Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



როგორ ვიკვებოთ ზაფხულში - 8 სასარგებლო რჩევა

ზაფხული სავსეა თავგადასავლებით, თბილი დღეებითა და უგემრიელესი კერძების დაგემოვნების შესაძლებლობებით. თუ გრძნობთ, რომ ჯანსაღი კვების პრინციპებს უკვე საგრძნობლად გადაუხვიეთ და საკუთარი მადის გაკონტროლება გიჭირთ, ყურადღებით გაეცანით ჩვენს სტატიას. გთავაზობთ ცნობილი დიეტოლოგის ლაურა თილტის ძალიან საინტერესო რჩევებს, რომელთა დახმარებით ზაფხულში არც გემრიელ საკვებზე მოგიწევთ უარის თქმა და არც ჯანსაღი კვების პრინციპებს უღალატებთ.

მიირთვით დიდი რაოდენობით  ხილი და ბოსტნეული

ზაფხულში ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზმის ჰიდრატაციის ხარისხია. ბევრ თქვენგანს დიდი რაოდენობით წყლის მიღება სიამოვნებას სულაც არ ანიჭებს. თუ ეს ასეა, თქვენთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს. ახალი ხილი და ბოსტნეული, რომელსაც მიირთმევთ, თქვენი ორგანიზმის ჰიდრატაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

ზაფხულის ხილსა და ბოსტნეულს წყლის მაღალი შემცველობა აქვს. სწორედ ამიტომ, ჰიდრატაციის მაღალი ხარისხის მისაღწევად დიდი რაოდენობით ცოცხალი ხილი და ბოსტნეული უნდა მიირთვათ. გარდა ამისა ყვითელი და წითელი შეფერილობის ხილი მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელიც თქვენს კანს მზის მწველი სხივებისგან დაიცავს. ასე რომ, აღნიშნული ტიპის პროდუქტზე უარი არავითარ შემთხვევაში არ თქვათ. რაც შეეხება ბოსტნეულს, უპირატესობა მიანიჭეთ ღია ან მუქი შეფერილობის ფოთლოვან პროდუქტს, როგორებიცაა მაგ. წყლის წიწმატი ან ფხალი, რომლებიც ანტიოქსიდანტებით ძალიან მდიდარია.

მიირთვით სახლში მომზადებული ხილის ნაყინი

ნაყინი ყველასთვის საყვარელი ნუგბარია, რის გამოც მასზე უარის თქმა ძალიან ძნელდება. სანამ სახლიდან ნაყინის საყიდლად გახვიდოდეთ, კარგად შეამოწმეთ თქვენი მაცივარი. თუ სახლში მოგეპოვებათ მსუბუქი ხილი, როგორებიცაა ვაშლატამა, ქლიავი ან კენკრა, ნაყინის მომზადებას დამოუკიდებლადაც შეძლებთ. ცოცხალი ხილი ბერძნულ იოგურტთან ერთად უნდა დააბლენდეროთ, მეტი სიტკბოსთვის მცირეოდენი თაფლიც შეურიეთ. შემდეგ მიღებული მასა სპეციალურ ფორმაში მოათავსეთ და გაყინეთ. თუ მომზადებული ნაყინი თქვენთვის საკმარისად ტკბილი არ აღმოჩნდა, სხვა სახის დესერტის მომზადება სცადეთ. აიღეთ ბანანი, გაჭერით შუაზე, წამოაცვით სპეციალურ ჯოხზე, ამოავლეთ გამდნარ შოკოლადსა და გახეხილ თხილში, მოათავსეთ ლანგარზე და გაყინეთ. მსგავსი ტიპის ნაყინში მაღაზიაში ნაყიდ ცივ დესერტთან შედარებით შაქრის შემცველობა გაცილებით დაბალია, გარდა ამისა ის ვიტამინებით და ჯანსაღი ცხიმებით არის გაჯერებული. გაყინული პროდუქტი, როგორც წესი, ნელა იჭმევა, რის გამოც ის დანაყრების შეგრძნებას უფრო სწრაფად გიჩენთ და ზედმეტი კალორიების მიღებისგან დაგაზღვევთ.

წახემსებისას ზომიერება გამოიჩინეთ

ზაფხული გემრიელი ხემსის მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ, რაც ჯანსაღი და სწორი კვების პრინციპების ერთგულებას მეტისმეტად ართულებს. თუმცა თუ ზომიერებას გამოიჩენთ და მოთმინება არ გიღალატებთ, შეგიძლიათ თავი უამრავი სასარგებლო და დაბალკალორიული ხემსით დაისაჩუქროთ.

ზაფხულში საუკეთესო ხემსს მწვანე სოიოს მარცვლები წარმოადგენს. მწვანე სოიოს მარცვალი მდიდარია ბოჭკოთი და პროტეინებით. მათი შეძენა ჰიპერმარკეტებსა და კაფეებშია შესაძლებელი. შეგიძლიათ თავი პოპკორნითაც გაირთოთ, რადგან ის ჩიფსებთან შედარებით დაბალკალორიული პროდუქტია, თუმცა თუ შაქრის დანამატებს შეიცავს, არც მის მიღებას გირჩევთ. ძალიან სასარგებლოა პომიდვრისა და ფეტას ნაზავი, მცირეოდენ ზეთისხილთან ერთად. შეგიძლიათ დაბლენდერებული ხილისა და იოგურტის დესერტითაც შეიქციოთ თავი.

არ მიირთვათ ნებისმიერი სახის სმუზი

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ხილის წვენებთან შედარებით სმუზი ბევრად სასარგებლო და სასურველ სასმელად მიიჩნევა, რადგან ის გაცილებით მდიდარია ბოჭკოთი, რის გამოც დანაყრების შეგრძნებას ხანგრძლივად გინარჩუნებთ. ხილის წვენი, შესაძლოა, შაქრის დანამატებსაც შეიცავდეს, რის გამოც მათი დიდი რაოდენობით მიღებას არ გირჩევთ. კალორიებისა და შაქრის რაოდენობის შესამცირებლად, ხილის წვენი შუაზე გაყავით და ჭიქა ნახევრად წყლით აავსეთ, სანახევროდ კი წვენით. სმუზი, რომელსაც სუპერმარკეტში ყიდულობთ, შესაძლებელია არ იყოს სათანადოდ ჯანსაღი. ყურადღებით გაეცანით ინგრედიენტებს, რომლისგანაც მას ამზადებენ.

მეტი სიფრთხილით შეარჩიეთ კოქტეილებიც

ზაფხულში ცივი კოქტეილის დალევას არაფერი შეედრება. მიუხედავად ამისა, მათთან სიფრთხილის გამოჩენა არ გაწყენდათ. როგორც წესი, ცივი კოქტეილები შაქრის მაღალი შემცველობით გამოირჩევიან. ეცადეთ მსგავსი ტიპის კოქტეილებს მოერიდოთ და ცივი სასმელების მისაღებად ალტერნატიული წყარო გამონახოთ. თუ კოქტეილები უსაზღვროდ გიყვართ და მათზე უარის თქმას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ სახლის პირობებში თავადვე მოამზადოთ ყინულივით ცივი და ამავე დროს სასარგებლო, ვიტამინებით გაჯერებული კოქტეილები. თუ კოქტეილებს ალკოჰოლით ამზადებთ, ეცადეთ, ზღვარს არ გადააბიჯოთ. თუ უალკოჰოლო კოქტეილის მიღება გსურთ, სათანადო გემოსა და არომატის მისაღებად, მომზადებისას შეგიძლიათ ჰიბისკუსის ყვავილი გამოიყენოთ. ჰიბისკუსის ყვავილი წინა ღამით უნდა მოხარშოთ და ცივად შეინახოთ. მეტი სიტკბოსთვის მცირედი თაფლიც შეურიეთ. ნებისმიერი კოქტეილი, რომელსაც მოამზადებთ, მისი დახმარებით ბევრად არომატული და სასიამოვნო დასალევი იქნება.

ყურადღება მიაქციეთ უხილავ  კალორიებს

სალათებითა და ბოსტნეულით სავსე თეფშის ცქერისას, ალბათ, მშვიდად ხართ და ფიქრობთ, რომ ჯანსაღი, დაბალკალორიული პროდუქტებით იკვებებით, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად სულაც არ არის. სპეციალური სოუსები და სანელებლები, რომლებსაც სალათებში იყენებენ, ხშირად ცხიმებით, შაქრითა და სხვა უსარგებლო კალორიებითაა გაჯერებული. მართალია, ზეითუნის ზეთი, რომელსაც სალათებში ასე აქტიურად ვიყენებთ, ძალიან სასარგებლოა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მაღალკალორიული პროდუქტია. სალათისთვის უკეთესი გემოს მისაცემად ლიმონი, ძმარი და მდოგვი  ერთმანეთში აურიეთ და სალათს მოასხით. სალათებს ასევე ძალიან უხდება იოგურტისა და კიტრის ნაზავი, ნიორთან და მარილთან ერთად.

უპირატესობა მიანიჭეთ ხარისხიან ხორცს

გადამუშავებული ხორცის მიღებას მაქსიმალურად ერიდეთ. თუ ხორცი ძალიან გიყვართ, ბურგერები დამოუკიდებლად მოიმზადეთ. გატარებული საქონლის ან ღორის ხორცი ახალ მწვანილთან ერთად საკმაოდ ჯანსაღი საკვებია. ფრინველის ხორცისა და თევზის მირთმევისგან კი თავს ნუ შეიკავებთ. რაც შეეხება ძეხვეულს და სოსისებს, მათ მაქსიმალურად უნდა ერიდოთ. გემრიელი ბურგერების მომზადება ბოსტნეულითაც შეგიძლიათ. გამოიყენეთ ტკბილი კარტოფილი, პარმეზანი, სიმინდი და სხვა პროდუქტები, რათა სასიამოვნო სადილი მოიმზადოთ. მეტი უჯრედისის მისაღებად მიირთვით ბულგარული, პომიდორი, ხახვი და გამომცხვარი ბადრიჯანი.

ყურადღებით დააკვირდით ულუფების მოცულობას

მეგობრები საერთო სადილზე თუ გეპატიჟებიან, კვებას სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. კვლევებით დასტურდება, რომ მადის გაკონტროლება სოციუმში გაცილებით მეტად გვიჭირს, ვიდრე მარტო ყოფნისას, რადგან სხვებთან ერთად რაციონალურად ფიქრის საშუალება ნაკლებად გვეძლევა. ვიდრე თეფშს სხვა და სხვა გემრიელობით გაივსებდეთ, კარგად დააკვირდით საკვები პროდუქტების არჩევანს და დაფიქრდით, თუ რომელ საკვებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა და რატომ. გააკეთეთ სწორი გათვლები. თეფშის ნახევარი მაინც სალათებსა და ბოსტნეულს უნდა დაუთმოთ, უპირატესობა პროტეინებით მდიდარ საკვებს მიანიჭეთ.

კვლევები ადასტურებს, რომ კვების შემდეგ ჩვენი სიმაძღრის შეგრძნებებზე გავლენას პროდუქტის კალორიულობაზე მეტად ულუფის სიდიდე ახდენს. სალათს სათანადო რაოდენობით თუ მიირთმევთ, შესაძლოა გაკვირვებული დარჩეთ, რადგან სისავსის შეგრძნება გექნებათ. საკუთარ თავთან შეთანხმებას უნდა მიაღწიოთ, რომ სტუმრად ყოფნისას  მხოლოდ ერთ სავსე თეფშს დასჯერდებით და საკვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმატებთ, თუ ნამდვილად იგრძნობთ შიმშილს.

მართალია, ცხელ ზაფხულში სადილების მზადების ხასიათზე ნაკლებად იქნებით, მაგრამ მსუბუქი და მარტივი სალათების მომზადება არ გაგიჭირდებათ. ზედმეტი კალორიების მიღებისგან თავის დასაზღვევად, უმჯობესია, თავად იმზარეულოთ.

წარმატებებს გისურვებთ!

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა