კორტიზოლი მამაკაცებში - ახალი აღმოჩენა
წლების მანძილზე ითვლებოდა, რომ მამაკაცებმა ვარჯიშს 45 წუთზე მეტი არ უნდა დაუთმონ, რადგან ხანგრძლივი დატვირთვა სისხლში კორტიზოლის დონეს სწრაფად ზრდის. უკანასკნელი კვლევებით კი დგინდება, რომ სისხლში კორტიზოლის მატება ათლეტისთვის არც ისე ცუდია, როგორც ეს აქამდე ეგონათ.
მკვლევარებმა 56 მამაკაცისგან შემდგარი ჯგუფი შეისწავლეს. მონაწილეები ჯანმრთელი ადამიანები იყვნენ, თუმცა არც ერთი მათგანი არ იყო სპორტით პროფესიონალურ დონეზე დაკავებული. კვლევის მონაწილეები 12 კვირის მანძილზე რეგულარულად ვარჯიშობდნენ. ვარჯიშის დასრულების შემდეგ მეცნიერები ამოწმებდნენ სისხლში ტესტოსტერონის, ზრდის ჰორმონისა და კორტიზოლის შემცველობას. ტესტოსტერონი და ზრდის ჰორმონი მთავარ როლს რომ ასრულებდნენ კუნთოვანი მასის ზრდაში, მაშინ კვლევის იმ მონაწილეებს, რომლებსაც ყველაზე კარგი ფიზიკური მონაცემები ჰქონდათ, მოცემული ჰორმონების კონცენტრაციის მხრივაც საუკეთესო შედეგები უნდა ეჩვენებინათ, თუმცა ეს ასე არ მომხდარა. გამარჯვება ზრდის ჰორმონსა და კორტიზოლს დარჩათ. ათლეტები, რომელთაც კორტიზოლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ, კუნთოვანი მასისა და სხეულის საერთო მასის მატებით მნიშვნელოვნად უსწრებდნენ სხვა მონაწილეებს.
45-წუთიანი ვარჯიში, რომელიც სისხლში კორტიზოლის კონცენტრაციას მნიშვნელოვნად ამცირებს, მართლაც რომ მთავარი გასაღები ყოფილიყო კუნთოვანი მასის გასაზრდელად, მაშინ მონაწილეებს, რომელთაც ტესტოსტერონის მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ, საუკეთესო შედეგი უნდა ეჩვენებინათ, რაც პრაქტიკაში არ დადასტურდა.
კვლევის ავტორმა დანიელა ვესტამ, რომელიც ექსპერიმენტს 3 თვის მანძილზე უძღვებოდა, განაცხადა: „დებულება, რომლის მიხედვითაც ათლეტებმა, რომელთაც კუნთოვანი მასის ზრდა აქვთ გადაწყვეტილი, სავარჯიშო პროგრამა იმგვარად უნდა შეადგინონ,რომ სისხლში ზრდის ჰორმონისა და ტესტოსტერონის კონცენტრაციის მატებას შეუწყონ ხელი, მეცნიერულად არ დადასტურდა. ამ თეორიას მტკიცებულებებით ვერ გავამყარებთ. პრაქტიკა საპირისპიროს ამტკიცებს.“