ბრენდონ კარი კვლავ უკონკურენტოა
ბრენდონ კარიმ ბოლო წლების მანძილზე უდიდეს წარმატებას მიაღწია. მცირედი შესვნების შემდეგ ის დარბაზში დაბრუნდა და თავისი არაჩვეულებრივი ფორმით ყველა გააოცა. გულშემატკივრების თქმით, მათი საყვარელი ათლეტი ასეთ საოცარ ფორმაში არასდროს ყოფილა. 2019 წლის მისტერ ოლიმპიაზე ბრენდონ კარის გამარჯვება ბევრისთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა. გასულ წელს გულშემატკივართა დიდი ნაწილი თვლიდა, რომ დექსტერ ჯექსონი გაცილებით კარგ ფორმაში იყო და გამარჯვების შანსი მას უფრო ჰქონდა. მიუხედავად ამისა, სცენაზე ასულმა კარიმ ყველას დაუმტკიცა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო იყო და მას კონკურენციას ვერავინ გაუწევდა. პანდემიამ ბევრ ათლეტს ვარჯიშში ხელი მნიშვნელოვნად შეუშალა. რა თქმა უნდა, სრულფასოვანი ფიზიკური დატვირთვისთვის სათანადო პირობები არც ბრენდონ კარის ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ის დარბაზს საუცხოო ფორმაში დაუბრუნდა. ათლეტმა სოციალურ ქსელში თავისი ახალი ფოტო ატვირთა, რომელზეც ის საოცრად გამოიყურება. გულშემატკივრები ერთხმად აღნიშნავენ, რომ კარის დრო ამაოდ არ დაუკარგავს და ის იმაზე უკეთეს ფორმაშია, ვიდრე აქამდე იყო.
„დღეს დარბაზში ჩემს ქალიშვილთან ერთად მოვედი. მას ძალიან უნდოდა, რომ ფოტოები გადაგვეღო. ეს ფოტო მისი გადაღებულია. მგონი, კარგად გამოუვიდა. ფოტო რეალურია, ჩემი ქალიშვილი არც სპეციალურ განათებას იყენებდა და არც ეფექტებს,“ - აღნიშნა ბრენდონ კარიმ. სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოზე ათლეტს მასიური მკლავები და მხრები აქვს. მართალია მისტერ ოლიმპიამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო რჩება და სცენაზე გამოსასვლელად კარი ჯერ მზად არ არის, მაგრამ აშკარაა, რომ ის ძალიან კარგად ემზადება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფოტოს გადაღებისას ათლეტს წონებით აქტიური ვარჯიში ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაწყებული. ათლეტმა განაცხადა, რომ სიმძიმეებთან დაბრუნებისას მას სირთულეები არ ჰქონია. ბრენდონ კარის თქმით, მას ყველაფერი ძველებურად გამოუვიდა და თავისი ათლეტური უნარები ჯერ არ დაუკარგავს.
პანდემიის მიუხედავად, ადამიანები ნელ-ნელა ცხოვრების ნორმალურ რიტმს უბრუნდებიან. განახლებული ვარჯიშის პირობებში, საინტერესოა, როგორ მოახერხებს ბრენდონ კარი ფორმის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას. ცნობილია ისიც, რომ მისტერ ოლიმპია წელს იმაზე გვიან ჩატარდება, ვიდრე ჩვეულებრივ. პროფესიონალ ათლეტებს რეგულარული ვარჯიშის შესაძლებლობა აქამდე არ ჰქონდათ, ზოგიერთს მსგავსი პრობლემა ჯერ კიდევ აქვს. მიუხედავად ამისა, გულშემატკივრები დიდ სცენაზე მათ ხილვას მოუთმენლად ელოდებიან. ორგანიზატორების თქმით, წლევანდელი მისტერ ოლიმპია ძალიან განსაკუთრებული იქნება და გულშემატკივრებს ბევრი სიურპრიზი ელით.