Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ანტიცელულიტური მასაჟი

ცელულიტი კანის სერიოზულ კოსმეტიკურ დეფექტს წარმოადგენს. ლიპოდისტროფიის ფონზე კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედები ზომაში მატულობს და კანის ჟანგბადით მომარაგება ფერხდება. უჯრედებს შორის ნივთიერებათა ცვლის ბალანსი ირღვევა, რაც ცხიმის დაგროვებას იწვევს. კანი ძირითადად ბარძაყების, დუნდულების, მუცლის და სხვა პრობლემურ ზონებში ზიანდება. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად აქტიურად მიმართავენ ანტიცელულიტურ მასაჟს.  ჩვენს სტატიაში მის ნაირსახეობებზე, შესრულების ტექნიკასა და ეფექტურობაზე გესაუბრებით.

ანტიცელულიტური მასაჟის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ანტიცელულიტური მასაჟის უმთავრეს ამოცანას პრობლემურ ზონებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება წარმოადგენს. როდესაც სისხლის ცირკულაცია ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება, უჯრედებში მეტაბოლიზმის პროცესი უმჯობესდება. ცელულიტით დაფარული კანი ნელ-ნელა სუფთავდება, ლიმფა კი უფრო სწრაფად გადაადგილდება.

მასაჟის შედეგად ცხიმოვანი ქსოვილის ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება, რადგან ჭარბი ცხიმის გამოდევნა ხდება. აპარატით თუ ხელით შესრულებულ კოსმეტიკურ პროცედურებს სხეულის ყველა კუნთი ტონუსში მოჰყავს. უმჯობესდება იმუნური სისტემაც. ფორების გასუფთავების გამო კი კანი გაცილებით უკეთ სუნთქავს. სხვა დადებით ეფექტებთან ერთად ანტიცელულიტურ მასაჟს საოფლე ჯირკვლების ფუნქციონირების გაუმჯობესების უნარიც შესწევს. წარმატებულად ითვლება მასაჟი, რომელსაც აშკარად შესამჩნევი ვიზუალური ეფექტი აქვს და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზეც დადებითად აისახება.

ნებისმიერ კოსმეტიკურ პროცედურას თავისი უკუჩვენებებიც აქვს. ანტიცელულიტური მასაჟი უკუნაჩვენებია გაციების, ვირუსების ან მაღალი ტემპერატურის არსებობის შემთხვევაში. მსგავს პროცედურებს არ უნდა მიმართოთ, თუ გულის დაავადებები გაწუხებთ. სანამ მასაჟის გაკეთებას გადაწყვეტდეთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. სიფრთხილე მართებთ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც კანის ან სიმსივნური დაავადებები აწუხებთ. დაუშვებელია მასაჟის გაკეთება, თუ კანი დაზიანებული გაქვთ. მაგ. გაკაწრული, დალურჯებული და ა.შ. ანტიცელულიტური მასაჟი არ ტარდება ლაქტაციისა და ორსულობის პერიოდშიც. მასაჟისტის მომსახურებით ვერ ისარგებლებთ, თუ მასაჟის დროს გამოყენებული კრემების მიმართ ალერგიული ხართ ან ვარიკოზი გაწუხებთ.

ანტიცელულიტური მასაჟის სახეები

მუცლის, ბარძაყებისა და დუნდულების მასაჟის შესრულება დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ და სპეციალისტის დახმარებითაც. თუ მასაჟის გაკეთებას თავად გადაწყვეტთ, შესაბამისი კოსმეტიკური აღჭურვილობის მომარაგებაც დაგჭირდებათ. ფორთოხლის კანთან გამოსამშვიდობებლად შეგიძლიათ მიმართოთ მასაჟისტს, რომელიც პროცედურის დროს სპეციალურ აპარატურას არ იყენებს და თქვენს პრობლემას შიშველი ხელებით ებრძვის. ასეთ დროს მასაჟისტის ერთადერთ დამხმარე საშუალებას სპეციალური კრემი წარმოადგენს, რომელიც მასაჟის ეფექტს აძლიერებს. კლიენტების ნაწილი აღნიშნავს, რომ მსგავსი პროცედურები საკმაოდ მტკივნეულია. ნამდვილ პროფესიონალს ძალის გაკონტროლება და სწორად გადანაწილება შეუძლია. რამდენიმე პროცედურის შემდეგ კი ცვლილებები შესამჩნევი ხდება. თუ სპეციალისტთან მისვლას ვერ ახერხებთ, მასაჟის გაკეთება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. ამისთვის საჭიროა ინტენსიურად დაიმუშაოთ პრობლემური ზონები სპეციალური ხელთათმანის ან აბაზანის ღრუბლის გამოყენებით. მასაჟის დროს ეფექტის გასაძლიერებლად გამოიყენეთ ანტიცელულიტური კრემები, თაფლი, აფთიაქში შეძენილი ან სახლში დამზადებული სკრაბები. არსებობს მასაჟის კლასიკური და ლიმფოდრენაჟის ტექნიკები. სეანსი ხელის გადასმის, დაზელვის, აჩქარების, წრიული მოძრაობების და სხვა პროცედურებისგან შედგება.

მასაჟი სპეციალური აპარატურის გამოყენებით

თანამედროვე ესთეტიკის ცენტრები და სალონები ანტიცელულიტური მასაჟის დროს აქტიურად იყენებენ სხვა და სხვა აპარატურას. ყველაზე პოპულარული მასაჟის ტიპებია:

ვიბრომასაჟი - სპეციალური ვიბრაციული აპარატის საშუალებით კანის დაზიანებულ ნაწილს გარკვეული სიხშირის და ამპლიტუდის რხევითი მოძრაობები მიეწოდება, რის შედეგადაც მიკროცირკულაციის და მეტაბოლიზმის პროცესები აქტიურდება.

ვაკუუმ-მასაჟი  - აღნიშნული ტიპის მასაჟის დროს პროცედურისთვის სილიკონის ან შუშის ქილები გამოიყენება. ის საუკეთესო საშუალებაა ზედმეტ კილოგრამებთან გამოსამშვიდობებლად. თვალსაჩინო რეზულტატისთვის კი მინიმუმ 15 პროცედურა დაგჭირდებათ.

ჰიდრომასაჟი - აღნიშნული პროცედურა წყალქვეშ ტარდება და მასაჟის დროს ეფექტის მისაღებად სპეციალური მინერალები გამოიყენება. მისი დახმარებით კანის დაზიანებული ნაწილი სუფთავდება, სისხლის მიმოქცევა აქტიურდება, მაღლდება კუნთებისა და კანის ტონუსი, ცხიმების დაშლის პროცესი კი მნიშვნელოვნად პროგრესირებს.

მასაჟი სახლის პირობებში

 

სახლის პირობებში შეგიძლიათ ჩაიტაროთ ვაკუუმ მასაჟი სილიკონის ქილების გამოყენებით. ვიდრე პროცედურას დაიწყებდეთ, კარგად უნდა მოემზადოთ. პრობლემურ ზონებზე სილიკონის ქილები დაიდგით. მათ ქვემოთ ჰაერი არ უნდა დარჩეს და თქვენ ვაკუუმის ეფექტი უნდა შექმნათ. შუშის ქილები ნაკლებად გამოგადგებათ, რადგან ისინი მოძველებულად ითვლება. თანამედროვე სამყაროში უამრავი საშუალება არსებობს, რომლებიც მასაჟის პროცედურის ჩატარებაში დაგეხმარებათ. მსგავსი ტიპის მასაჟი განსაკუთრებით ეხმარება მათ, ვისაც ოსტეოქონდროზი აწუხებს. ის ხსნის ტკივილს და კუნთების ტონუსს ამაღლებს.

ქილებით შესრულებული წრიული მოძრაობები სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს და ცხიმის წვის პროცესს აჩქარებს. ქილები ასეთი ეფექტური იმ ვაკუუმის წყალობითაა, რომელიც მათ ქვემოთ შექმენით. მასაჟის დაწყებამდე პრობლემური ზონები აუცილებლად უნდა შეამზადოთ. მიიღეთ სპეციალური აბაზანა, ან ხელებით მსუბუქი მასაჟი ჩაიტარეთ. მუხლებს ქვემოთ და ბარძაყის შიდა მხარეს მასაჟი არ სრულდება. კონკრეტული ზონის დამუშავების შემდეგ კანის დასარბილებლად სპეციალური კოსმეტიკური საშუალება უნდა გამოიყენოთ. შეგიძლიათ არჩევანი ნატურალურ ზეითუნის ზეთზე შეაჩეროთ, მაგრამ უმჯობესია თუ ანტიცელულიტურ კრემს ან გელს გამოიყენებთ. თუ რამდენიმე პრობლემური ზონა გაქვთ, მასაჟი ბარძაყის არიდან უნდა დაიწყოთ. წინასწარ მოამზადეთ მშრალი და სუფთა ქილები. ყველა ქილა, რომელიც გაქვთ, პრობლემურ ზონაზე უნდა განათავსოთ. ქილიდან ზედმეტი ჰაერი აუცილებლად უნდა გამოდევნოთ. ვაკუუმის მოქმედების ხანგრძლივობა და სიმძლავრე თავად უნდა არეგულიროთ. მასაჟის ჩატარების დროს ვაკუუმით ზემოქმედება გარდამავალი ინტენსივობის უნდა იყოს.

კარგად ჩატარებული პროცედურის შემთხვევაში კაპილარები არ უნდა დაგიზიანდეთ და არც ტკივილმა უნდა შეგაწუხოთ. სასიამოვნო შეგრძნებები და კანის ზომიერი შეწითლება - ეს ის რეაქციებია, რომელიც ვაკუუმზე ორგანიზმის ნორმალურ პასუხად უნდა აღიქვათ. ვაკუუმით ზემოქმედება თითოეულ უბანზე 5-დან 10 წუთამდე უნდა გაგრძელდეს. პროცედურის დასრულების შემდეგ აუცილებლად გამოიყენეთ კანის დასარბილებელი რძე. ვაკუუმ მასაჟი დაახლოებით 30 წუთს გრძელდება. მისი დასრულების შემდეგ, პლედი გადაიფარეთ და ნახევარი საათით დაისვენეთ. მასაჟის პროცედურის გამეორება ერთი დღის შემდეგ შეგიძლიათ. სრული კურსის ჩასატარებლად 10 სეანსია საჭირო. შემდეგ კი 14 დღით უნდა შეისვენოთ. პირველი სეანსების შემდეგ მცირე დისკომფორტს იგრძნობთ  და მსუბუქი ჩალურჯებებიც გაგიჩნდებათ. ვაკუუმ მასაჟი კანის მდგომარეობას მაშინაც კი აუმჯობესებს, როდესაც ცელულიტი საკმაოდ მწვავე ფორმით ვლინდება.

მასაჟის ჩატარებამდე ექიმთან კონსულტაცია უნდა გაიაროთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ვაკუუმ მასაჟი მკაცრად ეკრძალებათ ორსულებს, სისხლის დაავადების მქონე პაციენტებს, სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს. არ შეიძლება მასაჟის ჩატარება,  თუ ჭრილობები ან კანის სხვა დაზიანებები გაქვთ, თუ გაწუხებთ გული ან მაღალი არტერიული წნევა. ვაკუუმ მასაჟი დაუშვებელია თრომბოფლებიტის და ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროსაც. ნუ ჩაიტარებთ პროცედურებს, თუ რომელიმე დაავადება გამწვავების სტადიაში გაქვთ.

წარმატებებს გისურვებთ!

 

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა