აგონისტი და ანტაგონისტი კუნთები - რა განსხვავებაა მათ შორის?
ჩონჩხის კუნთების დახმარებით ადამიანები დღის განმავლობაში უამრავ ერთმანეთისგან განსხვავებულ მოძრაობას ასრულებენ. ფიზიკური აქტივობის დროს თითოეულ კუნთს თავისი ფუნქცია და დატვირთვა აქვს. ადამიანების უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ყოველ კუნთს თავისი განსაზღვრული როლი აქვს, რომელსაც ის რეგულარულად ასრულებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მოძრაობის შესასრულებლად კუნთების ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო, თუმცა სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის დროს კუნთის ფუნქცია, შეიძლება, მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
აგონისტი კუნთი (მთავარი მამოძრავებელი)
აგონისტი კუნთები სახსარს გარკვეული ტიპის მოძრაობის შესრულებაში ეხმარება. გამოუცდელი ათლეტები ხშირად აგონისტ კუნთად მოიხსენიებენ ნებისმიერ კუნთს, რომელიც მოძრაობაში რაიმე ფორმით არის ჩართული. თუ აგონისტი კუნთების მსგავს დეფინიციას დავეთანხმებით, ფიქსატორი და სტაბილიზატორი კუნთებიც აგონისტ კუნთებად უნდა მივიჩნიოთ, რაც არასწორია. აგონისტი კუნთი კიდურების მოძრაობის მიმართულებით ზეწოლას აძლიერებს, რისი წყალობითაც კონცენტრირებული მოძრაობების შესრულების საშუალებას იძლევა. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აგონისტი კუნთი ზეწოლას მხოლოდ კონკრეტული მიმართულებით ზრდის. მას მოძრაობის შესრულებაში უდიდესი როლი ეკისრება და ნებისმიერ შემთხვევაში ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, აგონისტი კუნთი სახსარს როტაციული მოძრაობების შესრულებაში ეხმარება. მოძრაობაში, როგორც წესი, რამდენიმე აგონისტი კუნთი ერთდროულად ერთვება, თუმცა ყველა მათგანი ერთნაირად არ იტვირთება. ზოგიერთი კუნთი მოძრაობის მიმართულებით ზეწოლას მეტად აძლიერებს, ვიდრე სხვა აგონისტი კუნთები.
აგონისტი კუნთი იგივე მთავარი მამოძრავებელი კუნთია. ეს ორი ცნება ურთიერთშენაცვლებადია, თუმცა ხშირ შემთხვევაში ტერმინი "მთავარი მამოძრავებელი" შედარებით დიდი ზომის კუნთის მიმართ გამოიყენება, რომელიც რამდენიმე სახსარს ერთდროულად ამოძრავებს. როგორც წესი, მთავარი მამოძრავებელი კუნთის ამგვარი გაგება უფრო იშვიათია, ვიდრე აღნიშნული ტერმინის გაიგივება ნებისმიერ აგონისტ კუნთთან. როდესაც მთავარ მამოძრავებელ კუნთად დიდი ზომის კუნთს განიხილავენ, მასთან ერთად ყოველთვის გამოყოფენ ფიქსატორ და დამხმარე კუნთებს. მაგ. მხრის ორთავა კუნთი იდაყვის მოხრისას მთავარ მამოძრავებელ კუნთს წარმოადგენს. ის საკუთარ ფუნქციას იდაყვის მომხრელი სხვა კუნთების დახმარებით ასრულებს.
კუნთი აგონისტად მხოლოდ მოძრაობის შესრულებისას სხვა კუნთებთან მიმართების და მისი ფუნქციის გათვალისწინებით შეგვიძლია მოვიხსენიოთ. შეუძლებელია, რომ კუნთს აგონისტი ვუწოდოთ, თუ კონკრეტული მოძრაობის შესრულებისას მის როლს არ გამოვააშკარავებთ. არ არსებობს კუნთი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობისას აგონისტის როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ კონტექსტის გათვალისწინება აუცილებელია. თუ ვიტყვით, რომ ბიცეფსი აგონისტი კუნთია, შეცდომას დავუშვებთ. ბიცეფსი რიგ შემთხვევებში აგონისტის როლს ნამდვილად ასრულებს, თუმცა არა ყოველთვის. ბიცეფსი იდაყვის მოხრის მოძრაობის შესრულებისას ნამდვილად არის აგონისტი კუნთი, რომელიც საკუთარ ფუნქციას მხარსხივის კუნთის დახმარებით ასრულებს.
ანტაგონისტი კუნთი
ანტაგონისტს ვუწოდებთ კუნთს, რომელიც მოძრაობის შესრულებისას აგონისტი კუნთის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. როგორც წესი, ანტაგონისტი კუნთი სახსართან მიმართებაში აგონისტი კუნთის საპირისპირო მხარეს მდებარეობს. ტრიცეფსი, რომელიც იდაყვის სახსრის გამშლელი კუნთია, იდაყვის მოხრისას ანტაგონისტის ფუნქციას ითავსებს, მაშინ როდესაც ბიცეფსი საპირისპირო როლს ასრულებს და იდაყვს მოხრაში ეხმარება. როდესაც აგონისტი კუნთი იკუმშება და იძაბება, ანტაგონისტი დუნდება და პასიურად იშლება. ეს ყოველივე ორმხრივი შეკავების საფუძველზე ხდება, რისი წყალობითაც სახსარი სასურველ მოძრაობას შეუფერხებლად ასრულებს. აგონისტი კუნთის შეკუმშვა ანტაგონისტის გაწელვას იწვევს. როდესაც ორივე ტიპის კუნთი თავის ფუნქციას სრულფასოვნად ასრულებს, მოძრაობა ჰარმონიულია. ნერვული სისტემის დაზიანების შემთხვევაში, კლონუსი ვითარდება: კუნთი ან კუნთების ჯგუფი უწესრიგოდ მოძრაობს, უნებლიეთ კრთება და იკუმშება.
ანტაგონისტი კუნთი აგონისტი კუნთის აქტივაციის დროს ყოველთვის მოდუნებული არ არის. რიგ შემთხვევებში ანტაგონისტი კუნთები ექსცენტრიკულ მოძრაობებს თავადაც ასრულებენ, რათა აქტივობის პიკზე მოძრაობის სიჩქარის შენელება უზრუნველყონ. სირბილის დროს მენჯ-ბარძაყის გამშლელი კუნთები მომხრელი კუნთების ანტაგონისტებად გვევლინებიან. ისინი ნაბიჯის გადადგმისას ბარძაყის წინ წაწევას უწყობენ ხელს. აღნიშნული მოძრაობის შესასრულებლად ბარძაყის გამშლელი კუნთი გარკვეულ დონემდე აუცილებლად უნდა მოდუნდეს, თუმცა მოძრაობის პიკზე ანტაგონისტმა კუნთმა ბარძაყის მოძრაობის შეკავებაც უნდა შეძლოს, რის გამოც თავადაც უნდა გააქტიურდეს. შესაბამისად, ანტაგონისტს ორმაგი ფუნქცია აკისრია. ის დუნდება, როდესაც მოძრაობის შესრულება აუცილებელია, თუმცა აქტივობის შესანელებლად მას შეკუმშვაც უხდება. ეს ყოველივე კი აგონისტი და ანტაგონისტი კუნთების ბალანსირებული მოქმედებით მიიღწევა.
- აგონისტი და ანტაგონისტი კუნთების თანააქტივაცია
რიგ შემთხვევებში აგონისტი და ანტაგონისტი კუნთები ერთსა და იმავე დროს იკუმშება, აღნიშნულ პროცესს თანააქტივაციის სახელით ვიცნობთ. ორმაგ აქტივობას მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია. თანააქტივაცია აუცილებელია, როდესაც მოძრაობის მიმართულება მოულოდნელად იცვლება, მძიმე წონებს ეზიდებით ან გარკვეული დროის მანძილზე სახსრის სიმტკიცის შენარჩუნება აუცილებლად გესაჭიროებათ. მოძრაობის მიმართულების მოულოდნელი ცვლილებისას, ცალკეული კუნთის აქტივობის ხარისხის შეცვლა ძალიან ეკონომიურია, რის გამოც თანააქტივაცია ენერგიის დაზოგვას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. მძიმე წონებით ვარჯიშის დროს სახსრების სიმტკიცის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ძალოვანი ვარჯიშების შესრულების დროს ცენტრისა და ტორსის კუნთების თანააქტივაცია ჩვეულებრივი მოვლენაა. ტერმინი თანააქტივაცია მხოლოდ აგონისტი და ანტაგონისტი კუნთების ერთდროული აქტივობის აღსანიშნავად გამოიყენება. აღნიშნულ ტერმინს ვერ გამოვიყენებთ, როდესაც აგონისტი კუნთების ერთობლივ შეკუმშვებზე ვსაუბრობთ.
სინერგია და სინერგისტი კუნთები
სახსრების მოძრაობის უზრუნველსაყოფად კუნთების ფუნქციონირების სრულფასოვნად გაგება თუ გსურთ, სინერგიაზე წარმოდგენა აუცილებლად უნდა გქონდეთ. ის კუნთების კომბინირებულ მოქმედებას გულისხმობს. სინერგია ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ კომპონენტს აერთიანებს, მათი ერთობით კი იმგვარი შედეგი მიიღწევა, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება თითოეული კომპონენტის ცალ-ცალკე მოქმედებით მიღებულ საერთო შედეგს. სახსრის ყველაზე პრიმიტიული მოძრაობის შესრულებაც კი აუცილებლად საჭიროებს კუნთების კოოპერაციულ-სინერგიულ მოქმედებას. როდესაც კუნთების ჯგუფი გარკვეული მოტორული დავალების შესასრულებლად ერთიანდება, კუნთების სინერგიული კავშირი იქმნება. როგორც ზემოთ არაერთხელ ავღნიშნეთ, სახსრების მოძრაობაში უშუალოდ ჩართულ კუნთს აგონისტი ეწოდება. იმ კუნთებს კი, რომლებიც მოძრაობის პროცესში ირიბად ერთვებიან, სინერგისტ კუნთებად მოიხსენიებენ. ძალოვანი ვარჯიშებით გატაცებულ ათლეტებს სინერგისტი კუნთების იდენტიფიკაცია უძნელდებათ, რადგან ტერმინი ძალიან ფართო გაგებით გამოიყენება. მოძრაობის პროცესში ირიბად ბევრი კუნთი ან კუნთების ჯგუფია ჩართული, რის გამოც ტერმინ „სინერგისტის“ გამოყენება ხშირად აზრს კარგავს.
სინერგისტ კუნთებად, როგორც წესი, იმ აგონისტ კუნთებს განიხილავენ, რომლებიც მთავარ მამოძრავებელ ძალად არ გვევლინებიან და მოძრაობის შესრულებისას დამხმარე ფუნქცია ეკისრებათ. სინერგისტებად განიხილებიან ის კუნთებიც, რომლებიც აგონისტები არ არიან, მაგრამ მოძრაობის პროცესში ირიბად ერთვებიან. სინერგისტი კუნთის პირველი დეფინიცია საკმაოდ საეჭვოდ მიიჩნევა, რადგან ის აგონისტ კუნთებსა და სინერგისტებს ერთმანეთისგან არ ასხვავებს, მეორე შედარებით მისაღები განმარტებაა, რომელიც მოძრაობის პროცესში ირიბად ჩართულ სინერგისტ კუნთს აგონისტის დამხმარე კუნთის ფუნქციას აკისრებს. სწორედ ამიტომ, უმჯობესია თუ მოძრაობაში ჩართულ სინერგისტ კუნთებს სხვაგვარად "აგონისტის სინერგისტად" მოვიხსენიებთ.
კუნთები მოძრაობის უზრუნველსაყოფად ერთმანეთისგან განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებენ. თუ კუნთების გარკვეული ჯგუფი გადაადგილებაში გეხმარებათ, ცალკეული კუნთები უძრავი პოზიციის შენარჩუნებაში გიწყობთ ხელს. ზოგიერთი კუნთი მოძრაობის ხელისშემშლელადაც გვევლინება, რათა არასასურველი დაზიანებები და ტრავმები თავიდან აგვარიდოს. ნებისმიერი მოძრაობა, რომელსაც ასრულებთ, კუნთების ერთობლივი (ხშირად ურთიერთსაპირისპირო) მოქმედებისა და ძალისხმევის შედეგია.
წარმატებებს გისურვებთ!