Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



როგორ მივაღწიოთ სპორტში წარმატებას - ფსიქოლოგის საინტერესო რჩევები ათლეტებს

სპორტსმენები, რომლებმაც პროფესიონალური კარიერა გაიკეთეს და მსოფლიოში უკვდავი სახელი მოიხვეჭეს, საკუთარ წარმატებას განსაკუთრებულ პიროვნულ და ფიზიკურ უნარებს უნდა უმადლოდნენ. რა არის ის უმთავრესი ფაქტორი, რომელიც სპორტში წარმატების მიღწევას უწყობს ხელს? როგორ ახერხებს სპორტსმენთა გარკვეული ნაწილი საკუთარ პროფესიაში სახელის მოხვეჭას და გულშემატკივართა არმიის გულის მოგებას? ამ კითხვებზე პასუხი ძალიან ბევრ დამწყებ და გამოუცდელ ათლეტს აინტერესებს. როგორც აღმოჩნდა, სპორტში წარმატების მისაღწევად მხოლოდ საკუთარი საქმის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა არ კმარა. ათლეტს მწვერვალების დასაპყრობად აუცილებლად სჭირდება მტკიცე ნებისყოფა და წინასწარგანწყობა, რომლის დახმარებითაც ის სასწაულების მოხდენას შეძლებს.

რას აკეთებენ წარმატებული ათლეტები ისეთს, რის გაკეთებასაც სხვები ვერ ახერხებენ? რაშია მათი წარმატების საიდუმლო? მოცემულ კითხვებზე პასუხს დოქტორი სტენ ბიჩემი გაგვცემს. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის ფსიქოლოგია. მისი წიგნი „ელიტური გონება: როგორ აზროვნებენ გამარჯვებულები?“ ნამდვილ ბესტსელერად იქცა. ექიმ ბიჩემს არაერთ ცნობილ ათლეტთან უმუშავია.  მან წარმატებულ სპორტსმენებზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად ის უმთავრესი თვისებები და მახასიათებლები გამოკვეთა, რომლებიც განსაკუთრებით წარმატებულ ათლეტებს აერთიანებდათ.  გამარჯვებულთა ფსიქოლოგიის უკეთ შესასწავლად და წარმატების ფორმულის გასაგებად, გთავაზობთ ინტერვიუს ფსიქოლოგ სტენ ბიჩემთან, რომელშიც ის თქვენთვის საინტერესო კითხვებს გასცემს პასუხს.

  • ბატონო სტენ, თქვენ ამტკიცებთ, რომ ათლეტის წარმატების განმსაზღვრელი უმთავრესი ფაქტორი არა ტალანტი და გამოცდილება, არამედ წინასწარგანწყობა და მიზანდასახულობაა.

ჩემი მოსაზრების სისწორის დასამტკიცებლად, ნება მომეცით ფეხბურთელების მაგალითი მოგიყვანოთ. საფეხბურთო სკოლებსა და კოლეჯებში მოთამაშე ფეხბურთელების მხოლოდ ერთი პროცენტი ახერხებს, რომ პირველ დივიზიონსა და მოწინავე ლიგებში ითამაშოს. ზოგადად პროფესიონალურ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელებს შორის თამაშის ნიჭი ყველას აქვს. მე პროფესიონალ სპორტსმენებთან წლების მანძილზე ვმუშაობდი. შესაბამისად ვიცი, რომ ისინი ძალიან ნიჭიერები არიან. მე მაინტერესებდა, ვინ იყვნენ ისინი ბავშვობაში? მოზარდების რამდენმა პროცენტმა შეძლო სპორტში წარმატების მიღწევა, რა წინააღმდეგობებისა და სირთულეების გადალახვა დასჭირდათ მათ მიზნამდე მისასვლელად. როდესაც წარმატების მიღწევას ცდილობთ, აუცილებლად უნდა დაუსვათ თქვენს თავს კითხვა: რამდენად გიყვართ სპორტის ის სახეობა, რომელშიც მოღვაწეობთ, სახეობაზე მეტად კი რამდენად გიყვართ ვარჯიში? გსიამოვნებთ თუ არა დარბაზში სავარჯიშოდ სიარული? თუ თქვენ ორი შვილი გყავთ და ორივე ნიჭიერი ათლეტია, ხოლო ერთ-ერთს ვარჯიში ძალიან უყვარს, რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი წარმატებას მიაღწევს, რადგან მას უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს.

არსებობს წარმატებული ადამიანების მეორე კატეგორია. ესენი ის ბავშვები არიან, რომლებსაც ძალიან უყვართ სპორტი. ისინი თავს არავის აწონებენ და არც არავის ეჯიბრებიან. მათთვის მთავარია, რომ სპორტული აქტივობისგან სიამოვნება მიიღონ. როგორც წესი, მსგავსი მიდგომა წარმატების ერთ-ერთი საწინდარია, რადგან ადამიანი საოცრებებს ახდენს, როდესაც ფიქრის გარეშე მოქმედებს და ამისთვის ზედმეტი კონცენტრაცია არ სჭირდება. სპორტის ფსიქოლოგიაში შემდეგი მოსაზრებაა გაბატონებული: „ბავშვი, რომელიც შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევა, განსხვავებულად აზროვნებს.“ სინამდვილეში, წარმატებული ათლეტის მთავარი საიდუმლო იმაში არ მდგომარეობს, რომ ის განსხვავებულად აზროვნებს. მე ვთვლი, რომ გენიალური სპორტსმენები არ ფიქრობენ, მათ ეს არ სჭირდებათ. კოგნიცია და აზროვნება მათი სპორტული ცხოვრებიდან განდევნილია და მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს. მეტიც, წარმატებული სპორტსმენების ეს კატეგორია, ემოციებისგანაც დაცლილია. ისინი მთლიანად სიამოვნების მიღებაზე არიან კონცენტრირებულნი, რაც მათ საოცარი შედეგის მიღებაში ეხმარება.

  • თქვენ ამბობთ, რომ ქვეცნობიერი გაცილებით სწრაფად და მძლავრად მოქმედებს, ვიდრე ცნობიერი?

ვეცდები, ყველაფერი უკეთ აგიხსნათ. ყველამ კარგად ვიცით, რომ გონებრივი თამაში როგორც სპორტში, ასევე ბიზნესში მთავარ როლს ასრულებს. გონება სხეულს აკონტროლებს. ტვინი კომპიუტერული სისტემის სახით უნდა წარმოვიდგინოთ, რწმენა ამ შემთხვევაში პროგრამული უზრუნველყოფაა. თუ რწმენა არ გაქვთ, თქვენი სისტემა გამართულად ვერ ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, წარმატების მისაღწევად თქვენ ბუნებისგან ნაბოძები ჯილდო გჭირდებათ, ფიზიკური პოტენციალი აუცილებელია, რათა პროფესიონალ ათლეტად ჩამოყალიბდეთ. მიუხედავად ამისა, ფიზიკური უნარები და ტალანტი ვერაფერს მოგცემთ, თუ საკუთარი პოტენციალის დანახვის ნიჭი არ გაქვთ. დასაწყისისთვის, აუცილებელია, რომ საკუთარ აზროვნებას ჩაუღრმავდეთ. ფიქრის პროცესზე დაკვირვება ძალიან ბევრ რამეს გასწავლით. ადამიანები მთელ დღეს ფიქრში ვატარებთ. ზოგჯერ ჩვენ საერთოდ ვერ ვაცნობიერებთ, რომ ვფიქრობთ, თუმცა ეს პროცესი უწყვეტი და უსასრულოა. ათლეტი, რომელიც სპორტული შეჯიბრებისთვის ემზადება, შესაძლოა, ფიქრობდეს, რომ ის სხვებზე სუსტია და წარმატების მიღწევას ვერ შეძლებს. როგორც წესი, დაბალი თვითშეფასების მქონე სპორტსმენებს მსგავსი ფიქრები არასდროს შორდებათ.

ათლეტების ნაწილი მნიშვნელოვანი შეჯიბრების წინ საკუთარ თავს ამხნევებს. ისინი ფიქრობენ, რომ საუკეთესო შედეგის მისაღებად ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ. როდესაც თქვენი რწმენა ძლიერია, თქვენ დარწმუნებული ხართ იმაში, რასაც ფიქრობთ. კონკრეტული ხასიათის ფიქრი კონკრეტული სახის ქმედებას იწვევს. როდესაც წარმატებულ ადამიანებზე ფიქრობთ, ალბათ, თვლით, რომ მათ გამარჯვების წყურვილი ამოძრავებთ და დასახულ მიზნებს სწორედ ამიტომ აღწევენ. ეს შეცდომაა. ადამიანები, რომლებიც ხშირად იმარჯვებენ, გამარჯვებაზე არ ფიქრობენ. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საკუთარი საქმე კარგად გააკეთონ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, თუ ადამიანმა იცის, რომ ის გაიმარჯვებს, მას გამარჯვებაზე ფიქრი არ სჭირდება. თუ ათლეტი  წარმატებაში დარწმუნებული არ არის, ის მნიშვნელოვანი შეჯიბრების წინ საკუთარი შესაძლებლობების შეფასებას იწყებს და არ იცის, გაიმარჯვებს თუ დამარცხდება. ცხადია, მსგავსი მიდგომა ადამიანს წარმატების მიღწევაში ხელს უშლის.

  • თქვენ ამბობთ, რომ არაცნობიერი ფიქრები ჩვენს მიღწევებზე უდიდეს გავლენას ახდენს. შესაბამისად, შესაძლოა, მე არც ვიცოდე, რომ წარუმატებლობის მეშინია, მაგრამ გაუცნობიერებლად ეს შიში მქონდეს და დავმარცხდე.

დიახ, სავსებით მართალი ხართ. მსგავსი გაუცნობიერებელი შიშები იმ ადამიანებს აქვთ, რომლებიც საკუთარ საქმეს აღიარების მოსაპოვებლად ან სხვებისთვის თავის მოსაწონებლად აკეთებენ. ეს უდიდესი შეცდომაა. არასდროს დაკავდეთ საქმით მხოლოდ იმისთვის, რომ აღიარება მოიპოვოთ ან სახელი მოიხვეჭოთ. ეცადეთ, რომ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოთ და ანგარებიანი მიზნები არ გამოძრავებდეთ. თუ თქვენ კარიერის შექმნას მხოლოდ იმიტომ ცდილობთ, რომ წარმატებული ადამიანი გახდეთ და ძალაუფლება მოიპოვოთ, საქმის კეთების დროს სიამოვნების მიღებას ვერ შეძლებთ. თუ გამუდმებით იმის მოლოდინი გექნებათ, რომ შექება დაიმსახუროთ და აღიარება მოიპოვოთ, თქვენი პროფესიის შეყვარება გაგიჭირდებათ, რაც წარმატების მიღწევაში ყოველთვის ხელს შეგიშლით. საუკეთესო გზა იმისთვის, რომ მწვერვალების დაპყრობა შეძლოთ, მწვერვალებზე ფიქრისგან თავის შეკავებაა. უბრალოდ თქვენი საქმე აკეთეთ. თქვენს კომპეტენციას და მონდომებას აუცილებლად შეამჩნევენ და წარმატების მიღწევასაც შეძლებთ.

  • რა უნდა გააკეთოს ათლეტმა იმისთვის, რომ არაცნობიერი გააკონტროლოს? როდესაც მე დარწმუნებული ვარ ჩემს გამარჯვებაში, მაგრამ არაცნობიერი მეუბნება, რომ ვცდები, როგორ მოვიქცე?

ადამიანი დინამიკური და ცვალებადი არსებაა. სპორტში ადამიანს, შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე ძალიან დიდი თავდაჯერება ჰქონდეს, შემდეგ კი მან ეს თავდაჯერება სრულად დაკარგოს. მსგავსი ცვალებადობა ნებისმიერ ადამიანს ახასიათებს, მათ შორის, საუკეთესო და გენიალურ ათლეტებსაც. მთავარი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ შემდეგია: როგორ უნდა დავიბრუნო ძველებური რწმენა და თავდაჯერება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია, რომ მოვლენებს ფართო პერსპექტივიდან შეხედოთ და ზედმეტ დრამატიზებას მოერიდოთ. ჩვენ წარმატებულ ადამიანებზე ფიქრის დროს მოვლენებს გადაჭარბებულად ვაფასებთ.

ადამიანების დიდ ნაწილს ვერ წარმოუდგენია, რომ პროფესიონალი ათლეტები მარცხს და წარუმატებლობას ისევე განიცდიან, როგორც სხვები. მათი ცხოვრება ისევე სავსეა უსიამოვნებებით, როგორც ჩვენი. ადამიანების უდიდესი ნაწილი წარმატებას მარცხის ალტერნატივად განიხილავს. წარმატებული ათლეტები კი აუცილებლად გეტყვიან, რომ წარმატება ძლიერი ადამიანის პასუხია მარცხზე. ნებისმიერი სპორტსმენი, რომელიც თავის სფეროში საუკეთესოა, გეტყვით, რომ მარცხი აუცილებლად უნდა გამოსცადოთ, რათა წარმატებულ ათლეტად ჩამოყალიბდეთ. არ არსებობს წარმატება წარუმატებლობის გარეშე. ამის გაცნობიერება ბევრი დამწყები ათლეტისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. თუ გსურთ, რომ წარმატებული იყოთ, მარცხის არ უნდა გეშინოდეთ.

წარმატებებს გისურვებთ!

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა