პალეოს დიეტის დადებითი და უარყოფითი მხარეები
პალეოს დიეტის უმთავრეს მახასიათებელს ბუნებრივი პროდუქტებისადმი უპირატესობის მინიჭება წარმოადგენს. ამ დიეტის მიმდევართათვის მიუღებელია იმგვარი საკვების მიღება, რომელშიც ქიმიური დანამატები გვხვდება. პალეო დიეტის დროს ადამიანები ჩვენი შორეული წინაპრების მსგავსად ნატურალური პროდუქტებით იკვებებიან.
უნდა მიირთვათ ის, რისი ბუნებრივი გზით მოპოვებაც ადვილია:
- შინაური ცხოველის ხორცი. აუცილებელია პირუტყვი ბუნებრივ კვებაზე იმყოფებოდეს და ნატურალურ პროდუქტებზე იყოს გაზრდილი.
- თევზი და ზღვის პროდუქტები
- კვერცხი (ასევე სახლის, რომელიც ნამდვილად ნატურალურია)
- სოკო და კენკროვნები (უმჯობესია, თუ თავად მოაგროვებთ, ან ბებიებისგან შეიძენთ)
- ბოსტნეული და ხილი (აუცილებლად ახალი, არანაირი კონსერვები)
- მწვანილი, სანელებლები (ეხმარება საჭმლის მონელებას)
- თაფლი
საკვები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ : რძის პროდუქტები, მარცვლეული, კარტოფილი, შაქარი, მარილი, რაფინირებული ზეთი, ნახევარფაბრიკატები და რა თქმა უნდა, ალკოჰოლი.
პალეოს დიეტის ნაკლოვანებები
მთავარ საფრთხეს რძის პროდუქტებთან გამოთხოვება ქმნის. კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე იკვებებოდა რძის პროდუქტებით. მათზე უარის თქმით ჩვენ უარს ვამბობთ ორგანიზმის კალცით მომარაგებაზე. ეს ელემენტი კი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
პალეოს დიეტა ძალიან მდიდარია ცილით, რის გამოც ის შესაძლოა არ მოუხდეს ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების მქონე ადამიანებს. სანამ პალეოს დიეტას დაიწყებდეთ, ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია.
პალეოს დიეტის დღიური რაციონი
საუზმე: ვაშლი, 2 ცალი კვერცხი, მწვანე სალათი თხილით ან ნიგვზით.
სადილი: ხორცი, ბოსტნეულის სალათი ზეითუნის ზეთით, ბანანი.
ვახშამი: გრილზე შემწვარი თევზი, სოკო, მწვანილი.
შეგეფერებათ თუ არა ასეთი დიეტა თქვენ?
ბევრი ჩვენგანი დღემდე იდეალური დიეტის ძიებაშია. ყველას აინტერესებს, თუ როგორი კვების რეჟიმი შეეფერება. ადამიანები ცდილობენ დაბალკალორიული საკვებით იკვებონ და თითოეულ ულუფას მკაცრად აკონტროლებენ.
პალეოს დიეტაზე პირველად ამერიკელმა დიეტოლოგმა და პროფესორმა ლორენ კორდეინმა ისაუბრა. მან პირველმა ახსნა კვების მსგავსი რეჟიმის მნიშვნელობა. ადამიანის გენეტიკური სტრუქტურა სწორედ პალეოლითის ეპოქაში ჩამოყალიბდა. შემგროვებელ-მონადირის საკვები რაციონის აღდგენით იმ ბალანსის დაბრუნებას შევძლებთ, რომელიც თანამედროვე კვების რეჟიმმა დაარღვია. კორდეინის თქმით, თანამედროვე კვების კულტურა ჩვენს ბუნებრივ სტრუქტურას ეწინააღმდეგება, რაც ჯანმრთელობის პრობლემებს გვიქმნის.
პალეო დიეტის კიდევ ერთი დადებითი მხარე იმაშია, რომ ის შიმშილს გამორიცხავს. არ არის საჭირო კალორიების თვლა და შიში საკვების მიღების დროს. შეგიძლიათ მიირთვათ, როდესაც გშიათ და დაიკმაყოფილოთ თქვენი მადა. პალეო დიეტის დროს ორგანიზმი თავად იწყებს ცხიმების წვას. ამაში დიდი როლი ცილებს მიუძღვით, რომელთაც პალეო უხვად გთავაზობთ. ნურც ფიზიკური აქტივობის მეტი მოთხოვნა გაგაოცებთ, ესეც სწორი კვების შედეგად ჩნდება.
პალეო დიეტასაც ჰყავს თავისი მოწინააღმდეგეები და მიმდევრები. მაგ. ვეგეტარიანელთათვის ის არცთუ მომხიბლავია, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ აღნიშული დიეტა წლების მანძილზე სარგებლობდა პოპულარობით და მან არაერთ გამოცდას გაუძლო.