მეცნიერების ახალი აღმოჩენა - ვარჯიში ქალის შვილოსნობის უნარზე ახდენს გავლენას
ყველამ კარგად ვიცით, რომ ვარჯიშს ადამიანის ორგანიზმისთვის უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია. ის უჯრედების დაბერებასაც კი აფერხებს და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში გვეხმარება. ახალმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ვარჯიში ქალების შვილოსნობის უნარზეც ახდენს გავლენას. კვლევა ორიენტირებული იყო ახალგაზრდა ქალებზე, რომლებსაც დაორსულება სურდათ.
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ნორმალური წონის მქონე ქალბატონები, რომლებიც ზომიერი დატვირთვით რეგულარულად ვარჯიშობდნენ გაცილებით სწრაფად ფეხმძიმდებოდნენ, ვიდრე მძიმე დატვირთვით მოვარჯიშე ქალები. ხოლო მძიმე წონის მქონე მანდილოსნებში ნებისმიერი სახის ვარჯიში აუმჯობესებდა შვილოსნობის უნარს.
მეცნიერებისთვის დიდი ხანია ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ ვარჯიშს ქალის ოვულაციასა და მენსტრუალურ ციკლზე გავლენის მოხდენა შეუძლია. უკანასკნელი კვლევებით დგინდება, რომ ზედმეტი დატვირთვა და მძიმე ვარჯიშები კვერცხუჯრედის განაყოფიერებას აფერხებენ.
ექსპერიმენტში დაახლოებით 3500 ქალი მონაწილეობდა, რომლებსაც დაორსულება სურდათ. კვლევამ აჩვენა, რომ ქალბატონებს, რომლებიც კვირის განმავლობაში 5 დღეს უთმობდნენ ზომიერი დატვირთვის ვარჯიშს, დაორსულების 18 % - ით მეტი შანსი ჰქონდათ, ვიდრე ცხოვრების უძრავი წესის მქონე მანდილოსნებს, ხოლო ქალბატონებს, რომლებიც თავს მეტისმეტად იტვირთავდნენ დაფეხმძიმების შესაძლებლობა 32 %- ით უმცირდებოდათ.
მძიმე წონის მქონე ქალებში ინტენსიური ვარჯიშები და ზედმეტი დატვირთვა ამ მხრივ ნეგატიურ მაჩვენებელს არ იძლეოდა.
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დაორსულებისა და ნორმალური ფეხმძიმობისთვის რეგულარული, ზომიერი ვარჯიში აუცილებელია. ისინი გვირჩევენ მძიმედ არ დავიტვირთოთ თავი და ვარჯიში ყოველთვის მსუბუქად დავიწყოთ.
რეგულარულ ვარჯიშთან ერთად თქვენი დაორსულების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად იმატებს. თავი აარიდეთ საკვებ პროდუქტებში ქიმიური დანამატების გამოყენებასა და გენმოდიფიცირებულ პროდუქტს. გამოიყენეთ ჯანსაღი საკვები, სასარგებლო ცხიმები და ანტიოქსიდანტები. საკვებში შაქრის შემცველობა კი შეამცირეთ.