აქციეთ სირბილი გართობად - 10 საუკეთესო გზა
ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენი სარგებლის მოტანა შეუძლია სირბილს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვარჯიში ხშირად რუტინად გვექცევა ხოლმე და მოსაწყენი ხდება. ზოგიერთი ამ პრობლემის მოგვარებას ვარჯიშის დროს მოსასმენი მუსიკის ყოველდღიური განახლებით ცდილობს, ზოგი კი ახალი სპორტული ფეხსაცმლის ყიდვით იტყუებს თავს. თუმცა მაინც ხდება ისე, რომ დილით გაღვიძებისას მორბენალი გრძნობს, რომ მისი გული სულ სხვაგან არის და სირბილის დიდი სურვილი არ აქვს. გთავაზობთ 10 ნაცად ხერხს, რომელიც დაგეხმარებათ სირბილი გართობად აქციოთ და ყოველგვარ რუტინას დაგავიწყებთ.
- ირბინეთ კიბეებზე
მხოლოდ 15 წუთიც საკმარისია იმისთვის, რომ გულისცემა აგიჩქარდეთ, ფეხები და მუცლის კუნთები დაგეძაბოთ, გონება გამოგიფხიზლდეთ და ბალანსი გაგიუმჯობესდეთ. თუ ყველაფერთან ერთად, მალე მთების დალაშქვრა გაქვთ გადაწყვეტილი, მოცემული ვარჯიში მოსამზადებლადაც გამოგადგებათ. როგორც ნებისმიერი სხვა ვარჯიში, თავდაპირველად კიბეებზე სირბილიც რთულად მოგეჩვენებათ, მაგრამ არ უნდა დანებდეთ. მალე ყველაფერს მიეჩვევით.
- დაივიწყეთ საღამოს საათებში ვარჯიში, ირბინეთ დილით
დილით ადრე ადგომა ბევრს არ უყვარს და ერთი შეხედვით, ეს მართლაც შემაწუხებელია, თუმცა დილის საათებში სირბილს, მაშინ როდესაც მზე ამოდის, განსაკუთრებული შეგრძნებები მოაქვს. როდესაც საჭირო მანძილს ადრიანად გაირბენთ, სისავსის და სიჯანსაღის შეგრძნება გეუფლებათ, რომელიც მთელი დღის მანძილზე არ გტოვებთ. ამასთან კველევებით დადასტურდა, რომ დილით სირბილი მაღალ არტერიულ წნევას ებრძვის და მათ, ვინც დილით სირბილს ანიჭებს უპირატესობას, ღამით გაცილებით უკეთ ძინავთ.
- თუ ადრე დგებით, ირბინეთ საღამოს
თუ გადატვირთული გრაფიკი გაქვთ და დილით ადრე ადგომას ხართ მიჩვეული, ალბათ, თქვენთვის საღამოს ვარჯიში უფრო მისაღები იქნება. ამას რამდენიმე უპირატესობა აქვს. ჯეისონ ფიცსჯერალდი, ავტორი წიგნისა „სირბილი ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის“, აღნიშნავს, რომ დღის მანზილზე თქვენ რამდენჯერმე იკვებებით და კალორიების დაწვა გჭირდებათ, გარდა ამისა, უამრავი ნეგატივი გიგროვდებათ, შესაძლოა სამსახურში გაგაბრაზეს. სირბილი კი დაგროვილ უარყოფით ემოციებთან გასამკლავებლად და მათგან გასათავისუფლებლად საუკეთესო გზაა.
- გადით ქალაქგარეთ
თუ თქვენ გამუდმებით თქვენს სახლთან ახლოს დარბიხართ, შესაძლოა სირბილმა მონოტონური ხასიათი შეიძინოს, რადგან გამუდმებით ერთი და იმავე პეიზაჟის ყურება სასიამოვნო არავისთვისაა. შეგიძლიათ თქვენსავე ქალაქში რომელიმე პარკში წახვიდეთ და იქ ირბინოთ, ან ავტობუსის და მატარებლის დახმარებით მახლობელ ქალაქს ესტუმროთ და ივარჯიშოთ, შემდეგ კი უკან დაბრუნდეთ. თუ ასე მოქცევა გეზარებათ, სტიმულისთვის თქვენს საყვარელ ადამაინთან ერთად წადით, ან მეგობრები აიყოლიეთ და ერთად ირბინეთ ქალაქგარეთ. ეს გაცილებით სასიამოვნოს გახდის ვარჯიშს და რუტინასაც აგარიდებთ თავიდან.
- სცადეთ განსხვავებული რელიეფი
იმისთვის, რომ სირბილი მრავალფეროვანი გახდეს, აუცილებელია ადგილის ხშირი ცვლილება. როდესაც სარბენად რთულ რელიეფს ირჩევთ, იძულებული ხდებით, ტემპი შეანელოთ და თქვენს ჩვეულ დროს გადაუხვიოთ. რთული რელიეფი ხშირად ლამაზიცაა. ამასთან ერთად, როგორც მარიო ფრაიოლი, მორბენალთა მწვრთნელი სან ფრანცისკოდან, აღნიშნავს, ის გეხმარებათ ბალანსის შენარჩუნებაში და წარმოუდგენლად ავითარებს კუნთებს.
- შეცვალეთ თქვენი რეჟიმი
ერთი დღით, ერთი კვირით ან მეტითაც შეგიძლიათ ცვლილებებს მიმართოთ. დრო მხოლოდ მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ის პრობლემატური ხდება. შესაძლოა, თქვენ შესანიშნავად დარბოდით, ერთ დღეს კი ტემპი დააგდეთ, რის გამოც ძალიან შეწუხებული ხართ და სინდისი გქენჯნით. შესაძლებელია, თქვენ მთელ დროს ანგარიშში კარგავთ და თქვენს გონებას დასვენების საშუალებას არ აძლევთ. საჭიროა, თქვენი მიდგომა მკვეთრად შეცვალოთ და ვარჯიშს ისე შეხედოთ, როგორც აღმოჩენებისადმი გახსნილ ქმედებას. საშუალება მიეცით საკუთარ თავს სიახლეები მიიღოს და არ შეშინდეს. შეგიძლიათ სისწრაფე ხშირად შეცვალოთ, ვარჯიშის დრო და ხანგრძლივობა გადააფასოთ, მისცეთ თქვენს გონებას საშუალება გაცილებით დიდი ყურადღება დაუთმოს საკუთარ სხეულს და მის მოთხოვნებს. ასე უკეთ შეძლებთ საკუთარი მდგომარეობის შეფასებას და ენერგიის სწორად გადანაწილებას.
- შეიძინეთ ახალი წინდები
ბევრი თვლის, რომ ახალი ფეხსაცმელი განწყობას აუმჯობესებს და რუტინასთან ბრძოლაში გვეხმარება, თუმცა რატომღაც სავარჯიშო წინდები არავის ახსენდება. მათაც შეუძლიათ განწყობის გახალისება და არ დაგავიწყდეთ, ისინი გაცილებით ნაკლები დაგიჯდებათ.
- გამოიყენეთ სარბენი ბილიკი
ალბათ, გიკვირთ ასეთი რჩევის მოსმენა, მაგრამ სარბენ ბილიკს აქვს თავისი უპირატესობები, რომელთაგან უმთავრესია სისწრაფის კონტროლი. თუ თქვენ თავად გიჭირთ ამ მხრივ სწორი გადაწყვეტილების მიღება, სარბენი ბილიკი დაგეხმარებათ. ყველაფერთან ერთად კი, ისიც მრავალფეროვნებას შეიტანს თქვენს ვარჯიშში.
- შეუერთდით ჯგუფს
სხვებთან ერთად სირბილი უფრო მოტივირებულს გხდით. თუ ადამიანები, რომლებთან ერთადაც დარბიხართ, მოგწონთ კიდეც, სირბილის სურვილიც გაგიორმაგდებათ, რადგან მათთან შეხვედრის მოლოდინში იქნებით. შეგიძლიათ ისეთი პარტნიორი შეარჩიოთ, რომელიც თქვენზე სწრაფად დარბის, რათა კონკურენციას გრძნობდეთ და მეტი დატვირთვით ივარჯიშოთ. თუ პირიქით, სიჩქარის კონტროლის პრობლემა გაქვთ, შეარჩიეთ ადამიანი, რომელიც თქვენთან შედარებით ნელია, რათა ბალანსის პოვნა შეძლოთ და უბრალოდ ისიამოვნოთ სირბილის პროცესით. კვლევებმა დაადასტურა, რომ ადამიანები, რომლებიც სხვებთან ერთად დარბიან ფიზიკურად, ფსიქიკურად და მენტალურად გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და ბედნიერები არიან, მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას მარტო სირბილს ანიჭებს.
- შეცვალეთ სირბილის მიმართულება
ნუ ირბენთ ყოველთვის ერთი მიმართულებით. შეიძლება ძალიან მცირე ცვლილებამაც გადაახალისოს თქვენი ყოველდღიურობა და რუტინის დამარცხებაში დაგეხმაროთ.