ინტერვიუ ექიმ დევიდ ოუენსთან სპორტული ტრავმების შესახებ
ადვილი შესაძლებელია კვირის ხანგრძლივმა გასეირნებამ ან ვარჯიშმა მტკივნეული კვალი დაგამჩნიოთ და ორშაბათ დილას სამსახურში კოჭლობით მიგიყვანოთ. თქვენ არ იქნებით ერთადერთი, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს. სპორტული ტრავმების გამო ექიმებს ყოველდღიურად ათასობით ადამიანი მიმართავს. გთავაზობთ ინტერვიუს ექიმ დევიდ ოუენსთან, რომელიც სპორტსმენებთან მუშაობს. ჩვენ მას სწორედ სპორტულ ტრავმებთან დაკავშირებით დავუსვამთ კითხვებს.
რომელია ყველაზე გავრცელებული სპორტული ტრავმები?
ნებისმიერი სპორტული დაზიანება ორ კატეგორიად იყოფა: პირველს მივაკუთვნებთ უცაბედ ტრავმებს, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ, მაგ. ძვლის მოტეხილობა ან ნაღრძობი მხარი, ხოლო მეორე სახის ტრავმებს მიეკუთვნება განმეორებადი, ხანგრძლივი დატვირთვის შედეგად მიღებული დაზიანებები, რომლებსაც ხანგრძლივი ვარჯიშები იწვევენ, მაგ. ყოველდღიური ცურვა, სირბილი. ამგვარი ქრონიკული ტრავმების მიღების სარისკო უბნებს მიეკუთვნება მაგ. მორბენალის მუხლი, მოცურავის მხარი და ჩოგბურთელის იდაყვი. მსგავსი ტრავმები ბევრად უფრო ხშირია.
არის თუ არა აღნიშნული ტრავმები პრევენცირებადი?
გვაქვს დიდი საფუძველი, ვიფიქროთ, რომ სპორტული ტრავმები პრევენცირებადია. ზოგიერთი გადაუდებელი, მოულოდნელი ტრავმა ყოველგვარი გარეგანი კონტაქტის შედეგად მიიღება. მაგალითისთვის, წინა ჯვარედინი იოგების დაზიანება იმდენად სერიოზული შეიძლება აღმოჩნდეს, რომ საჭიროებდეს ოპერაციულ ჩარევას და საბოლოო ჯამში ადამიანს რამდენიმე თვით საწოლს მიაჯაჭვავს. მსგავსი ტრავმები განსაკუთრებით ხშირია ქალ სპორტსმენებში და უმეტესად მის გამომწვევ მიზეზად გარე ფიზიკური კონტაქტი არ სახელდება. მსგავსი ტრავმების აცილება სპეციალური სპორტული პროგრამების შემუშავებით და შესწავლით ხდება, რომლებიც ორიენტირებულია ძალის, პლასტიკურობის, ბალანსის და კოორდინაციის გაუმჯობესებაზე.
ბალანსირებულ, ინდივიდზე მორგებულ ვარჯიშს და სპეციალური დამცავი მოწყობილობების გამოყენებას, ასევე შეუძლია დაგვიცვას მსგავსი ტრავმებისგან. მნიშვნელოვანია, რომ სპორტსმენმა იცოდეს ზედმეტი გადატვირთვით გამოწვეული დაზიანებების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი უსიამოვნებები.
რა გვაყენებს სპორტული ტრავმების მიღების რისკის წინაშე?
მსგავს რისკს ზრდის ადრე მიღებული ტრავმა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეაბილიტაციის პროცესს და ბალანსირებულ ვარჯიშს, სანამ ადამიანი სრულყოფილად აღიდგენს ძალებს. პოპულაციის განსაზღვრული ნაწილი არის კონკრეტული ტრავმების მიღების რისკ-ჯგუფში. მაგ. მსგავს რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ბავშვები და თინეიჯერები, რომელთა ორგანიზმში უამრავი ცვლილება ხდება, რის გამოც ისინი მეტი აქტივობით გამოირჩევიან. ამასთან ცვლილებები მათს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასა და იოგებში, ბავშვებს დაუცველს ხდის ტრავმების წინაშე. ასევე რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ქალები, რომლებიც სპორტით არიან დაკავებულები. ისინი უმეტესად მუხლის ტრავმებს იღებენ, რაც მათი ბიო-მექანიკური მოწყობით და ბარძაყ-მუხლს შორის არსებული სპეციფიკური პროპორციებით არის განპირობებული.
შეგვიძლია თუ არა სპორტულ დაზიანებებს თავად ვუმკურნალოთ?
მსუბუქი ქსოვილოვანი დაზიანებების თვითმკურნალობა ნამდვილად შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა დასვენება, ცივი ყინული, სპეციალური კომპრესები და დაზიანებული ადგილის სათანადო მოვლა. როდესაც ტკივილი და შესიება დაიკლებს, დროა აქტივობა განვაახლოთ. პირადად მე ვცდილობ, ადამიანები მაქსიმალურად აქტიურ მდგომარეობაში ვამყოფო. რა თქმა უნდა, მძიმე დაზიანებები სხეულის გარკვეული ნაწილის ფიქსაციას და უმოძრაობას მოითხოვს, მაგრამ მსუბუქ შემთხვევებში მოძრაობამ შესაძლოა ჩაანაცვლოს მკურნალობა და დადებითად იმოქმედოს განწყობაზეც. სავარჯიშოებს, რომლებიც შინაგან ბალანსს, სტაბილურობას და პლასტიკურობას აღადგენენ, რეაბილიტაციის და ტრავმის პრევენციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
როდის უნდა მივმართოთ დახმარებისთვის ექიმს?
მწვავე დაზიანებისას აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. შესამჩნევი ტკივილი, სისხლდენა, კიდურის დეფორმაცია, მოძრაობის შეზღუდვა, სახსრის მიდამოების მძიმე შესიება შესაძლოა სერიოზულ ტრავმაზე მიგვანიშნებდეს. ტკივილი, რომელიც ხანგრძლივი, განმეორებადი ვარჯიშის შემდეგ ჩნდება, მაგ. 7 კილომეტრიანი გარბენის შემდგომ, შესაძლოა გადატვირთვით მიღებული ტრავმა იყოს. მსგავსი ტრავმების მკურნალობა გაცილებით რთულია, როდესაც ისინი ქრონიკულ ხასიათს იძენენ, ამიტომ აუცილებელია მათი დროული დიაგნოსტირება, რათა დამატებითი რისკ-ფაქტორები ავიცილოთ თავიდან. ასევე უნდა შევიმუშავოთ სპეციალური ტექნიკები და სავარჯიშო პროგრამები მსგავსი დაზიანების მქონე ადამიანისთვის. დაუშვებელია ამ დროს ტკივილგამაყუჩებელი აბების მიღება და ვარჯიშის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება. ეს მდგომარეობას უფრო ართულებს.
როგორ მკურნალობენ სპორტულ ტრავმებს?
მწვავე ტრავმების მკურნალობა ხდება ნორმალური ანატომიური წყობის აღდგენით,სხეულის დაზიანებული ნაწილის მოსვენებით და ფიქსაციით. შესაძლოა ამ დროს გამოყენებულ იქნეს: სპეციალური ბანდაჟი, თაბაშირის სახვევი, ღვედი. არ არის გამორიცხული ქირურგიული ჩარევაც. გადატვირთვით მიღებული ტრავმები დასვენების და აქტიური რეაბილიტაციის შედეგად იკურნება. რელატიური დასვენება (და არა აბსოლუტური უმოძრაობა) მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვის მქონე ადამიანებისთვის. ათლეტებმა აქტიური რეაბილიტაციის პროგრამა უნდა გაიარონ.
რა სახის სარეაბილიტაციო სერვისები არსებობს?
რეაბილიტაციის პროცესში განსხვავებულ ფიზიკურ მოდალობებს მიმართავენ, მათ შორისაა: ფიზიოთერაპია, სპორტული მასაჟი, ოსტეოპათია, აკუნპუნქტურა, ქიროპრაქტიკა და სხვა. ხშირად ხდება ამ ტექნიკების ერთობლივი გამოყენება (ორი ან რამდენიმე მათგანის). როგორც სპორტსმენთა მკურნალს, მე დიდი დაინტერესება მაქვს ტრავმების პრევენციის საკითხში. რეაბილიტაციის პროცესში ბიო-მექანიკური ბალანსის და შინაგანი სტაბილურობის აღდგენით არა მხოლოდ ტრავმისგან ვთავისუფლდებით, იზრდება ჩვენი აქტივობის და ფიზიკური შესაძლებლობების ხარისხიც.