როგორ გავიუმჯობესოთ მეტაბოლიზმი 30 წლის შემდეგ
წონაში კლება 30 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. ორგანიზმში წლებთან ერთად მეტაბოლური პროცესები ნელდება. 30 წლის ასაკს მიტანებულმა ადამიანებმა ფორმის შესანარჩუნებლად აუცილებლად უნდა ისწავლონ, თუ როგორ გაიუმჯობესონ მეტაბოლიზმი. ცხოვრებისეული სირთულეები, რომლებიც მოცემულ ასაკში იჩენს თავს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებზე დიდ გავლენას ახდენს. კარიერის მოწყობა, დაოჯახება, შვილების გაჩენა და მათი აღზრდა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, სხეულზე ზრუნვისთვის კი ძალიან ცოტა დრო რჩება, რის გამოც წონაში კლება უფრო და უფრო რთული ხდება. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ 30 წლის შემდეგ კარგ ფორმაში ყოფნა შეუძლებელია. მთავარია, იცოდეთ ეს როგორ გააკეთოთ და ყველაფერს შეძლებთ. სრულყოფილი ინფორმაცია და კარგი ორგანიზების უნარი ის ორი მთავარი იარაღია, რომლებიც ნებისმიერ სირთულეს დაგაძლევინებთ და მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
როგორ გავიუმჯობესოთ მეტაბოლიზმი 30 წლის შემდეგ?
ჯანსაღი მეტაბოლიზმის ჩამოყალიბება ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთგულების გარეშე ვერ მოხერხდება. ჩვევები, რომლებსაც თქვენ 30 წლის ასაკში იძენთ, მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ. ყველას სურს ისეთი სხეული ჰქონდეს, რომლითაც ყოველთვის იამაყებს, მაგრამ რა უნდა მოიმოქმედოთ იმისთვის, რომ თქვენი ოცნება რეალობად იქცეს? ჯანსაღი მეტაბოლიზმის შესანარჩუნებლად აუცილებელია მთელი დღის მანძილზე მაქსიმალურად აქტიური იყოთ, რათა რაც შეიძლება მეტი კალორია დაწვათ. ჩვევები, რომლებიც გაზარმაცებენ და მეტად პასიურს გხდიან, საბოლოოდ უნდა დაივიწყოთ. უნდა მიირთვათ ისეთი საკვები, რომელიც ძალითა და ენერგიით გავსებთ.
გთავაზობთ სპეციალურ ხრიკებს, რომლებიც 30 წელს გადაცილებულ, დაკავებულ ადამიანებს მეტაბოლიზმის გააქტიურებაში დაგეხმარებათ, როგორც სახლში, ასევე სამსახურშიც.
დალიეთ მეტი წყალი
დეჰიდრატაცია თავს უენერგიოდ გაგრძნობინებთ. წყურვილს შესაძლოა ზედმეტი საკვების მიღებითაც უპასუხოთ. სწორედ ამიტომ, დეჰიდრატაციას დაუნდობლად უნდა ებრძოლოთ. თქვენს მაცივარში ყოველდღიურად 3 ბოთლი წყალი მაინც უნდა გქონდეთ. ეცადეთ, დღის განმავლობაში სამივე დაცალოთ. ეს ენერგიასაც შეგმატებთ და ზედმეტი კალორიების მიღებისგანაც დაგაზღვევთ.
ყურადღება მიაქციეთ თქვენი სხეულის პოზებს
შესაძლოა დაუჯერებლადაც ჟღერდეს, მაგრამ თქვენი დგომისა და ჯდომის მანერას თქვენს ენერგეტიკასა და თავდაჯერებაზე უდიდესი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. შეასრულეთ სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც სხეულის სწორ პოზაში დაჭერას მიგაჩვევთ. დღის განმავლობაში ხანმოკლე, 5 წუთიანი რუტინაც დაგეხმარებათ, რათა თავი ენერგიულად და თავდაჯერებულად იგრძნოთ.
კოფეინთან სიფრთხილე გმართებთ
კოფეინის ზომიერი რაოდენობით მიღება საშიში არ არის, რადგან ის ენერგიით გავსებთ და განწყობასაც გიმაღლებთ, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ. კოფეინის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა ორგანიზმის დეჰიდრატაციას შეუწყოს ხელი. გარდა ამისა მისი ჭარბი დოზებით მიღება უენერგიობის მიზეზადაც შეიძლება იქცეს. კოფეინს განსაკუთრებით ღამით უნდა ერიდოთ, რადგან მას უძილობის გამოწვევა შეუძლია. დღის განმავლობაში კოფეინის შემცველი პროდუქტები მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ უნდა მიიღოთ. საღამოს ერიდეთ შოკოლადის, ყავის ან სხვა კოფეინიანი პროდუქტის მირთმევას.
საუზმეზე გადაძღომას ერიდეთ
იყო დრო, როდესაც საუზმეს ჯადოსნურ თვისებებს მიაწერდნენ და მიაჩნდათ, რომ მისი მირთმევით ადამიანები მეტაბოლიზმს მნიშვნელოვნად იუმჯობესებდნენ. აღნიშნული შეხედულება დროსთან ერთად სრულად გადაფასდა. დღეს ითვლება, რომ საუზმეს არ შეუძლია განსაკუთრებული გავლენა იქონიოს დღის განმავლობაში დამწვარი კალორიების რაოდენობაზე. ასე რომ საუზმეზე დიდი ულუფის მირთმევას არ გირჩევთ. დილით ზედმეტი საკვების მიღება ინერტულს და უმოძრაოს გაგხდით, რაც მთელ დღეს დაგაკარგინებთ. საუზმის ულუფები მკაცრად უნდა აკონტროლოთ. აუცილებლად მიიღეთ უჯრედისითა და ცილებით მდიდარი საკვები, ნურც ჯანსაღ ნახშირწყლებზე იტყვით უარს.
დათვალეთ თქვენი ნაბიჯები
დღის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების დასათვლელად სპეციალური აპლიკაციების გამოყენებას გირჩევთ. გახსოვდეთ, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც დგამთ, კალორიების დაწვაში გეხმარებათ. რეგულარულად შეამოწმეთ რამდენს მოძრაობთ. ეცადეთ, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი მანძილი დაფაროთ ფეხით. დასაწყისისთვის დღეში 7000 ნაბიჯის გადადგმაც საკმარისია, ნელ-ნელა 10000 ნაბიჯამდე უნდა ახვიდეთ და დროთა განმავლობაში უკეთეს შედეგებსაც აჩვენებთ.
გაიუმჯობესეთ მეტაბოლიზმი სამსახურში
მეტაბოლიზმის გაუმჯობესება ოფისში მუშაობის პირობებშიც შეგიძლიათ. ეცადეთ, ნაგვის ურნა, რომელსაც უსარგებლო ნივთების ჩასაყრელად იყენებთ, თქვენგან შორს დადგათ, რათა მასთან მისასვლელად გარკვეული მანძილის გავლა მოგიხდეთ. ეცადეთ, თანამშრომლებთან საქმიანი საუბრები ეზოში მოაწყოთ. ასე საქმესაც მიხედავთ და გასეირნებასაც შეძლებთ. შეგიძლიათ შესვენებაც სეირნობისთვის გამოიყენოთ.
დილა გაწელვის ვარჯიშებით დაიწყეთ
საკუთარ თავს დილით დრო აუცილებლად უნდა დაუთმოთ. 10-15 წუთიანი გაწელვის ვარჯიშები გამოგაფხიზლებთ და ორგანიზმს გაგიჯანსაღებთ. საწოლიდან რომ ადგებით, მაქსიმალურად ეცადეთ ბევრი იმოძრაოთ. დილის ვარჯიშით დაწყება დღის განმავლობაში ამაღლებული განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ და ნებისმიერ გამოწვევასთან გამკლავებას ადვილად შეძლებთ, რადგან თავს ენერგიულად იგრძნობთ.
სავარჯიშო რუტინა სწორად დაგეგმეთ
ვარჯიში მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ ზედმეტი დატვირთვა სასარგებლო ნამდვილად არ არის. კვირის განმავლობაში რამდენიმე დღე დასვენებას და ენერგიის აღდგენას უნდა მოხმარდეს. რთულ და დამღლელ ვარჯიშებთან ერთად ნაკლები ინტენსივობის, მსუბუქ ვარჯიშებზეც არ უნდა თქვათ უარი. ასე ნაკლებად გადაიღლებით და ენერგია არ მოგაკლდებათ.
იზრუნეთ კუნთოვანი მასის ჩამოყალიბებაზე
წონაში დაკლება თუ გსურთ, პირველ რიგში, კუნთოვანი მასის ჩამოყალიბებაზე უნდა იზრუნოთ. კუნთოვანი მასა არამხოლოდ ზედმეტი კალორიების დაწვაში გეხმარებათ, ის თქვენს სხეულს მეტ სილამაზესა და მოხდენილობას ანიჭებს. ეცადეთ კვირის განმავლობაში 2-3 დღე ძალოვან ვარჯიშებს დაუთმოთ. მათი მეშვეობით მუსკულატურასაც განივითარებთ და ძალაც მოგემატებათ.
დაგეგმეთ ხანმოკლე ვარჯიშები
30 წელს გადაცილებულ ადამიანებს დარბაზში სიარულისთვის ხშირად დრო სულაც არ რჩებათ. თუ თქვენც ამ პრობლემის წინაშე დგახართ, სპეციალურად თქვენზე მორგებული სავარჯიშო გეგმა უნდა შეიმუშაოთ და ხანმოკლე ვარჯიშები დაგეგმოთ, რომელთა შესრულება ნებისმიერ ადგილზე იქნება შესაძლებელი. მანქანაში ყოველთვის თან იქონიეთ მცირედი ფიტნეს-აღჭურვილობა. სახლში ყოფნისას ონლაინ ფიტნეს პროგრამებით შეგიძლიათ სარგებლობა. თუ დარბაზში წასვლას ვერ ახერხებთ, სავარჯიშოდ თქვენს სახლთან ახლომდებარე პარკი ან სკვერი გამოიყენეთ.
ითხოვეთ დახმარება
30 წელს გადაცილებული ქალბატონების უმრავლესობა საკუთარ დროს მთლიანად ოჯახსა და კარიერას უთმობს. თუმცა ეს ის ასაკია, როდესაც ჯანმრთელობაზე ზრუნვა აუცილებელი ხდება და ჯანსაღი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება გჭირდებათ. თუ ყველაფერს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, ნუ შეგეშინდებათ. შეგიძლიათ, ბავშვი მეუღლეს დაუტოვოთ, თქვენ კი ერთი საათით ველოსიპედით გაისეირნეთ. ეცადეთ, ოჯახის წევრებთან ერთად ხშირად იაროთ პიკნიკზე და მძიმე, კალორიული სადილების მირთმევის ნაცვლად მსუბუქი, ჯანსაღი კერძებით იკვებოთ. სხვებისგან დახმარების მიღება არამხოლოდ მეტაბოლიზმის გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ, არამედ მორალურადაც გაგაძლიერებთ, რაც თქვენს თვითშეფასებასა და განწყობაზე დადებითად აისახება.