პილატესი თუ იოგა - რომელს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა?
პილატესსა და იოგას ხშირად ერთ ჭრილში განიხილავენ. ორივე მათგანი გონებრივი და ფიზიკური ვარჯიშის კომბინაციაა, მათი დახმარებით სტრესთან გამკლავებას წარმატებით ახერხებთ, სწორად სუნთქვას სწავლობთ და ფიზიკურადაც ჯანსაღდებით. იოგასა და პილატესის ინსტრუქტორებს თუ გაესაუბრებით, ისინი აუცილებლად გეტყვიან, რომ ვარჯიშის ამ ორ ნაირსახეობას შორის ძალიან ბევრი განსხვავება არსებობს, რომელთა შესახებ მოყვარულმა ათლეტებმა არაფერი იციან. ჩვენს სტატიაში პილატესსა და იოგას შორის არსებულ მსგავსებებსა და განსხვავებებზე გესაუბრებით. ყურადღებით გაეცანით თითოეული მათგანის მთავარ უპირატესობებს, რათა თქვენთვის სასურველი ვარჯიში შეარჩიოთ.
რა არის პილატესი?
„პილატესის მეთოდი“ 1920-იან წლებში ჟოზეფ პილატესმა შეიმუშავა. მას მთელი ბავშვობის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. ჟოზეფი რევმატიული შეტევებით და ასთმით იტანჯებოდა, სუსტი ჯანმრთელობის ფონზე კი მას რაქიტიც განუვითარდა. საკუთარი სხეულის და ორგანიზმის გასაძლიერებლად ჟოზეფმა ადრეული ასაკიდანვე დაიწყო ახალ სავარჯიშო პროგრამაზე მუშაობა. პილატესის სავარჯიშო რუტინა 500-მდე მოძრაობას მოიცავდა, რომელთაგან უმეტესი ნაწილი იოგას, ბალეტის და ტანვარჯიშის მოძრაობებს იმეორებდა. პილატესი როგორც აერობული ასევე ანაერობული სახის დატვირთვაა. ის ძირითადად ცენტრის კუნთების გაძლიერებაზეა ორიენტირებული. პილატესის თითოეული ვარჯიში სპეციალურ სუნთქვით ტექნიკებსა და რიტმს საჭიროებს. პილატესის შესრულებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორად შერჩეულ პოზას ენიჭება. მართალია, თქვენ პილატესის სხვადასხვა კლასის შერჩევა შეგიძლიათ, მაგრამ იოგასგან განსხვავებით პილატესის განსხვავებული კლასიფიკაციენი არ არსებობს. კლასები მიზნების მიხედვით არის დაყოფილი, მაგ. მოქნილობის, ძალის მატების, სტრესის შემცირების და ა.შ. განსხვავებულ კლასებში ვარჯიშობენ დამწყები და გამოცდილი ადამიანები.
პილატესს თქვენი ორგანიზმისთვის ძალიან ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. ის მოქნილობას გმატებთ, სხეულის კომპოზიციას ხვეწს, კოორდინაციას აუმჯობესებს, კუნთები ტონუსში მოჰყავს, აძლიერებს ცენტრის კუნთებს, გეხმარებათ რელაქსაციასა და სტრესის შემცირებაში. პილატესი ძალიან სასარგებლოა წონაში კლების მსურველებისთვისაც, ის ტრავმების მიღების ალბათობას ამცირებს და მიღებული დაზიანებებისგან განკურნებაშიც ხელს გიწყობთ. პილატესის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერება წარმოადგენს.
რა არის იოგა?
იოგა უძველესი ჰოლისტური ვარჯიშია, რომელსაც საფუძველი ინდოეთში ჩაეყარა. იოგას შესრულებისას თქვენ სხეულს ფიზიკურად ამოძრავებთ, გონებას ფოკუსირებაში ეხმარებით და კონცენტრაციის მაღალი ხარისხის მიღწევის პარალელურად სულიერ ვარჯიშებსაც ასრულებთ. იოგას უმთავრეს მიზანს სხეულსა და გონებას შორის ძლიერი ურთიერთკავშირის დამყარება წარმოადგენს. ის მოქნილობის გაუმჯობესებაში გეხმარებათ. იოგას კუნთები ტონუსში მოჰყავს და მათ გაძლიერებასაც უწყობს ხელს. ის აუმჯობესებს ძილს, ამცირებს სტრესს, გეხმარებათ ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებაში. იოგა მეტაბოლიზმს ასტიმულირებს, ის ძალიან სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვის და ენერგიის მატებასაც უწყობს ხელს. იოგების უმთავრეს მიზანს სულიერი და ფიზიკური ჰარმონიის მიღწევა წარმოადგენს. ითვლება, რომ იოგა ჯერ კიდევ 5000 წლის წინ არსებობდა. თანამედროვე იოგა ტრადიციული იოგასგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ იოგას კლასს მიაკითხოთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ რა ტიპის იოგას ანიჭებთ უპირატესობას.
აშთანგა იოგა საკმაოდ დინამიკური და აქტიური ვარჯიშებისგან შედგება. ვარჯიშის დროს თქვენ ტრადიციული, სტატიკური იოგას პოზების დაფიქსირების გარდა, სხვადასხვა მოძრაობის შესრულებაც მოგიწევთ. აშთანგა იოგას ხშირად ათლეტურ იოგადაც მოიხსენიებენ. ჰათჰა იოგა ძალიან ბევრ ქვეტიპს აერთიანებს. ის ძირითადად ძალისა და მოქნილობის გაზრდაზეა ორიენტირებული და მედიტაციურ ხასიათს ნაკლებად ატარებს. ინ იოგა მჯდომარე პოზაში სრულდება და იოგას სხვა ნაირსახეობებთან შედარებით მშვიდი და სტატიკურია. ინ იოგას პოზები საკმაოდ ხანგრძლივად უნდა დააფიქსიროთ( თუ გამოცდილი იოგი ხართ 5 წუთს ან უფრო მეტ ხანს). ინ იოგა ძალიან სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სახსრების ელასტიურობის გაზრდა სურს, ასევე მათთვის, ვისაც ცირკულაციის გაუმჯობესება და სტრესისგან გათავისუფლება უნდა. ვინიასა იოგა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იოგას ნაირსახეობაა. მისი შესრულება დამჯდარს, დამდგარს ან ზურგზე მწოლიარეს შეგიძლიათ. ვინიასა იოგა ცენტრის კუნთების გაძლიერებასა და ბალანსის შენარჩუნებაში გეხმარებათ.
რა მსგავსება და განსხვავებაა პილატესსა და იოგას შორის?
პილატესს და იოგას ძალიან ბევრი საერთო აქვს. ორივე მათგანი გონებისა და სხეულის ურთიერთკავშირის გაზრდაზეა ორიენტირებული. ამ ორ ვარჯიშს შორის პილატესი უფრო ათლეტურად ითვლება. მიუხედავად ამისა სწორად სუნთქვა და კონცენტრაციის მაღალი ხარისხი პილატესის შესრულებისას ძალიან მნიშვნელოვანია. პილატესიც და იოგაც ძირითადად ხალიჩაზე სრულდება. ორივე ვარჯიშის შესრულება ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ. იოგაც და პილატესიც თქვენგან მობილიზაციის მაღალ ხარისხს მოითხოვს. ორივე მათგანი ცენტრის კუნთების გაძლიერებაზე, ბალანსის გაუმჯობესებასა და კონცენტრაციის გაზრდაზეა ორიენტირებული. მიუხედავად ამისა ამ ორ პრაქტიკას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. პილატესი სხვადასხვა ფორმით არ სრულდება. იოგას კი უამრავი ნაირსახეობა აქვს. იოგა უფრო მეტად მედიტაციურ ხასიათს ატარებს და გონებაში მიმდინარე პროცესებზეა ორიენტირებული. პილატესი კი გაცილებით დიდ მნიშვნელობას სხეულს ანიჭებს, ის მოქნილობის და ძალის მატებაზეა ორიენტირებული.
პილატესისა და იოგას შესასრულებლად საჭირო აღჭურვილობა
პილატესისა და იოგას შესასრულებლად სხვადასხვა სახის აღჭურვილობა გჭირდებათ. იოგას კლასებში სავარჯიშოდ ძირითადად ხალიჩა გამოიყენება. დამატებითი აღჭურვილობა იშვიათ შემთხვევებში მხოლოდ დამწყებებს შეიძლება დასჭირდეთ. იოგას შესასრულებლად საჭირო სხვა აღჭურვილობებია: ბალიში, ქამარი, პლედი და ბორბალი. პილატესით დაკავებულ ათლეტებს ვარჯიშების შესრულება სპეციალურ ტრენაჟორზე უხდებათ, რომელიც თავად ჟოზეფ პილატესმა შექმნა (თანამედროვე ტრენაჟორი უფრო დაიხვეწა). ტრენაჟორს არათანაბარი ზედაპირი აქვს და კონკრეტული კუნთების გასაძლიერებლად იდეალური მოწყობილობაა. პილატესის სტუდიაში აღნიშნულ ტრენაჟორზე ვარჯიშს აუცილებლად შეძლებთ. პილატესის შესასრულებლად საჭირო სხვა მოწყობილობებია: პილატესის სკამი, წელვადი თოკები, წონები, სავარჯიშო რგოლები და ხალიჩა.
პილატესი თუ იოგა - რომელს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა?
პილატესი და იოგა თანაბრად სასარგებლო ვარჯიშებია, თუმცა მათ შორის არჩევანის გაკეთება თუ გსურთ, პირველ რიგში, მიზნების გამოკვეთა მოგიწევთ. კუნთების გაძლიერებაზე თუ ზრუნავთ, უმჯობესია ვარჯიში პილატესით დაიწყოთ. ასაკის მატებასთან ერთად კუნთოვანი მასა იკარგება. აღნიშნული პრობლემის თავიდან ასაცილებლად, კუნთების გაძლიერებაზე უნდა იზრუნოთ. მოქნილობის გაზრდა თუ გსურთ, იოგას მიანიჭეთ უპირატესობა. უძრავი ცხოვრების წესი მოქნილობის და ელასტიურობის დაქვეითებას ხშირად იწვევს. აღნიშნული პრობლემისგან თავის დაღწევაში იოგა ნამდვილად დაგეხმარებათ. კალორიების წვა თუ გსურთ, პილატესი უნდა აირჩიოთ. ის ცხიმის წვაში მეტად გეხმარებათ. ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებაში იოგაც დაგეხმარებათ. მთავარია, შედარებით დინამიკური და აქტიური იოგას კლასი შეარჩიოთ. აქტიური ცხოვრების წესზე გადასვლა თუ გსურთ, უპირატესობა იოგას მიანიჭეთ. გაწელვის ვარჯიშების და მარტივი პოზების დახმარებით იოგა უძრავი ცხოვრების წესიდან აქტიური ცხოვრების წესზე გადასვლას გაგიადვილებთ.
ორსული ქალბატონებისთვის იოგა საუკეთესო არჩევანია. თუ ბავშვს ელოდებით, პრენატალური იოგას კლასი შეარჩიეთ. თუ მსგავს კლასს ვერსაც იპოვით, იოგას ინსტრუქტორს აუხსენით, რომ ორსულად ხართ. ის თქვენთვის სასარგებლო პოზების შერჩევაში დაგეხმარებათ. ართრიტი თუ გაწუხებთ, ორივე სახის ვარჯიშით შეგიძლიათ დაკავდეთ. იოგა მოქნილობის და ელასტიურობის გაზრდაში დაგეხმარებათ, პილატესი კი სახსრებს გაგიძლიერებთ. თუ გამოუცდელი ხართ, სპეციალურად დამწყებთათვის განკუთვნილი იოგასა და პილატესის კლასები შეარჩიეთ. იოგას კვირაში ერთხელ შესრულებაც კი საკმარისია, რათა მისგან სარგებლის მიღება შეძლოთ. საუკეთესო შედეგის მისაღებად, უმჯობესია, თუ იოგას კვირაში 2-3-ჯერ შეასრულებთ. პილატესით კვირაში მინიმუმ 3-ჯერ მაინც უნდა დაკავდეთ. თუ დამწყები ხართ, პილატესი კვირაში ერთხელ შეასრულეთ. თუ დარწმუნებული არ ხართ, პილატესსა და იოგას შორის რომელ მათგანზე შეაჩეროთ არჩევანი, შეგიძლიათ ორივე მათგანით დაკავდეთ. მათი კომბინაცია მენტალურ და ფიზიკურ გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ, ამასთან განწყობასაც მნიშვნელოვნად გამოგიკეთებთ.
წარმატებებს გისურვებთ!