Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



მეცნიერების მტკიცებით, კარტოფილის ცილა კუნთის ზრდისთვის ეფექტური საშუალებაა

მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ კარტოფილის ცილას კუნთებში ცილის სინთეზის პროცესის დაჩქარება და სტიმულირება შეუძლია. კვლევებით დგინდება, რომ ცილა, რომელიც კარტოფილში გვხვდება, ძალიან მაღალი ხარისხისაა. ის არამხოლოდ ზრდის კუნთების მოცულობას, არამედ მიღებული შედეგის შენარჩუნებაშიც გიწყობთ ხელს. ჟურნალ „ნუტრიენტებში“ გამოქვეყნებული კვლევის პრობლემატიკა თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ადამიანები უფრო და უფრო დიდ ინტერესს ამჟღავნებენ მცენარეული საკვების მიმართ. დროსთან ერთად ვეგეტარიანული კვების კულტურის მნიშვნელობა მატულობს. ადამიანები, რომლებიც მცენარეულ კვებას ანიჭებენ უპირატესობას, ბუნების დაცვას, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და ფიტნესში შესრულების ხარისხის ამაღლებას ცდილობენ. ცილებზე საუბრისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ცხოველური და მცენარეული ცილა. ჟურნალ „ნუტრიენტებში“ გამოქვეყნებული კვლევის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მართალია, მცენარეული ცილა ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა და ვეგეტარიანული საკვებით კვებისას ბუნებასაც ნაკლებად აზიანებთ, თუმცა აღნიშნული ტიპის პროტეინს გარკვეული ნაკლიც აქვს. საქმე იმაშია, რომ მცენარეული ცილების დიდი ნაწილი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ამინომჟავას არ შეიცავს, რომელიც ცხოველურ ცილაში გვხვდება.

მცენარეული ცილა საკმაოდ რთული გადასამუშავებელია. გადამუშავების პროცესში ის კვებით ღირებულებას მნიშვნელოვნად კარგავს. რაც შეეხება ცხოველურ ცილას, ის ყველა ტიპის ამინომჟავას შეიცავს, რომელიც ადამიანის ორგანიზმს ჯანმრთელობისთვის სჭირდება. გარდა ამისა, ეს უკანასკნელი საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ მარტივად გადამუშავდება. ადამიანების დიდი ნაწილი მცენარეულ კვებაზე ინაცვლებს, რადგან თვლის, რომ ამ გზით საკუთარ თავს და ბუნებას ბევრ სარგებელს მოუტანს. დროთა განმავლობაში ცხოველური პროდუქტებით კვება არაპოპულარული ხდება. ადამიანები უარს ამბობენ რძის პროდუქტების მირთმევაზეც. 2019 წელს ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოში ქრონიკული დაავადებებით გარდაცვალების რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება, რასაც მეცნიერები არასრულფასოვანი კვების რაციონით ხსნიან. ადამიანები არაჯანსაღად იკვებებიან, რაც მათ ორგანიზმზე უკიდურესად ნეგატიურად ზემოქმედებს. გარდა ამისა, საკვების წარმოების პროცესი გლობალურ საფრთხეს უქმნის ჩვენი პლანეტის ბუნებრივ რესურსებს. კვების პროდუქტების მწარმოებლები უდიდეს ზიანს აყენებენ ბუნებას, რაც მომავალში საკვები რესურსების ამოწურვის საფრთხესაც ქმნის. გარკვეული ზომების მიღების გარეშე, კვების მრეწველობა, შესაძლოა, ადამიანის პერსონალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცეს.

მეცნიერებმა , რომლებიც მცენარეული პროტეინების შესწავლას დიდ დროს უთმობენ, ამჯერად კარტოფილის ცილის დადებითი მხარეების გამოკვლევა დაისახეს მიზნად. მართალია, კარტოფილი სახამებლიანი პროდუქტია, თუმცა ის გარკვეული რაოდენობის ცილასაც შეიცავს. მკვლევარები გვარწმუნებენ, რომ კარტოფილის ცილა ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა და მისი მიღება თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის. კარტოფილის ცილაზე ჩატარებულ კვლევებს კანადაში მდებარე მაკმასტერის უნივერსიტეტის კინესიოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული სარა ოიკავა ხელმძღვანელობდა.  ოიკავას მტკიცებით, კარტოფილში შემავალი ცილა უმნიშვნელო რაოდენობისაა. იმ შემთხვევაში, თუ დიდი რაოდენობით კარტოფილს მოვიყვანთ და მისგან ცილას განვაცალკევებთ, ისეთ პროტეინს მივიღებთ, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე ძალიან დადებითად ზემოქმედებს. მკვლევარები ასევე აღნიშნავენ, რომ ცხოველური ცილის მოპოვებას გაცილებით დიდი მიწის ფართობი და მატერიალური რესურსი სჭირდება, ვიდრე მცენარეული ცილის წარმოებას. მცენარეული პროტეინი, შესაძლოა, ორჯერ ან უფრო მეტად სასარგებლოც აღმოჩნდეს, ვიდრე საქონლის ხორცი ან კვერცხი, თუ, რა თქმა უნდა, კვების რაციონს სწორად შეადგენთ.

მეცნიერები თვლიან, რომ კარტოფილის ცილის სასარგებლო თვისებების შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია და აღნიშნულ საკითხს მკვლევარებმა მეტი დრო უნდა დაუთმონ. კარტოფილის ცილის ხარისხის შესამოწმებლად, მეცნიერებმა 20-დან 29 წლამდე ქალბატონები შეკრიბეს, რომლებსაც პროტეინის დღიურ დოზას რეგულარულად აწვდიდნენ. მკვლევარებმა საკვლევი ჯგუფი ორად გაყვეს. ერთ-ერთ ჯგუფს დღის მანძილზე კარტოფილის ცილას აძლევდნენ (რეკომენდებულ დღიურ დოზაზე მეტს), ხოლო მეორე ჯგუფი პროტეინის მიღებას სტანდარტულ რეჟიმში განაგრძობდა (იღებდა სხვა სახის ცილას). კვლევის შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ ქალბატონებს, რომლებიც კარტოფილის ცილას ყოველდღიურად იღებდნენ, კუნთში ცილის სინთეზი გაცილებით მეტად ჰქონდათ გააქტიურებული, ვიდრე მდედრობითი სქესის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც სტანდარტულ რეჟიმში იკვებებოდნენ და საკონტროლო ჯგუფის წევრები იყვნენ. კვლევის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მიღებული შედეგით ისინი გაოცებულები იყვნენ, რადგან მსგავსი მოლოდინი ნამდვილად არ ჰქონდათ. კვლევამ აჩვენა, რომ პროტეინის რეკომენდებული დღიური დოზები ხშირად საკმარისი არ არის იმისთვის, რომ კუნთებში ცილის სინთეზის პროცესი გააქტიურდეს.

მკვლევარები ქალბატონებზე ჩატარებული კვლევის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ მცენარეული ცილა, შესაძლოა, ძალიან ეფექტური იყოს, როდესაც კუნთოვანი მასის გაზრდაზე ზრუნავთ. მეცნიერების მტკიცებით, კარტოფილის ცილა ცხოველურ ცილას სერიოზულ კონკურენციას უწევს და ის კუნთებში ცილის სინთეზის პროცესის სტიმულირებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მკვლევარები დაინტერესდნენ, რამდენად ეფექტური იყო კარტოფილის ცილის მიღება კუნთოვანი მასის ზრდის მიზნით იმ ქალბატონებისთვის, რომლებიც წონებით რეგულარულად და აქტიურად ვარჯიშობდნენ. მეცნიერებმა კვლევის მონაწილე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს თხოვეს, რომ ყოველდღიურად მხოლოდ ერთი ფეხის კუნთები გაევარჯიშებინათ, გაეკეთებინათ გაწელვის და სხვა სახის ვარჯიშები. აღნიშნული მეთოდი ძალიან ეფექტური იყო, რადგან ის ერთ ადამიანზე დაკვირვებისა და მისი შედეგების გაანალიზების საშუალებას იძლეოდა. ამ შემთხვევაში, თითოეული მონაწილე მხოლოდ საკუთარ შედეგებს აკვირდებოდა და სხვებთან კავშირი არ ჰქონდა.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ წონებით ვარჯიშის დროს კარტოფილის ცილის მიღება კუნთოვანი მასის ზრდას ხელს არ უწყობდა. მკვლევარები თვლიან, რომ ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ მცენარეულ ცილას იღებდნენ კვლევის მონაწილეები. მეცნიერების მტკიცებით, შედეგები ნებისმიერ შემთხვევაში იდენტური იქნებოდა. მკვლევარების თქმით, პროტეინს ვარჯიშთან შედარებით ძალიან დაბალი ეფექტი აქვს. კუნთოვანი მასის ზრდისთვის ყველაზე ეფექტური ფიზიკური დატვირთვაა, შესაბამისად, როდესაც კვლევის მონაწილეებმა ვარჯიში დაიწყეს, ცილის ეფექტი უმნიშვნელო გახდა. როდესაც ცილის ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია, რომ კონკრეტული ცილა სხვა ცილოვან პროდუქტს შევადაროთ, რადგან შეუძლებელია, ცილამ ვარჯიშის ჩანაცვლება შეძლოს.

კვლევის ორგანიზატორები თვლიან, რომ კარტოფილის ცილის სასარგებლო თვისებების გამოვლენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ მცენარეული ცილა ძალიან სასარგებლოა და ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საჭირო უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს შეიცავს. „ჩვენი კვლევა ამტკიცებს, რომ მცენარეული ცილა, თუ ის ხარისხიანია, კუნთოვანი მასის შენარჩუნებას და ზრდას უწყობს ხელს. გვჯერა, რომ მომავალში ძალიან ბევრი მკვლევარი დაინტერესდება მცენარეული ცილის შესწავლით და ამ საკითხს მეტი ყურადღება დაეთმობა.“ - აღნიშნავენ კვლევის ორგანიზატორები.

წარმატებებს გისურვებთ!

 

 

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა