Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



7 ფიტნეს მითი ქალბატონების შესახებ

ქალბატონებო, უარყოფით ინფორმაციას თქვენი შეშინების ნებას ნუ მისცემთ და უარს ნუ იტყვით იმ ვარჯიშებზე, რომლებიც ძალიან გხიბლავთ! ქალთა ფიტნესის შესახებ უამრავი მითი არსებობს. ჩვენ 7 მათგანს გამოვააშკარავებთ და მათ სიმცდარეში დაგარწმუნებთ. ქალბატონებს ფიტნეს სამყაროში შებიჯებისას ხშირად აწუხებთ შფოთვის შეგრძნება. არსებობს მოსაზრება, რომ  მძიმე წონით აზიდვები ქალისთვის შესაფერისი ვარჯიში არ არის. აღნიშნული მოსაზრება 1950-იანი წლების ფიტნეს იდეალებისა და სტანდარტების გადმონაშთს წარმოადგენს.

სავარაუდოდ, ქვემოთ ჩამოთვლილ მითებს შორის რამდენიმე ნაცნობი მოსაზრებაც შეგხვდებათ, რომელთაც ინტერნეტში უკვე ნახავდით. სამწუხარო ის არის, რომ მსგავს აზრებს თვითაღიარებული ექსპერტებისგან ვისმენთ და მათ სარწმუნოდ მივიჩნევთ. გავეცნოთ თითოეულ მათგანს.

  • ქალმა მამაკაცივით არ უნდა ივარჯიშოს

სიმართლე ის არის, რომ ქალმა ისე უნდა ივარჯიშოს, როგორც ეს მას სურს და გამოსდის. დარწმუნებით ვერც კი ვიტყვით, რას ნიშნავს „მამაკაცივით ვარჯიში.“ არის თუ არა მძიმე წონით ვარჯიში აუცილებლად მასკულინური ფენომენი?! ვერავინ იტყვის გადაჭრით, რომ ქალისთვის დასაშვები არ არის ასეთი ვარჯიშების შესრულება. არსებობენ ქალბატონები, რომლებიც ნამდვილად არ უნდა ვარჯიშობდნენ ისე, როგორც მამაკაცები, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათ ეს არ შეუძლიათ, ან არ გამოსდით, არამედ იმიტომ, რომ მძიმე წონით აზიდვები მათ ფიტნეს მიზნებთან შესაბამისობაში არ მოდის.

ნებისმიერი მიზანი, რომელსაც ქალი ფიტნესში დაისახავს, მხარდაჭერილი უნდა იყოს შესაბამისი სავარჯიშო პროგრამით. თუ ქალს სურს, რომ ძლიერი სხეულის ზედა ნაწილი და კარგად განვითარებული ბიცეფსის კუნთები ჰქონდეს, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც მან აზიდვებზე უარი უნდა თქვას. თუ ქალბატონი მიზნად ისახავს წონაში კლებას და სხვა გამოკვეთილი სურვილები არ აქვს, არ არის აუცილებელი დიდი დრო დაუთმოს აზიდვებს.

  • ქალბატონები დარბაზში მხოლოდ წონაში დასაკლებად დადიან

სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ქალბატონს ინდივიდუალური მიზანი აქვს. თითოეულს სურს, სხვებისგან განსხვავებულად გამოიყურებოდეს. კაცების მსგავსად, ზოგიერთი ქალბატონი დარბაზს იმ მიზნით მიმართავს, რომ უფრო ძლიერი გახდეს, ზოგიერთს სიგამხდრე იზიდავს, ზოგს ათლეტური მონაცემების დახვეწა სურს, ზოგიერთი კი უკეთეს ჯანმრთელობაზე ოცნებობს. ფიტნესის  ერთ-ერთი მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ ის ძალიან პერსონალურია. ყველაფერს კარგად უნდა ჩაეძიოთ. სავარჯიშო სისტემაც და ფიტნეს გეგმებიც ინდივიდუალურად უნდა მოირგოთ. თუ თქვენს მეგობარს ძალების მატებაზე აქვს ორიენტირი, თქვენ კი სიგამხდრისთვის იბრძვით, დიდი ალბათობით, ერთად ვერ ივარჯიშებთ და ეს სავსებით ნორმალურია.

  • ქალბატონები სპეციალურ პროტეინის ფხვნილებს საჭიროებენ

სინამდვილეში პროტეინი პროტეინია. როდესაც პროტეინების ქალბატონებისთვის მიყიდვას ცდილობენ, რეკლამაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. როგორც წესი, შეფუთვაზე ვარდისფერი დეტალები ჭარბობს და აუცილებლად ვხვდებით წარწერას: „მსუბუქი“. თუმცა არ არსებობს პროტეინის ფხვნილში შემავალი ისეთი ინგრედიენტები, რომლებიც მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ მიიღონ. ქალებს და მამაკაცებს ერთნაირი ფხვნილის შეძენით არაფერი დააკლდებათ ან დაუზიანდებათ. ნებისმიერ ბრენდს კალორიების, პროტეინების, ნახშირწყლებისა და ცხიმების განსაზღვრული რაოდენობა აქვს. თქვენი მიზნებიდან გამომდინარე, ყურადღება უნდა მიაქციოთ შეძენილი ფხვნილის კალორიულობას, რათა კვებითი პროტოკოლი არ დაარღვიოთ. თუ დაბალნახშირწყლოვან დიეტაზე იმყოფებით, მარტივად შეიძენთ ისეთ ფხვნილს, რომელშიც ნახშირწყლების შემცველობა დაბალია. თუ რძის პროდუქტებზე ალერგიული ხართ, ისეთი ფხვნილი უნდა შეიძინოთ, რომლის შემადგენლობაშიც რძე არ შედის. პროტეინის ყიდვა-არყიდვა მისი შემადგენლობის მიხედვით უნდა გადაწყვიტოთ და ყურადღება არ უნდა მიაქციოთ ნიშნებს, რომელიც მას კონკრეტულად რომელიმე სქესისთვის განკუთვნილად აცხადებს.

  • მძიმე წონით აზიდვები ქალს მასკულინურ შესახედაობას აძლევს

სიმართლე შემდეგია: აზიდვები კუნთებს აძლიერებს და ცხიმებს წვავს. უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ წინაღობითი ვარჯიშების შემსრულებელი ქალები გაცილებით ძლიერები, გამხდრები და ჯანმრთელები არიან, ვიდრე ისინი, ვინც მათ შესრულებას ერიდება. ის, თუ რა გავლენას ახდენს აზიდვები თქვენს ორგანიზმზე, მთლიანად არის დამოკიდებული თქვენს აღნაგობასა და ფიზიკურ თავისებურებებზე. პროფესიონალურ ფიტნესშიც ქალბატონები, რომლებიც აზიდვებს ასრულებენ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. ვხვდებით როგორც შედარებით ხორციან, ასევე გამხდარ ან ათლეტური აღნაგობის ქალებსაც. თითოეული მათგანი წინაღობით ვარჯიშს საკუთარი საოცნებო სხეულის ჩამოსაყალიბებლად იყენებს. მათი სხეულის ფორმების განსხვავებას უპირატესად გენეტიკა განსაზღვრავს, ასევე კვება, ვარჯიშის ინტენსივობა, ხარისხი, მოძრაობები, რომლებსაც ისინი ასრულებენ და ა.შ. ისევე როგორც პროფესიონალ ქალბატონებს, თქვენც გჭირდებათ თქვენზე მორგებული ვარჯიშების შერჩევა და იმის განსაზღვრა, თუ როგორ გსურთ, რომ გამოიყურებოდეთ.

  • ქალბატონები კრეატინს არ უნდა იღებდნენ

სიმართლე ის არის, რომ კრეატინი ორგანიზმში ბუნებრივადაც გამომუშავდება. ადამიანები, რომლებსაც ცუდი წარმოდგენა აქვთ ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებზე, კრეატინს სახიფათო ინგრედიენტად განიხილავენ, რომელსაც მხოლოდ გიგანტური აღნაგობის მქონე ბოდიბილდერები იყენებენ. რეალურად კრეატინი დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის მიერ ენერგიის მოხმარებისა და გამომუშავების პროცესში. მაღალი ინტენსივობის მოკლევადიანი ვარჯიშების შესრულებისას კრეატინს  თქვენთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლია. კვლევებით დასტურდება, რომ კრეატინის გამოყენება (მათ შორის, ქალბატონებშიც) კუნთოვან მასას მნიშვნელოვნად ზრდის და კუნთების აქტიურ მუშაობას უწყობს ხელს. ერთადერთი მცირე უარყოფითი ეფექტი წონაში უმნიშვნელო მატებაა, რაც ძირითადად კუნთების ხარჯზე ხდება.

  • სარბენი ბილიკი ყველაფერია, რაც ქალს სჭირდება

სიმართლე თუ გნებავთ, ქალბატონებს არც აზიდვების შესრულება აწყენთ და სხვა ვარჯიშებიც არ იქნებოდა მათთვის ურიგო. არ აქვს მნიშვნელობა რა მიზნით ვარჯიშობთ. თუნდაც მორბენალი იყოთ, წინაღობით ვარჯიშის გარეშე მიზნის მიღწევა გაგიჭირდებათ, რადგან აზიდვებს აერობულ აქტივობებში თქვენი შესრულების ხარისხის გაზრდა შეუძლიათ. კარდიოს თავისი მნიშვნელოვანი როლი აქვს, მაგრამ ის არ არის ერთადერთი სახის ვარჯიში, რომელიც ფიტნესში გჭირდებათ. რეგულარული სირბილი ძალას ვერ შეგმატებთ და ვერც ბალანსირებული ფიგურის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. თუ გამუდმებით სარბენ ბილიკზე ჩაიციკლებით, საეჭვოა, რომ თქვენი ფიტნეს მიზნები რეალობად აქციოთ. სხვა ვარჯიშების გამორიცხვის შემთხვევაში, ზედმეტი ცხიმებისგან გათავისუფლებაც გაგიჭირდებათ. აუცილებელია, თქვენს პროგრამაში ახალი ვარჯიშები ჩართოთ. კუნთების განვითარებით ზედმეტ ცხიმებსაც მოიშორებთ და წონაშიც დაიკლებთ.

  • სიგამხდრე უმთავრესი ფიტნეს  მიღწევაა

სინამდვილეში ყველა ქალს სიგამხდრისადმი ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვს. ქალების უმრავლესობაზე ექსტრემალურ სიგამხდრეს უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია, რადგან ის ჰორმონალური დისბალანსის მიზეზი ხდება. პროფესიონალი ათლეტებიც კი მთელი წლის მანძილზე ძალიან გამხდრები არ არიან. ისინი ცერემონიების დაწყებამდე განსაკუთრებით ემზადებიან და მათი წონაც აღნიშნული პერიოდის განმავლობაში იცვლება.

თუ თქვენ გსურთ გამოკვეთილი მუცლის კუნთები გქონდეთ, შეგიძლიათ ამაზე განსაკუთრებით იზრუნოთ, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია, რის გამოც , შესაძლოა, ერთი და იმავე მიზნის მისაღწევად თქვენ და თქვენმა მეგობარმა ერთმანეთისგან განსხვავებული დრო და ენერგია დახარჯოთ. შეიძლება გამოშრობა მოახერხოთ, მაგრამ დაღლილი, გაღიზიანებული და სუსტი იყოთ. გულახდილობა ფიტნესში აუცილებელია. მის გარეშე დასახული მიზნის მიღწევა გაგიჭირდებათ.

 

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა