გასახდომი დიეტა და ჯანმრთელობის პრობლემები
სტატიაში გესაუბრებით იმ 5 მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომლებსაც მკაცრი დიეტა ადამიანის ორგანიზმს უქმნის. თითოეული მათგანი სერიოზულ უსიამოვნებებს გპირდებათ, ამიტომ სანამ გასახდომ დიეტას დაიწყებდეთ, კარგად დაფიქრდით: ღირს კი ამხელა მსხვერპლის გაღება?!
- არტერიული წნევის ცვალებადობა და მეხსიერების პრობლემები
დიეტები, რომლებიც საკვები რაციონიდან ნახშირწყლების გამორიცხვას ემყარება, ხშირად იწვევს მსგავსი ხასიათის პრობლემებს. მოგეხსენებათ, ნახშირწყლები 2 სახისაა: მარტივი და რთული. დიეტოლოგ-გასტროენტეროლოგების თქმით, პირველი მათგანი წონაში მატებას უწყობს ხელს. იგი გვხვდება თეთრ პურსა და ფუნთუშეულში, კანფეტებსა და გამომცხვარ პროდუქტში. გადამუშავების შემგდომ მსგავსი ნახშირწყალი ცხიმად გადაიქცევა. მეორე ტიპის ნახშირწყლები კი ჩვენს ორგანიზმს ენერგიით ავსებენ. ისინი გვხვდება ყავისფერ შაქარში, მაკარონის პროდუქტებში და ა.შ. როდესაც მსგავსი ტიპის ნახშირწყლებზე უარს ვამბობთ, ტვინის უჯრედები შიმშილობას იწყებენ და სისხლძარღვების ტონუსი ეცემა. კარდიოლოგების თქმით, დაბალნახშირწყლოვანი დიეტები ძალიან ცუდად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, აუარესებს მეხსიერებას, ორგანიზმი სწრაფად იღლება, არტერიული წნევა დღის განმავლობაში დაბლა ეცემა, შემდეგ მოულოდნელად იმატებს. ადამიანი მუდმივ დისკომფორტს განიცდის და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მის ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.
- ცხიმების უკმარისობა კბილებს აზიანებს
კბილის ემალის დაზიანებასა და ღრძილების ქრონიკული დაავადებების გაჩენაში უცხიმო დიეტებსა და ცხიმის საწინააღმდეგო აბების მიღებას ძალიან დიდი როლი აქვს.
გამუდმებით ერთი და იმავე პროდუქტის მიღებით (მაგ. უცხიმო იოგურტი და წიწიბურა) ორგანიზმში ლიპიდური ცვლა ირღვევა. ვიტამინი D ორგანიზმში მხოლოდ მაშინ შეიწოვება, თუ ცხიმები საკმარისი რაოდენობით გაქვთ. ამ ვიტამინის გარეშე კი კალცის დანაკლისი და ძვლების სისუსტე გარანტირებულია. კალცის დანაკლისს ასევე იწვევს რძის პროდუქტებზე უარის თქმა. აუცილებელია რძის, ხაჭოსა და ყველის მიღება.
- მკაცრი დიეტა ვნებს ღვიძლსა და თირკმელს
ექიმები არაერთ შემთხვევას ასახელებენ, როდესაც მკაცრი დიეტის მოყვარული ადამიანები კლინიკებში თირკმლის მწვავე უკმარისობით მოუთავსებიათ, რამაც ზოგიერთი მათგანი ორგანიზმის მოწამვლამდეც კი მიიყვანა. აღნიშნულს ძირითადად მშრალი დიეტები და მადის დამაქვეითებელი პრეპარატები იწვევენ. მსგავსი აბები ორგანიზმში წყალ-მარილოვან ბალანსს არღვევენ. ნეფროლოგების თქმით, ეს პირველ რიგში ჩვენი ორგანიზმის მთავარ ფილტრებს - ღვიძლსა და თირკმლებს აზიანებს. მსგავს დიეტებს განსაკუთრებით ის ადამიანები უნდა ერიდონ, რომლებსაც თირკმლის კენჭებისადმი მიდრეკილება აქვთ. მათთვის ძალიან მავნებელია გასახდომი ჩაებიც.
- შიმშილი - კუჭის დაუძინებელი მტერი
გასტრიტი და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ხშირად სწორედ შიმშილობითაა გამოწვეული. ორგანიზმში კუჭის წვენი გამომუშავდება, თუმცა საჭირო რაოდენობის საკვები არ მიიღება, რაც კუჭის პრობლემებს იწვევს.
კუჭისთვის სასარგებლოა მცირე შიმშილობები ე.წ. განტვირთვის დღეები. მსგავს დღეებში ნეიტრალური მჟავიანობის მქონე სითხეები უნდა მიიღოთ. ერიდეთ მაგარ ჩაისა და ყავას.
- დიეტა დეპრესიას იწვევს
აღნიშნული მოსაზრება ფსიქიატრიაში ოფიციალურად არის აღიარებული. დიეტა ადამიანებს იმ ერთადერთ დასაყრდენს ართმევს, რომელიც მათ ფსიქიკური ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება. ქალებისა და მამაკაცების 60 % - ს კვება დიდ დახმარებას უწევს ფსიქოლოგიურ პრობლემებთან ბრძოლაში.
გასახდომი და მადის დასაქვეითებელი აბები ფსიქოტროპულ ნივთიერებებს შეიცავენ, რის გამოც მათი ურეცეპტოდ გაყიდვა დაუშვებელია, თუმცა ადამიანები მაინც ახერხებენ მსგავსი პრეპარატების შეძენას და საკუთარ ორგანიზმს საფრთხეს უქმნიან.