Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ვარჯიში მოგზაურობის დროს - 8 სასარგებლო რჩევა

ზაფხულს ადამიანების უმრავლესობა მოგზაურობაში ატარებს. როგორც წესი, ამ დროს აქტიური ფიტნეს რეჟიმით ცხოვრება წარმოუდგენელი ხდება და მოგზაურებს სავარჯიშო რუტინის ერთგულება უძნელდებათ. უცნობი ადგილების აღმოჩენა და საინტერესო თავგადასავლები ფიზიკურ დატვირთვაზე ფიქრის დროს ნაკლებად გიტოვებთ.

ახალ გარემოში მოხვედრისას თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, სად უნდა ეძებოთ სავარჯიშო დარბაზები და სავარაუდოდ, ვარჯიშზე არც კი ფიქრობთ. თუ იმ ადამიანებს შორის ხართ, რომლებსაც მოგზაურობაც უყვართ და კარგ ფორმაში ყოფნაც, ცნობილი ფიტნეს ინსტრუქტორების ძალიან საინტერესო რჩევებს შემოგთავაზებთ, თუ როგორ უნდა ივარჯიშოთ მოგზაურობის დროს. როგორც წესი, ცნობილ და საქმიან ადამიანებს მოგზაურობა ძალიან ხშირად უწევთ არამხოლოდ დასვენების, არამედ საქმიანი მიზნებისთვისაც. გთავაზობთ ძალიან სასარგებლო რჩევებს, რომლებიც ზაფხულში მოდუნების საშუალებას არ მოგცემთ და თავის გასამართლებლად მოგზაურობის მომიზეზებასაც ვეღარ შეძლებთ.

სირბილი ახალი აღმოჩენების გაკეთებაში დაგეხმარებათ

ახალ გარემოში ყოფნისას, ბუნებრივია, მისი უკეთ შესწავლის და კარგად დათვალიერების სურვილი გიჩნდებათ. თქვენ ეძებთ ღირსშესანიშნავ და ლამაზ ადგილებს, რომელთა ნახვაც დიდი ხანია გსურდათ. აუცილებელი სულაც არ არის მსგავს ადგილებამდე ტრანსპორტით მიხვიდეთ. მეთიუ მეიერი, ცნობილი ამერიკელი ფიტნეს ტრენერი გირჩევთ: „სამოგზაუროდ წასვლამდე აუცილებლად ჩაალაგეთ ყველა ატრიბუტი, რომელიც სირბილისთვის გჭირდებათ. თან იქონიეთ საკრედიტო ბარათი და გზას გაუდექით. ჩემთვის ახალი ადგილების აღმოჩენის ერთ-ერთ საუკეთესო გზას სირბილი წარმოადგენს. სირბილის დროს გზად უამრავ ღირსშესანიშნაობას გადააწყდებით. შეგიძლიათ კაფეშიც შეირბინოთ და ნაყინი მიირთვათ, ბოლოს და ბოლოს თქვენ შვებულების გასატარებლად ხართ ჩასული იქ, სადაც იმყოფებით.“

გაამარტივეთ თქვენი სავარჯიშო რუტინა

სავარჯიშო რუტინის სირთულე და მრავალფეროვნება მოგზაურობის დროს მხოლოდ ხელს შეგიშლით. თქვენ ვერც სასიამოვნოდ დასვენებას შეძლებთ და ვერც სათანადოდ ვარჯიშს. დაივიწყეთ სირთულეები და სავარჯიშო რუტინის გამარტივებაზე იზრუნეთ. ადამ როსანტე, ცნობილი ფიტნეს ინსტრუქტორი, გირჩევთ: „ვიდრე დასასვენებლად წახვალთ, წინასწარ შეარჩიეთ ისეთი ვარჯიშები, რომლებსაც სპეციალური ფიტნეს აღჭურვილობა არ სჭირდება. თითოეული ეს ვარჯიში თქვენი რუტინის განუყოფელ ნაწილად აქციეთ. აზიდვები, ჩაჯდომები და სხვა მსგავსი ტიპის ვარჯიშები ნებისმიერ გარემოში დისკომფორტის გარეშე სრულდება. თუ ზღვაზე მიდიხართ, შეგიძლიათ სანაპიროზე ივარჯიშოთ, მეტი კომფორტისთვის ვარჯიშები პირსახოცზე შეასრულეთ.“

გამოიყენეთ  წელვადი თოკები

მოგზაურობის დროს ძალოვანი ვარჯიშების შესრულების სურვილი თუ შემოგიტევთ, მათი შესრულებაც შეგიძლიათ. თან იქონიეთ ერთი ან რამდენიმე წელვადი თოკი. მეთიუ მეიერის თქმით, წელვადი თოკის ტრანპორტირება ძალიან მარტივია. ის არც თქვენს ბარგში იკავებს დიდ ადგილს და არც სატარებლად არის მძიმე. თუ სასტუმროში, რომელშიც გაჩერდებით დარბაზი არ იქნება, თოკით ვარჯიშს თქვენს ოთახშიც შეძლებთ. ასე რომ, წელვადი თოკების წაღება არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ.

ივარჯიშეთ გაღვიძებისთანავე

სამოგზაუროდ წასულს ყოველი დღე ახალ სიურპრიზებს გპირდებათ. თუ დასასვენებლად მეგობრებთად ერთად იმყოფებით, საქმე გაცილებით რთულად არის. დღის განმავლობაში თქვენი გეგმები შეიძლება ბევრჯერ შეიცვალოს. ნუ დაგეგმავთ ვარჯიშს საღამოსთვის, რადგან დარწმუნებული ვერასდროს იქნებით, რომ ამას ნამდვილად შეძლებთ. შესაძლოა, თქვენს რომელიმე მეგობარს საინტერესო იდეა დაებადოს და მეგობრებთან ერთად საღამოს გატარება სულ სხვა ვითარებაში მოგიხდეთ. ცნობილი ფიტნეს ინსტრუქტორი კენი სანტუჩი გირჩევთ: „ვარჯიში გაღვიძებისთანავე უნდა დაიწყოთ. თოკზე ხტუნვა და სირბილი დიდ დროს არ წაგართმევთ, ბევრ სარგებელს კი მოგიტანთ. ნუ დაგეზარებათ. სირბილს 55-60 წუთი მაინც დაუთმეთ. თუ შვებულების დროს სხვა სახის ვარჯიშების შესრულებას ვერ შეძლებთ, ხტუნვა და სირბილი მაინც არ დაივიწყოთ.“

დაიქირავეთ ველოსიპედი

სამოგზაუროდ წასულს საკუთარი ველოსიპედის წაღება ნამდვილად გაგიჭირდებათ. თუმცა თითქმის არ არსებობს ისეთი ადგილი, სადაც მის დაქირავებას ვერ შეძლებთ. ზოგიერთი სასტუმრო ველოსიპედს უფასოდაც შემოგთავაზებთ. „თუ გარემოს კარგად არ იცნობთ და ადგილი, სადაც ისვენებთ თქვენთვის ახალია, მარტო ნუ ივლით. ველოსიპედით ჯგუფთან ერთად გაისეირნეთ. ველოსიპედით სიარულისას ახალი ადგილების აღმოჩენას კვლავინდებურად შეძლებთ, სიამოვნებასაც მიიღებთ და ივარჯიშებთ კიდეც.“ - აღნიშნავს მეიერი.

გამოიყენეთ დრო თქვენს სასარგებლოდ

„ჩემს სავარჯიშო რუტინას იმ თავისუფალი დროის მიხედვით ვადგენ, რომელიც შვებულების გატარების დროს მაქვს.“ - ამბობს  როსანტე. ცნობილი ფიტნეს ინსტრუქტორის თქმით, ის უპირატესობას 5 ვარჯიშისგან შემდგარ რუტინას ანიჭებს. თითოეული მოძრაობის შესრულებას 50 წამი სჭირდება, შესვენებას კი 10 წამი. თუ ყოველ ვარჯიშს მინიმუმ 4-ჯერ მაინც გაიმეორებთ, 20 წუთიანი რუტინა გამოგივათ. მოარგეთ თქვენი გეგმები თავისუფალ დროს, რომელიც გაქვთ და ვარჯიშს აუცილებლად შეძლებთ. თუ 20 წუთიან რუტინას ძალიან ხანგრძლივად მიიჩნევთ, მისვლების რაოდენობა შეამცირეთ და ისე ივარჯიშეთ, ხოლო თუ 20 წუთი თქვენთვის ძალიან ცოტაა, ვარჯიშები მეტი გამეორებით შეასრულეთ.

ჩაატარეთ ექსპერიმენტები

კენი სანტუჩის თქმით, მოგზაურობა საუკეთესო საშუალებაა თქვენი ჩვეული რუტინის გახალისებისთვის. ეცადეთ, თქვენი კომფორტის ზონიდან გახვიდეთ და თქვენს ფიტნეს გეგმებში გარკვეული ცვლილებები შეიტანოთ. „ახალი ადგილების აღმოჩენისას, ეცადეთ ფიზიკურადაც განსხვავებულად დაიტვირთოთ. იმის ნაცვლად, რომ კვლავ ისე ივარჯიშოთ, როგორც ყოველთვის ვარჯიშობდით, სცადეთ რაიმე ახალი და საინტერესო.“ - გირჩევთ სანტუჩი. მონაწილეობა მიიღეთ სახალისო აქტივობებში, დალაშქრეთ მთები თქვენს მეგობრებთან ან ახალ ნაცნობებთან ერთად, გაისეირნეთ ბუნებაში, თუ წყალთან ახლოს იმყოფებით, ნიჩბოსნობაზეც ნუ იტყვით უარს.

იყავით მოქნილი

აღნიშნული რჩევა იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებიც სპორტით სერიოზულად არ არიან დაკავებულნი. თუ რაიმე ტურნირისთვის არ ემზადებით და მკაცრად გაწერილი ფიტნეს გეგმა არ გაქვთ, მაშინ ჩვენი რჩევა აუცილებლად გაითვალისწინეთ. ნუ იქნებით მეტისმეტად თანმიმდევრული და უდრეკი თქვენს გეგმებთან მიმართებაში. როსანტეს თქმით, მდგრადობა და მიზანმიმართულობა ფიტნესში აუცილებელია, სხვაგვარად შედეგს ვერ მიიღებთ, მაგრამ ნება არ მისცეთ  მეტისმეტ სიმკაცრეს თქვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს. თუ წონებით აზიდვებით აქტიურად ხართ დაკავებული, მაგრამ მოგზაურობისას ისეთ ადგილას აღმოჩნდებით, სადაც თქვენს სიახლოვეს დარბაზს ვერსად მიაგნებთ, სხეულის მასით ვარჯიშზე გადადით და წელვადი თოკით ივარჯიშეთ. გაზარდეთ გამეორებების და მისვლების რიცხვი, ივარჯიშეთ ინტენსიურად და ნახავთ, რომ გასაოცარი შედეგი გექნებათ. ცვლილებების არ უნდა გეშინოდეთ, ისინი თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ.

წარმატებებს გისურვებთ!

 

 

 

 

 

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა