Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ოფლიანობა ვარჯიშის დროს - ნორმა და გადახრა

მამაკაცი, რომელიც თქვენ წინ ვარჯიშობს, ძალიან ბევრ ოფლს ღვრის. თქვენ კი ასე სულაც არ ხართ, რის გამოც ძალიან ღელავთ. ალბათ, ნერვიულობთ და ფიქრობთ, ვარჯიშობთ თუ არა საკმარისი დატვირთვით. თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ოფლიანობა თითოეულ ადამიანს თავისებურად ახასიათებს და დატვირთვისა და ტემპერატურის სხვა და სხვა მაჩვენებელზე განსხვავებული ორგანიზმები განსხვავებულად რეაგირებენ. და მაინც, რა იწვევს ამ სახესხვაობებს და რა შემთხვევაში უნდა იღელვოთ თქვენი ოფლიანობის დონეზე?

პირველი და უმთავრესი, რაც უნდა იცოდეთ, არის ის, რომ ოფლიანობა აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა. ის სხეულის გადახურებაზე ორგანიზმის ჯანსაღ რეაქციას წარმოადგენს. მის მიზეზად შესაძლოა ამინდის ცვლილება ან კუნთების მეტისმეტი დაძაბვა მოგვევლინოს.

რატომ ახასიათებს ზოგიერთ ადამიანს უფრო ჭარბი ოფლიანობა, ვიდრე სხვებს?! უმთავრეს განმასხვავებელ ფაქტორად ჰიდრატაციის განსხვავებული ხარისხი გვევლინება. თუმცა ეს არ არის დამოკიდებული ვარჯიშის წინ წყლის მიღება-არ მიღებაზე. თუ მეორე ადამიანის ორგანიზმი თქვენსაზე უკეთ ახერხებს ჰიდრატაციას, წყლის დალევა თქვენში მეტ ოფლიანობას ვერ გამოიწვევს. ზოგიერთი სახის მედიკამენტი, მაგ. ჰორმონალური პრეტარატები, ოფლიანობის გაზრდას ან შემცირებას იწვევს. თუ თქვენ თვლით, რომ ჭარბი ან მცირედი ოფლიანობის მიზეზი მედიკამენტოზურია, თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მიმართეთ.

ჰიდრატაციისა და მედიკამენტების გარდა თქვენს ოფლიანობაზე გავლენას გენეტიკური ფაქტორებიც ახდენენ.ფიზიოლოგები, მორბენალთა მწვრთნელები და პერსონალური ტრენერები თანხმდებიან მოსაზრებაზე, რომ ზოგიერთ ადამიანს საოფლე ჯირკვლები გაცილებით აქტიური აქვს, ვიდრე სხვებს. ხშირ შემთხვევაში, ადამიანის აღნაგობა ოფლიანობის ხარისხსაც განსაზღვრავს. რაოდენაც არ უნდა გაგიკვირდეთ, რაც უფრო გამხდარი ხართ, მით მეტად სველდებით ფიზიკური აქტივობისას, რადგან სუსტი სხეული გაცილებით მოქნილია. ადამიანები ოფლიანობას ხშირად უარყოფით მოვლენად განიხილავენ, მაგრამ სინამდვილეში ოფლის გამოყოფის პროცესი ორგანიზმს გადახურებისგან იცავს.

ტემპერატურას ზედმეტ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ. ვარჯიშის ხარისხს ოფლიანობასა და კალორიების წვაზე გაცილებით მეტი გავლენა აქვს. თუ ერთნაირი დატვირთვით ვარჯიშობთ, კონდიციონერებით აღჭურვილ დარბაზში იმდენსავე კალორიას დაწვავთ, რამდენსაც თბილ გარემოში დაწვავდით.  ოფლიანობის ხარისხზე გავლენას ახდენს ადამიანის ასაკი და სქესი, დაბალი ვინტილაცია, ტანისამოსი, რომელიც ჰაერს არ ატარებს.

რა რაოდენობის ოფლი უნდა გამოიყოს ვარჯიშისას და რა დოზის ოფლიანობა ითვლება ადეკვატურად?

ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, რადგან თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური მაჩვენებელი შეესაბამება. თუ თქვენ ვარჯიშობთ, მაგრამ ოფლიანობა ძალიან დაბალი გაქვთ, ამაზე ნუ იღელვებთ, რადგან ფიზიკურ ძალისხმევასა და ოფლიანობას შორის აუცილებელი არ არის პირდაპირი კორელაციის არსებობა.

თქვენ შეიძლება ცივ ამინდში ველოსიპედით ბევრი იაროთ, მაგრამ ოფლიანობა ნაკლებად შეგაწუხებთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არ იტვირთებით. ზოგ შემთხვევაში, ადამიანი თავს ძალიან დასველებულად გრძნობს, თუმცა ოფლიანობის ხარისხი მის შეგრძნებებს არ შეესაბამება. თუ თქვენ ოფლიანობის ნაკლებობისას საკუთარი თავის რწმენას კარგავთ და ვარჯიშის ხარისხიანობაში ეჭვი გეპარებათ, პულსის მთვლელი გამოიყენეთ და დარწმუნდებით, რომ დატვირთვა ნამდვილად მაღალი გაქვთ და რომ ოფლიანობა არ არის გადამწყვეტი ფაქტორი.

როდის ითვლება ოფლიანობა გადაჭარბებულად?

ბევრი ოფლის გამოყოფა ხშირად შემაწუხებელია, მაგრამ ექიმთან ვიზიტის სამედიცინო ჩვენებას იშვიათად წარმოადგენს. ოფლიანობა სახიფათოა მაშინ, თუ ორგანიზმი დიდი რაოდენობით ელექტროლიტებს და სითხეს კარგავს და მის აღდგენას ვერ ახერხებს, რადგან რეჰიდრატაციის პროცესი გაცილებით ნელია, ვიდრე ოფლიანობის სიხშირე. ოფლიანობა დეჰიდრატაციას იწვევს, რაც თავის მხრივ მეტაბოლიზმის პროცესებზე უარყოფითად მოქმედებს და კუნთების სისხლით მომარაგებას აფერხებს. აუცილებელია დაკარგული სითხის შევსება მიღებული სითხის საჭირო რაოდენობით. ზოგადად გადაჭარბებული ოფლიანობის დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმს შეუძლია. ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში კი ზედმეტ ოფლიანობად ითვლება ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც ოფლის ჭარბი გამოყოფა ადამიანს სოციალურ აქტივობაში ხელს უშლის. როდესაც ადამიანს გადაჭარბებული ოფლიანობა აწუხებს, ის ნორმალურ სამუშაო პირობებშიც კი, კონდინციონერით გაგრილებულ ოთახშიც ოფლად იღვრება და სამსახურის შემდეგ სახლში გარბის, რათა აბაზანა მიიღოს. სხვაგვარად ის ვერსად წასვლას ვერ მოახერხებს.

როგორ უნდა ებრძოლოთ ოფლიანობით გამოწვეულ უსიამოვნო სუნს?

შესაძლოა თქვენ სულაც არ გაწუხებთ ჭარბი ოფლიანობა, მაგრამ მაინც დისკომფორტს განიცდით, როდესაც ოფლს გამოყოფთ. ასეთ შემთხვევაში ანტიპერსპირანტის მოხმარება უნდა დაიწყოთ.თქვენ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ფორმულა, რომელიც რამდენიმე საათის მანძილზე დაგიცავთ არასასურველი ოფლიანობისგან.

თუ თქვენ ოფლიანობა ყოველდღიურად სულაც არ გაწუხებთ და მხოლოდ დარბაზში ეჯახებით მსგავს პრობლემას, მაშინ სპეციალური სავარჯიშო ტანსაცმლის შეძენა მოგიწევთ. ძალიან ბევრი სპორტული ბრენდი გვთავაზობს ისეთ ტანისამოსს, რომელიც უსიამოვნო სუნისგან დაგიცავთ. გარდა ანტიპერსპირანტებისა და სპორტული ტანსაცმლისა, ოფლიანობისგან ბევრი სხვა გზით შეგიძლიათ დაიცვათ თავი, რადგან მედიცინა ამ მხრივ უკვე ძალიან შორს წავიდა და შეგიძლიათ სიმშრალის შესანარჩუნებლად სპეციალურ მედიკამენტებს მიმართოთ, წარმატებულად გამოიყენება ბოტოქსის ინექციები, რომელთა დახმარებით სხეულის გარკვეულ ზონებში ოფლიანობა მცირდება. ბოლო დროს წარმატებით იყენებენ ელექტრომაგნიტურ ენერგიასაც, რათა საოფლე ჯირკვლების აქტივობა შეამცირონ.

თუ თქვენ რეგულარულად ვარჯიშობთ, მსგვასი ტიპის ღონისძიებები არ გამოგადგებათ, რადგან სპეციფიკურ ზონებში ოფლიანობის ხელოვნურმა შემცირებამ, შესაძლოა სხეულის გადახურება გამოიწვიოს.

არსებობს თუ არა არასაკმარისი ოფლიანობა?

როდესაც ადამიანები ოფლიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ, ისინი გამუდმებით ჭარბ ოფლიანობაზე ჩივიან. ძალიან ცოტა ყურადღება ეთმობა ოფლის ნაკლებობას. ოფლიანობა ჯანსაღი პროცესია და ის სხეულის ტემპერატურას არეგულირებს.

ოფლის ნაკლები გამოყოფა მხოლოდ მაშინაა სახიფათო, როდესაც სხეულის გადახურება ხდება და ანჰიდროზი ყალიბდება. ამ დროს საოფლე ჯირკვლები არასათანადოდ ფუნქციონირებენ. სხვა შემთხვევაში სანერვიულო არაფერია. იმ ადამიანებს კი, რომლებიც დარბაზს ხშირად სტუმრობენ და სხვებს აკვირდებიან, გვსურს ვურჩიოთ, ნუ იღელვებენ, თუ დაინახავენ, რომ სხვებთან შედარებით ნაკლებ ოფლს გამოყოფენ, რადგან ოფლიანობას და კალორიების წვას ერთმანეთთან არაფერი აქვთ საერთო.

ზამთარსა და ზაფხულში, ადამიანები, რომლებიც ერთი დატვირთვით ვარჯიშობენ, კალორიების იდენტურ რაოდენობას წვავენ, მიუხედავად იმისა, რომ ოფლიანობა ზაფხულში აშკარად ბევრად მაღალია. მართალია, ოფლის გამოყოფის პროცესში სხეული გარკვეულ მასას კარგავს, მაგრამ ეს ხდება სითხის ხარჯზე, რამაც შეიძლება დეჰიდრატაცია გამოიწვიოს. კალორიებთან ამ დანაკარგს ნაკლებად აქვს კავშირი.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა