ინტერვალური შიმშილი წონაში კლებისთვის
წონაში კლებისთვის ინტერვალური შიმშილის მეთოდს უფრო და უფრო აქტიურად მიმართავენ. მისი დახმარებით ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლების პროცესი მარტივდება. ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ აღნიშნული მეთოდი ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა და სიცოცხლის ხანგრძლივობასაც ზრდის. ინტერვალური შიმშილის სხვა და სხვა ვარიაცია არსებობს, რომლებიც ფართო მასებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათი ეფექტურობა სხვა და სხვა ადამიანისთვის განსხვავებულია და პიროვნების ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. გთავაზობთ ინტერვალური შიმშილის რამდენიმე მეთოდს, რომელთა დახმარებით წონაში კლების პროცესს გაიმარტივებთ.
მეთოდი 16/8 - შიმშილი 16 საათის განმავლობაში
16/8 მეთოდი თქვენგან დღის განმავლობაში 14-16 საათიან შიმშილობას მოითხოვს. კვებითი ფანჯარა კი მხოლოდ 8-10 საათის მანძილზე იღება. აუცილებელია ამ დროის განმავლობაში 3-ჯერ ან მეტჯერ მაინც მიირთვათ. აღნიშნული მეთოდი ფიტნეს ექსპერტმა მარტინ ბერჰანმა შეიმუშავა. 16/8-ს მიმდევრებს სადილის შემდეგ კვებისგან თავის შეკავება და საუზმის გამოტოვება მოეთხოვებათ. მაგ. თუ თქვენ დღის განმავლობაში ბოლოჯერ საღამოს 8 საათზე მიირთმევთ, მეორე დღეს კი პირველი კვება შუადღის 12 საათზე გექნებათ, 16 საათიან შიმშილობის შუალედს გააკეთებთ. ადამიანებს, რომლებსაც დილის საათებში უყვართ ჭამა, აღნიშნული მეთოდის ერთგულება უჭირთ. თუ თქვენ საუზმის მირთმევა არ გიყვართ, 16/8 სწორედ თქვენთვის არის. თუ შიმშილობის საათებში საკვებზე მოთხოვნა გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ წყალი, უშაქრო ყავა ან სხვა დაბალკალორიული სასმელი მიირთვათ, რათა მადის დაქვეითება შეძლოთ. კვების საათებში აუცილებლად ჯანსაღი პროდუქტები მიირთვით. თუ გადამუშავებულ და მაღალკალორიულ საკვებს უხვად მიიღებთ, სასურველი შედეგის მიღწევას ვერ შეძლებთ. სასურველია დაბალნახშირწყლოვან საკვებს მიანიჭოთ უპირატესობა.
მეთოდი 5/2 - კვირის განმავლობაში 2 დღე შიმშილობა
აღნიშნული მეთოდი კვირაში 5 დღის მანძილზე ნორმალურად კვების საშუალებას გაძლევთ, დარჩენილი 2 დღე კი დღის განმავლობაში 500-600 კალორიამდე უნდა მიიღოთ. მეთოდი 5/2-ზე ბრიტანელმა ჟურნალისტმა და ექიმმა მაიკლ მოსლიმ შეიმუშავა. შიმშილობის დღეებში მამაკაცებმა დღის განმავლობაში 600 კალორია უნდა მიიღონ, ხოლო ქალბატონებმა -500. მაგ. თუ შიმშილის დღეებად ორშაბათს და ხუთშაბათს გამოაცხადებთ, თითოეულ ამ დღეს მხოლოდ ორჯერ უნდა მიირთვათ, მამაკაცებმა თითო კვებაზე 300 კალორია უნდა მიიღოთ, ქალბატონებმა კი - 250. კონკრეტულად 5/2 მეთოდთან დაკავშირებით მეცნიერული კვლევები ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა თავად ინტერვალური შიმშილის ეფექტურობაზე მეცნიერები დიდი ხანია ხმამაღლა საუბრობენ.
მეთოდი: კვება-შესვენება-კვება - კვირაში ერთხელ ან ორჯერ 24 საათიანი შიმშილი
აღნიშნული მეთოდი კვირაში ერთხელ ან ორჯერ 24 საათიან შიმშილს გულისხმობს.კვება-შესვენება-კვება ფიტნეს ექსპერტ ბრედ პილონის მეთოდია, რომელიც ბოლო წლების მანძილზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუ თქვენ პილონის იდეას მოიწონებთ, ერთი სადილიდან მეორე სადილამდე შიმშილობა მოგიწევთ. მაგ. თუ ერთ დღეს საღამოს 5 საათზე ისადილებთ, მეორე დღეს ამავე საათზე უნდა მიირთვათ სადილი. შეგიძლიათ საუზმიდან საუზმემდე, ან ლანჩიდან ლანჩამდე იშიმშილოთ. შედეგი ყველა შემთხვევაში ერთნაირად ეფექტური იქნება. წყლის, ყავის და მსგავსი სასმელების მიღება შიმშილობის დროს ნებადართულია. სოლიდური საკვები კი სასტიკად იკრძალება. თუ წონაში დაკლება გსურთ, ჩვეულებრივ დღეებში ნორმალურად უნდა იკვებოთ. არ გაზარდოთ მიღებული კალორიების რიცხვი. შიმშილობის ინტერვალებმა კვებით ფანჯარაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. აღნიშნული მეთოდის ნაკლი ის არის, რომ 24 საათიანი შიმშილობის ინტერვალის დაცვა ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს. განსაკუთრებით რთული შიმშილობის ბოლო საათებია, როდესაც თავშეკავება ძალიან ჭირს. ვიდრე აღნიშნული მეთოდის გამოყენებას ცდით, დარწმუნდით, რომ სათანადო თვითდისციპლინა გაქვთ და გამოწვევისთვის მზად ხართ.
მეთოდი: ალტერნატიული შიმშილობა - ყოველ მეორე დღეს შიმშილი
ალტერნატიული შიმშილობა ყოველ მომდევნო დღეს შიმშილს გულისხმობს. მოცემული მეთოდის სხვა და სხვა ვარიაცია ვარსებობს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, თუ მისი მიმდევარი გახდებით, შიმშილობის ეტაპზე დღის განმავლობაში 500 კალორიის მიღების უფლება გექნებათ. სრული შიმშილობა ყოველ მეორე დღეს ექსტრემალურად საშიშია და მას რეკომენდაციას ვერ გავუწევთ. გარკვეული რაოდენობით კალორიების მიღება აუცილებელია. აღნიშნული მეთოდის ხანგრძლივად გამოყენებასაც არ გირჩევთ, რადგან საღამოობით შიმშილის მოძალებას იგრძნობთ და ჩაძინებაც გაგიჭირდებათ. დროის მცირე მონაკვეთში მოცემული მეთოდი საკმაოდ ეფექტურია და არც ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.
მებრძოლის მეთოდი - დღის მანძილზე შიმშილი, ძირითადი კვება საღამოს
მებრძოლის მეთოდი ფიტნეს ექსპერტ ორი ჰოფმეკლერს ეკუთვნის. აღნიშნული მეთოდი დღის განმავლობაში ხილითა და ბოსტნეულით კვების საშუალებას გაძლევთ. ძირითადი კვება კი საღამოსთვის უნდა გადადოთ. კვებითი ფანჯარა დაახლოებით 4 საათს გრძელდება. ამ დროის მანძილზე შეგიძლიათ სოლიდურად იკვებოთ. დანარჩენი დრო კი მხოლოდ მსუბუქ და დაბალკალორიულ კვებას უნდა დაუთმოთ. ინტერვალური შიმშილის სხვა ვარიაციებს შორის მებრძოლის მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. აღნიშნული მეთოდი პალეოს დიეტის კვების პრინციპებს იმეორებს და ნატურალური, გადაუმუშავებელი პროდუქტებით კვებაზეა ორიენტირებული.
მეთოდი: კვების სპონტანური გამოტოვება - გამოტოვეთ კვება, როდესაც მოგიხერხდებათ
სასურველ შედეგს რომ მიაღწიოთ, აუცილებელი სულაც არ არის მკაცრად სტრუქტურირებულ ინტერვალურ შიმშილობას მიმართოთ. შეგიძლიათ სპონტანური მეთოდები სცადოთ, რომლებიც საკმაოდ ეფექტურია და წონაში კლებას ამ გზითაც შეძლებთ. როდესაც ძალიან დაკავებული ხართ ან არ გშიათ, შეგიძლიათ თამამად გამოტოვოთ კვება. დროის მოკლე შუალედებში კვება მოძველებული მითია. თუ დროის საკმაოდ დიდ ინტერვალს კვების გარეშე დაჰყოფთ, კუნთოვან მასას ნამდვილად არ დაკარგავთ. ადამიანის ორგანიზმს შიმშილობის გაძლება საკმაოდ ხანგრძლივად შეუძლია. ამიტომ სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება ნუ შეგაშინებთ. თუ რომელიმე დღეს მადის დაქვეითებას იგრძნობთ, საუზმე გამოტოვეთ, ხოლო სადილსა და ლანჩზე ჯანსაღი პროდუქტები მიირთვით. თუ მოგზაურობთ და თქვენთვის მოსაწონი საკვები ვერსად ნახეთ, მცირე ხნით იშიმშილეთ. მთავარია, კვებითი ინტერვალებისას ჯანსაღი პროდუქტები მიირთვათ. სპონტანური შიმშილობა ინტერვალური შიმშილის ერთ-ერთი ვარიაციაა და მისგან სარგებლის მიღებაზე უარი არ უნდა თქვათ.
სასარგებლო რჩევები
ინტერვალური შიმშილის აღნიშნული მეთოდებით ბევრი ადამიანი სარგებლობს და ისინი მიღებული შედეგით ძალიან კმაყოფილები არიან. თუ საკუთარი წონა და ჯანმრთელობა გაკმაყოფილებთ, ინტერვალური შიმშილობა არ გჭირდებათ, ამიტომ ზედმეტი გამოწვევებით და მცდელობებით თავს ნუ დაიტვირთავთ. ინტერვალური შიმშილობა ყველასთვის არ არის განკუთვნილი. მისი გამოყენება მხოლოდ გარკვეული ადამიანებისთვისაა რეკომენდებული. არსებობს ეჭვები იმის შესახებ, რომ ინტერვალური შიმშილი მამაკაცებისთვის უფრო ეფექტურია, ვიდრე ქალბატონებისთვის. აღნიშნული მეთოდის წონაში დასაკლებად გამოყენებას არ ვურჩევთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც კვებითი აშლილობებისკენ მიდრეკილებას ავლენენ.
თუ წონაში კლებისთვის ინტერვალური შიმშილის გამოყენებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი კვების რეჟიმის დაცვა მოგიხდებათ. მაღალკალორიულ პროდუქტებზე უარის თქმა თუ არ შეგიძლიათ, შიმშილობას აზრი არ აქვს და არც გასაოცარ შედეგებს უნდა ელოდოთ. თუ კვების ჯანსაღ რეჟიმს უღალატებთ, ვერც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ.
ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები მხოლოდ ნაწილია ინტერვალური შიმშილის მრავალფეროვანი ვარიაციებისა, რომლებიც მაღალი ეფექტურობით გამოირჩევიან. თუ თქვენი მოწონება მათგან ვერცერთმა დაიმსახურა, შეგიძლიათ სხვა მეთოდების შესახებაც მოიპოვოთ ინფორმაცია და თქვენთვის უფრო მისაღები ვარიაცია შეარჩიოთ.
წარმატებებს გისურვებთ!