დაბალნახშირწყლოვანი დიეტები - მათი უპირატესობები და უარყოფითი მხარეები
არსებობს არასწორი აზრი იმის შესახებ, რომ წონაში დასაკლებად ნახშირწყლების მიღება აბსოლუტურად უნდა აიკრძალოს, რადგან ისინი ორგანიზმში ცხიმების დაგროვებას უწყობენ ხელს. სწორედ მსგავს მოსაზრებებს ემყარება მაგ. ატკინსის დიეტა, ან კატოგენური დიეტა. მთავარი პრინციპი, რომლითაც დაბალნახშირწყლოვანი დიეტების მიმდევრები ხელმძღვანელობენ, არის ის, რომ ნახშირწყლები წონაში მატებას უწყობენ ხელს. სიმართლე კი ის არის, რომ წონაში მატება გადაჭარბებული დოზით კალორიების მიღებასთან არის დაკავშირებული. ამასთან ჩვეულებრივ ნახშირწყლებს, რომლებსაც შეიცავენ მაგ. ნამცხვრები ან თეთრი პური, ინსულინის დოზის ცვლილების გამოწვევა შეუძლიათ, რაც ართულებს წონაში კლების პროცესს, განსაკუთრებით ეს ეხებათ ენდომორფებს, რომლებიცმგრძნობიარენი არიან ნახშირწყლოვანი პროდუქტებისადმი.
დაბალნახშირწყლოვანი დიეტების უპირატესობები
პროთეინი ცხიმებთან და ნახშირწყლებთან შედარებით მეტად გაჯერებულია. თუ თქვენ იღებთ 200 კალორიას პროთეინის, ცხიმის ან ნახშირწყლების მეშვეობით, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ აღნიშნული კალორიების პროთეინისგან მიღების შემთხვევაში მეტად დანაყრებულად იგრძნობთ თავს. აქედან გამომდინარე, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ ცილოვან დიეტას მისდევთ, გაცილებით ნაკლებს ჭამთ. დაბალნახშირწყლოვანი დეიტების მთავარ წანამძღვარს სწორედ ეს წარმოადგენს. ისინი არ კრძალავენ კალორიების მიღებას, რადგან ეს საჭირო არ არის. მსგავსი დეიტები ბუნებრივად იწვევენ კალორიების დეფიციტს და ესეც მათი მთავარი უპირატესობაა.
მსგავსი დიეტების კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ისინი მაქსიმალურად ამცირებენ სახამებლის და შაქრის მიღების დოზებს. დღევანდელი პროდუქტები ძალიან მდიდარია ამ არც თუ სასარგებლო ინგრედიენტებით. ზოგადად არ არის ნორმალური რაფინირებული ნახშირწყლების დიდი დოზებით მიღება, რის უფლებასაც თანამედროვე ადამიანები საკუთარ თავს ნამდვილად აძლევენ. ამ დოზებით ნახშირწყლების მიღება კი მნიშვნელოვნად ცვლის სისხლში შაქრის დონეს და გავლენას ახდენს ინსულინის გამოყოფაზე, რაც საბოლოო ჯამში, ორგანიზმის ოპტიმალურ მუშაობას უშლის ხელს, იწვევს ისეთ საშიშ დაავადებებს, როგორებიცაა :დიაბეტი, ათეროსკლეროზი, გულის დაავადებები და სიმსივნეც კი. სწორედ მსგავსი ტიპის ნახშირწყლები იწვევენ წონაში მატებას და სიმსუქნესაც.
დაბალნახშირწყლოვანი დიეტების უარყოფითი მხარეები
დაბალნახშირწყლოვან დიეტაზე მყოფი ადამიანები დროის მოკლე მონაკვეთში ძალიან იკლებენ წონაში. მთავარი ის არის, რომ ძირითადი დანაკარგი მოდის წყალსა და კუნთოვან ქსოვილზე და არა ცხიმებზე. როდესაც ორგანიზმს ნახშირწყლები ნაკლებად მიეწოდება, ის ენერგიისთვის არა მხოლოდ ცხიმებს, არამედ ცილებსაც იყენებს, ამცირებს მათ რაოდენობას და ხდება მათი გარდაქმნა გლუკოზად. როდესაც ორგანიზმი ნორმალურ კვებას უბრუნდება, აღიდგენს წყალს და ცილას, ასევე დაკარგულ კილოგრამებსაც, უმეტესად კი ცხიმების ხარჯზე, რაც ძალიან ართულებს ფორმის შენარჩუნებას, მსგავსი დიეტების დასრულების და კვების ჩვეულ რეჟიმში გადასვლის შემდგომ.
ცილოვან დიეტაზე ყოფნისას, ორგანიზმი ეჩვევა ნახშირწყლების დაბალი დოზით მიღებას და წარმატებულად წვავს ცხიმებს, მაგრამ ეს ბალანსი მაშინვე ირღვევა, როდესაც თქვენ კვლავ ნორმალური დოზებით იღებთ ნახშირწყლებს.
ცილოვანი დიეტის მიმდევრები, მისი შეწყვეტის შემდეგ იმყოფებიან რისკის ქვეშ, რომ თავშეუკავებელი მიდრეკილება გამოამჟღავნონ ნახშირწყლოვანი პროდუქტებისადმი.
დიეტები, რომლებიც ცილების და ცხიმების მაღალი დოზით მიღებას გულისხმობს, ხშირად იწვევს მუცლის არეში ცხიმების დაგროვებას, სიმსუქნეს, დიაბეტს და გულის დაავადებებს.
მსგავსი დიეტები დაბალი დოზებით შეიცავენ ორგანიზმისთვის აუცილებელ მკვებავ ნივთიერებებს. თუ თქვენი დიეტა ნახშირწყლების მიღებას მნიშვნელოვნად ზღუდავს, თქვენი ორგანიზმი კეტონურ სხეულებს გამოიმუშავებს, სხეულის იმ ნაწილების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, რომლებიც ენერგიის წყაროდ ცხიმს ვერ იყენებენ. ეს განსაკუთრებით ეხება ტვინს და სისხლის წითელ უჯრედებს. ასეთ ადამიანებს ხშირად ემართებათ კეტოზი (კეტონური სხეულების მოჭარბებული წარმოქმნა), რაც იწვევს არასასიამოვნო სუნს პირიდან, თავბრუსხვევას და გულისრევას. დაბალნახშირწყლოვანი დიეტების სხვა უკუჩვენებებია: ლეთარგია, დეჰიდრატაცია, სუნთქვის გაძნელება, ყაბზობა, მადის დაკარგვა, გაღიზიანებადობა და ხასიათის უარყოფითი ცვლილებები.