რა არის ფასცია - ყველაფერი რაც მის შესახებ უნდა ვიცოდეთ
არასდროს დაფიქრებულხართ, რატომ ვერ ახერხებთ ხელებით თავისუფლად შეეხოთ ფეხის წვერებს ან რა ძალით ინარჩუნებენ თქვენი შინაგანი ორგანოები წონასწორობას, როდესაც თოკით ხტუნვით ხართ დაკავებული? არც იმაზე დაფიქრებულხართ, როგორ უკავშირდება კუნთი ძვალს ან რატომ გიჩნდებათ ცელულიტი? თითოეულ კითხვაზე სრულფასოვანი პასუხის გასაცემად თქვენ ფასციის შესახებ მეტი ცოდნის მოპოვება გჭირდებათ. ადამიანთა უმეტესობამ ძალიან ბევრი რამ იცის აკუპუნქტურის, კრიოთერაპიისა და კეტო დიეტის შესახებ, თუმცა ფასციაზე მათ უდიდეს ნაწილს არაფერი სმენია. ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფაში ფასციას უდიდესი როლი აკისრია. ფიტნეს ექსპერტებმა და გამოცდილმა ათლეტებმა ამის შესახებ ძალიან კარგად იციან.
ფასციის ჯანმრთელობის შენარჩუნება თქვენს ორგანიზმს მრავალმხრივ აჯანსაღებს. მისი დახმარებით თქვენ სხეულს სწორად იჭერთ და არც სიმეტრიის დაცვა გიძნელდებათ. გარდა ამისა, ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესებულია, რის გამოც ვარჯიშის შემდეგ ძალების აღდგენა გიადვილდებათ. ჯანმრთელი ფასცია ცელულიტის გაჩენისგანაც გიცავთ. თქვენ ტრავმების მიღების ნაკლები რისკი გაქვთ, დარბაზში შესრულების ხარისხით ყველასგან გამოირჩევით და ფიზიკური ტკივილებიც ნაკლებად გაწუხებთ. ფასცია შემაერთებელქსოვილოვანი თხელი გარსია, რომელიც ორგანოებსა და კუნთებს შემოსაზღვრავს. მას კუნთებისა და ორგანოებისთვის დამცველობითი ფუნქცია ეკისრება. ის მთელ ორგანიზმში გვხვდება და თქვენს სხეულს დაზიანებისგან იცავს.
რა ფუნქცია აქვს ფასციას ადამიანის ორგანიზმისთვის?
სიტყვა ფასცია ლათინურად შემოსახვევს ნიშნავს. ფასცია წელვადია და მოძრაობის შესრულების დროს ტკივილის გარეშე იცვლის ფორმას. ის შემაერთებელ ქსოვილებს ერთმანეთთან აკავშირებს და კუნთებს, ძვლებს, მყესებს, იოგებსა და სისხლს ერთობლივი ფუნქციონირების საშუალებას აძლევს. ფასცია სხეულის სიმყარეს განაპირობებს. ადამიანის ორგანიზმში ოთხი სხვადასხვა ტიპის ფასცია გვხვდება, თუმცა ყველა მათგანი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ჯანმრთელი ფასცია ძალიან ელასტიურია და მოძრაობისას თავისუფლად სრიალებს. არაჯანსაღი ფასცია თქვენს ორგანიზმში უამრავ პრობლემას იწვევს. ის კუნთოვანი ქსოვილის დეფორმაციას და მოძრაობის შეზღუდვის განვითარებას უწყობს ხელს. ფასციისთვის ზიანის მიყენება მჯდომარე ცხოვრების წესს, ძილის რეჟიმის დარღვევას, კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებას, სტრესს, არაჯანსაღ კვებას, დეჰიდრატაციას და სხეულის არასწორად დაჭერასაც შეუძლია. როდესაც კანზე ცელულიტი ჩნდება, ეს იმაზე მიგანიშნებთ, რომ თქვენი ფასცია ჯანსაღი არ არის. თუ ფასციას სწორად უმკურნალებთ, ცელულიტის დამარცხებას აუცილებლად შეძლებთ.
ადამიანებმა, რომლებსაც ცელულიტი არ აწუხებთ, არ უნდა ჩათვალონ, რომ მათ ჯანსაღი ფასცია აქვთ. თუ ნერვული დაბოლოებებიდან უსიამოვნო სიგნალებს იღებთ, შესაძლოა, თქვენს ფასციას გარკვეული პრობლემები ჰქონდეს. შეიძლება, თქვენ სხეულის რომელიმე ნაწილში უსიამოვნო ტკივილმა შეგაწუხოთ, ან დისკომფორტი თქვენმა ტვინმა ტკივილად აღიქვას. ნებისმიერ შემთხვევაში ფასციის გაჯანსაღებაზე უნდა იზრუნოთ.
როგორ უნდა შეინარჩუნოთ ჯანსაღი ფასცია?
ადამიანებს, რომლებსაც ფასცია ჯანმრთელი არ აქვთ, აღნიშნულ პრობლემასთან გამკლავება ძალიან უჭირთ. თუ თქვენც მსგავსი უსიამოვნებები გაწუხებთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოთ. ცხადია, მოკლე დროში 100 პროცენტით ჯანმრთელი ფასციის ჩამოყალიბებას ვერ შეძლებთ, თუმცა თქვენი მოძრაობა გაცილებით თავისუფალი და უმტკივნეულო გახდება, რაც უდიდეს შვებას გაგრძნობინებთ. თუ გსურთ, რომ ჯანმრთელი ფასცია გქონდეთ და თქვენი ორგანიზმის სიჯანსაღე დაიცვათ, ქვემოთ შემოთავაზებული რჩევები გაითვალისწინეთ.
- დღის განმავლობაში 10 წუთი გაწელვის ვარჯიშებს დაუთმეთ
გაწელვის ვარჯიშები თქვენს კუნთებს მოდუნების საშუალებას აძლევს. მსგავსი ტიპის მსუბუქი დატვირთვა რელაქსაციაში გეხმარებათ და რაც მთავარია, ის ფასციის ჯანმრთელობის შენარჩუნებასაც უწყობს ხელს. უკეთესი შედეგის მისაღებად, უმჯობესია, თუ გაწელვის მოძრაობას 30 წამიდან 1 წუთამდე დააფიქსირებთ, თუმცა, თუ ვარჯიში მტკივნეული ხდება, საკუთარ თავს მეტისმეტად ნუ დატვირთავთ. ვარჯიშისას ზედმეტი ზეწოლა თქვენს ფასციას სარგებელს ვერ მოუტანს. ფასციის სიჯანსაღეზე თუ ზრუნავთ, ეცადეთ სამსახურში სამუშაო მაგიდასთან დღეში რამდენჯერმე შეასრულოთ მსუბუქი გაწელვის ვარჯიშები, ყოველდღიურად 5 წუთიანი რუტინა სპეციალურად ფასციის გაწელვის ვარჯიშებს დაუთმეთ. ხშირად შეასრულეთ მხრებისა და მკლავების გაწელვის ვარჯიშები.
- იმუშავეთ მოქნილობის გაუმჯობესებაზე
მოქნილობის გაუმჯობესებაზე როდესაც ვსაუბრობთ, მარტივად და მსუბუქად მოძრაობის შესაძლებლობის განვითარებას ვგულისხმობთ. თუ ელასტიურობა ან ძალა გაკლიათ, იდეალურად ვერ იმოძრავებთ, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში სერიოზულ დაბრკოლებებს შეგიქმნით. მოქნილობის გაუმჯობესება თუ გსურთ, შეგიძლიათ ფასციის მკურნალობის ისეთ მეთოდებს მიმართოთ, როგორებიცაა: მანუალური თერაპია ან ფიტნეს მასაჟორით ვარჯიში. მოქნილობის გაზრდაზე თუ ზრუნავთ, შეგიძლიათ ონლაინ პროგრამები მოიძიოთ, რომლებიც აღნიშნული მიზნის მიღწევაში დაგეხმარებიან. მობილობის ვარჯიშების შესრულებასთან ერთად, შეგიძლიათ ისეთი რუტინა შეიმუშავოთ, რომელიც დატვირთვისას ტკივილისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.
- მტკივნეული ადგილების გასაჯანსაღებლად ფიტნეს მასაჟორი გამოიყენეთ
ფიტნეს მასაჟორის სარგებლიანობის შესახებ, ალბათ, ძალიან ბევრი გსმენიათ. მისი დახმარებით მარტივად შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილი და გაარკვიოთ, თუ სად გაქვთ ფასციასთან დაკავშირებული პრობლემები. ფიტნეს მასაჟორის გამოყენებით თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მიღება არ გაგიჭირდებათ. ყველა კითხვაზე პასუხს თქვენი სხეული გაგცემთ. როდესაც შეამჩნევთ, რომ სხეულის რომელიმე ზონა შედარებით სუსტია, მასაჟორის დახმარებით მის გაჯანსაღებაზე იზრუნეთ. თითოეული მტკივანი ადგილის დამუშავებას 30-60 წამი უნდა დაუთმოთ, ვიდრე მტკივნეული შეგრძნებები არ გაგიქრებათ. მასაჟორის დახმარებით ნელ-ნელა ფასცია სიჯანსაღის დაბრუნებას აუცილებლად შეძლებს. ფიტნეს მასაჟორი გადაღლილი სხეულის გამოცოცხლებაშიც დაგეხმარებათ და კუნთების ტკივილსაც შეგიმსუბუქებთ.
- ხშირად მიაკითხეთ საუნას, განსაკუთრებით ვარჯიშის შემდეგ
ფასცია როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მხურვალების წყალობით გაცილებით მოქნილი და ჯანსაღი ხდება, რადგან გაუმჯობესებული სისხლის მიმოქცევა მას უკეთ ფუნქციონირებაში ეხმარება. შინაგანი სიმხურვალის მიღწევაში თქვენ ვარჯიში დაგეხმარებათ. გარეგანი სიმხურვალე კი საუნაში სიარულით ან შხაპის ხშირი მიღებით მიიღწევა. საუნაში ფასცია ჩვეულებრივთან შედარებით გაცილებით ელასტიური ხდება და მოძრაობისას საოცარ მოქნილობას ავლენს. საუნაში სიარული ადამიანებს ყოველთვის ხიბლავდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც კვლევებით დადასტურდა, რომ მას ჯანმრთელობისთვის საოცრად ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია, მისი პოპულარობა გაორმაგდა. საუნა კუნთის ტკივილს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს და ვარჯიშის შემდეგ ძალების აღდგენისთვის იდეალური საშუალებაა. კვლევებით ასევე დასტურდება, რომ საუნაში 30 წუთის გატარება ქალბატონების ორგანიზმში ზრდის ჰორმონის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. ეს უკანასკნელი კი ცხიმის წვასა და კუნთოვანი მასის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ საუნაში წადით და განიტვირთეთ. გახსოვდეთ, რომ საუნის დატოვების შემდეგ ჰიდრატაციას გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ, ვიდრე ამას ჩვეულებრივ აკეთებთ. თუ საუნაში წასვლას ვერ ახერხებთ, სხვა სახის თერაპიას მიმართეთ, მაგ. სახლში მიდით და ცხელი შხაპი მიიღეთ.
- იოგა არ დაივიწყოთ
ფიზიოთერაპევთთან მისვლისას ის თქვენს დახმარებას სპეციალური მასაჟების ჩატარებით ცდილობს. გაწელვის სპეციალური ვარჯიშების შესრულება ფასციის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. თუ იოგა გიტაცებთ, ალბათ, გსმენიათ სპეციალური სავარჯიშო ბურთის შესახებ, რომელსაც იოგები ფასციის გასავარჯიშებლად იყენებენ. თუ თქვენს ახლოს ისეთი იოგას კლასები არ არის, სადაც აღნიშნული ტიპის ვარჯიშებს მიმართავენ, შეგიძლიათ ინტერნეტში სპეციალური აპლიკაცია მოიძიოთ, რომლის დახმარებით სრულფასოვანი ვარჯიშების შესრულებას შეძლებთ. მართალია, ფასციის გამაჯანსაღებელი ვარჯიშები იოგას კლასებში ტარდება, მაგრამ აღნიშნული ტიპის დატვირთვა უფრო ფეხბურთელების ყოველდღიურ რუტინას მოგაგონებთ. ჯერ სავარჯიშო ბურთით ხურდებით და მოქნილობის გასაუმჯობესებელ ვარჯიშებს ასრულებთ, შემდეგ კი ტრადიციული იოგას ვარჯიშების შესრულებაზე გადადიხართ.
- ყურადღება მიაქციეთ ჰიდრატაციის ხარისხს
თქვენი კანი ჰიდრატაციის მაღალი ხარისხის მიღწევის შემთხვევაში საოცარ ელფერს იძენს. ის მშრალად და ულამაზოდ აღარ გამოიყურება. როდესაც წყალს სათანადო რაოდენობით იღებთ, თქვენი ფასცია გაცილებით მოქნილი და ჯანსაღი ხდება. დეჰიდრატაციის პირობებში ფასცია სერიოზულად ზიანდება. სწორედ ამიტომ, ჰიდრატაციას სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოთ. ყოველდღიურად იმდენი წყალი უნდა მიირთვათ, რამდენიც თქვენს ორგანიზმს სრულოფასოვანი ფუნქციონირებისთვის სჭირდება.
წარმატებებს გისურვებთ!