რატომ არის შიმშილი სასარგებლო ორგანიზმისთვის?
ორგანიზმის გაჯანსაღების მიზნით შიმშილს ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს. მისი დახმარებით თქვენი ჯანმრთელობისთვის უამრავი სარგებლის მოტანა შეგიძლიათ. ადამიანები შიმშილს უძველესი დროიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები მარხვის დახმარებით სულის გაჯანსაღებაზე საუკუნეებია ზრუნავენ. მეცნიერების განვითარებასთან ერთად ცხადი გახდა, რომ შიმშილს ადამიანის ფიზიკური გაჯანსაღების უნარიც შესწევს.
- შიმშილი წონაში კლებას უწყობს ხელს
გახდომის მსურველი ადამიანები სწრაფი და ეფექტური შედეგის მისაღებად შიმშილს ყველაზე ხშირად მიმართავენ. ჩვეულებრივ, როდესაც იკვებებით, თქვენი ორგანიზმი მიღებულ საკვებს ენერგიის წყაროდ გამოიყენებს, რათა ყოველდღიური ფუნქციონირება შეძლოს. ზედმეტი საკვები კი ორგანიზმში ცხიმის სახით ინახება. წონაში მატებას ჭარბი კალორიების მიღება განაპირობებს, რის შედეგადაც ორგანიზმში დიდი რაოდენობით ცხიმები გროვდება. შიმშილის დაწყებასთან ერთად, ორგანიზმი ენერგიისთვის საჭირო საკვებს ვერ იღებს, რის გამოც ის იძულებული ხდება ენერგიის წყაროდ დაგროვილი ცხიმები გამოიყენოს, რასაც ის ლიპოლიზის დამხარებით ახერხებს. შიმშილის დახმარებით ცხიმებს გაცილებით სწრაფად და ეფექტურად დაწვავთ, ვიდრე რეგულარული დიეტების წყალობით. შიმშილის კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ცხიმის წვის პარალელურად კუნთოვანი მასის დანაკარგს არ იწვევს. სწორედ ამიტომ, ათლეტები მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ ჩვეულებრივ დიეტას შიმშილს ამჯობინებენ. უახლესი კვლევებით დასტურდება, რომ წონაში სწრაფი კლებისა და წონის შენარჩუნებისთვის შიმშილობა ყველაზე ეფექტური გზაა, რომელსაც შეგიძლიათ თამამად მიენდოთ.
- შიმშილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს
აღნიშნული მოსაზრება ბევრს გადაჭარბებულადაც შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ კვლევებით დგინდება, რომ შიმშილს თქვენთვის სიცოცხლის გახანგრძლივების უნარი ნამდვილად შესწევს. მისი წყალობით ორგანიზმში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება, რაც თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ასაკის მატებასთან ერთად თქვენს ორგანიზმში მეტაბოლური პროცესები ნელდება, რაც კუნთოვან ქსოვილს აზიანებს და კუნთოვანი მასის სერიოზულ დანაკარგს იწვევს. საბედნიეროდ, შიმშილს თქვენს ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების დაჩქარება შეუძლია, რის გამოც ის კუნთოვანი მასის დანაკარგისგან დაგიცავთ.
ასაკის მატებასთან ერთად თქვენი ორგანიზმის უჯრედებიც ბერდება. უჯრედების დაზიანება კი ორგანიზმის დაბერებას უწყობს ხელს. საკვები ნივთიერებების დეფიციტი ავტოფაგიის პროცესს ააქტიურებს, რომლის დახმარებითაც ორგანიზმში დაზიანებული ქსოვილების განახლება იწყება. უჯრედში დაგროვილი ზედმეტი ნაწილები გადამუშავდება, ისინი ნადგურდება და მათ ნაცვლად ახალი იქმნება. აღნიშნული პროცესები ორგანიზმს დაბერებისგან იცავს. შიმშილი ზრდის ჰორმონის გამომუშავებასაც ასტიმულირებს, რის გამოც თქვენი ძვლოვანი სტრუქტურა ძლიერდება, ცილის სინთეზი აქტიურდება და კუნთოვანი მასა იმატებს.
ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ შიმშილი ქრონიკული და მომაკვდინებელი დაავადებების ნაადრევ ასაკში განვითარებისგანაც გიცავთ. სიცოცხლის ხანგრძლივობაზე შიმშილის დადებითი ზეგავლენის შესასწავლად ცხოველებზე არაერთი კვლევა ჩატარდა. ერთ-ერთი კვლევის მიმდინარეობისას მამალი ვირთხების ერთ ჯგუფს საკვებს ყოველდღიურად აძლევდნენ, მეორე ჯგუფს კი დღეგამოშვებით. ასე გრძელდებოდა ვირთხების მთელი ცხოვრების მანძილზე. კვლევამ დაადასტურა, რომ იმ ვირთხებს, რომლებსაც დღეგამოშვებით კვებავდნენ და ყოველ მეორე დღეს აშიმშილებდნენ, ვირთხების მეორე ჯგუფთან შედარებით 83 %-ით მეტი სიცოცხლის ხანგრძლივობა ჰქონდათ. იგივე დასკვნები გამოიტანეს კიოტოს უნივერსიტეტის მკვლევარებმაც. მართალია, მსგავსი კვლევები ადამიანებზე არასდროს ჩატარებულა, მაგრამ მეცნიერები ღრმად არიან დარწმუნებულები, რომ შიმშილი ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებასაც უწყობს ხელს.
- შიმშილი ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიფიკაციას
შიმშილი ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს. გადამუშავებული საკვების უდიდესი ნაწილი უამრავ უსარგებლო დანამატს შეიცავს, რომლებსაც თქვენს ორგანიზმზე ტოქსიკური ზემოქმედების უნარი შესწევს. აღნიშნული საკვების მიღებისას ორგანიზმში უამრავი ტოქსიკური ნივთიერება აღწევს. შიმშილს თქვენი ორგანიზმი საფრთხედ აღიქვამს, რის გამოც სტრესორზე საპასუხო რეაქციას ავლენს. ტვინი ენერგიის წყაროდ გლიკოგენის გამოყენებას იწყებს. გლიკოგენი ღვიძლში შენახული ნახშირწყალია. ის ენერგიის ამოუწურავი წყარო არ არის. გლიკოგენის მარაგი 12 საათში იწურება, რის გამოც ორგანიზმი იძულებული ხდება ენერგიისთვის ორგანიზმში შენახული ცხიმი გამოიყენოს. როდესაც ცხიმის წვის პროცესი აქტიურდება, ცხიმის სახით შენახული ტოქსიკური ნივთიერებები ორგანიზმს ტოვებს. ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა თირკმლების, ღვიძლისა და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოების დახმარებით ხდება.
- შიმშილი მეტაბოლიზმს აუმჯობესებს
შიმშილი მეტაბოლიზმს მნიშვნელოვნად აჩქარებს. სუსტი საკვების მომნელებელი სისტემა მეტაბოლიზმის პროცესს აფერხებს და ცხიმის წვას ხელს უშლის. ინტერვალური შიმშილის წყალობით თქვენ მომნელებელ სისტემას შესვენების და განტვირთვის საშუალებას აძლევთ. როდესაც შიმშილის შემდეგ საკვებს იღებთ, თქვენი მეტაბოლიზმი უმჯობესდება, რაც მიღებული საკვების ენერგიად გარდაქმნის პროცესს აჩქარებს და კალორიების წვას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ ასტიმულირებს შიმშილი წონაში კლების პროცესს და რაც მთავარია, ის თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. ვენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ შიმშილს თქვენი მეტაბოლიზმის 14%-ით გაუმჯობესება შეუძლია. შიმშილი სისხლში ნეიროტრანსმიტერ ნორეპინეფრინის შემცველობას ზრდის, რომელიც, თავის მხრივ, მეტაბოლიზმის დაჩქარებას უწყობს ხელს. ინტერვალურ შიმშილობას კუჭ-ნაწლავის ფუნქციის გაუმჯობესების უნარი შესწევს.
- შიმშილი ტვინის კოგნიტურ ფუნქციებს აუმჯობესებს
შიმშილი არამხოლოდ თქვენი სხეულისთვის, არამედ ტვინისთვისაც ძალიან სასარგებლოა. ის მის ფუნქციებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. მისი დახმარებით იზრდება თავის ტვინის ნეიროტროფული ფაქტორის გამომუშავება. აღნიშნული ჰორმონი ნეირონების გადარჩენისა და განვითარების პროცესს ასტიმულირებს. ის ტვინის უჯრედებს დეგენერაციისგან იცავს და ხელს უწყობს პარკინსონის დაავადების ან ალცჰაიმერის პრევენციას. თავის ტვინის ნეიროტროფული ფაქტორის დაბალი მაჩვენებელი დეპრესიას და ტვინის უჯრედების დაზიანებას იწვევს. შიმშილი ტვინს ზედმეტი დაძაბულობის მოხსნაში ეხმარება. გარკვეული ტიპის საკვები, რომელსაც მიირთმევთ, ტვინში მნიშვნელოვან ძვრებს იწვევს, რაც სტრესის განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნულ ვითარებაში თქვენს ტვინს კონცენტრაცია უძნელდება. როდესაც შიმშილობთ, ტვინი გადარჩენის რეჟიმზე ერთვება, რის გამოც ის დასახულ ამოცანებზე ფოკუსირებას იდეალურად ახერხებს. შიმშილი ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისა და სისხლში შაქრის დონის მატებისგანაც იცავს, რაც თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.
ადამიანებსა და ცხოველებზე ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ შიმშილი მეხსიერებას აუმჯობესებს, ის ინსულტის შემდეგ ტვინის ფუნქციის აღდგენას უწყობს ხელს და ნეირონების განვითარებასაც უზრუნველყოფს. კვლევებით ასევე დასტურდება, რომ შიმშილს ნეიროდეგენერაციული დაავადებების მქონე ადამიანების ტვინის კოგნიტური ფუნქციის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების უნარიც შესწევს.
- შიმშილი იმუნურ სისტემას აძლიერებს
ცხოველები ცუდად ყოფნისას ჭამას წყვეტენ. არასდროს გიფიქრიათ, რატომ იქცევიან ისინი ასე? ეს ორგანიზმის დამცველობითი ინსტინქტის წყალობით ხდება. ცხოველები გაუცნობიერებლად არიდებენ თავს კვებას, რათა შინაგანი ორგანოები ზედმეტი სტრესისგან დაიცვან და ინფექციასთან გამკლავება წარმატებით შეძლონ. შემდეგ ჯერზე, როდესაც თავს სუსტად იგრძნობთ, კვება შეზღუდეთ და ეცადეთ შიმშილს გაუძლოთ. მისი დახმარებით იმუნურ სისტემაზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეგიძლიათ. ალბათ, გახსოვთ, რომ შიმშილი დაზიანებული უჯრედების რეგენერაციას უწყობს ხელს. ის უმუნური სისტემის განახლებაშიც დაგეხმარებათ. კვლევებით დგინდება, რომ სამ დღიან შიმშილობას იმუნური სისტემის სრულფასოვნად განახლება შეუძლია. ის სისხლის თეთრი უჯრედების წარმოებას უწყობს ხელს. ეს უკანასკნელნი კი დაავადებებთან და ინფექციებთან ბრძოლისთვის აუცილებლად გჭირდებათ.
შიმშილი ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს და ზედმეტი ცხიმებისგანაც გათავისუფლებთ, რაც დაავადებებთან გამკლავებაში ძალიან გეხმარებათ. შიმშილობის დასრულების შემდეგ ხილის მიღება თქვენს იმუნურ სისტემას კიდევ უფრო გააჯანსაღებს, რადგან ხილის მეშვეობით ორგანიზმს საჭირო მინერალებით, ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით გაამდიდრებთ. შიმშილი ხელს უშლის ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების და თავისუფალი რადიკალების გაჩენას, რომლებიც, თავის მხრივ, ჯანსაღ უჯრედებს აზიანებენ.
წარმატებებს გისურვებთ!