Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ვარჯიშის გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

ადამიანების უმრავლესობა ფიტნეს დარბაზებს მუსკულატურის გასაძლიერებლად, გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის წასახალისებლად და ლამაზი სხეულის ჩამოსაყალიბებლად სტუმრობს, თუმცა ფიზიკურ დატვირთვას თქვენთვის გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია.  მეცნიერები წლების მანძილზე იკვლევდნენ ვარჯიშის გავლენას ადამიანის ტვინის ფუნქციონირებაზე. აშკარად დასტურდება, რომ ფიზიკურ აქტივობას, იქნება ეს მარათონელის დონის დატვირთვა, თუ დამწყები ათლეტის ვარჯიში, ადამიანის მენტალურ შესაძლებლობებზე წარმოუდგენელი გავლენის მოხდენა შეუძლია. სტატიაში გესაუბრებით ვარჯიშის იმ უპირატესობებზე, რომელთა დახმარებით თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება, ურთიერთობები მარტივდება, ხოლო ცხოვრება გაცილებით სასიამოვნოდ გეჩვენებათ.

  • ვარჯიში სტრესს ამცირებს

ოფისში საშინელი დღე გქონდათ?! მაშინ დროა ქუჩაში გაისეირნოთ ან დარბაზს მიაშუროთ და ვარჯიში დაიწყოთ. ყველაზე დიდი სარგებელი რაც ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება მოგიტანოთ, სტრესის შემცირებაა. ვარჯიშის დროს ფიზიკური და მენტალური სიჯანსაღე მატულობს. ფიზიკური აქტივობა ნორეპინეფრინის კონცენტრაციას ზრდის. ის უმნიშვნელოვანესი ნეიროტრანსმიტერია, რომელიც სტრესზე ტვინის საპასუხო რეაქციებზეა პასუხისმგებელი. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ სტრესს ვარჯიშის საშუალებით ებრძოლოთ. ფიზიკური აქტივობა ორგანიზმს მენტალურ დაძაბულობასთან ბრძოლაში ეხმარება.

  • ვარჯიშის დროს ბედნიერების ჰორმონები გამომუშავდება

სარბენ ბილიკზე სირბილი შესაძლოა დამღლელი იყოს, მაგრამ ამ დროს თქვენს ორგანიზმში დიდი რაოდენობით ენდორფინი გამოიყოფა, რომელიც ბედნიერების ჰორმონად ითვლება და კარგი განწყობის შექმნაში გეხმარებათ. ის ეიფორიის შეგრძნებას გიჩენთ. კვლევებმა დაადასტურა, რომ ვარჯიშს კლინიკური დეპრესიის მქონე პაციენტებშიც კი შეუძლია სიმპტომების შემსუბუქება. ადამიანებში, რომლებიც დეპრესიას და შფოთვით აშლილობას უჩივიან, ექიმები რეკომენდაციას უწევენ ფიზიკურ აქტივობას. ზოგიერთ შემთხვევაში ვარჯიში ისეთივე ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც მედიკამენტი. თუ თქვენ დარბაზში სიარულის მოყვარული არ ხართ, ნუ იღელვებთ, კვირაში რამდენჯერმე 30 წუთიანი საშუალო დონის დატვირთვაც დაგეხმარებათ საერთო განწყობის გაუმჯობესებაში.

  • ფიზიკური დატვირთვა თავდაჯერებას გმატებთ

აუცილებელი არ არის ფიტნესში საბოლოოდ დახელოვნდეთ. საწყის ეტაპზეც კი, გარკვეულ მიღწევებს შეუძლიათ თქვენი თვითშეფასების ამაღლება და პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბება. წონის, ასაკის, სქესის და სიმაღლისგან განურჩევლად, ნებისმიერ ადამიანს ვარჯიში ეხმარება საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენის გაღრმავებაში. მას აქვს უნარი საკუთარი თავი მეტად შეგაყვაროთ და ის საუკეთესო კუთხით დაგანახოთ. ამ სიამოვნებაზე უარის თქმა ნამდვილად არ ღირს.

  • ბუნებაში ვარჯიში გაცილებით მეტ სიამოვნებას გპირდებათ

მეტი ხალისისა და თვითშეფასების ასამაღლებლად ვარჯიში ბუნების წიაღშიც უნდა სცადოთ. აღმოაჩინეთ თქვენთვის სასიამოვნო ვარჯიშის ფორმა, იქნება ეს კლდეზე ცოცვა, კანოეთი გასეირნება, ხტუნვა თუ უბრალოდ სირბილი. გარდა ამისა, მზის გულზე მიღებულ ვიტამინ D-ს თქვენი დეპრესიული განწყობის დათრგუნვის უნარი შესწევს. არ დაგავიწყდეთ, რომ მზეზე ყოფნისას მზისგან დამცავი კრემის გამოყენება აუცილებლად დაგჭირდებათ. ბუნების წიაღში ვარჯიშს თქვენი განწყობის ამაღლების საკითხში ნამდვილი სასწაულების მოხდენა შეუძლია.

  • ვარჯიშს ქრონიკული კოგნიტური აშლილობების პრევენციის უნარი შესწევს

სამწუხაროა, მაგრამ სიმართლეა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი ტვინი ბერდება. ზოგიერთ შემთხვევაში, ტვინის დაბერების პროცესთან ერთად ისეთი ქრონიკული დაავადებები ყალიბდება, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება, რომელიც ტვინის ცოცხალ უჯრედებს ანადგურებს. აღნიშნული პროცესის დროს კი ტვინის მნიშვნელოვანი ფუნქციები იკარგება. როდესაც ალცჰაიმერი უკვე განვითარებულია, ვარჯიშს და ჯანსაღ კვებას მისგან ჩვენი დაცვის უნარი ნამდვილად არ შესწევს, თუმცა ფიზიკურ აქტივობას ტვინის დეგენერაციული ცვლილებების პრევენცია ნამდვილად შეუძლია. 25 წლიდან 45 წლამდე აქტიური ვარჯიშის შედეგად ჰიპოკამპუსი გაცილებით მეტად არის დაცული. ის ტვინის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც კოგნიციის პორცესებში აქტიურად მონაწილეობს და მეხსიერებასა და ათვისების უნარებზეა პასუხიმგებელი.

  • ფიზიკური აქტივობა შფოთვას მნიშვნელოვნად ამცირებს

როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო ეფექტურად ამარცხებს შფოთვას: თბილი აბაზანა თუ 20 წუთიანი მსუბუქი სირბილი?! ალბათ, გაგიკვირდებათ, როდესაც გაიგებთ, რომ სირბილი გაცილებით ეფექტური საშუალებაა, ვიდრე აბაზანის მიღება. სირბილისას გამოთავისუფლებული ჰორმონები ადამიანის ორგანიზმს შფოთვის დამარცხებაში ეხმარება. საშუალოდან მაღალ ინტერვალურ ვარჯიშებამდე, ნებისმიერ მათგანს შესწევს უნარი შფოთვისადმი მგრძნობელობა შეამციროს. ადამიანები კი ფიქრობენ, რომ ინტერვალური ვარჯიშები მხოლოდ კალორიების წვისთვის არის სასარგებლო.

  • ვარჯიში ტვინის სიძლიერეს ასტიმულირებს

ვარჯიში იმაზე სასარგებლოა, ვიდრე ეს ადამიანებს წარმოუდგენიათ. კარდიოს შესრულებისას ნეიროგენეზისის პროცესები აქტიურდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტვინში ახალი ნერვული უჯრედები იქმნება. მზად ხართ ნობელის პრემიის მისაღებად?! მაშინ შეგიძლიათ აქტიურად ივარჯიშოთ. ასე თქვენ გადაწყვეტილების მიღებას გაცილებით მარტივად შეძლებთ, აზროვნების პროცესს გაიუმჯობესებთ და ათვისების უნარიც გამოგისწორდებათ.

  • ფიზიკური დატვირთვა მეხსიერებას აუმჯობესებს

რეგულარული ფიზიკური აქტივობა არამხოლოდ მეხსიერებას ასტიმულირებს, ახალი ცოდნის შეძენაშიც ძალიან გეხმარებათ. ჰიპოკამპუსში ახალი უჯრედების წარმოქმნისას, მახსოვრობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ვარჯიში არა მხოლოდ მოზრდილ ადამიანებში ასტიმულირებს მეხსიერებას, არამედ მცირეწლოვან ბავშვებშიც აუმჯობესებს კოგნიტურ უნარებს და ათვისების პროცესს ამარტივებს.

  • ვარჯიში რელაქსაციაში გეხმარებათ

ადამიანებს, რომლებიც უძილობით იტანჯებიან, საძილე აბების მიღება ნამდვილად არ დასჭირდებათ, თუ რეგულარულად მიმართავენ დარბაზს და ვარჯიშს არ დაიზარებენ. დაძინებამდე აქტიურად მოძრავ ადამიანებს სხეულის ტემპერატურა მაღალი აქვთ. ძილის წინ ტემპერატურა კვლავ ნორმალურ მაჩვენებელს უბრუნდება, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ორგანიზმი რელაქსაციისთვის მზად არის და ძილიც მარტივად მოდის.

  • ფიზიკური აქტივობა პროდუქტიულობას ამაღლებს

სამსახურში თქვენი შესრულების ხარისხით კმაყოფილი არ ხართ?! პრობლემის გადაჭრაში მსუბუქი გასეირნება ან სირბილი დაგეხმარებათ. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მეტს მოძრაობენ, სამსახურში გაცილებით პროდუქტიულები არიან, ვიდრე უძრავი ცხოვრების წესის მიმდევრები. ვარჯიშით დაკავებულ ადამიანებს, გაცილებით მეტი ენერგია აქვთ. მართალია, დატვირთული სამუშაო გრაფიკი ხშირად აქტიური ვარჯიშის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ თუ მაინც მოახერხებთ და ფიზიკური დატვირთვა არ დაგეზარებათ, სამსახურეობრივ მოვალეობებს გაცილებით უკეთ შეასრულებთ.

  • ვარჯიშს კრეატიული უნარების განვითარება შეუძლია

ადამიანთა უმრავლესობა ვარჯიშს ცხელი შხაპის მიღებით ასრულებს, თუმცა ეს ნამდვილი დასასრული სულაც არ არის. აქტიურ ვარჯიშს დარბაზის დატოვების შემდეგ 2-4 საათის მანძილზე თქვენი კრეატიული შესაძლებლობების წახალისება შეუძლია. განსაკუთრებით ეფექტურია ამ მხრივ სუფთა ჰაერზე ვარჯიში, რადგან ბუნებასთან ინტერაქციისას თქვენი წარმოსახვა გაცილებით მეტ შესაძლებლობებს ავლენს, ვიდრე დახურულ სივრცეში ყოფნისას. კრეატიული უნარების განვითარება შეუძლია სირბილს, წამახალისებელ სიარულს.  მოძრაობის პროცესში არამხოლოდ სხეული განიცდის ცვლილებებს, არამედ გონების განტვირთვაც ხდება, რაც  გზას უთავისუფლებს  ახალ შესაძლებლობებს. როდესაც ახალი იდეების მოძიებას ცდილობთ, შეგიძლიათ სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ, ირბინოთ ან სხვა ფორმით ივარჯიშოთ,მიღებული შედეგით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა