რა დროა საჭირო ფორმის დასაკარგად?
სავარჯიშო დარბაზთან გამომშვიდობებამდე კარგად დაფიქრდით, თუ რა დროა საჭირო იმისთვის, რომ მიღებული ფორმები დაკარგოთ. აუცილებელია, კარგად გააცნობიეროთ, რომ მოქნილობის, ძალისა და მოხდენილი ფიგურის დაკარგვას ძალიან ცოტა დრო სჭირდება. სასიამოვნო არ იქნება იმის აღმოჩენა, რომ ყველაფერი, რაც წლების მანძილზე დიდი შრომის შედეგად მოიპოვეთ, უკვე წარსულში დარჩა. ასეთი დანაკარგის შემდეგ მოტივაციის დაბრუნებაც გაგიჭირდებათ.
თავი რომ მშვიდად იგრძნოთ და ზუსტად იცოდეთ, თუ რამდენი ხნით შეგიძლიათ აღელვების გარეშე დაისვენოთ, ფიტნესის სხვა და სხვა სახეობის მიმდევართათვის შვებულების მაქსიმალურ ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ფიტნეს-ექსპერტების რჩევებს გაგაცნობთ. არ აქვს მნიშვნელობა პილატესს ანიჭებთ უპირატესობას თუ სარბენ ბილიკს, ჩვენი რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში ფორმის დაკარგვისგან თავის დაზღვევას ნამდვილად მოახერხებთ.
პილატესი: ორიდან ოთხ კვირამდე
თუ თქვენ ძალიან მონდომებული ხართ და კვირაში 3-4-ჯერ მაინც ვარჯიშობთ, შედეგების შენარჩუნება გაგიადვილდებათ. პილატესი გაწელვის, კუნთების ტონუსში მოყვანისა და ძალის მოსამატებელი ვარჯიშია. როდესაც მისი დახმარებით კუნთებს აძლიერებთ, მათი მწყობრიდან გამოყვანა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. ძლიერი კუნთოვანი მასა მეტაბოლიზმს ხანგრძლივად ააქტიურებს და თქვენ მოსვენებულ მდგომარეობაშიც ახერხებთ კალორიების წარმატებით დაწვას. თუ შვებულებას აიღებთ, თქვენი შესაშური ფორმების წყალობით, გარკვეული დროის მანძილზე, მიუხედავად პასიურობისა, ცხიმების ეფექტურად წვას მაინც შეძლებთ. იმისთვის, რომ არასასურველი ცვლილებები შეამჩნიოთ, სულ ცოტა, 2 კვირა მაინც უნდა გავიდეს, ცხადია, თუ ზედმეტად ბევრს არ მიირთმევთ. წელის მიდამოებში სერიოზულ ცვლილებებს კი ერთი თვის შემდეგ დაინახავთ. როდესაც პილატესს თავს ანებებთ, უკვე 5 დღის შემდეგ შესამჩნევი ხდება გარკვეული ფიზიკური სიმპტომები, რომლებიც ვარჯიშის დანაკლისზე მიგანიშნებენ. შესაძლოა თქვენ მყესების, ზურგისა და მხრის მიდამოებში უსიამოვნო შეგრძნებებმა შეგაწუხონ და მიხვდეთ, რომ თქვენს სხეულს პილატესი სჭირდება.
მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიში: 5 დღე
მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშის შემთხვევაში შედეგები განსხვავებულია და ინდივიდუალურ მონაცემებზეა დამოკიდებული. თქვენს ათლეტურ მონაცემებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ხშირ შემთხვევაში ცვლილების შესამჩნევად 5 დღეც კი საკმარისია, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, თუ როგორ იკვებებით. თუ თქვენს ყოველდღიურ რეჟიმს ბალანსირებული დიეტით არ ამყარებთ, აღმოაჩენთ, რომ მიღებულ შედეგებს გაცილებით სწრაფად და მარტივად კარგავთ. თუ ჯანსაღად და სწორად იკვებებით, უმოძრაობას თქვენი ორგანიზმი გაცილებით მედგრად დახვდება და ფიზიკური ცვლილებების შემჩნევა ხანგრძლივი დროის მანძილზე გაგიჭირდებათ. თუ სწორი კვების რეჟიმს თუნდაც 1 კვირით უღალატებთ, ეცადეთ უკან რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეთ. თავდაპირველად რეჟიმში ჩადგომა ძალიან გაგიჭირდებათ, მაგრამ რაც უფრო მალე შემობრუნდებით, ჯანსაღი კვების პრინციპების ერთგულება მით უფრო გაგიადვილდებათ.
ერთი რამ, რაც ყველასთვის საერთოა, არის ფიტნესში თანმიმდევრულობის უდიდესი მნიშვნელობა. იმისთვის, რომ შედეგი გქონდეთ, ფიტნესი თქვენი ცხოვრების ნაწილად უნდა აქციოთ. მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას კუნთოვანი მასის ეფექტური ზრდა წარმოადგენს. გარდა ამისა, ის კუნთის მეხსიერებასაც აყალიბებს, რაც იმას გულისხმობს, რომ თქვენ კალორიების წვას ვარჯიშის დასრულების შემდეგაც წარმატებით განაგრძობთ. სწორედ ამიტომ, თუ ჯანსაღად იკვებებით, მაგრამ ვარჯიშზე მცირე ხნით უარს იტყვით, თქვენს ორგანიზმში მეტაბოლური პროცესები არ განელდება, რაც მოხდენილი ფორმების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. აუცილებლად უსმინეთ საკუთარ სხეულს, ის თავად მიგანიშნებთ, თუ როდის სჭირდება დასვენება და როდის დგება დარბაზში დაბრუნების დრო.
სირბილი: ორიდან სამ კვირამდე
ფიზიკური დატვირთვა თქვენს ორგანიზმს საკმაოდ მაღალ მოთხოვნებს უყენებს. თუ მასზე უარს იტყვით, მისგან მიღებულ სარგებელთანაც მოგიწევთ გამოთხოვება. ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად დარბიან (კვირაში 4 ან 6 დღე), ვურჩევდით შესვენებისთვის 2-3 დღე გამოეყოთ, ხოლო აღდგენისთვის - მაქსიმუმ ერთი კვირა. მორბენლებს სათანადო დასვენება ესაჭიროებათ, რადგან ვარჯიშის დროს კუნთები ზიანდება და მათ აღდგენას დრო სჭირდება. თითოეულ ინდივიდს დასვენებისთვის განსაზღვრული დრო ესაჭიროება. დიდი მნიშვნელობა აქვს დატვირთვის ხარისხს, ვარჯიშის ტიპს, ადამიანის სიმაღლეს, ასაკს, წონასა და სქესს. რაც უფრო მასიური და ძლიერია კუნთოვანი მასა, მით უფრო მყარია მიღწეული შედეგიც. ადამიანი, რომელსაც მუსკულატურა ძალიან განვითარებული აქვს და ფიტნეს სამყაროში გამოცდილებაც არ აკლია, ფორმებს ხანგრძლივი დროის მანძილზე ინარჩუნებს. თუ ფიტნესში ახალი ხართ და სხეულის უზადო ფორმებითაც არ გამოირჩევით, ხანმოკლე შვებულებაც ადვილად დაგაზიანებთ.
არ აქვს მნიშვნელობა რეგულარულად ვარჯიშობთ, თუ კვირაში მხოლოდ ერთხელ, კარგად გძინავთ, თუ ცუდად, ჯანსაღად იკვებებით, თუ დიეტას არ იცავთ, სირბილისთვის თავის დანებება 2-3 კვირაზე მეტხანს არაფერს გარგებთ. ცხადია, თუ ტრავმა გაქვთ, ან ჯანმრთელობის მდგომარეობა ფიზიკურ დატვირთვაში ხელს გიშლით, ძალების სრულ აღდგენამდე უნდა დაისვენოთ, სხვა შემთხვევაში კი მეტი სიფრთხილე გმართებთ.
იოგა: ერთიდან ორ კვირამდე
როგორც წესი, ერთი ან ორი კვირით შესვენება იოგას მიმდევრებს განსაკუთრებულ ზიანს არ აყენებს. ისინი ძალის, მოქნილობისა და ელასტიურობის შენარჩუნებას ხანგრძლივი დროის მანძილზე ახერხებენ, თუმცა არსებობს უამრავი ფაქტორი, რომელთა გავლენით ადამიანები ფორმას იმაზე სწრაფად კარგავენ, ვიდრე მოსალოდნელია. ამ მხრივ თქვენს გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუ დამწყები ხართ, მოქნილობა, ელასტიურობა და ძალა ჯერ სათანადოდ განვითარებული ვერ გექნებათ. თუ გამოცდილება არ გაკლიათ, შესრულების ხარისხი ხანგრძლივი დროის მანძილზე არ დაგიქვეითდებათ. დიდი მნიშვნელობა აქვს შვებულების მიზეზსაც. თუ თქვენ ავადმყოფობთ, ან სხეულის დაზიანება მიიღეთ, შედეგი გაცილებით სავალალო იქნება, ვიდრე მაშინ, როდესაც სხვა სპორტზე გადაერთვებით, მაგ. ცურვით ან თხილამურებზე სრიალით დაკავდებით. ცხადია, მეორე შემთხვევაში კუნთებს გაცილებით მეტად განივითარებთ, ვიდრე მწოლიარე მდგომარეობაში. განმსაზღვრელ როლს ასრულებს თქვენი კვების რეჟიმი და ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. თუ არაჯანსაღაც იკვებებით და ალკოჰოლსაც მიირთმევთ, ფორმას გაცილებით სწრაფად დაკარგავთ. თუ ხშირად სეირნობთ, მედიტირებთ, მზეს ეფიცხებით და სტრესს თავს არიდებთ, მიღებული შედეგების შენარჩუნება ხანგრძლივი დროის მანძილზე არ გაგიჭირდებათ.
ძალოვანი ვარჯიში - 2 კვირა
სპორტდარბაზის მოყვარულებისთვის რამდენიმე დღით შესვენებაც კი შიშის მომგვრელია. ისინი თვლიან, რომ მიღებულ შედეგებს ძალიან სწრაფად დაკარგავენ. ძალოვანი ვარჯიშის შემთხვევაში, ცხადია, თქვენი გამოცდილებისა და გენეტიკის გათვალისწინებით, საშუალოდ 2 კვირა მაინც გჭირდებათ, რათა ძალისა და ამტანობის დაქვეითება იგრძნოთ. შესამჩნევი გახდება მოქნილობის, ენერგიულობისა და მოტივაციის დანაკარგიც. გახსოვდეთ, ფორმაში ყოფნას საკმაოდ დიდი შრომა და მონდომება სჭირდება. თუ თავს ხანგრძლივი შვებულების აღების უფლებას მისცემთ, ფორმაში ჩადგომა ძალიან გაგიჭირდებათ. ამიტომ ვარჯიში თქვენი ყოველდღიური რუტინის ნაწილად უნდა აქციოთ და სიზარმაცეს მთელი მონდომებით შეებრძოლოთ. სხვაგვარად ფორმის შენარჩუნება ძალიან რთულია.
წარმატებებს გისურვებთ!