წონებით ვარჯიში და ვარიკოზი - იწვევს თუ არა სიმძიმეებით აზიდვები ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას?
ფიტნესით დაკავებული ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ წონებით ვარჯიში ვენების ვარიკოზული დაავადების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. თუ სიმძიმეების გამოყენებით ჩაჯდომები ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეგისრულებიათ, შეამჩნევდით, რომ დატვირთვის შემდეგ ფეხებზე ვენები უფრო გამოგეკვეთათ, რის გამოც, სავარაუდოდ, გადაწყვეტდით, რომ წონებით ვარჯიშს ვარიკოზის გამოწვევა შეუძლია. ვენების ვარიკოზული დაავადების დროს ფეხზე ზედაპირული ვენები პათოლოგიურად ფართოვდება, რაც შეუიარაღებელი თვალითაც მარტივი შესამჩნევია. იწვევს თუ არა სიმძიმეებით აზიდვა ვარიკოზის განვითარებას? ჩვენს სტატიაში აღნიშნულ კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაგცემთ. პროფესიონალი მედიკოსები და ფიტნეს ექსპერტები ვარიკოზის განვითარების მიზეზებზე გვესაუბრებიან. სტატიიდან ასევე შეიტყობთ, რა განსხვავებაა ვარჯიშის შემდეგ გაფართოებულ ვენებსა და ვარიკოზულ ვენებს შორის.
- ვარიკოზული ვენები
ვარიკოზის განვითარებასთან ერთად ვენური კედელი თხელდება და ვენის სანათური ფართოვდება. ვენების ვარიკოზული გაფართოვება უმეტესად ქვედა კიდურების მიდამოებში შეინიშნება. ვარიკოზის დროს ვენას ტომარისებური ფორმა აქვს, ვარიკოზული კვანძები გამობერილია. უმეტესად ვენებს ლურჯი შეფერილობა დაკრავს. ვარიკოზული ვენების პრობლემის გასაგებად, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ მოძრაობს სისხლი ჩვენს ორგანიზმში. არტერიების დახმარებით სისხლი გულიდან სხვადასხვა ქსოვილს, მათ შორის კუნთებს, მიეწოდება. ვენების დახმარებით სისხლის უკუდინება ხდება და ის კვლავ გულის მიმართულებით იწყებს მოძრაობას. ვენის სარქველის დახმარებით სისხლის მოძრაობა უწყვეტია და მას მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს, თუმცა თუ სარქველი დაზიანებული ან სუსტია, სისხლი ვენაში ორივე მიმართულებით იწყებს გადაადგილებას. როდესაც ვენებიდან სისხლი ქვემოდან ზემოთ აღარ მიედინება, ვენაში წნევა მნიშვნელოვნად იმატებს, რის გამოც ის ფართოვდება და პათოლოგიურ შეფერილობას იღებს. მართალია, ვარიკოზული ვენები ყველაზე ხშირად ქვედა კიდურებზე გვხვდება, მაგრამ ის, შესაძლოა, სხეულის სხვა ნაწილებზეც გაჩნდეს.
როგორც წესი, ვენების ვარიკოზულ დაავადებას მძიმე სიმპტომატიკა არ ახასიათებს. თუმცა, თუ მდგომარეობა მეტისმეტად გართულდა, შესაძლოა, ქვედა კიდურების არეში სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნებამაც შეგაწუხოთ. იშვიათად კუნთების კრუნჩხვები, წვის შეგრძნება და ქავილიც შეინიშნება.
- რა იწვევს ვენების ვარიკოზულ დაავადებას?
ვენების ვარიკოზული დაავადების გამომწვევი უმთავრესი მიზეზი გენეტიკაა. მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად სამედიცინო დაწესებულებებს ვარიკოზული ვენების პრობლემის მქონე ათასობით პაციენტი მიმართავს. მათ უდიდეს ნაწილს კი ვარიკოზის განვითარების გენეტიკური მზაობა აქვს. ვარიკოზული ვენების განვითარებას ხელს უწყობს ორსულობით გამოწვეული ჰორმონალური ცვლილებები, მენოპაუზა, ასაკის მატება და ჭარბწონიანობა. ადამიანებს, რომლებიც ცხოვრების უძრავ წესს მისდევენ, ვენების ვარიკოზული დაავადება უფრო ხშირად უვითარდებათ, ვიდრე ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებს. მთელი დღის მანძილზე უძრავად ჯდომა, სისხლის მიმოქცევის პროცესს ანელებს, რაც ვარიკოზის განვითარების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.
- იწვევს თუ არა წონებით ვარჯიში ვენების ვარიკოზული დაავადების განვითარებას?
სიმძიმეებით აზიდვა ვენების ვარიკოზული დაავადების გამომწვევი მიზეზი არ არის. ძალიან ბევრი ადამიანი ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ წონებით ვარჯიშის შემდეგ ვენების დროებითი გაფართოება ვარიკოზის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორია. ზემოთ უკვე ავღნიშნეთ ვენების ვარიკოზული დაავადების გამომწვევი ძირითადი რისკ-ფაქტორები. როგორც თავად ნახეთ, მათ შორის წონებით ვარჯიში ნამდვილად არ მოიაზრება. პირიქით, ვარჯიში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. რის გამოც, ის ვარიკოზის განვითარების პრევენციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მართალია, როდესაც განსაკუთრებულად იტვირთებით და ძალიან მძიმე წონებით ვარჯიშობთ, თქვენს კუნთებზე დიდი დატვირთვა მოდის. თავის მხრივ კუნთები ვენებს ტვირთავს, რათა გულს საჭირო რაოდენობის სისხლი მიეწოდოს. ვენებზე რეგულარული და ხანგრძლივი ზეწოლა ვენის სარქველს აზიანებს, რამაც, შესაძლოა, გენეტიკურად ვარიკოზისკენ მიდრეკილ ადამიანებში ვენების ვარიკოზული დაავადების განვითარებას შეუწყოს ხელი.
სიმძიმეებით ვარჯიშისას სწორი ტექნიკის გამოყენება ვარიკოზის განვითარებისგან აუცილებლად დაგიცავთ. თუ თქვენ წონებით ხშირად ვარჯიშობთ და ძალიან იტვირთებით, უმჯობესია, ვარჯიშის დროს კომპრესიული წინდები ჩაიცვათ, რათა ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას შეუწყოთ ხელი. სიმძიმეების აწევისას ექსპერიმენტებს მაქსიმალურად უნდა ერიდოთ. საკუთარი თავისთვის გამოცდის მოწყობა თუ გსურთ, უმჯობესია, თუ ამას თვეში მხოლოდ ერთხელ გააკეთებთ. კუნთების მეტისმეტი გადატვირთვა ვენების დაზიანებას გამოიწვევს. თუ ვარიკოზისკენ ხართ მიდრეკილი, მსგავსი ექსპერიმენტები თქვენთვის სახიფათოა. აჯობებს, თუ ჩვეულებრივი რუტინიდან იშვიათად გადაუხვევთ და საკუთარ შესაძლებლობებს გამოცდას ნაკლებად მოუწყობთ.
თუ თქვენ უკვე გაქვთ ვენების ვარიკოზული დაავადება, რომელიც მწვავე სიმპტომატიკით მიმდინარეობს და ყოველდღიურ დისკომფორტს გიქმნით, შესაძლოა, თქვენმა მკურნალმა ექიმმა გირჩიოთ, რომ მძიმე წონებით აზიდვებისგან თავი შეიკავოთ და ძალოვანი ვარჯიშების შესრულებაზე უარი თქვათ. თუ თქვენ ვარიკოზული ვენების პრობლემა გაქვთ, მაგრამ ქვედა კიდურების სიმძიმე, ტკივილი, ქავილი და დისკომფორტი არ გაწუხებთ, შეგიძლიათ, ექიმის ნებართვით სიმძიმეებით ვარჯიში სცადოთ. როგორც წესი, მედიკოსები ვენების ვარიკოზული დაავადების მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტებს ნაკლებად ზღუდავენ. წონებით ვარჯიშს თქვენი ორგანიზმისთვის უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია, გარდა ამისა, ის ვარიკოზის მსუბუქი ფორმის მქონე ათლეტების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარი თუ ხართ, სიმძიმეებით ვარჯიში თქვენი რუტინიდან არ გამორიცხოთ.
- რა განსხვავებაა ვარჯიშის შემდეგ ვენების დროებით გაფართოებასა და ვარიკოზს შორის?
ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს შემდეგი კითხვა აწუხებს: თუ მძიმე წონებით ვარჯიში ვენების ვარიკოზული დაავადების გამომწვევი მიზეზი არ არის, რატომ გვიფართოვდება ქვედა კიდურებზე ვენები სიმძიმეებით აზიდვების შემდეგ? საქმე იმაშია, რომ დატვირთვის დასრულების შემდეგ ვენების აშკარა გამოკვეთა და გაფართოება ვენის სარქველის დაზიანებით არ არის გამოწვეული. ვარიკოზული ვენების განვითარებას კი სწორედ სარქველის დაზიანება იწვევს. წონებით ვარჯიშის დროს, კუნთები, რომლებსაც ტვირთავთ, გაცილებით მეტ ჟანგბადს საჭიროებენ, ვიდრე ჩვეულებრივ. კუნთი ჟანგბადს არტერიიდან მოწოდებული სისხლის დახმარებით იღებს. ფიზიკური აქტივობის დროს არტერიიდან დიდი რაოდენობით სისხლის მიწოდება ხდება საჭირო, შესაბამისად, ვენებიც განსაკუთრებულად იტვირთება. ვენა იძულებული ხდება, სისხლის უკუსვლა მნიშვნელოვნად გააქტიუროს. საქმე იმაშია, რომ ვენის მეშვეობით გულის მიმართულებით სისხლის მიწოდება გაცილებით ნელა ხდება, ვიდრე კუნთების სისხლით მომარაგება არტერიის დახმარებით. სწორედ ამიტომ, ხშირად სისხლი ვენაში ორივე მიმართულებით იწყებს დინებას, წნევა მატულობს და ქვედა კიდურებზე ვენები გამოკვეთას იწყებს.
ვარჯიშის შემდეგ ვენების გამოკვეთას სხვა ფაქტორებიც უწყობს ხელს. თუ თქვენ გენეტიკურად ვენების გაფართოებისკენ ხართ მიდრეკილი ან განსაკუთრებით მძიმე ვარჯიშებს ასრულებთ, შესაძლოა, ქვედა კიდურებზე ვენები მნიშვნელოვნად გამოგეკვეთოთ. ვარჯიშის დროს თქვენი კუნთოვანი მასა იბერება და ამოიზნიქება, რის გამოც ვენები კანის ზედაპირთან ახლოს ხვდება. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია წონებით ვარჯიშის დროს. კარდიოს შესრულების შემდეგ კუნთებზე ნაკლები ზეწოლის გამო ვენების გამოკვეთა ნაკლებად მოსალოდნელია. გაფართოებულ და ამოზნექილ ვენებს ზოგიერთი ადამიანი ვარიკოზის ერთ-ერთ ნიშნად აღიქვამს და თვლის, რომ ვარჯიშის შედეგად ვენების ვარიკოზული დაავადების განვითარების საფრთხე ემუქრება. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის გენეტიკასაც. თუ თქვენ სისხლძარღვოვანი აღნაგობა გაქვთ, ვარჯიშის შემდეგ ვენები მეტად გამოგეკვეთებათ. მნიშვნელოვანია სხეულის კომპოზიციის ტიპიც. რაც უფრო გამხდარი ხართ, დატვირთვის შემდეგ თქვენს სხეულზე ვენები მით მეტად იკვეთება.
ვენების ვარიკოზული დაავადება პერმანენტულ ხასიათს ატარებს. მას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი და მრავალფეროვანი გამოვლინება აქვს. ვარჯიშის შემდეგ ვენების გაფართოება კი დროებითი მოვლენაა. მას ვარჯიშის დროს თქვენს ორგანიზმში მიმდინარე აბსოლუტურად ნორმალური და ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესები იწვევს. თუ წონებით ვარჯიში იმიტომ გაშინებთ, რომ მას ვარიკოზული ვენების გამომწვევ მიზეზად თვლით, ცდებით. სიმძიმეებით ვარჯიში თქვენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა და ის ვენების ვარიკოზული დაავადების გამომწვევი მიზეზი არ არის.
წარმატებებს გისურვებთ!