როგორ დავძლიოთ დაღლილობა - 9 ეფექტური მეთოდი
თანამედროვე სამყაროში ადამიანებს დაღლილობის შეგრძნება ხშირად აწუხებთ. დაძაბული სამუშაო გრაფიკი, ყოველდღიური აქტივობები და საოჯახო საქმეები დაძაბულობისგან გათავისუფლებაში ხელს გიშლით. შესაძლოა, თქვენ მთელი დღის განმავლობაში 5 წუთითაც ვერ შეისვენოთ. ეს ყოველივე კი საოცარი დაღლილობის შეგრძნებას გიჩენთ. გადატვირთული დღის გრაფიკის გამო გადაღლა სავსებით ნორმალური მოვლენაა, თუმცა თუ თქვენ თავს მაშინაც დაღლილად გრძნობთ, როდესაც ზედმეტად არ იტვირთებით, გირჩევთ კონსულტაციისთვის ექიმს მიაკითხოთ, რათა დაღლილობის გამომწვევი სერიოზული მიზეზები არ გამოგეპაროთ. ექიმთან მისვლა აუცილებელია, თუ სისუსტის შეგრძნება ქრონიკულად გაწუხებთ და ენერგიის ნაკლებობას ყოველდღიურად უჩივით. თუ დაღლილობას თან ახლავს ტემპერატურა ან თავის ტკივილი, განსაკუთრებული სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა გმართებთ.
სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, თუ დარწმუნდებით, რომ დაღლილობა ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობით არ არის გამოწვეული, შეგიძლიათ მის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა დაიწყოთ. ჩვენს სტატიაში ეფექტურ მეთოდებს გაგაცნობთ, რომელთა დახმარებითაც სისუსტის შეგრძნებას აუცილებლად დაამარცხებთ და დაკარგული ენერგიის აღდგენასაც შეძლებთ.
- რეგულარულად ივარჯიშეთ
რეგულარული ვარჯიშის უპირატესობებზე, ალბათ, ძალიან ბევრი რამ გსმენიათ. ცნობილია, რომ ფიზიკური დატვირთვის შედეგად ორგანიზმში ენდორფინების რაოდენობა მნიშვნელოვნად იმატებს, რაც ენერგიით გავსებთ. გარდა ამისა, ვარჯიშის დახმარებით გაცილებით ხარისხიანად გძინავთ, რაც ფიზიკური სისუსტის დაძლევაში გიწყობთ ხელს. 2008 წელს ჩატარებულმა ერთ-ერთმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ ვარჯიში დაღლილობის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო იარაღია. კვლევაში მონაწილე ცხოვრების მჯდომარე წესის მქონე ადამიანებმა მსუბუქი და საშუალო ინტენსივობის ვარჯიშების შესრულება დაიწყეს. 6 კვირის შემდეგ თითოეული მათგანი ენერგიის მოჭარბებას გრძნობდა. ენერგიის ნაკლებობას თუ უჩივით, რეგულარული ვარჯიშით დაკავდით. კვირაში სულ ცოტა 2 საათს საშუალო ინტენსივობის ვარჯიშებს თუ დაუთმობთ, ფიზიკური დატვირთვის სასწაულმოქმედ ძალაში თავადვე დარწმუნდებით. თუ მოტივაცია არ გაქვთ ან ვარჯიში გეზარებათ, დახმარებისთვის მეგობარს მიმართეთ. სხვებთან ერთად ვარჯიში გაცილებით სახალისოა და მოტივაციის გაზრდაშიც დაგეხმარებათ.
- კოფეინზე უარი თქვით
ყოველდღიურად მიღებული კოფეინის მოცულობას თუ შეამცირებთ, თავს გაცილებით ენერგიულად იგრძნობთ. მართალია, კოფეინი სწრაფად გამოფხიზლებაში გეხმარებათ და ენერგიითაც გავსებთ, თუმცა ეს დროებითი ეფექტია. საბოლოო ჯამში, კოფეინი ძალაგამოცლილს გტოვებთ. მიღებული კოფეინის მოცულობა ნელ-ნელა შეამცირეთ, რათა ენერგია ბალანსირებულად აღიდგინოთ. სადილის შემდეგ კოფეინის მიღება კატეგორიულად უნდა აკრძალოთ. საღამოს საათებში ყავის დალევა ძილს დაგიფრთხობთ და ენერგიის აღდგენაში ხელს შეგიშლით.
- სრულფასოვნად გამოიძინეთ
დღის განმავლობაში ენერგიულად ყოფნა თუ გსურთ, სრულფასოვანი გამოძინება აუცილებლად გჭირდებათ. დაძინებამდე რელაქსაციის პროცედურები ჩაიტარეთ, რამდენიმე გაწელვის ვარჯიში შეასრულეთ და დასაძინებლად ამის შემდეგ წადით. ოთახში, რომელშიც გძინავთ, ტემპერატურა აუცილებლად უნდა დაარეგულიროთ. ეცადეთ, საძინებელში არ ცხელოდეს. ძილის პრობლემებთან გასამკლავებლად ძალიან ეფექტურია იოგას შესრულება და მედიტაცია. შესაძლოა, კარგად გამოძინებაში ხელს მოუხერხებელი საწოლი ან თეთრეული გიშლიდეთ. თუ ასეა, ისინი აუცილებლად შეცვალეთ. შეგიძლიათ, დღიურის წარმოება დაიწყოთ, რათა ღამით თქვენი ყველა პრობლემა ან საფიქრალი ფურცელზე გადაიტანოთ და მათგან გათავისუფლდეთ. ეს მარტივად ჩაძინებაში ძალიან დაგეხმარებათ. ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს დაიძინეთ და დილითაც სტანდარტულ დროს გაიღვიძეთ.
- უარი თქვით ალკოჰოლზე
ალკოჰოლი თქვენს ორგანიზმში სერიოზულ ცვლილებებს იწვევს, რის გამოც ძილის პრობლემები აუცილებლად იჩენს თავს. თუ ჰიდრატაციის ხარისხი დაბალია, დაღლილობის შეგრძნება განსაკუთრებით იმატებს. მართალია, ალკოჰოლის მიღება სწრაფად ჩაძინებაში გეხმარებათ, მაგრამ თქვენ ხარისხიანად და ღრმად ძილს ვერ ახერხებთ. თუ ალკოჰოლზე უარის თქმა არ შეგიძლიათ, ეცადეთ ის ზომიერად მიირთვათ. კვირის განმავლობაში რაც შეიძლება იშვიათად დალიეთ ალკოჰოლური სასმელი. ამგვარად, ძილის პრობლემებთან გამკლავებასაც შეძლებთ და დაღლილობის შეგრძნებაც ნაკლებად შეგაწუხებთ.
- ალერგიული რეაქციები არ გამოგეპაროთ
ორგანიზმი ალერგიულ რეაქციებთან გასამკლავებლად სპეციალურ ქიმიურ ნივთიერებებს გამოიმუშავებს, რომლებიც დაღლილობის შეგრძნებას გიჩენთ. ამასთან, ალერგიული რეაქციები ცხვირის შეგუბებას, თავის ტკივილს და საკვების მონელების პრობლემებსაც იწვევს, რაც თქვენ ნორმალურად გამოძინებაში ხელს ძალიან გიშლით. ყოველდღიური დისკომფორტის გამო თქვენ მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრირება გიჭირთ და მუდმივი დაღლილობის შეგრძნება გაწუხებთ. თუ თქვენ ალერგიული ხართ, ეცადეთ გაარკვიოთ, რაზე გაქვთ ალერგია. ალერგენის იდენტიფიცირების შემდეგ, ეცადეთ, მისგან მაქსიმალურად დისტანცირდეთ. იმ შემთხვევაში, თუ ალერგია მწვავე ფორმისაა, ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია. შესაძლოა, ალერგიული რეაქციებისგან გათავისუფლება მხოლოდ სპეციალური მედიკამენტების მიღებით შეძლოთ.
- ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა სწორად უნდა შეაფასოთ
დაღლილობას ხშირად ფსიქიკური ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები იწვევს. შფოთვითი აშლილობის დროს ადამიანს პერმანენტული მღელვარების შეგრძნება აწუხებს, მარტივად ღიზიანდება და გამუდმებით შფოთავს. დეპრესია უიმედობის, მოწყენილობის და მოუსვენრობის განცდას ბადებს. ორივე ტიპის აშლილობა ძილის სერიოზულ დარღვევებს იწვევს და უძილობის გამომწვევ მიზეზად გვევლინება. იმ შემთხვევაში, თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად მიაკითხეთ ფსიქოლოგს. შფოთვითი აშლილობებისა და დეპრესიის სამკურნალოდ ძალიან ეფექტურია კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია. აღნიშნული მეთოდის დახმარებით თქვენი ფსიქიკური პრობლემის გამომწვევი მიზეზის აღმოჩენას შეძლებთ, რაც მასთან გამკლავებაში ძალიან გამოგადგებათ.
- უპირატესობა მიანიჭეთ რკინით მდიდარ საკვებს
ანემია დაღლილობის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. რკინის დეფიციტი ჰემოგლობინის დონეს მნიშვნელოვნად აქვეითებს, რაც კუნთებისა და ქსოვილების ჟანგბადით მომარაგების პრობლემას ქმნის. ანემია თქვენს იმუნურ სისტემასაც ასუსტებს, რის გამოც სხვადასხვა დაავადებისადმი უფრო მოწყვლადი ხდებით. მართალია, ანემია უფრო ხშირად ქალბატონებს აწუხებთ, მაგრამ რკინის დეფიციტის პრობლემა მამაკაცებსაც ექმნებათ. ანემიის განკურნება სპეციალური კვების რეჟიმის შემუშავებით ან მედიკამენტების დახმარებით არის შესაძლებელი. თუ დაღლილობა ხშირად გაწუხებთ, უპირატესობა რკინით მდიდარ პროდუქტებს მიანიჭეთ. ანემიის დასაძლევად ძალიან ეფექტურია მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის, პურისა და მარცვლეულის, ხორცის, ლობიოს, ოსპის, საქონლის ღვიძლის, თხილეულის და ბურღულეულის ხშირად მირთმევა.
- მოწევას თავი დაანებეთ
მოწევა დაღლილობის გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზია. ის ხშირად ჟანგბადის უკმარისობას და სუნთქვის გაძნელებას იწვევს, რაც, თავის მხრივ, ენერგიის დეფიციტის პრობლემას ქმნის. მოწევისთვის თავის დანებება სავსებით შესაძლებელია, მთავარია, ამის სურვილი გქონდეთ. სიგარეტზე უარის თქმას თუ გადაწყვეტთ, ინტერნეტში უამრავი მეთოდისა და საშუალების მოძიებას შეძლებთ, რომელთაგან თქვენთვის ყველაზე მისაღებ და საინტერესო მიდგომას შეარჩევთ. მოწევისთვის თავის დანებების მსურველთა დასახმარებლად ბევრი აპლიკაცია არსებობს. შეგიძლიათ, იმ ადამიანების რჩევები მოისმინოთ, რომლებმაც სიგარეტზე უარის თქმა უკვე შეძლეს და მათი გამოცდილება გაიზიაროთ.
- გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს
ჩვენ მიერ შემოთავაზებული მეთოდები თუ ვერ დაგეხმარებათ და დაღლილობის შეგრძნება კიდევ უფრო გაძლიერდება, ექიმთან ვიზიტი აუცილებლად დაგჭირდებათ. ფიზიკური სისუსტე და უენერგიობა, შესაძლოა, რომელიმე სერიოზულ დაავადებაზე მიგანიშნებდეთ, რის გამოც მსგავსი სიმპტომების უგულებელყოფა დაუშვებელია. დაღლილობის შეგრძნების გამოწვევა რევმატოიდულ ართრიტს, ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, ფიბრომიალგიას, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს, სიმსუქნეს, ძილის აპნოეს, გულის დაავადებებს, კვებით ალერგიებს, დიაბეტს, ასევე თირკმლისა და ღვიძლის დაავადებებსაც შეუძლია. ექიმთან კონსულტაცია და დაღლილობის გამომწვევი მიზეზების დადგენა ჯანმრთელობის სერიოზული გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
წარმატებებს გისურვებთ!