Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ზუმბა წონაში კლებისთვის - როგორ დავწვათ 500 კალორია ერთ საათში?

დარბაზში რუტინული ვარჯიში თუ არ გიყვართ ან წონებით აზიდვები ძალიან მოსაწყენად გეჩვენებათ, შეგიძლიათ კალორიების დაწვის განსხვავებული გზების ძიება დაიწყოთ. აქტიური და ხალისიანი ადამიანებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვან ვარჯიშს ზუმბა წარმოადგენს. დატვირთვის აღნიშნული ნაირსახეობა ძალიან კრეატიული, სახალისო და ეფექტურია. მისი დახმარებით ერთ საათში 500 კალორიის დაწვას შეძლებთ. გარდა იმისა, რომ ზუმბას თქვენი ამტანობის, მოქნილობისა და ძალის მატების ხელშეწყობა შეუძლია, ის ტვინის აქტიურ ფუნქციონირებასაც ასტიმულირებს, ამცირებს სტრესს და პროდუქტიულობას ერთიორად ზრდის. ზუმბა სხეულის ტონუსში მოყვანასაც უწყობს ხელს.

რას არის ზუმბა?

ზუმბა ლათინური ცეკვის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომელსაც ფიტნესის მოყვარულები ფიზიკური დატვირთვისთვის აქტიურად იყენებენ და რომლის დახმარებითაც თვეში 2 კილომდე იკლებთ. ზუმბას შესრულებისას შეზღუდვები არ არსებობს. არავინ გაიძულებთ მხოლოდ ლათინური ცეკვის მოძრაობებს დასჯერდეთ. ზუმბას ინსტრუქტორები, როგორც წესი, ვარჯიშის პროცესს მაქსიმალურად ამრავალფეროვნებენ. თქვენ შეგიძლიათ დატვირთვა სალსას, ჩა-ჩა-ჩა-ს, მამბოს, ფლამენგოს, სამბას, ტანგოს, თანამედროვე  ცეკვების და სხვა რიტმული მოძრაობების ელემენტებით გაიხალისოთ. ზუმბას მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ ცეკვა საკმაოდ მარტივი მოძრაობებისგან შედგება და მისი შესრულებისას მთელი სხეული იტვირთება. თქვენ შეგიძლიათ თავს მაქსიმალური თავისუფლება მისცეთ და შეზღუდვების ან წესების გარეშე იცეკვოთ.

ზუმბა ჯგუფურად სრულდება. სხვებთან ერთად ვარჯიში კი მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს. ჯგუფის წევრები ერთმანეთს წინსვლაში ეხმარებიან, სასარგებლო რჩევებს აძლევენ და ამხნევებენ. მხიარულ მუსიკაზე ცეკვა ბედნიერების ჰორმონის გამომუშავების პროცესს ააქტიურებს, რაც სტრესის დაძლევაში გეხმარებათ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სხეულის კომპოზიციის შესაცვლელად ან წონაში კლებისთვის ზუმბას მიმართოს.

ზუმბა წონაში კლებისთვის

ზუმბა სხვა და სხვა ნაირსახეობის ცეკვას აერთიანებს, გარდა ამისა, სხეულის მასის გამოყენებით ვარჯიშის საშუალებასაც გაძლევთ. კუნთოვანი მასის მატების გარდა, ზუმბას დახმარებით თქვენ კარდიოს შესრულებასაც შეძლებთ. საშუალოდ ერთ ვარჯიშზე თქვენ 500 კალორიამდე დაწვავთ, თუმცა ყველაფერი თქვენს ასაკზე, წონასა და სიმაღლეზეა დამოკიდებული. თუ ჯანსაღი კვების ჩვევებს არ უღალატებთ და კვირაში 4-5 დღეს ზუმბას დაუთმობთ ჯამში 1500-2500 კალორიამდე დაწვავთ. მსგავსი შედეგის მიღებას სარბენ ბილიკზე 30 წუთიანი სირბილით ნამდვილად ვერ შეძლებთ.

უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულმა ქალბატონებმა ზუმბას 16 კვირიანი კურსის შემდეგ წონაში 1,5 კილომდე დაიკლეს, ხოლო ცხიმის წილი 1 %-ით შეუმცირდათ. კვლევის მონაწილეების დიდმა ნაწილმა ზუმბას კლასებზე სიარული კვლევის დასრულების შემდეგაც განაგრძო. სხვა ადამიანებთან ერთად სახალისო ვარჯიშების შესრულება ფიტნესით დაინტერესებულ ადამიანებს ძალიან მიმზიდველად ეჩვენებათ.

როგორ დავიკლოთ წონაში ზუმბას დახმარებით?

წონაში დაკლება თუ გსურთ, პირველ რიგში საკუთარი მიზნების იდენტიფიცირება დაგჭირდებათ. თქვენ კარგად უნდა იცოდეთ, რა გსურთ და რის მიღწევას ცდილობთ. თუ გსურთ ზუმბა თქვენი ცხოვრების ნაწილად იქცეს, სათანადო მოტივაცია უნდა გქონდეთ. ვარჯიშის დაწყებამდე დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ გამოწვევის მისაღებად მზად ხართ და ყველაფერი გამოგივათ. აქტიური ცხოვრების რეჟიმზე გადასასვლელად საკუთარი სხეულის შესახებ მეტი ცოდნის მიღება დაგჭირდებათ. დეტალურად შეისწავლეთ თქვენი სხეულის კომპოზიცია, გაიგეთ, რამდენს იწონით. სასურველია, ზუსტად იცოდეთ, რამდენი კილოგრამის დაკლება გსურთ. წონაში კლების საკუთარი გეგმა შეიმუშავეთ და შედეგები ყოველ 2 კვირაში გადაამოწმეთ. თქვენი გეგმა ფურცელზე გადაიტანეთ. თქვენი სურვილები დეტალურად აღწერეთ. მაგ. „მინდა ერთ კვირაში ნახევარი კილო დავიკლო,“ ან „მინდა ცხიმის საერთო წილი ერთ თვეში 1 %-ით შევამცირო.“

თუ ზუმბამ სერიოზულად დაგაინტერესათ, ვარჯიშისთვის სპეციალური კალენდარი შექმენით. თუ დღისით მუშაობთ ან სწავლობთ, ზუმბას ისეთი კლასები მოძებნეთ, რომლებიც საღამოს საათებში ვარჯიშის შესაძლებლობას მოგცემთ. დღის განრიგი სწორად და რაციონალურად უნდა გაწეროთ. თავდაპირველად ზუმბაზე სიარული დღეგამოშვებით უნდა დაიწყოთ, რათა თქვენი სხეული დატვირთვას მიეჩვიოს. როდესაც ზუმბაში დახელოვნდებით, კვირაში 5-6 საათი ვარჯიშს უნდა დაუთმოთ. ზუმბას კლასებზე აუცილებლად რეგულარულად უნდა იაროთ, რადგან თუ იზარმაცებთ, თქვენი ჯგუფელები თქვენთან შედარებით ბევრად წინ წავლენ, რაც მოტივაციას დაგიქვეითებთ. ეცადეთ, მათთან ერთად ისწავლოთ და მაქსიმალურად თანმიმდევრული იყავით.

ზუმბას დახმარებით წონაში დაკლება და სასურველი შედეგის მიღება რომ შეძლოთ, ჯანსაღი ცხოვრების სტილს უნდა მისდიოთ. კვებისას უპირატესობა ხილს და ბოსტნეულს მიანიჭეთ, ცხიმები ჯანსაღი სახით უნდა მიიღოთ, მაგ. ზეითუნის ზეთი, თხილი, კაკალი. ნებისმიერ კვებაზე პროტეინებით მდიდარი კერძები უნდა მიირთვათ. აუცილებელია ლობიოს, ქათმის გულ-მკერდის, რძის ნაწარმის და თევზის რეგულარული მიღება. მაცივარში შაქრის მაღალი შემცველობის მქონდე პროდუქტების და ტკბილი გაზიანი სასმელებისთვის ადგილი არ უნდა დატოვოთ. მოწევას და ალკოჰოლს უარი უნდა უთხრათ. დაუთმეთ დრო მედიტაციას, ფეხით სიარულს, მაღალსართულიან შენობაში გადაადგილებისთვის ლიფტის ნაცვლად კიბეები გამოიყენეთ, ისეირნეთ ველოსიპედით.

წონაში დაკლება თუ გსურთ, ჰიდრატაციის ხარისხს ყურადღება უნდა მიაქციოთ. ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებაში წყალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. წყლის დახმარებით მსხვილი ნაწლავი ზედმეტი ნარჩენებისგან თავისუფლდება, მეტაბოლური პროცესები კი მეტად აქტიურდება, გარდა ამისა ორგანიზმიდან  ტოქსინების გამოდევნის პროცესიც ჩქარდება. ყოველდღიურად მინიმუმ 3-4 ლიტრი წყალი მაინც უნდა დალიოთ. მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად ყოველ დილით ერთი ჭიქა წყალი მიირთვით.

უწყობს თუ არა ზუმბა ხელს მუცლის არიდან ზედმეტი ცხიმების მოშორებას?

ზუმბა კარდიოს განსაკუთრებული ნაირსახეობაა, რომელიც ცხიმის წვას სხეულის ნებისმიერ უბანზე უწყობს ხელს. ზუმბა მოძრაობებით ძალიან დატვირთულია, რაც მუცლის არიდან ზედმეტი ცხიმის გამოდევნის პროცესს ასტიმულირებს. ერთი საათის მანძილზე თქვენ სხეულის მასის გამოყენებით ვარჯიშობთ და პარალელურად კარდიოსაც ასრულებთ, აღნიშნული კომბინაციის გამოყენებით წარმოუდგენელი შედეგების მიღება შეგიძლიათ. მთავარია, სათანადო მოთმინება გამოავლინოთ, რადგან ზედმეტი ცხიმებისგან გათავისუფლებას ერთ დღეში ვერ შეძლებთ. მუცლის არიდან ცხიმების გაქრობას ჯანსაღი კვების რეჟიმის ერთგულების გარეშე ვერ მოახერხებთ.

რა სახის დატვირთვებს მოიცავს ზუმბა?

ზუმბას კლასებზე ყოველწლიურად მსოფლიო მასშტაბით 14 მილიონამდე ადამიანი დადის. ზუმბათი დაინტერესებული ადამიანების რიცხვი კი უფრო და უფრო იზრდება. ზუმბას კლასები, როგორც წესი, დაახლოებით ერთ საათს გრძელდება. ჯგუფებს ვარჯიშებს პროფესიონალი ინსტრუქტორები უტარებენ. ადამიანების ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ზუმბას კლასები რამდენიმე კატეგორიად იყოფა: ზუმბა ფიტნესი - ზუმბას სტანდარტული კლასი, ზუმბა გოლდი - ასაკოვანი ადამიანებისთვის განკუთვნილი ზუმბას კლასები, აქვა ზუმბა - ზუმბას კლასები, რომლებიც წყალში ვარჯიშს მოიაზრებს, ზუმბატომიკი - 4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი ზუმბას კლასი, ზუმბა სენტაო - სხეულის ტონუსში მოყვანასა და გაძლიერებაზე ორიენტირებული ზუმბას კლასები, რომლებიც ძირითადად სხეულის მასის გამოყენებით შესასრულებელ ვარჯიშებს მოიცავს.

ვისთვის არის განკუთვნილი ზუმბას კლასები?

ზუმბას შესრულება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვისაც ამის სურვილი და მოტივაცია აქვს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენს ასაკს, სქესს, სხეულის ფორმებს ან ფიტნესში თქვენი დახელოვნების ხარისხს. ადამიანებმა, რომელთათვის ვარჯიში უკუნაჩვენებია, ზუმბას კლასებში გაწევრიანებამდე კუნსულტაციისთვის ექიმს უნდა მიმართონ. ზუმბა განსაკუთრებით იმ ადამიანებს იტაცებთ, რომლებსაც ერთფეროვანი ვარჯიშების შესრულება ძალიან ღლით და მოსაწყენად ეჩვენებათ. პოპულარული ადამიანების  დიდ ნაწილს ზუმბა ძალიან უყვარს. ცნობილია, რომ ჰოლი ბერი, შაკირა, ჯენიფერ ლოპესი, ვიქტორია ბექჰემი, ემა უოტსონი და ნატალი პორტმანი ზუმბათი სერიოზულად არიან გატაცებული.

ზუმბას თქვენი ორგანიზმისთვის უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია. ის ხელს უწყობს წონაში კლებას, სხეულის ტონუსში მოყვანას, ზედმეტი ცხიმების წვას, ზრდის მოქნილობასა და ელასტიურობას, აუმჯობესებს სოციალურ უნარებს, ასტიმულირებს სეროტონინის გამომუშავებას, გეხმარებათ სტრესის დამარცხებაში. ზუმბას დახმარებით ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთგულება გიმარტივდებათ, სწავლობთ უკეთ ცეკვას, ხდებით მეტად ამტანი, ხოლო დეპრესიას და შფოთვას მარტივად უმკლავდებით.

წარმატებებს გისურვებთ!

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა