შებოლილი ორაგულის სალათი
მკვებავი ნივთიერებებით გაჯერებული ორაგულის გრილი სალათი არაჩვეულებრივია ვახშმად, ის გამოგადგებათ პიკნიკებზეც.
ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:
- ცივი მსუბუქად შებოლილი ორაგული - 150 გრ.
- ბოლოკი - 8 ც.
- მოხარშული კარტოფილი - 200 გრ.
- წითელი ხახვი - ნახევარი
- კვერცხი - 2 ც.
- მწვანე სატაცური - 8-10 ც.
- მწვანე ხახვი
- მარილი
საკაზმად:
- ზეითუნის ზეთი - 3 სუფრის კოვზი
- მდოგვი - 2 ჩაის კოვზი
- თაფლი - ½ ჩაის კოვზი
- თეთრი ღვინის ძმარი - 1 სუფრის კოვზი
- მარილი, შავი წიწაკა
მომზადების დრო : 20 წთ.
ულუფების რაოდენობა: 2
მომზადების წესი
- ქვაბში მოადუღეთ წყალი. ჩაყარეთ კვერცხი და ხარშეთ 6 წუთის განმავლობაში. მოხარშულ კვერცხს ცივი წყალი გადაავლეთ და კანი გააცალეთ. დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად.
- ქვაბში მოადუღეთ წყალი. დაუმატეთ ცოტა მარილი. სატაცური 2-3 წუთის მანძილზე ხარშეთ. მოხარშულ სატაცურს ცივი წყალი გადაავლეთ, შემდეგ კი 2,5-3 სანტიმეტრის სიგრძის ნაჭრებად დაჭერით.
- კარტოფილი მოზრდილ ნაჭრებად დაჭერით, ბოლოკი - მრგვალ ნაჭრებად, ხოლო ხახვს ნახევარმთვარის ფორმა მიეცით.
- თევზი ბრტყლად დაჭერით
- საკაზმის ინგრედიენტები ქილაში გადაიტანეთ და კარგად ანჯღრიეთ, სანამ ერთმანეთს ბოლომდე არ შეერევა.
- სალათის ყველა ინგრედიენტი, გარდა კვერცხისა, ჯამზე გადმოიტანეთ და კარგად აურიეთ. შემდეგ კვერცხიც დაუმატეთ. მოასხით საკაზმი. მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით და მზა სალათს მოაყარეთ.