სპინინგის შესრულებისას დაშვებული შეცდომები და მათი გამოსწორების გზები
ფიტნეს მოყვარულების ინტერესი სპინინგისადმი ყოველდღიურად მატულობს. ცნობილია, რომ აღნიშნული ტიპის კარდიოს შესრულებისას, თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ ერთ სავარჯიშო სესიაზე 500-600 კალორია დაწვათ. როგორც წესი, სპინინგით გატაცებულ მოყვარულ ათლეტებს განსაკუთრებული მოლოდინები აქვთ. ისინი თვლიან, რომ ვარჯიშის მოცემული ნაირსახეობის დახმარებით წონაში საგრძნობლად დაიკლებენ და ზედმეტი ცხიმებისგან გათავისუფლებას წარმატებით შეძლებენ. იმის გამო, რომ სპინინგის ერთ სესიას კალორიების საკმაოდ ეფექტური წვის უნარი აქვს, ფიტნეს მოყვარულები ერთ თვეში საოცარ ცვლილებებს ელიან. მათი უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ დროის საკმაოდ მოკლე შუალედში ფორმაში ჩადგომას შეძლებს. მიუხედავად იმისა, რომ დამწყებ ათლეტებს სპინინგისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, მათი მოლოდინები ყოველთვის არ მართლდება. საინტერესოა, რატომ ვერ ახერხებენ ფიტნეს მოყვარულები ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას, როდესაც ისინი სპინინგით რეგულარულად კავდებიან? როგორც აღმოჩნდა, სპინინგი არც ისე მარტივი ვარჯიშია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს და მისი შესრულებისას ათლეტები შეცდომებს ხშირად უშვებენ.
ჩვენს სტატიაში სპინინგით გატაცებული ფიტნეს მოყვარულების მიერ დაშვებულ შეცდომებზე გესაუბრებით. თუ კარდიოს მოცემული ნაირსახეობა თქვენც გიზიდავთ, მაგრამ მისი დახმარებით წონაში დაკლებას ვერ ახერხებთ, ყურადღებით გაეცანით იმ 6 მთავარ შეცდომას, რომელსაც გამოუცდელი ათლეტები ხშირად უშვებენ.
- ველოტრენაჟორის არასწორი რეგულირება
ველოტრენაჟორის სწორ რეგულირებას სპინინგით გატაცებული ათლეტებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ თქვენთვის ტრენაჟორის ფიქსირებული მდგომარეობა მოუხერხებელია, ვარჯიშისგან სათანადო სარგებლის მიღებას ვერ შეძლებთ, რაც კალორიების წვის ხარისხზეც აისახება. როდესაც ველოტრენაჟორის სწორად რეგულირებას ვერ ახერხებთ, თქვენ ჯგუფთან ერთად ვარჯიში გიჭირთ, სხვებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებით, ახალი გამოწვევების მიღებას ვეღარ ახერხებთ, გარდა ამისა, ტრავმის მიღების საფრთხეც გემუქრებათ. იმისთვის, რომ ველოტრენაჟორი სწორად დაარეგულიროთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები: ტრენაჟორის სკამი თეძოს ძვლის გასწვრივ უნდა გააჩეროთ. როდესაც სკამის პოზიციას დააფიქსირებთ, თქვენი მუხლები მსუბუქად მოხრილ მდგომარეობაში აღმოჩნდება (დაახლოებით 12 გრადუსიან კუთხეს შექმნის). როდესაც სკამზე დაჯდებით, ფეხები ბოლომდე უნდა გაშალოთ. ორივე ფეხის პოზიცია კარგად უნდა შეამოწმოთ. თუ სკამს ძალიან მაღალ პოზიციაზე გააჩერებთ, ვარჯიშის დროს ფეხის კუნთების სათანადოდ გამოყენებას ვეღარ შეძლებთ, რამაც, შესაძლოა, მუხლის დაზიანებამდე მიგიყვანოთ. თუ სკამის პოზიცია მეტისმეტად დაბალი აღმოჩნდება, მუხლები ძალიან დაგეძაბებათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაღლა ასვლის მძიმე მოძრაობას შეასრულებთ.
ველოტრენაჟორის საჭესა და სკამს შორის მანძილი თქვენი წინამხრის სიგრძეს უნდა უტოლდებოდეს. მანძილის სიზუსტის დასადგენად, ტრენაჟორზე მოთავსდით. როდესაც პედალს ტერფით დააწვებით, თქვენი მუხლი ტერფზე წინ არ უნდა გაიქცეს. საჭესა და სკამს შორის მანძილის დასარეგულირებლად, შეგიძლიათ თითოეული მათგანის პოზიცია შეცვალოთ, ან მხოლოდ საჭეს შეუცვალოთ მდებარეობა. ფეხების მოძრაობის დროს მუხლი 90 გრადუსზე მეტად არ უნდა მოხაროთ. გახსოვდეთ, რაც უფრო მაღლა მოათავსებთ საჭეს, ზურგისა და მუცლის კუნთების დატვირთვას მით მეტად შეამსუბუქებთ.
- სხეულის არასწორად დაჭერა
ველოტრენაჟორის სათანადოდ რეგულირების შემდეგ, თქვენს თავს აუცილებლად დაუსვით შემდეგი კითხვები: რამდენად კომფორტულია ტრენაჟორზე ჯდომა? ვახერხებ თუ არა შეუფერხებლად მოძრაობას, როდესაც ტერფებით პედლებს ვეყრდნობი? თუ რომელიმე კითხვაზე ნეგატიური პასუხი გაქვთ, აუცილებლად დააკვირდით თქვენს სხეულს, შეამოწმეთ რამდენად სწორ პოზაში ზიხართ და მზად ხართ თუ არა სპინინგისთვის. იმისთვის რომ კალორიების სათანადოდ დაწვა შეძლოთ, სხეული სწორად უნდა დაიჭიროთ. სკამზე ბალანსირებულად უნდა დაჯდეთ, საჯდომის ბორცვი (მსხვილი ძვლოვანი წარმონაქმნი) რომელიმე მხარეს გადახრილი არ უნდა იყოს. პედალზე ფეხის დაჭერისას და მოძრაობის შესრულებისას თქვენი სხეული ტრენაჟორის ცენტრში უნდა მოძრაობდეს. ტერფებით პედალს ბოლომდე უნდა ეხებოდეთ. ორივე ხელის იდაყვი მსუბუქად მოხრილი უნდა გქონდეთ, ხოლო საჭეს ხელი მსუბუქად უნდა ჩაავლოთ. ზედა ტანი მტკიცედ უნდა გეჭიროთ. თუ ვინმე მოვა და გვერდიდან მსუბუქად გიბიძგებთ, სტაბილური პოზის დაფიქსირება უნდა შეძლოთ. გახსოვდეთ, წარმატებული სპინინგისთვის ბალანსის შენარჩუნება აუცილებელია. მისი დახმარებით დუნდულებისა და კვადრიცეფსის სათანადოდ დატვირთვას შეძლებთ, რაც საბოლოო ჯამში, ეფექტურ შედეგამდე მიგიყვანთ. ვარჯიშის დროს სხეულის სწორი პოზიციის დაფიქსირება ცალკეულ კუნთებზე მუშაობის საშუალებას მოგცემთ. თქვენთვის მნიშვნელოვანი კონკრეტული ზონის განვითარებასა და გაძლიერებაზე ზრუნვა თუ გსურთ, პირველ რიგში, სხეულის სწორად დაჭერა უნდა ისწავლოთ.
- ახალი გამოწვევების შიში
ყველა სხვა ფიტნეს კლასისგან განსხვავებით, სპინინგის კლასები საშუალებას გაძლევთ თავად გადაწყვიტოთ, რამდენად ინტენსიურად დაიტვირთებით. მოძრაობის სიჩქარე მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ წყვეტთ, როგორ და რა სიხშირით იმოძრავებთ. არჩევანში აბსოლუტურად თავისუფალი ხართ. ადამიანები სიჩქარისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებებს ავლენენ. ის რაც ზოგიერთისთვის სწრაფ ტემპად ითვლება, ზოგისთვის მეტისმეტად ნელ მოძრაობასთან შეიძლება ასოცირდებოდეს. ერთსა და იმავე ათლეტს ენერგიისა და ძალის მაჩვენებლები ყოველდღიურად ეცვლება, რის გამოც დატვირთვის ხასიათი და ხარისხიც მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ვარჯიშის დაწყებამდე თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ, რამდენად დაიტვირთებით. როგორც წესი, ტრენაჟორის ჩამრთველი ღილაკი საჭის ქვემოთ არის განთავსებული. მისი დახმარებით, სიჩქარეების დარეგულირებას შეძლებთ. სპინინგით გატაცებულმა ადამიანებმა სასურველი შედეგის მისაღებად ვარჯიშის დროს გულისცემა მაქსიმალურად უნდა გაზარდონ. სუნთქვის გაძნელება და ჭარბი ოფლიანობაც წარმატებული ვარჯიშის მთავარ ინდიკატორებად მიიჩნევა. ათლეტმა მიღებული შედეგები და დატვირთვის ხარისხი ყოველი ვარჯიშის შესრულების შემდეგ წინა ვარჯიშის დროს მიღებულ შედეგებს უნდა შეადაროს. თუ აღმოაჩენთ, რომ 10 სესიის შემდეგ თქვენი გამძლეობა და ამტანობა პროგრესს არ განიცდის, ე.ი. ახალი გამოწვევების მიღება გაშინებთ და სათანადოდ არ იტვირთებით.
- ენერგიის არაბალანსირებული ხარჯვა
კარგი ფიტნეს ინსტრუქტორები აუცილებლად დაგეხმარებიან სავარჯიშო რუტინის სწორად ორგანიზებაში. სპინინგი ეფექტური რომ იყოს, აუცილებელია ვარჯიშის დაწყებამდე სათანადოდ გახურდეთ, შემდეგ ინტენსიური კარდიოთი დაკავდეთ, ძალის გაზრდაზე ორიენტირებული მოძრაობები შეასრულოთ, შემდეგ დატვირთვის ინტენსივობა შეამციროთ და ვარჯიში გაწელვის ვარჯიშებით დაამთავროთ. დამწყებ ათლეტებს ინსტრუქტორები ყოველთვის აფრთხილებენ, რომ დატვირთვის პირველ ნახევარში ძალები დაზოგონ, რათა ინტენსიური კარდიოს შესასრულებლად საჭირო ენერგია ჰქონდეთ. გამოცდილმა ათლეტებმა კარგად იციან, როგორი ინტენსივობით უნდა ივარჯიშონ. თუ დამწყები ხართ, ინსტრუქტორის რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ, რათა ენერგიის სწორად გადანაწილება შეძლოთ.
- ჰიდრატაციის დაბალი ხარისხი
სპინინგით გატაცებულმა ათლეტებმა ვარჯიშის დროს მოკლე შესვენებები უნდა გააკეთონ და მცირე რაოდენობით წყალი მიირთვან. თუ ორგანიზმს დეჰიდრატაციის საფრთხე დაემუქრა, ვარჯიშის შემდეგ გაგრილებას ვეღარ შეძლებთ, უკიდურეს შემთხვევაში კი, შესაძლოა, თავბრუსხვევამაც შეგაწუხოთ. აუცილებლად შეამოწმეთ შარდის ფერი. თუ მეტისმეტად მუქი ფერის შარდი გაქვთ, ე.ი. წყლის მიღება გესაჭიროებათ. ვარჯიშის დროს წყურვილი აუცილებლად შეგაწუხებთ. როდესაც იგრძნობთ, რომ ძალიან გახურდით, მცირე ხნით შეისვენეთ და წყალი დალიეთ. დატვირთვისას ნახევარი ლიტრი წყალი მაინც უნდა მიირთვათ. უმჯობესია, თუ წყალს რამდენჯერმე დალევთ. ერთბაშად დიდი რაოდენობით წყლის დალევას არ გირჩევთ, რადგან, მსგავს შემთხვევაში, შესაძლოა, ვარჯიშის დროს მუცელში გაჩენილი არასასიამოვნო შეგრძნებების გამო დისკომფორტი შეგექმნათ.
- მხოლოდ სპინინგის იმედად ყოფნა
თქვენ ჭამთ, გძინავთ, სპინინგით კავდებით, შემდეგ კვლავ იძინებთ, მაგრამ სასურველი შედეგის მიღებას მაინც ვერ ახერხებთ. დაფიქრდით, რას აკეთებთ გარდა იმისა, რომ ვარჯიშობთ? როგორც ფიტნესის ნებისმიერი სხვა სახეობა, სასურველ შედეგს სპინინგიც ჯანსაღ კვებასთან კომბინაციაში გაძლევთ. მაღალი ინტენსივობის ვარჯიშების შესრულების შემდეგ სწორი კვება, სრულფასოვანი ძილი, დადებითი განწყობა და დასვენება გჭირდებათ. დამწყებმა ათლეტებმა სასურველი შედეგის მისაღებად გამოცდილი ინსტრუქტორების რჩევები აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სპინინგის დახმარებით ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება გაუჭირდებათ.
წარმატებებს გისურვებთ!