მხრების ტკივილი ვარჯიშის დროს - 7 გამომწვევი მიზეზი
ვარჯიშის დროს მხრის არეში ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები თუ გაწუხებთ, რომელსაც თან ახლავს მხრების ტკაცუნი, შესაძლოა, თქვენ სახსრების ფუნქციის მოშლის პრობლემა გაქვთ, რომელსაც სხვაგვარად კრეპიტაციასაც უწოდებენ. დაზიანებული სახსარი მოძრაობის დროს ჭრაჭუნის უსიამოვნო ხმას გამოსცემს. კრეპიტაცია, შესაძლოა, დროებითიც იყოს და ქრონიკულიც, მტკივნეულიც და უმტკივნეულოც. ჭრაჭუნის ხმა ზოგჯერ ძლიერდება, ზოგჯერ კი ბუნდოვნად ისმის. ვარჯიშის დროს მხრების ტკივილი, ტკაცუნი და მხრის არეში უსიამოვნო შეგრძნება ყოველთვის ერთი მიზეზით არ არის გამოწვეული. თუ მსგავსი სიმპტომები გაწუხებთ, უმჯობესია პრობლემის არსს სიღრმისეულად ჩაწვდეთ და მის გადაჭრაზე იზრუნოთ. ნაადრევი დიაგნოსტიკა ჯანმრთელობის ზედმეტ პრობლემებს თავიდან მარტივად აგარიდებთ.
უნდა მიმართოთ თუ არა ექიმს, როდესაც ვარჯიშის დროს მხრების ტკივილი ან ტკაცუნი გაწუხებთ?
მხრების არეში უსიამოვნო შეგრძნება ან ტკაცუნი ყოველთვის სერიოზულ პრობლემაზე არ მიგვანიშნებს. თუ ტკაცუნს თან ტკივილი არ ახლავს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი მხრების კუნთები, იოგები, მყესები და ძვლები გამართულად და ჰარმონიულად მუშაობს. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ განტვირთვის ვარჯიშების შესრულებისას ზურგის არეში ტკაცუნის ხმები არცთუ იშვიათად გესმით. ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა და სანერვიულო არაფერი გაქვთ, მაგრამ თუ ვარჯიშის დროს ძვლების ტკაცუნს თან ახლავს ტკივილი, შესაძლოა, მხრების არეში რაიმე დაზიანება გქონდეთ მიღებული, რასაც, ბუნებრივია, შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროება. თუ ტკივილი ნაკლებად გაწუხებთ, შეგიძლიათ მკურნალობის შინაურ მეთოდებს მიმართოთ. მხრებზე ცივი საფენები დაიდოთ და დაისვენოთ. ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებლად შეასრულეთ დინამიკური გაწელვის ვარჯიშები, დატვირთვის დასრულების შემდეგ კი უპირატესობა სტატიკურ ვარჯიშებს მიანიჭეთ. თუ ტკივილი გაძლიერდება და მდგომარეობა დამძიმდება, რა თქმა უნდა, ექიმს უნდა ეჩვენოთ. სათანადო მკურნალობის კურსის გავლის გარეშე, შესაძლოა, მხრების სერიოზული დაზიანება მიიღოთ და ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო. ხშირ შემთხვევაში უყურადღებოდ დატოვებული ტრავმები ძალიან სერიოზულ გართულებებს იწვევს, რის გამოც, ტკივილთან ხუმრობას არ გირჩევთ.
- მხრების ტკივილისა და ტკაცუნის 7 სავარაუდო მიზეზი
მხრების ტკივილსა და ტკაცუნს სხვადასხვა გამომწვები მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ჩვენს სტატიაში 7 ყველაზე გავრცელებულ მიზეზს გაგაცნობთ, რომლებსაც მხრების არეში უსიამოვნო შეგრძნებებისა და ხმაურის გამოწვევა შეუძლია.
- ნაღრძობი მხარი
სახსრების ნაწილობრივი დისლოკაციის შემთხვევაში ექიმები ნაღრძობი მხრის დიაგნოზს სვამენ. ბეჭის წინამხართან დამაკავშირებელი წინა კიდურის გრძელი ძვალი სახსრის ღრმულს ნაწილობრივ შორდება, რაც ტკივილის შეგრძნებას იწვევს. შესაძლოა, მხრის არეში წვა და მოჭერის შეგრძნებაც გაგიჩნდეთ, რაც ნაღრძობი მხრის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია და განსაკუთრებით მძაფრდება, როდესაც სწრაფ მოძრაობას ასრულებთ. თუ მსგავსი ტკივილი შეგაწუხებთ, დახმარებისთვის აუცილებლად მიმართეთ ფიზიოთერაპევტს. მართალია სახსრების ნაწილობრივი დისლოკაცია ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, მაგრამ ნაღრძობი მხრის სამკურნალოდ დახურული რეპოზიციის მეთოდის გამოყენება დაგჭირდებათ. მკურნალობის აღნიშნული მეთოდი სახსრის თავის ადგილას დაბრუნებას უწყობს ხელს. თუ ტრავმა გაგირთულდათ, მხრების მოქნილობისა და ელასტიურობის აღსადგენად ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსის გავლა დაგჭირდებათ.
- იოგების დაზიანება
იოგები შემაერთებელქსოვილოვანი ძაფებია. ისინი ძვლების ურთიერთშეკავშირებას უწყობენ ხელს და სახსრების სტაბილურობას უზრუნველყოფენ. იოგების დაჭიმულობის მიზეზი უძრავი ცხოვრების წესია. როგორც წესი, იოგების გადაძაბვას მწვავე ტკივილი არ ახასიათებს. თუ ტკივილი შემოგიტევთ, ე.ი. იოგები მოდუნებული გაქვთ. როგორც წესი იოგების მოდუნებისას ადამიანებს მხრების არეში ტკაცუნი და ტკივილი ხშირად აწუხებთ. მოდუნებული იოგები, როგორც წესი, ნორმალურთან შედარებით უფრო წაგრძელებულია და მხრის სარტყელს აზიანებს, რაც მტკივნეულ შეგრძნებებს იწვევს. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ფიზიოთერაპევტის დახმარება აუცილებლად დაგჭირდებათ. როგორც წესი, მოდუნებულ იოგებს ქირურგიული ჩარევით არ მკურნალობენ, თუმცა ხანრგძლივი სარეაბილიტაციო კურსის გავლა ნამდვილად მოგიწევთ.
- მაბრუნებელი კუნთის დაზიანება
მაბრუნებელი კუნთის დაზიანება მხრის ზონის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტრავმაა. როგორც წესი, მსგავსი დაზიანების დროს მოძრავი სახსარი ძალიან უსიამოვნო ხმებს გამოსცემს. მაბრუნებელი კუნთის დაზიანება მყესების დაზიანებას იწვევს და ბეჭის წინამხართან დამაკავშირებელი წინა კიდურის გრძელი ძვალი ღრმულს ნაწილობრივ შორდება. თუ მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით ფიზიოთერაპევტს აუცილებლად მიაკითხეთ. მაბრუნებელი კუნთის დაზიანება ძალიან სერიოზული ტრავმაა, რომელიც უყურადღებობის შემთხვევაში სერიოზულ უსიამოვნებებს მოგიტანთ.
- კუნთების გადაძაბვა
ადამიანებს, რომლებიც ფიზიკურად მეტისმეტად იტვირთებიან, კუნთების გადაძაბვა ხშირად აწუხებთ. როდესაც კუნთი ზედმეტად იტვირთება, ის სახსრის მოძრაობის სისწრაფეს ანელებს და ძვლების ხახუნს აძლიერებს. გაწელვის ვარჯიშები, სპეციალური მასაჟი და თერაპია გადაძაბული კუნთების განტვირთვაში დაგეხმარებათ. თუ ვარჯიშით მეტისმეტად გადაიღალეთ, რამდენიმე დღით შეისვენეთ, რათა ძალების აღდგენა და კუნთების განტვირთვა შეძლოთ. ვარჯიშის დაწყებამდე მტკივან ადგილას თბილი საფენები დაიდეთ, რათა სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდეს და დატვირთვისას უსიამოვნო შეგრძნებებმა მეტისმეტად არ შეგაწუხოთ. ვარჯიშის შემდეგ ტკივილის შესამსუბუქებლად ყინულის გამოყენება შეგიძლიათ. თუ ვარჯიშის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ ხანმოკლე თერაპიებით მდგომარეობას ვერ გაიუმჯობესებთ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდს შემოგთავაზებთ.
- ბურსიტითა და ტენდინიტით გამოწვეული ანთებითი პროცესები
ბურსიტს და ტენდინიტს ანთებითი მიმდინარეობა ახასაითებს და ორივე მათგანი მხრის ტრავმებით არის გამოწვეული. ბურსიტის განვითარებასთან ერთად სახსრის სინოვიურ აბგაში ექსუდატი გროვდება. აღნიშნულ უბანზე მოძრაობის დროს ძალიან დიდი დატვირთვა მოდის, რის გამოც ბურსიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ბურსტის, როგორც წესი, მწვავე ტკივილი ახასიათებს და მოძრაობის შეზღუდვასაც იწვევს. ტენდინიტი მყესის ქსოვილის ანთებაა, რომელიც მყესისა და კუნთის შეერთების არეში ვითარდება. მას ძლიერი ტკივილი ახასიათებს, რომელიც განსაკუთრებით ღამის საათებში ძლიერდება. ტენდინიტის განვითარების შემდეგ ადამიანებს ხელში ნივთების დაჭერა უძნელდებათ, მოძრაობა უჭირთ და დაზიანებული არე უწითლდებათ. ბურსიტისა და ტენდინიტის წინააღმდეგ ბრძოლა სახლის პირობებში ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი აბების მიღებით, დასვენებითა და ყინულის საფენების დადებით შეგიძლიათ. თუ სიმპტომები გაუარესდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. დიაგნოსტირების საუკეთესო მეთოდს ამ შემთხვევაში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია წარმოადგენს.
- ოსტეოართრიტი
სახსრის ნორმალური სტრუქტურის დარღვევისა და ხრტილის დაზიანების შედეგად ასაკოვან ადამიანებს ოსტეოართრიტი უვითარდებათ. სახსარში განვითარებული ანთებითი და დეგენერაციული პროცესები მონაცვლეობით ტკივილს იწვევს. ადამიანები, რომლებსაც ოსტეოართრიტი აქვთ ხშირად მწვავე ტკივილებს უჩივიან, ხშირად კი თავს სავსებით ნორმალურად გრძნობენ. ოსტეოართრიტი თუ გაწუხებთ, დახმარებისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ის გარკვეული მოძრაობებისა და აქტივობებისგან თავის შეკავებას გირჩევთ და მსუბუქ ვარჯიშებს დაგინიშნავთ. თუ ტკივილი მეტისმეტად მწვავეა, შესაძლოა, მედიკამენტოზური მკურნალობაც დაგჭირდეთ. როგორც წესი, ოსტეოართრიტის სამკურნალოდ თბილი და ცივი საფენებიც აქტიურად გამოიყენება.
- ტკივილის მიზეზი მხრის დაზიანება არ არის
მხრის არეში წარმოშობილი ტკივილი, ვარჯიშის დროს მხრების ტკაცუნი და უსიამოვნო შეგრძნებები, შესაძლოა, მხრის ტრავმით სულაც არ იყოს გამოწვეული. ახლომდებარე ზონების დაზიანებას გადამცემი ტკივილის გამოწვევა შეუძლია. მკერდის კუნთების გადაძაბვა, ბიცეფსის ტრავმა ან ახლომდებარე კუნთებისა და სახსრების ტრავმები ირიდაციული ხასიათის ტკივილებს იწვევს, რასაც თქვენი შეცდომაში შეყვანა შეუძლია. ზედმეტი ეჭვების გასაფანტად და ზუსტი დიაგნოზის გასაგებად, უმჯობესია ფიზიოთერაპევტს მიმართოთ. დროული დიაგნოსტიკა პრობლემის სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ და ზედმეტი გართულებების თავიდან აცილებასაც მარტივად შეძლებთ.
წარმატებებს გისურვებთ!