პრენატალური იოგა და მისგან მიღებული სარგებელი
ორსული ქალის ორგანიზმი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის, რის გამოც მომავალ დედებს ხშირად მენტალურ და ფიზიკურ სტრესთან გამკლავება უხდებათ. პრენატალური იოგა ორსულ ქალბატონებს ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება. სწორი სუნთქვითი ტექნიკის შესწავლა და რელაქსაციის ვარჯიშები მშობიარობის პროცესის მსუბუქად წარმართვას უწყობს ხელს. გარდა ამისა, პრენატალური იოგის დამხარებით მომავალი დედები უფრო მოქნილები და ძლიერები ხდებიან.
ორსულ ქალბატონებს ყოველდღიურად ძალიან დიდი მხარდაჭერა ესაჭიროებათ. როგორც წესი, მათი მთავარი გულშემატკივრები ოჯახის წევრები და მეგობრები არიან. თუ ორსულად ხართ და გრძნობთ, რომ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გჭირდებათ, ორსულებისთვის განკუთვნილ იოგას კლასში გაწევრიანება სცადეთ. სხვა ორსულებთან ურთიერთობა თქვენს ყოველდღიურ განწყობაზე დადებითად აისახება და თავდაჯერება მნიშვნელოვნად მოგემატებათ. ისეთ ადამიანებთან საუბარი, რომლებიც თქვენს მდგომარეობაში არიან, საკუთარი განწყობებისა და შეგრძნებების უკეთ აღქმაში დაგეხმარებათ.
მართალია, თითოეულ ტრიმესტრში განსხვავებული ვარჯიშების შესრულება მოგიწევთ, მაგრამ იოგაში თქვენი დახელოვნების ხარისხი იმდენად მოიმატებს, რომ ცვლილებებთან შეგუება არ გაგიჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ორსული ქალბატონები ნელა მოძრაობენ, იოგასგან მიღებული სარგებელი მაინც ძალიან დიდია. როგორც წესი, ორსული ქალბატონები იოგას ნამდვილ საოცრებად განიხილავენ, რომელიც მათ ცხოვრებაში მოულოდნელად შემოიჭრა და ყველაფერი კარგისკენ შეცვალა. ჩვენს სტატიაში ორსულობის პერიოდში იოგას შესრულებისგან მიღებულ სარგებელზე გესაუბრებით და მის ძირითად უპირატესობებს გაგაცნობთ.
- თავისუფალი დრო განტვირთვისთვის
ბავშვის მოლოდინი მშობლების ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. სამედიცინო შემოწმებებზე სიარული, პატარას ოთახის მოწყობა, მისთვის აუცილებელი ნივთების შეძენა, საორსულო ტანსაცმლის ყიდვა და საოჯახო საქმეები ორსულ ქალბატონებს მარტივად ღლით. მათ ხშირად ძალიან სჭირდებათ დასვენება. იოგა ორსულებს თავისუფლად სუნთქვისა და განტვირთვის საოცარ შესაძლებლობას აძლევს. ყურადღების საკუთარ სხეულზე გადატანა, გაწელვის ვარჯიშების შესრულება და საკუთარ შეგრძნებებზე დაკვირვება ორსულ ქალბატონებს რელაქსაციაში ძალიან ეხმარება და მათ ყოველდღიურ განწყობაზე დადებითად აისახება.
- უმტკივნეულო მშობიარობა
პრენატალური იოგას შესრულება ორსულ ქალბატონებს მენჯის სარტყლის გაძლიერებაში ეხმარება, რაც, თავის მხივ, მშობიარობის პროცესის მარტივად წარმართვას უწყობს ხელს. გაფართოებული მენჯის სარტყელი, რომელიც გაწელვის ვარჯიშების შესრულების შედეგად ბევრად მოქნილი და ელასტიური ხდება, არამხოლოდ ნაყოფის ზრდის პროცესის უმტკივნეულოდ გადატანაში გეხმარებათ, ის მშობიარობით გამოწვეულ ტკივილებსაც ამცირებს. პრენატალური იოგას შესრულება ბარძაყებისა და დუნდულების მიდამოებსაც მეტ ელასტიურობას და მოქნილობას ანიჭებს. ორსული ქალბატონების დიდი ნაწილი თვლის, რომ მშობიარობის პროცესის გამარტივება პრენატალური იოგას შესრულებით მიღებული ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელია.
- ახალი მეგობრების შეძენა
ადამიანი სოციალური არსებაა, რის გამოც მას მეგობრული ურთიერთობები აუცილებლად ესაჭიროება. ახალი ადამიანების გაცნობა და მათთან ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებზე საუბარი ჩვენს ცხოვრებას აზრსა და მნიშვნელობას ანიჭებს. ორსულ ქალბატონებს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა იმაზე მეტად სჭირდებათ, ვიდრე ოდესმე. ორსულობა გამოუცდელი მომავალი დედებისთვის უდიდესი ცხოვრებისეული გამოწვევაა. შესაძლოა, ზოგიერთ მათგანში ის შიშსაც კი იწვევდეს. სხვა ორსულ ქალბატონებთან ურთიერთობა ბავშვის მოლოდინის შიშნარევ პროცესს გაცილებით სასიამოვნო და ნორმალურ მოვლენად აქცევს. მომავალი დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, ხედვებს, შიშებსა და მოლოდინებს უზიარებენ, რაც ორსულობას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს.
- მშობიარობისთვის მომზადება
გონებრივი და ფიზიკური ვარჯიშების შესრულება ორსულ ქალბატონებს ორსულობის განმავლობაში და ბავშვის გაჩენის შემდეგ იდეალური ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება. ნაყოფის ზრდის პარალელურად კუნთოვანი მასის გაძლიერებაზე ზრუნვა მომავალ დედებს საკუთარი სხეულის უკეთ ფლობას ასწავლის. ორსული ქალბატონები იოგას რამდენიმე სეანსის შემდეგ იგრძნობენ, რომ მათი ორგანიზმი მშობიარობისთვის ემზადება. მშობიარობის პროცესში მომავალ დედებს ძალების მაქსიმალური დაძაბვა და სუნთქვის სპეციალური ტექნიკების გამოყენება ესაჭიროებათ. იოგა მათ აღნიშნული უნარების განვითარებაში ძალიან ეხმარება. იოგას შესრულებისას ორსული ქალბატონები საკუთარი ემოციების მართვასა და საკუთარ შეგრძნებებზე კონცენტრაციას სწავლობენ. მშობიარობის პროცესში ისინი გაცილებით მობილიზებულები და კონცენტრირებულები არიან, ვიდრე ის ქალბატონები, რომლებსაც იოგას შესრულების გამოცდილება არ აქვთ. ფიზიკური და ფსიქიკური ტრანსფორმაცია მომავალ დედებს მშობიარობისთვის მომზადებაში ძალიან უწყობს ხელს და მშობიარობის პროცესს დაუვიწყარ მოგონებად აქცევს.
- მშობიარობის შემდეგ წონაში სწრაფი კლება
ორსული ქალბატონის ორგანიზმში პატარა ადამიანი ცხოვრობს და იზრდება. ცხადია, აღნიშნულ ეტაპზე ორგანიზმში უამრავი ცვლილება მიმდინარეობს, რათა ნაყოფი სრულფასოვნად განვითარდეს და დედის საშვილოსნოში თავი უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნოს. ორსული ქალბატონების დიდი ნაწილი წონაში საგრძნობლად იმატებს, რაც ბუნებრივი მოვლენაა. ჰორმონალური ცვლილებები, ნაყოფის წონა და გაზრდილი საშვილოსნო მომავალ დედებს სხეულის კომპოზიციას მნიშვნელოვნად უცვლის. ზოგიერთი მათგანი აღნიშნულ ცვლილებას მშვიდად ხვდება, ნაწილს კი მომატებულ კილოგრამებთან შეგუება უჭირს და ოცნებობს, რომ მშობიარობის შემდეგ სხეულის მოხდენილი ფორმები რაც შეიძლება სწრაფად დაიბრუნოს. ორსულობისას იოგას რეგულარული შესრულება ბავშვის გაჩენის შემდეგ წონაში კლების პროცესს მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ. მოქნილობისა და ძალის გაზრდაზე ორიენტირებული ვარჯიშების შესრულება თქვენს ორგანიზმს მომატებულ კილოგრამებთან გამკლავებაში დაეხმარება და სასურველი ფორმების დაბრუნება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.
- ტკივილის შემსუბუქება
ორსულობის თანმდევი ტკივილები და უსიამოვნო შეგრძნებები კუნთებისა და იოგების გაწელვით არის გამოწვეული. ორსული ქალბატონის ორგანიზმი ნაყოფისთვის სივრცეს ათავისუფლებს, რათა მან ზრდის პარალელურად თავი შებოჭილად არ იგრძნოს. იოგას შესრულებისას თქვენ რეგულარულად ასრულებთ გაწელვის ვარჯიშებს, რომლებიც თქვენს კუნთებსა და იოგებს აძლიერებს. როდესაც ნაყოფი იზრდება, თქვენ უსიამოვნო შეგრძნებები და ტკივილები ნაკლებად გაწუხებთ, რადგან თქვენი ორგანიზმი იოგას დახმარებით ნაყოფის ზრდის პროცესისთვის სათანადოდ არის მომზადებული. იოგა კონცენტრაციის უნარებს გივითარებთ და ემოციების კონტროლს გასწავლით, რის გამოც მუცლის არეში მტკივნეული შეგრძნებების გაჩენა თქვენში პანიკას არ გამოიწვევს. თქვენ საკუთარი მდგომარეობის სწორად შეფასებას ისწავლით და მიხვდებით, რომ მუცელში უსიამოვნო შეგრძნება, შესაძლოა, ძილის ნაკლებობით იყოს გამოწვეული. საკუთარ შეგრძნებებზე კონცენტრაცია და ემოციების გაკონტროლება ორსულობის თანმხლებ უსიამოვნებებთან გამკლავებაში ძალიან დაგეხმარებათ.
- ბავშვთან კავშირის გაძლიერება
ორსულ ქალბატონებს ნაყოფთან ძალიან ძლიერი კავშირი აქვთ. დედა და ბავშვი პატარას ცხოვრების პირველი წლების მანძილზე საერთო აურის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. დედის განწყობა და ემოციები პატარაზე მარტივად გადადის. იოგა ორსულ ქალბატონსა და ნაყოფს შორის კავშირს მეტად აძლიერებს.
- ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება
ბავშვის დაბადება უდიდესი სიხარულია, თუმცა ის დედისთვის სერიოზულ სტრესთანაც ასოცირდება. ქალბატონების დიდი ნაწილი ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდეგ დეპრესიითა და შფოთვითი აშლილობით იტანჯება. იოგა პროფესიონალ ფსიქოლოგს ნამდვილად ვერ ჩაგინაცვლებთ, თუმცა ის შფოთვისა და დეპრესიული განწყობების პრევენციისთვის იდეალური აქტივობაა. იოგას შესრულება საკუთარი მდგომარეობის განსხვავებულად აღქმას გასწავლით და ორსულობის ყველა უპირატესობას ცხადად დაგანახებთ. პრენატალური იოგას შესრულება ორსულობას ულამაზეს თავგადასავლად აქცევს, რომელიც თქვენს ცხოვრებას უფრო საინტერესოს და პოზიტიურს გახდის.
წარმატებებს გისურვებთ!