გაიუმჯობესეთ მეტაბოლიზმი - 10 საუკეთესო გზა
ორგანიზმის სტიმულირებისთვის თქვენ, ალბათ, მძიმე წონის აზიდვებს ასრულებთ, საღამოობით ველოსიპედით სეირნობთ, მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშებით კავდებით. ადამიანების უმრავლესობა ამ გზით მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესებასაც ცდილობს. მეტაბოლიზმი ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესია, როდესაც უჯრედები საკვების გადამუშავების შედეგად ენერგიას გამოყოფენ. ცნობილია, რომ ის, ვისაც უკეთესი მეტაბოლიზმი აქვს, გაცილებით მეტ კალორიას წვავს, ვიდრე ის, ვის ორგანიზმშიც მეტაბოლური პროცესები შენელებულია. სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე ორგანიზმი მძიმე საკვების გადამუშავებასაც მარტივად ახერხებს. თუმცა მსგავსი პრივილეგიით მხოლოდ ცაკეული ადამიანები არ სარგებლობენ, რომლებიც ბუნებრივად დასაჩუქრდნენ სწრაფი მეტაბოლიზმით. თქვენც შეგიძლიათ ქიმიური პროცესების მოწესრიგება და გაუმჯობესება, შემდეგ კი მიღებული პრივილეგიებით სარგებლობა.
გთავაზობთ იმ საუკეთესო მეთოდებს, რომლებიც მეტაბოლიზმის გაუმჯობესებასა და მიღწეული შედეგების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
- მეტი იმოძრავეთ
ადამიანების უმრავლესობა დარბაზში 45 წუთს ატარებს, დანარჩენ დროს კი უძრავად ზის სამსახურში, სახლში ან ტრანსპორტში. ორგანიზმის გამოსაცოცხლებლად აუცილებელია მეტი მოძრაობა. ეცადეთ ავტომობილი სამსახურიდან მოშორებით გააჩეროთ, რათა ფეხით მეტი იაროთ. ყავის მირთმევის ნაცვლად შესვენებებზე სეირნობას მიანიჭეთ უპირატესობა. მცირედი მოთელვითი ვარჯიშების შესრულებაც კი ეხმარება ორგანიზმის მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესებაში.
- მიირთვით ცოცხალი, ჯანსაღი პროდუქტები
მსგავს პროდუქტებში მრავლადაა ვიტამინები, მინერალები და მკვებავი ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმს ენერგიით ავსებს და მეტაბოლურ პროცესებს აჩქარებს. სწორედ მსგავსი თეორიები უმაგრებენ ზურგს ისეთ დიეტებს ,როგორიცაა პალეო დიეტა, რომელიც ორგანულ საკვებზეა ორიენტირებული და გადამუშავებულ პროდუქტებზე უარს აცხადებს. სუფთა და ნატურალური პროდუქტის მიღების შემდეგ თქვენი ორგანიზმი გაცილებით მარტივად ახერხებს საკვების გადამუშავებას.
- მეტისმეტად ნუ შეამცირებთ კალორიებისა და ნახშირწყლების მიღებას
დიეტები, რომლებიც დაბალი კალორიებისა და ნახშირწყლების მიღებას ემყარებიან, ზედმეტი ცხიმების წვას ნამდვილად უწყობენ ხელს, მაგრამ ეს მეტაბოლური პროცესების შენელების ხარჯზე ხდება. დროსთან ერთად თქვენ ამჩნევთ, რომ ენერგიის ნაკლებობას განიცდით, ორგანიზმი გარკვეული ჰორმონების გამომუშავებას ანელებს, კალორიების დაწვაც რთულდება. როდესაც თქვენ ნორმალურ კვებას დაუბრუნდებით, მეტაბოლიზმი გაცილებით შენელებული გექნებათ და წონაში მატება შესამჩნევი გახდება. კალორიების და ნახშირწყლების მიღების შემცირება ნელ-ნელა უნდა მოხდეს, მაგრამ არა მეტისმეტად დიდი რაოდენობით. კვირაში ერთხელ მაინც კი თავს უფლება უნდა მისცეთ კალორიული და ნახშირყწლებით მდიდარი პროდუქტი მიირთვათ. მთავარია, უარი თქვათ გადამუშავებულ საკვებზე და იკვებოთ ჯანსაღად.
- სტრატეგიულად დაარღვიეთ დიეტა
ბოდიბილდერები ამ წესს ხშირად მიმართავენ. ყოველ მეშვიდე ან მერვე დღეს ისინი იმდენ კალორიას იღებენ, რამდენიც ესიამოვნებათ, რათა ხელი შეუშალონ მეტაბოლური პროცესების შესაძლო შენელებას. მთავარია, არ გადააჭარბოთ და ჩვევად არ აქციოთ ზედმეტი კალორიების მიღება.
- დარწმუნდით, რომ არ შიმშილობთ
თუ გრძნობთ, რომ სტრატეგიული დარღვევაც ვერაფერს გშველით და გამუდმებით გშიათ, ეს აუცილებლად გამოიწვევს მეტაბოლიზმის შენელებას. თუ თქვენი ორგანიზმი მეტ კალორიას ითხოვს, ე.ი. თქვენ ეს გჭირდებათ და უნდა მიიღოთ კიდეც. სცადეთ ერთი ან ორი კვირის მანძილზე მიიღოთ იმდენი კალორია, რამდენსაც ორგანიზმი გთხოვთ. ეს დათრგუნულ მეტაბოლურ პროცესებს კვლავ გამოაცოცხლებს.
ნორმალურ კვებაში იგულისხმება დღიურად დამატებითი 500 კალორიის ან ჯანსაღი სადილის მიღება და არა დღის განმავლობაში უკონტროლო კვება. დააკვირდით, რომ კალორიები, რომლებსაც იღებთ სუფთა და ჯანსაღი იყოს, რადგან ზედმეტი ცხიმი ან მარილი კარგს არაფერს გპირდებათ.
- კარდიო ფრთხილად შეარჩიეთ
გადაჭარბებულმა ვარჯიშმა, მაგ. ხტომამ ან ველოსიპედით სიარულმა, შესაძლოა მეტაბოლური პროცესები დათრგუნოს, მით უმეტეს, თუ ვარჯიშს თან ერთვის მკაცრი დიეტა. უმჯობესია ძალოვან ვარჯიშებზე კონცენტრირდეთ და ისეთ კარდიო ვარჯიშებს მიმართოთ, როგორიცაა მოკლე დისტანციაზე სირბილი ან საბრძოლო ხელოვნება. ასე ზედმეტი ცხიმების მოშორებასაც შეძლებთ და მეტაბოლიზმსაც გაიუმჯობესეთ. მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები თქვენს ორგანიზმს ცხიმების წვას ვარჯიშის შემდეგაც დიდი ხნის მანძილზე აიძულებს, რის შედეგადაც მეტაბოლური პროცესები ხანგრძლივი დროით ჩქარდება.
- ნუ დაივიწყებთ წყალს
ქრონიკული დეჰიდრატაცია მეტაბოლურ პროცესებს მნიშვნელოვნად ანელებს. დღეში 2 ლიტრამდე წყალი მაინც უნდა დალიოთ. გარდა იმისა, რომ მეტაბოლიზმს გაიუმჯობესებთ, ბონუსად სუფთა კანსა და ენერგიასაც მიიღებთ.
- განივითარეთ ძლიერი მუსკულატურა
საუკეთესო და ყველაზე ეფექტური გზა მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად კუნთოვანი მასის ჩამოყალიბებაა. კუნთი მეტაბოლურად აქტიური ქსოვილისგანაა შემდგარი, რომელსაც განვითარებისთვის კალორიების წვა და ენერგიის გამოყოფა ესაჭიროება. განსხვავებით ცხიმოვანი ქსოვილისგან, რომელიც არანაირ კალორიას არ მოიხმარს. კუნთოვანი მასის განსავითარებლად კი საუკეთესო გზა მძიმე წონის აზიდვებია. თუ თქვენს მიზანს უბრალოდ ცხიმის წვა წარმოადგენს, ამ შემთხვევაშიც მოცემულ ვარჯიშებს უნდა მიმართოთ.
- გამოიყენეთ მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშები
კვირა საღამოს ნელი გარბენის შესრულება თქვენი სახლის მახლობლად საუკეთესო ანტიდეპრესანტს წარმოადგენს, მაგრამ მეტაბოლურ პროცესებთან მიმართებაში მოცემული ვარჯიშის დამსახურება ძალზედ მცირეა. მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშები კალორიების იმავე რაოდენობას წვავს, რამდენსაც კარდიო, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ წვის პროცესი ამ უკანასკნელთან შედარებით ორმაგად დიდხანს გრძელდება. როდესაც სარბენ ბილიკს მოცილდებით და კარდიოს დაასრულებთ, კალორიების წვის პროცესიც სრულდება. მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი აღნიშნული პროცესი კიდევ 36 საათს გასტანს.
- მიიღეთ პროტეინები - განსაკუთრებით საუზმეზე
ნუ მოტყუვდებით და ნუ მიირთმევთ საუზმეზე საკონდიტრო ნაწარმს, ფუნთუშებსა და ვაფლებს, რადგან ამით სისხლში შაქრის დონის ბალანსს დაარღვევთ და მეტაბოლურ პროცესებსაც ზიანს მიაყენებთ. მიიღეთ პროტეინებით მდიდარი საკვები, როგორიცაა კვერცხი, მჭლე ხორცი ან ბერძნული იოგურტი. პროტეინებს, არ აქვს მნიშვნელობა საუზმეზე მიირთმევთ თუ სხვა დროს, დიდი ენერგია სჭირდებათ გადასამუშავებლად და მოსანელებლად. მათი მირთმევით თქვენ მეტაბოლურ პროცესებს ასტიმულირებთ. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებიც საუზმედ პროტეინებს მიირთმევენ, დღის მანძილზე გაცილებით ნაკლებ კალორიებს იღებენ, ვიდრე სხვები. ასე რომ, პროტეინების მირთმევით, არამარტო ზედმეტ კალორიებს დაწვავთ. ნაკლებ კალორიებსაც მიიღებთ.