როგორ მოვიშოროთ ღიპი
ღიპი მხოლოდ არაესთეტიკური ვიზუალის გამო არ წარმოადგენს სერიოზულ პრობლებას. მუცლის არეში ზედმეტი ცხიმების არსებობა მეორე ტიპის დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. სწორედ ამიტომ ღიპთან გამოთხოვება თქვენს ჯანმრთელობას უამრავ სარგებელს მოუტანს და სიცოცხლესაც გაგიხანგრძლივებთ. არ აქვს მნიშვნელობა ზოგადად სიმსუქნის პრობლემა გაწუხებთ თუ არა, თუ მუცლის არეში ზედმეტი ცხიმები შენიშნეთ, აუცილებლად უნდა დაიწყოთ მათ წინააღმდეგ ბრძოლა. საბედნიეროდ ღიპის მოსაშორებლად რამდენიმე მეცნიერულად დამტკიცებული სტრატეგია არსებობს, რომელთა დახმარებით თქვენ სასურველ შედეგს ადვილად მიაღწევთ. გთავაზობთ 6 გზას, თუ როგორ უნდა ებრძოლოთ მუცლის ზედმეტ ცხიმს.
- ერიდეთ შაქარს და შაქრის შემცველ სასმელებს
შაქრის დანამატები ჯანმრთელობისთვის წარმოუდგენლად საზიანოა. დამტკიცებულია, რომ მათ მეტაბოლურ პროცესებზე უარყოფითი გავლენა აქვთ. შაქარი გლუკოზასა და ფრუქტოზას შეიცავს. ამ უკანასკნელის გადამუშავება კი ღვიძლს მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობით შეუძლია. როდესაც თქვენ დიდი რაოდენობით შაქრის დანამატებს ღებულობთ, ღვიძლი ფრუქტოზას ვერ უმკლავდება და მას ზედმეტ ცხიმად გარდაქმნის. კვლევებმა არაერთგზის დაადასტურა, რომ ფრუქტოზის დიდი რაოდენობით მიღება მუცლის არეში ცხიმების დაგროვებას უწყობს ხელს.
შაქრის სითხის სახით მიღება გაცილებით მძიმე შედეგებთან არის დაკავშირებული, რადგან ვერ ხდება მიღებული კალორიების რაოდენობის სწორად აღქმა. შაქრის ყველაზე მეტ ოდენობას სწორედ სითხეების წყალობით იღებენ. კვლევებმა დაადასტურა, რომ ტკბილი სასმელები ბავშვებში სიმსუქნის რისკს 60 %-ით ზრდიან. თუ ღიპთან გამომშვიდობება გადაწყვიტეთ, აუცილებლად მიმართეთ დიეტას, რომელიც შაქრის დაბალი შემცველობის მქონე პროდუქტებისგან იქნება შემდგარი, ხოლო სასმელები კი მიიღეთ სუფთა სახით, ყოველგვარი შაქრის დანამატების გარეშე. იყავით ყურადღებით, რადგან ისეთი საკვებიც კი, რომლებიც ჯანსაღად ითვლება, შეიძლება შაქარს შეიცავდეს.
- პროტეინების დიდი რაოდენობით მიღება საუკეთესო გრძელვადიანი სტრატეგიაა ღიპის წინააღმდეგ ბრძოლაში
წონაში დაკლებაზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს რომ ამ მხრივ პროტეინი შეუცვლელი მკვებავი ნივთიერებაა.დამტკიცებულია, რომ ის 60 % -ით აქვეითებს მადას, მეტაბოლურ პროცესებს წარმოუდგენლად ააქტიურებს და გეხმარებათ დღიურად 441 კალორიით ნაკლები მიირთვათ. პროტეინი არამარტო წონას დაგაკლებინებთ, ის მასის ხელახალი მატებისგანაც დაგიცავთ. კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით იღებდნენ პროტეინებს მუცლის არეში ცხიმების დაგროვებისკენ მიდრეკილებას არ ამჟღავნებდნენ. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ რაფინირებული ცხიმები და ნახშირწყლები ხილისა და ბოსტნეულისგან განსხვავებით ღიპს მნიშვნელოვნად ზრდიდა. დღიურად კალორიების 25-30% პროტეინების ხარჯზე უნდა მიიღოთ. გაზარდეთ თქვენს რაციონში მაღალპროტეინული პროდუქტების რაოდენობა, როგორებიცაა თევზი, კვერცხი, ზღვისპროდუქტები, რძისპროდუქტები, თხილეული, ხორცი და პარკოსნები.საკვების მომზადებისას ქოქოსის ზეთი გამოიყენეთ, რადგან ცნობილია, რომ ის მუცლის ცხიმის მოცულობას ამცირებს.
- ერიდეთ ნახშირწყლებს
ზედმეტი ცხიმის მოსაცილებლად ნახშიწყლების შეკვეცა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. კვლევებმა აჩვენა, რომ ნახშირწყლების მიღების შემცირება მადას აქვეითებს და წონაში კლებას უწყობს ხელს. დაბალნახშირწყლოვანი დიეტები 2-3 ჯერ მაღალ ეფექტურობას ავლენენ წონის კლების საკითხში, ვიდრე დაბალცხიმოვანი დიეტები. დაბალნახშირწყლოვან დიეტაზე მყოფ ადამიანებს გაცილებით მეტი კალორიის მიღების უფლება აქვთ, ვიდრე დაბალცხიმოვანი დიეტის მიმდევრებს. ნახშირწყლების შეკვეცა დადებითად აისახება უშუალოდ მუცლის არეზე. განსაკუთრებით უნდა ერიდოთ რაფინირებულ ნახშირწყლებს. თუ წონაში დაკლება გსურთ, ნახშირწყლების რაოდენობა დღეში 50 გრამამდე უნდა შეამციროთ. ეს თქვენს ორგანიზმს კეტოზის მდგომარეობაში გადაიყვანს და ცხიმების წვის პროცესს გააქტიურებს. გარდა ამისა, დაბალნახშირწყლოვანი დიეტა დიაბეტიანებს ხშირად გადარჩენაშიც კი ეხმარება.
- მიირთვით ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტი
ცნობილია, რომ ბოჭკოს დიდი რაოდენობით მიღება წონაში კლებას უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა ბოჭკო არ არის ერთნაირი. წონაზე დადებითი ეფექტის მოხდენა მხოლოდ ხსნად უჯრედისს შეუძლია. მსგავსი ტიპის ბოჭკო საჭმლის გადამამუშავებელ სისტემაში საკვების მოძრაობას აფერხებს, რის შედეგადაც თქვენ ხანგრძლივი დროის მანძილზე არ გშივდებათ და მადაც გიქვეითდებათ, თავს კი დანაყრებულად გრძნობთ. კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველდღიურად 14 გრამი დამატებითი ბოჭკოს მიღებით თქვენ დღიურად 10 %-ით ამცირებთ კალორიების მიღებას.10 გრამი ხსნადი უჯრედისის ყოველდღიურად მიღებით კი 3,7 %-ით მცირდება მუცლის ცხიმების მოცულობა. საუკეთესო გზა ბოჭკოს მისაღებად არის მცენარეული პროდუქტებით კვება და ხილისა და ბოსტნეულისთვის უპირატესობის მინიჭება. ბოჭკოს დიდი რაოდენობით მიღების მსურველები ხშირად იყენებენ ისეთ დანამატს, როგორიც არის გლუკომანანი. რამდენიმე კვლევამ დაადასტურა, რომ მოცემულ დანამატს წონაში კლებასთან დაკავშირებით დადებითი ეფექტის მოტანა შეუძლია, სწორედ ამიტომ არის ის ასე პოპულარული წონაში დაკლების მსურველებს შორის.
- ვარჯიში ძალიან ეფექტურია, თუ ღიპის მოშორება გსურთ
ვარჯიში ბევრი მიზეზის გამო არის დიდი მნიშვნელობის მქონე. თუ დიდხანს სიცოცხლე და დაავადებებისგან თავდაცვა გსურთ, ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ. ის ასევე ძალიან დიდ სარგებელს მოგიტანთ, თუ ღიპს ბრძოლას გამოუცხადებთ. ამ შემთხვევაში საუბარი არ გვაქვს მხოლოდ მუცლის ვარჯიშებზე, რადგან ცალკეულ არეზე აქცენტის გაკეთება ვერ მოგიტანთ სასურველ შედეგს. 6 კვირიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მხოლოდ მუცლის ვარჯიშების კეთებით ცხიმის დაწვა მოცემულ ზონაში შეუძლებელი აღმოჩნდა. სხვა სახის ვარჯიშები კი შესაძლოა ძალიან ეფექტური აღმოჩნდეს. უამრავი კვლევით დასტურდება, რომ აერობულ ვარჯიშებს ამ მხრივ ყველაზე უკეთესი შედეგი მოაქვს. შეგიძლიათ ბევრი იაროთ, ირბინოთ, ურიგო არ იქნებოდა ცურვაც. ვარჯიში აუცილებელია წონის შესანარჩუნებლადაც, რადგან წონაში დაკლების შემდეგ ძნელია მიღწეული შედეგის შენარჩუნება. ვარჯიშს ამ მხრივ სასწაულების მოხდენა შეუძლია.
ცნობილია, რომ ვარჯიში გიცავთ ანთებითი დაავადებებისგან, ის სისხლში შაქრის შემცველობასაც ამცირებს და ყველა იმ მეტაბოლურ გადახრას ებრძვის, რომელთა მიზეზითაც მუცლის არეში ზედმეტი ცხიმების დაგროვება ხდება.
- აწარმოეთ კვების დღიური
ყველამ ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რას მივირთმევთ. მიუხედავად ამისა, ადამიანთა უმრავლესობას წარმოდგენაც არ აქვს, რით იკვებება. ბევრი ფიქრობს, რომ დაბალნახშირწყლოვან ან მაღალპროტეინულ საკვებს მიირთმევს, მაგრამ ისინი მწარედ ცდებიან. გირჩევთ, აუცილებლად აწარმოოთ თქვენი კვების დღიური, სადაც დეტალურად აღნუსხავთ ყველაფერს, რასაც მიირთმევთ. ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. არ არის აუცილებელი ეს პროცედურა მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვეთ. მნიშვნელოვანია, კარგად გაერკვეთ, თუ რა გჭირდებათ და როგორ უნდა იკვებოთ, რათა შემდგომშიც შეინარჩუნოთ კვების სწორი რეჟიმი.
მაღალპროტეინული საკვების მიღებას ვერ შეძლებთ, თუ არ გეცოდინებათ თითოეულ კერძში, რომელსაც მიირთმევთ, პროტეინის შემცველობის ზუსტი მაჩვენებელი. იმისთვის, რომ დიეტა სწორად შეარჩიოთ, აუცილებელია კალორიების მთვლელის გამოყენება, რათა დანამდვილებით იცოდეთ, რომ სწორად იკვებებით.
თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, მიზანთან ძალიან ახლოს მიხვალთ. გახსოვდეთ, რომ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები მუცლის ცხიმების მოსაშორებელ ეფექტურ გზებთან დაკავშირებით, ემყარება მეცნიერული კვლევის შედეგებს.
წარმატებებს გისურვებთ!