყველა ადამიანს არ შეუძლია. მათი უმეტესობა ვარჯიშისთვის საჭირო ენერგიას სწორედ დატვირთვამდე საკვების მირთმევით იღებს. ვარჯიშამდე 90 წუთით ადრე საკვებს თუ მიიღებთ, ეცადეთ მცირე ულუფებით იკვებოთ, რათა ვარჯიშის დასრულების შემდეგ ჰიპოგლიკემიის განვითარებისგან თავის დაზღვევა შეძლოთ.

  • კვება ვარჯიშის დაწყებამდე

ვარჯიშის დაწყებამდე ჯანსაღი საკვების მიღება არამხოლოდ დატვირთვისთვის საჭირო ენერგიას და გამძლეობას მოგცემთ, ის სისხლში შაქრის დონის დაწევისგანაც დაგიცავთ. ვარჯიშის დაწყებამდე 60-90 წუთით ადრე შეგიძლიათ, დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები მიირთვათ. კვების დროს მისაღები ინსულინის დოზები შეამცირეთ, რათა დატვირთვისას სისხლში შაქრის შემცველობის მნიშვნელოვანი ვარდნის საფრთხე არ დაგემუქროთ. ვარჯიშამდე შვრიის მირთმევა ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია, რათა სისხლში გლუკოზის დონის გაკონტროლება შეძლოთ. შვრია დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტია, ის საკმაოდ ნელა გადამუშავდება, რის გამოც ვარჯიშის დროს შაქრის დონის მკვეთრი მატება ან დაქვეითება არ გემუქრებათ. ინსულინის მიღების გარეშე კვების შემთხვევაში, ფიზიკური დატვირთვის მიუხედავად სისხლში შაქრის დონის მატების საფრთხე გემუქრებათ, რის გამოც ინსულინზე უარი არ უნდა თქვათ. ვარჯიშამდე და მისი დასრულების შემდეგ ნახშირწყლების მიღება მკაცრად უნდა გააკონტროლოთ. რაც უფრო მეტს იწონით და მეტი ინტენსივობით იტვირთებით, მით მეტი ნახშირწყლოვანი პროდუქტის მიღება დაგჭირდებათ.

  • შაქრის დონე მკაცრად გააკონტროლეთ

გარდა იმისა, რომ ვარჯიშის დროს სისხლში შაქრის დონე მნიშვნელოვნად ეცემა და თქვენ ჰიპოგლიკემიის განვითარების საფრთხის წინაშე დგებით, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ გლუკოზის დონის მნიშვნელოვანი მატებისგან სრულად დაცული ვერ იქნებით. წონებით ვარჯიშს და აღნიშნული ფიზიკური აქტივობის დროს გამომუშავებულ ჰორმონებს სისხლში შაქრის დონის მატება შეუძლია. როდესაც წონებით ვარჯიშს დაასრულებთ, კარდიოზე გადასვლას ნუ იჩქარებთ. მართალია, წონებით ვარჯიშის დროს შაქრის დონე მატულობს, მაგრამ ვარჯიშის დასრულების შემდეგ ის საწყის მაჩვენებელს ნელ-ნელა უბრუნდება, რის გამოც ზედმეტი გადატვირთვა და კარდიოზე დაუყოვნებლივ გადასვლა რეკომენდებული არ არის.

მართალია, დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს გარკვეული ზომების მიღების შემთხვევაში ვარჯიშით გამოწვეული ჰიპოგლიკემიის თავიდან აცილება შეუძლიათ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. პირველი ტიპის დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს სწორი კვებით, სავარჯიშო რუტინის რეგულირებით, მიღებული გლუკოზის დოზების ცვლილებითა და სისხლში შაქრის დონის მკაცრი კონტროლით ვარჯიშით გამოწვეული ჰიპოგლიკემიის თავიდან აცილება შეუძლიათ, თუმცა მიუხედავად ამისა, ფიზიკურმა დატვირთვამ, შესაძლოა, სისხლში შაქრის დონის დაქვეითება მაინც გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, დარბაზში წასვლისას ყოველთვის თან იქონიეთ სისხლში გლუკოზის დონის ასამაღლებელი საშუალებები. ეცადეთ, დიაბეტის გამო არ დანებდეთ და ვარჯიშზე უარი არ თქვათ. ვარჯიშის გამო გარკვეულ მსხვერპლზე წასვლა და სისხლში შაქრის დონის რეგულირებისთვის სპეციალური ღონისძიებების გატარება ნამდვილად ღირს, რადგან რეგულარული დატვირთვა თქვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

წარმატებებს გისურვებთ!

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა