მეცნიერების აღმოჩენა: ვარჯიში ინტელექტს აუმჯობესებს
კანადელი მეცნიერების დასკვნით, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ადამიანების გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს. ექსპერიმენტი საშუალო ასაკის ადამიანებზე ჩატარდა, რომლებიც უძრავი ცხოვრების წესს მისდევდნენ და ზედმეტი წონის პრობლემა აწუხებდათ.
ოთხი თვის მანძილზე კვლევის მონაწილეები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობდნენ. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მათი სააზროვნო უნარები და გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე ვარჯიშის გავლენით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. როგორც Medical Xpress-ის ჟურნალისტი აღნიშნავს, მონაწილეების გონება უფრო სხარტი გახდა.
მონრეალის გულის პრობლემების ინსტიტუტის პროფესორმა მარტინ ჟენემ განაცხადა: „სპორტით დაკავებულ ადამიანებს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ისინი უკეთ აზროვნებენ. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა აღნიშნული მოსაზრება მეცნიერულად დაგვესაბუთებინა.“
ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანების საშუალო ასაკი 49 წელს შეადგენდა. თითოეული მათგანი ჭარბი წონის პრობლემით იტანჯებოდა და ძალიან ცოტას მოძრაობდა. მოხალისეებს თავდაპირველად ნეიროფსიქოლოგიური ტესტი ჩაუტარდათ. ექიმებმა მათი სისხლის მიმოქცევა, გულის მდგომარეობა და ფიზიკური ამტანობაც შეამოწმეს.
კვლევის მონაწილეები კვირაში ორჯერ ველო ტრენაჟორზე ვარჯიშობდნენ და აქტიურ ანაერობულ ვარჯიშებს ასრულებდნენ.
4-თვიანი ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ მათი მასის ინდექსი მნიშვნელოვნად დაეცა და წელის გარშემოწერილობა დაიხვეწა. მონაწილეთა ფიზიკური ამტანობაც 15%-ით გაიზარდა.
ყველაზე დიდი გაოცება მაინც ინტელექტუალური უნარების გაუმჯობესებამ გამოიწვია. სპეციალისტების თქმით, რაც მეტად იტვირთებოდნენ მონაწილეები და მეტად იკლებდნენ წონაში, მათი გონებრივი შესაძლებლობები იზრდებოდა.
მეცნიერთა თქმით, აზროვნების შენელება და კოგნიტური უნარების დაქვეითება ასაკთან ერთად ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ამ პროცესის შეჩერება ვარჯიშს შეუძლია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორონალური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. ექიმები გვირჩევენ, კვირაში 150 წუთი მაინც დავუთმოთ ინტენსიურ ვარჯიშს. გარდა იმისა, რომ ეს ჩვენს ინტელექტს მნიშვნელოვნად გაზრდის, ინსულტისა და ინფარქტისგანაც დაგვიცავს.