Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



როგორ შევინარჩუნოთ ფორმა ზაფხულში?

ადამიანების უმეტესობას ზაფხული ძალიან გვიყვარს. წელიწადის ამ დროს ყველა ჩვენგანს შეგვიძლია ბუნებაში ვივარჯიშოთ, შვებულებით დავტკბეთ და ცივი კოქტეილებით ვისიამოვნოთ. ყველაფერი ნამდვილად ზღაპრულად იქნებოდა, ზაფხულში ჯანსაღი კვების რეჟიმის დაცვა  მეტისმეტად რომ არ გვირთულდებოდეს. შესაბამისად ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ადამიანები აქტიურად ვცდილობთ ფორმაში ჩავდგეთ და თავს  კვებისა და დასვენების საკითხში მეტისმეტი სითამამის უფლება არ მივცეთ.

კვების ექსპერტები გვირჩევენ, რომ ზედმეტ სტრესს მაქსიმალურად ვერიდოთ და ნურც ჩვენს საყვარელ კერძებსა თუ სასმელებზე ვიტყვით უარს. მთავარია, ფორმის შესანარჩუნებლად ჩვენთვის ყველაზე მარტივი და სასიამოვნო გზა გამოვნახოთ. ასე არც ჩვენთვის სასიამოვნო აქტივობებზე მოგვიწევს უარის თქმა და ფორმის შენარჩუნებასაც შევძლებთ.

მეტი ავოკადო ჩვენს რაციონში

ავოკადო ჯანსაღი ცხიმების ნამდვილი საბადოა, რის გამოც ის დანაყრების შეგრძნებას გვიხანგრძლივებს. ავოკადო მეტაბოლური სინდრომის თავიდან არიდებაშიც გვეხმარება. საზაფხულო კოქტეილები უფრო ნოყიერი და გემრიელი რომ გამოგვივიდეს, მათი მომზადებისას ავოკადოს გამოყენება არ უნდა დაგვავიწყდეს. ყოველდღიურად ნახევარი ავოკადო რომ მივირთვათ, გადაძღომისგან თავის დაცვას ადვილად მოვახერხებთ.

ერთად სავარჯიშო დარბაზებისკენ!

ზაფხულში ყველას გვიყვარს მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება. მარტო ვარჯიში, შესაძლოა, ძალიან მოსაწყენად მოგვეჩვენოს. მოწყენილობის თავიდან ასაცილებლად  დარბაზში მეგობრებთან ერთად სიარული გამოგვადგება. შეგვიძლია ვარჯიშით ბუნებაშიც დავკავდეთ, თან ვიქონიოთ ჩვენთვის საყვარელი კოქტეილები ან ხემსი. მეგობრებთან ერთად ვარჯიში სასიამოვნოც არის და სასარგებლოც. როგორც წესი, მეგობრები ერთმანეთს ეჯიბრებიან კიდეც, ერთად ისახავენ მიზნებს და მათ მიღწევასაც ერთად ცდილობენ. როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი მეგობარი ჩვენზე სწრაფად დარბის და ჩვენზე დიდი მიღწევები აქვს, ვცდილობთ მისნაირი შედეგი ვაჩვენოთ. სწორედ ამიტომ, მეგობართან ერთად ვარჯიში ჩვენს პროდუქტიულობას ერთიორად ზრდის.

მივმართოთ დეტოქსის ჯანსაღ გზებს

სიტყვა „დეტოქსს“ უარყოფითი კონოტაცია აქვს, თუმცა კალორიების გაკონტროლებაში ცუდი არაფერია. როდესაც ხანგრძლივი დროის მანძილზე უკონტროლო კვებაზე ვიმყოფებით, ორგანიზმის გაწმენდა აუცილებელი ხდება. ჩვენი მომნელებელი სისტემა მეტ ზრუნვასა და ყურადღებას იმსახურებს. სწორედ ამიტომ, სასურველია საჭიროების შემთხვევაში დეტოქსს მივმართოთ. უპირატესობა ჯანსაღ სალათებს, წვნიანებსა და კოქტეილებს უნდა მივანიჭოთ.

თითოეული ნაბიჯი მნიშვნელოვანია

უნდა ვცადოთ და დღის განმავლობაში 15000 ნაბიჯი მაინც გადავდგათ, ნაცვლად საყოველთაოდ აღიარებული 10000 ნაბიჯისა. ცნობილია, რომ ადამიანები, რომლებიც დღის განმავლობაში 15000 ნაბიჯს მაინც დგამენ გაცილებით სწრაფი მეტაბოლიზმით და წელის უკეთესი გარშემოწერილობით გამოირჩევიან, ვიდრე ისინი, ვინც მჯდომარე ცხოვრების წესს ანიჭებენ უპირატესობას.

ბოჭკოთი მდიდარი რაციონი

ჩვენი რაციონის ბოჭკოთი გამდიდრება წონაში კლების პროცესს მნიშვნელოვნად გვიადვილებს. ადამიანები, რომლებიც დღის განმავლობაში 30 გრამზე მეტ უჯრედისს იღებენ, გაცილებით სწრაფად იკლებენ წონაში და იუმჯობესებენ მეტაბოლიზმს, ვიდრე ისინი, ვინც მკაცრ დიეტებს მიმართავენ და რაციონიდან შაქარს, ცხიმსა და ალკოჰოლს სრულად გამორიცხავენ. აუცილებლად უნდა გავიმდიდროთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით, არც პარკოსნებსა და მარცვლეულზე უარის თქმა გვარგებს.

ისევ და ისევ ჰიდრატაცია

ჰიდრატაციის მნიშვნელობაზე უკვე დიდი ხანია ყველაფერი ვიცით. ჰიდრატაციის მაღალი ხარისხი განსაკუთრებით თბილ ამინდში გვეხმარება. ცხელ ზაფხულში დეჰიდრატაციამ შესაძლოა სითხის შეკავება გამოიწვიოს, რაც მეტეორიზმის განვითარებას უწყობს ხელს. აუცილებელია ბალანსის დაცვა. საჭირო რაოდენობის სითხის მიღების შემთხვევაში ამაღლებული განწყობის შენარჩუნება არ გაგვიჭირდება.

ჯანსაღი კერძები ინსტაგრამზე  გავაზიაროთ

ჩვენი ჯანსაღი საკვების ინსტაგრამზე გაზიარება არ უნდა მოგვერიდოს. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ რაციონს სხვებს უზიარებენ, გაცილებით მეტ სიამოვნებას იღებენ კვების პროცესისგან. ლამაზი ფოტოები კერძებს უფრო მიმზიდველს და არომატულსაც კი ხდის. გარდა ამისა, ჩვენი მომზადებული კერძის გაზიარებისას, ჩვენ სხვების მოსაზრებებსა და რჩევებსაც ვეცნობით, რამაც შესაძლოა ახალ აღმოჩენებამდე მიგვიყვანოს. სიახლეებისადმი გახსნილობა კი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ძალიან გამოგვადგება.

დავჯერდეთ მცირე ულუფებს

ყველამ ვიცით, თუ რა რთულია გაუძლო ცდუნებას, როდესაც ლატეს ან გემრიელი ნაყინის დაგემოვნება გინდა. ექსპერტები გვირჩევენ, რომ ჩვენს სურვილებს ზედმეტად არ უნდა შევეწინააღმდეგოთ და მივირთვათ ის, რაც ძალიან გვინდა, თუმცა ულუფების მოცულობას დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. ამგვარად, საყვარელ საკვებზე უარის თქმა არ მოგვიხდება, მაგრამ არც ზედმეტ კალორიებს მივიღებთ.

ვივარჯიშოთ  რაციონალურად

ცნობილია, რომ რაციონალურად კვება გადაძღომისგან გვაზღვევს. როდესაც საკვების სტრუქტურას, არომატსა და სურნელს ბოლომდე შევიგრძნობთ, ნელა და გააზრებით მივირთმევთ. ამგვარად კვება ზედმეტი კალორიების მიღებისგან გვიცავს, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ გააზრებულად ვარჯიშიც შესაძლებელია. რაციონალურ აქტივობას ჩვენთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ძალოვან ვარჯიშებს უნდა დავუთმოთ. ვარჯიშის დროს გამუდმებით უნდა გვქონდეს კავშირი ჩვენს სხეულთან. აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვები, უნდა გავერკვეთ, გვსიამოვნებს თუ არა ესა თუ ის მოძრაობა, ვგრძნობთ თუ არა დატვირთვას სხეულის ამა თუ იმ ზონაზე. ჩვენს ტვინსა და სხეულს შორის უწყვეტი კავშირი უნდა არსებობდეს. კვლევებით დგინდება, რომ რაციონალურ ვარჯიშს გაცილებით დიდი ეფექტი აქვს, ვიდრე გაუაზრებელ ფიზიკურ აქტივობას. ადამიანები, რომლებიც გონებით ვარჯიშობენ, ვარჯიშისგან მეტ სიამოვნებას იღებენ. ფიზიკური დატვირთვა რომ სასიამოვნო იყოს, თითოეულ მოძრაობაში მთელი არსებით უნდა გადავეშვათ. აუცილებლად უნდა გავთავისუფლდეთ არასაჭირო ფიქრებისგან. თუ დარბაზში ყოფნის დროს ვღელავთ და ვოცნებობთ ვარჯიში მალე დასრულდეს, ე.ი. გააზრებული არ გვაქვს, თუ რას და რატომ ვაკეთებთ.

ვააშკარავებთ სიზარმაცეს

თუ ვგრძნობთ, რომ ვარჯიშის განწყობა არ გვაქვს, აუცილებლად უნდა დავსვათ შემდეგი კითხვები: რატომ არ მინდა ვარჯიში? მტკივა თუ არა რამე? ავად ვარ თუ უბრალოდ ვარჯიში მეზარება? თუ აღმოვაჩენთ, რომ სიზარმაცემ შემოგვიტია, ამას არ უნდა გავექცეთ. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ და მოტივაცია დავიბრუნოთ. ჩვენი თავის გამხნევება უნდა ვისწავლოთ, მაშინც კი, როდესაც ეს წარმოუდგენლად რთული გვეჩვენება.

კარდიო ბუნებაში

ბევრ ადამიანს დღესასწაულის განცდა ეუფლება, როდესაც იგებს, რომ ზაფხულის განმავლობაში კარდიოს შესასრულებლად დარბაზში წასვლა აუცილებელი სულაც არ არის. თუ დარბაზში ვარჯიში არ გვსურს, ბუნება ჩვენს განკარგულებაშია. ზაფხულის თბილი ამინდი ამის შესაძლებლობას ნამდვილად გვაძლევს. შეგვიძლია ვისეირნოთ, რამდენიც გვსურს, ვიაროთ ველოსიპედით ან ვირბინოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის კარდიოთი დავკავდებით. სარბენ ბილიკზე 30 წუთიანი კარდიოს შესრულება სულაც არ გვჭირდება, რადგან დატვირთვის ალტერნატიული გზების გამონახვა ზაფხულში ნამდვილად არ გაგვიჭირდება.

გამოვიყენოთ შვებულება ჩვენს სასარგებლოდ

შვებულების გატარებისას უნდა ვეცადოთ და დროის მაქსიმალურად დიდი ნაწილი ვერტიკალურ მდგომარეობაში გავატაროთ. ვისეირნოთ, ვირბინოთ, ველოსიპედით ვიაროთ. აუცილებელი სულაც არ არის ნამდვილი სპორტსმენებივით ვიცხოვროთ, მთავარია აქტიურები ვიყოთ და ზედმეტად არ გავზარმაცდეთ.

წარმატებებს გისურვებთ!

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა