Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



სასარგებლო ფიტნეს-რჩევები ვარჯიშის დაწყების მსურველებს

ვარჯიშის დაწყება თუ გადაწყვიტეთ, გილოცავთ! თქვენ უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგით თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ძილის მოსაწესრიგებლად და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებლად. ათასობით მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ვარჯიში თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად აქციოთ. ბუნებრივია, რომ პირველი ნაბიჯების გადადგმა ძალიან გაშინებთ. ფიტნეს სამყარო, რომელიც აქამდე არასდროს დაგილაშქრავთ, თქვენ უცნობად და მრავალფეროვნად გესახებათ. როგორ უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯები სპორტული ცხოვრების დასაწყებად?  ამ კითხვაზე პასუხს ჩვენი სტატიიდან გაიგებთ.

ფიტნეს სამყაროს მრავალფეროვნება არ უნდა გაშინებდეთ. ის საშუალებას გაძლევთ თქვენი მიზნები რეალობად აქციოთ და თქვენთვის სასურველი ფიტნეს-გეგმა შეიმუშაოთ. შესაძლოა თქვენ დილის ვარჯიში გერჩივნოთ საღამოს დატვირთვას, კრივთან შედარებით სირბილს ანიჭებდეთ უპირატესობას, ჯგუფური აერობიკა მეტად გიზიდავდეთ, ვიდრე სახლში მარტო ვარჯიში. არჩევანი კი საკმაოდ მრავალფეროვანია. საუკეთესო გზა, თქვენთვის სასურველი სავარჯიშო სისტემის შერჩევისთვის,მეტი აქტიურობა და თითოეული მათგანის რეალობაში გამოცდაა. ეს ყველაზე რთული და ამავე დროს ყველაზე საინტერესო ნაწილია აქტიური ცხოვრების წესის ჩამოყალიბების  გზაზე.

გთავაზობთ იმ ძირითად ნაბიჯებს, რომლებიც ფიტნესის უსასრულო სამყაროს გაცნობაში დაგეხმარებათ და სამუდამოდ დაგავიწყებთ იმ უმოძრაო ცხოვრებას, რომელსაც აქამდე ეწეოდით.

  • შეარჩიეთ სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელშიც თავს კომფორტულად და ბედნიერად იგრძნობთ

ფიტნეს-ინსტრუქტორების აზრით, კარგი სავარჯიშო ფეხსაცმლის პოვნა, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია მოტივაციის გასაზრდელად. შეცდომა რომ არ დაუშვათ, სპორტულ მაღაზიას უნდა მიაკითხოთ და გამოცდილ კონსულტანტებს თხოვოთ დახმარება. ისინი გირჩევენ, თუ როგორი ვარჯიშისთვის რა სტილის ფეხსაცმელი გამოგადგებათ და თქვენთვის კომფორტულ წყვილსაც შეგირჩევენ. გარდა ამისა თქვენ კომფორტული სპორტული ტანისამოსიც დაგჭირდებათ. სპორტული ტანსაცმლის სწორად შერჩევა თავს დავდაჯერებულად გაგრძნობინებთ და ვარჯიშის პროცესს სასიამოვნოს გახდის. ასე მეტად მოტივირებული იქნებით და ადვილად გააგრძელებთ აქტიურ დატვირთვას.

  • დაიწყეთ კვირაში ორი სავარჯიშო დღით და სწორად შეარჩიეთ ვარჯიშისთვის განკუთვნილი დრო

ვარჯიშის დაწყებისთანავე სამომავლო პერსპექტივებზე უნდა იფიქროთ. პირველი კითხვა, რომელიც უნდა დასვათ შემდეგია: კვირაში რამდენი დღის დათმობა შეგიძლიათ ვარჯიშისთვის? ფიტნეს-ინსტრუქტორები კვირაში 3-4 დღიან დატვირთვას გირჩევენ, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ თავიდანვე ამ რეჟიმით უნდა დაიწყოთ. თავდაპირველად სცადეთ და 2 დღიან დატვირთვას დასჯერდით. შეგიძლიათ 30 წუთიანი ვარჯიშებით დაკმაყოფილდეთ. დამწყებები ადვილად იღლებიან, რის გამოც დასასვენებლად რამდენიმე დღე სჭირდებათ. რეალური და პრაგმატული გეგმები უნდა დაისახოთ.  დასვენების დღეებშიც აქტიურად იმოძრავეთ, ფეხით ბევრი უნდა იაროთ. როდესაც იგრძნობთ, რომ თქვენი ფიზიკური ფორმა  და ამტანობა უმჯობესდება, ვარჯიშების ხანგრძლივობა და რაოდენობა უნდა გაზარდოთ. ეცადეთ კვირაში 3 დღის მანძილზე ივარჯიშოთ.

მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიოთ ვარჯიშის დროც. თუ სამუშაო დღის შემდეგ გაღიზიანებული ხართ, საღამოს 6 საათზე ნუ ივარჯიშებთ, ხოლო თუ დილით გაღვიძება ცუდ გუნებაზე გაყენებთ, დილის 7 საათზე ნუ ადგებით და თავს ნუ დაიტვირთავთ. ივარჯიშეთ მაშინ, როდესაც თავს კომფორტულად იგრძნობთ.

  • შეიძინეთ მცირედი აღჭურვილობა სახლის პირობებში სავარჯიშოდ

თუ გრძნობთ, რომ დარბაზში რეგულარული სიარულისთვის მზად არ ხართ, შეგიძლიათ სახლშიც ივარჯიშოთ. ონლაინ სავარჯიშო პროგრამების დახმარებით, საშინაო პირობებში ვარჯიშს ადვილად მოახერხებთ. მიუხედავად იმისა, რომ სახლში შესასრულებელი ვარჯიშები სპორტულ აღჭურვილობას ნაკლებად მოითხოვს და ძირითადად თქვენს სხეულზე ხართ დამოკიდებული, გარკვეული სპორტული ინვენტარის შეძენით მასში მრავალფეროვნების შეტანა მაინც შესაძლებელია. შეგიძლიათ მძიმე და მსუბუქი დატვირთვისთვის გამოსადეგი გირები შეიძინოთ, ასევე სპეციალური ხალიჩა, რათა ვარჯიში უფრო მოსახერხებელი გახდეს. კარგი იქნებოდა, თუ რამდენიმე წყვილ წელვად თოკსაც შეიძენდით.

  • დარბაზში დარეგისტრირებას თუ გადაწყვეტთ, უმჯობესია,  თუ რამდენიმე კითხვაზე პასუხს წინასწარ მიიღებთ

თუ დარბაზში დარეგისტრირდებით, ყურადღება მიაქციეთ მის ადგილმდებარეობას. უმჯობესია ის თქვენს სამსახურთან ან სახლთან ახლოს იყოს, რაც მეტად გაზრდის ალბათობას, რომ თქვენ მისი ხშირი სტუმარი გახდებით. უმჯობესია დარბაზი წინასწარ კარგად დაათვალიეროთ, სანამ იქ სიარულს საბოლოოდ გადაწყვეტდეთ.

კითხვები, რომლებზე პასუხიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, ვიდრე დარეგისტრირებას გადაწყვეტთ: აქვს თუ არა დარბაზს თვიური აბონიმენტები? რა სავარჯიშო კლასებს გთავაზობთ იგი? რომელ საათებშია დარბაზი ყველაზე მეტად გადატვირთული?  როდესაც ვარჯიშს იწყებთ, პიკის საათებში ვარჯიში დამთრგუნველად მოგეჩვენებათ, ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ დღის განმავლობაში საათების მიხედვით მისი დატვირთვის ხარისხი. თუ გსურთ, რომ მშვიდად ივარჯიშოთ, დარბაზს მაშინ მიაკითხეთ, როდესაც იქ ნაკლები ადამიანი იქნება.

  • შეარჩიეთ პროგრამა, რომელსაც პერსონალური ინსტრუქტორი უძღვება და გაარკვიეთ, გთავაზობთ თუ არა დარბაზი სპეციალურ პროგრამებს დამწყებთათვის

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ვარჯიშის დაწყებამდე უნდა დასვათ, შემდეგია: რამდენად გთავაზობთ დარბაზი სპეციალურ პროგრამას დამწყებთათვის (როგორც წესი, გთავაზობენ). მისი დახმარებით, ადვილად აუღებთ ალღოს სავარჯიშო აღჭურვილობას და დარბაზის სტრუქტურას. პერსონალური ინსტრუქტორი დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ თქვენზე მორგებული სავარჯიშო პროგრამა და ისწავლოთ სპორტული ინვენტარის სათანადოდ გამოყენება. მისი დახმარებით, თქვენ შეძლებთ დარბაზის რიტმს მარტივად აჰყვეთ.

თუ დარბაზში ვარჯიში არ გსურთ, ონლაინ ფიტნეს-ინსტრუქტორს მიმართეთ და დახმარებას ის გაგიწევთ. როგორც წესი, ამ გზითაც შეგიძლიათ დახმარების მიღება, თან გაცილებით შეღავათიან ფასებში, თუმცა პირობას ვერ მოგცემთ, რომ ონლაინ ინსტრუქტორი ყველა თქვენს შეკითხვას ამომწურავად უპასუხებს.

  • სცადეთ  განსხვავებული ვარჯიშები,  სანამ არ იპოვით თქვენთვის სასურველ, კომფორტულ და სასარგებლო ვარჯიშებს

თანამედროვე ფიტნეს სამყაროში ვარჯიშთა საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. მათ შორის საუკეთესო კი ის არის, რომელიც თქვენ ყველაზე მეტად გამოგადგებათ. საუკეთესო გზა თქვენთვის სასურველი ვარჯიშების აღმოსაჩენად, გამბედაობის გამოვლენა, შეცდომების დაშვება და იმედგაცრუების ღირსეულად ატანაა, თუმცა თავდაპირველად ეს დამთრგუნველადაც მოგეჩვენებათ. სცადეთ ნებისმიერი ტიპის ვარჯიში და არ დანებდეთ, სანამ თქვენთვის საუკეთესო ვარჯიშს არ მიაგნებთ. თავდაპირველად უნდა დაიწყოთ იმით, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ, იქნება ეს სირბილი, პილატესი, კრივი თუ სხვა. მიუხედავად სირთულეებისა, აუცილებლად მოახერხებთ თქვენზე მორგებული პროგრამის შემუშავებას.

დამწყებთათვის ყველაზე პოპულარული ვარჯიში  სირბილია. თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენც ვალდებული ხართ სხვებივით დაიწყოთ. თუ სირბილის იდეა არ გხიბლავთ, სხვა რამ სცადეთ. თუ გრძნობთ, რომ სირბილი თქვენთვის საძულველ აქტივობათა ნუსხაში არ შედის, შეგიძლიათ სხვებივით პირველი ნაბიჯები სირბილის დახმარებით გადადგათ.

შეცდომები და იმედგაცრუებები ახლავს თან სავარჯიშო სივრცისა და დროის შერჩევის პროცესსაც. თუ ჯგუფური მუშაობა გთრგუნავთ, სახლში ვარჯიში მეტად გამოგადგებათ. შეგიძლიათ დარბაზში ინდივიდუალურ ვარჯიშებს მიმართოთ, ეს მოტივაციის ამაღლებაში ძალიან დაგეხმარებათ. დილის ვარჯიშები საკმაოდ გამახალისებელი და მისაჩვევადაც მარტივია, თუმცა თუ თქვენ გირჩევნიათ საღამოს  დაიტვირთოთ, პრობლემას არც ეს წარმოადგენს. მთავარია, თავს კომფორტულად გრძნობდეთ!

წარმატებებს გისურვებთ!

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა