გაძლიერებული მადა სტრესის დროს - როგორ დავძლიოთ პრობლემა?
გლობალური პანდემიის, მნიშვნელოვან ადამიანთან განშორების, პრეზენტაციის ან გამოცდების დროს პიცას და გემრიელ ბურგერებს თუ არ მიირთმევთ, გილოცავთ. თქვენ იმ უიშვიათეს ადამიანთა რიცხვში ხართ, რომლებიც სტრესულ ვითარებაში იმუნიტეტს ინარჩუნებენ და მადის გაძლიერებას არ უჩივიან. სტრესის დროს საკვებისადმი მოთხოვნილების გაზრდა ბუნებრივი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მოვლენაა. თუ თქვენი ცხოვრების მძიმე და მნიშვნელოვან ეტაპზე აღმოაჩენთ, რომ კვირაში შვიდი დღე ოცდაოთხი საათის მანძილზე მიირთმევთ, ნუ აღელდებით. თქვენთვის სათქმელი ძალიან ბევრი გვაქვს და ვეცდებით აღნიშნული პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმაროთ.
რატომ გიძლიერდებათ მადა სტრესის დროს?
ნუტრიციოლოგების განმარტებით, სტრესულ ვითარებაში ადამიანი თავს ცუდად გრძნობს და კომფორტის ძიებაშია, სწორედ ამიტომ ის მისთვის საყვარელი საკვების მირთმევას აქტიურად ცდილობს. ბიოქიმიურად აღნიშნული მოვლენა შემდეგნაირად აიხსნება: თქვენს ორგანიზმში დიდი რაოდენობით კორტიზოლი გამომუშავდება. სტრესის ჰორმონი მადას აძლიერებს და იძულებული ხდებით იმაზე მეტი მიირთვათ, ვიდრე ამას ჩვეულებრივ აკეთებდით. კორტიზოლის დონის მატება მარილიანი და შაქრის შემცველი პროდუქტებისადმი მოთხოვნილებასაც ზრდის. როდესაც ორგანიზმში დიდი რაოდენობით კორტიზოლი გამომუშავდება, გლუკოზის გამომუშავების პროცესიც ჩქარდება. გლუკოზა სწრაფად ხელმისაწვდომი ენერგიის წყაროა, რომელიც თქვენს ორგანიზმში ინახება. ეს ორგანიზმის ნორმალური პასუხია სტრესზე. თქვენს კუნთებს გლუკოზის სახით ენერგია ესაჭიროებათ, რათა სტრესით გამოწვეულ გამოფიტვას გაუმკლავდნენ. თქვენი ორგანიზმი გადაღლილია და ენერგიის მისაღებად გლუკოზას საჭიროებს. როდესაც ორგანიზმში არსებული გლუკოზის მარაგი ამოიწურება, თქვენ გაუცნობიერებლად ცდილობთ ისეთი პროდუქტების მიღებას, რომლებიც ორგანიზმში გლუკოზის დონის მატებას შეუწყობს ხელს, მაგ. ნახშირწყლები და ტკბილეული.
სტრესის დროს მადის გაძლიერება ემოციების ზეგავლენით ჭარბი კალორიების მიღებას მოგვაგონებს, თუმცა ეს ერთი და იგივე არ არის. ძლიერი ემოციების დროს, როდესაც ბევრს მიირთმევთ, ამას კორტიზოლის ჭარბი დოზის გამო ნამდვილად არ აკეთებთ. უარყოფითი ემოციების მოჭარბებისას ტვინი ნეიროტრანსმიტერ დოფამინის გაზრდილ რაოდენობას საჭიროებს, რადგან მისი წყალობით ადამიანის განწყობა მნიშვნელოვნად მაღლდება. როდესაც თქვენ საკვებს იღებთ, დოფამინი დიდი რაოდენობით გამომუშავდება, სწორედ ამიტომ, ცუდ განწყობაზე ყოფნის დროს თქვენ ბუნებრივად გიჩნდებათ სურვილი, რომ რამე მიირთვათ. სტრესის დროს მადის გაძლიერება ნეგატიური მოვლენა სულაც არ არის. თქვენი ორგანიზმი შეტყობინებას გიგზავნით. ის გეუბნებათ, რომ მას რაღაც სჭირდება, ეს რაღაც კი - კომფორტია. თქვენ მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებთ საკუთარი თავის შესახებ, აცნობიერებთ, რომ ორგანიზმი სტრესშია და მას განტვირთვა ესაჭიროება. ამ ყოველივეს დადებითი კუთხით უნდა შეხედოთ.
სტრესით გამოწვეული მადის გაძლიერება პრობლემა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ ადამიანები სტრესის დაძლევას ჭარბი კალორიების მიღებით ცდილობენ. სინამდვილეში პრობლემის მოგვარება სხვაგვარად უნდა სცადოთ. თუ სტრესს ებრძვით, ის ჯანსაღი და ეფექტური გზებით უნდა დაამარცხოთ. ერთ დღეს თქვენ აღმოაჩენთ, რომ საკვების მიღება თავს უკეთ აღარ გაგრძნობინებთ, რაც მიგანიშნებთ, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ. სტრესისგან თავის დაღწევის სურვილი სავსებით ბუნებრივია, ბუნებრივია ისიც, რომ ცუდად ყოფნისას ნაყინის ან ნამცხვრის მირთმევა გსურთ, თუმცა პრობლემის მოგვარება სხვაგვარად უნდა სცადოთ. ადამიანები ზოგჯერ ჭარბ კალორიებს მოწყენილობის გამოც იღებენ. სტრესის დროს ისინი კორტიზოლის დონის მატებას ვერ უმკლავდებიან, ხოლო მოწყენილობის გამო კვება სრულიად სხვა ხასიათის პრობლემაა. როდესაც თქვენ რუტინა გბეზრდებათ, ცდილობთ მონოტონურობა ჭარბი კალორიების მიღებით დაძლიოთ. სტრესით გამოწვეული მადის გაძლიერება გაცილებით უფრო ინტენსიურია. თქვენ თავს ვერ იკავებთ, გამუდმებით საკვების მიღებაზე ხართ ორიენტირებული და საკუთარ სურვილებთან გამკლავება გიჭირთ. მოწყენილობის დროს კი ტკბილეულს მხოლოდ იმიტომ მიირთმევთ, რომ ის მაგიდაზე დევს.
ადამიანები საკვებს ძალიან ბევრი მიზეზის გამო იღებენ. ისინი მხოლოდ მაშინ არ მიირთმევენ, როდესაც შიათ. თქვენ ტკბილ ნამცხვრებს უმეტესად იმიტომ მიირთმევთ, რომ მათი გემო მოგწონთ. ზოგიერთი პროდუქტი კი სასიამოვნო მოგონებებს აღგიძრავთ, რის გამოც მათი დანახვისას თავის შეკავება ძალიან გიჭირთ. ხშირ შემთხვევაში გარკვეული საკვების მირთმევა ცნობისმოყვარეობით არის განპირობებული. თქვენ გაინტერესებთ, რა გემო აქვს ამა თუ იმ პროდუქტს. თითოეული ზემოთ დასახელებული მიზეზი სავსებით ამართლებს იმ მოთხოვნილებას, რომელიც თქვენ საკვების მიმართ გიჩნდებათ. ყველაზე ცუდი, რაც ადამიანმა შეიძლება საკვების მიღების შემდეგ განიცადოს, სტრესული შეგრძნებებია. სტრესის გამო ჭარბი კალორიების მიღებისას ადამიანები დანაშაულის გრძნობას განიცდიან. ისინი გრძნობენ, რომ მათი ცუდი განწყობა ნაყინის მირთმევამ ვერ გააქრო, პირიქით, უსიამოვნო ემოციებს ახალი ნეგატიური განცდა დაემატა. ადამიანი, რომელიც სტრესის გამო მიირთმევს, საბოლოოდ თავს დამნაშავედ გრძნობს. მას საკუთარი კვებითი ჩვევები არ მოსწონს და გრძნობს, რომ მახეშია გაბმული. ემოციებთან გამკლავება ყველას ერთნაირად არ გამოსდის. სტრესის დროს მადის გაძლიერება და ჭარბი კალორიების მიღება მოჯადოებულ წრეს ქმნის. თქვენ სტრესში ხართ და მისგან გათავისუფლებას ცდილობთ, რის გამოც ტკბილეულს მიირთმევთ. ამის შემდეგ თავს უარესად გრძნობთ და სტრესი ძლიერდება. მიუხედავად ამისა, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებთ.
როგორ უნდა დაძლიოთ პრობლემა?
სტრესის დროს მადის გაძლიერებასთან გასამკლავებლად გირჩევთ, ჩვენს რჩევებს ყურადღებით გაეცნოთ. ამასთან, გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. შესაძლოა, ზოგიერთი იდეა თქვენთვის ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდეს, ხოლო ზოგმა მათგანმა არ გაამართლოს. თუ პრობლემას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, გამოცდილ დიეტოლოგს ან ნუტრიციოლოგს მიმართეთ. პირველ რიგში, გირჩევთ ყურადღება გაამახვილოთ შიმშილის ტიპზე. როდესაც მადა გაგიძლიერდებათ და საკვების მირთმევის მოთხოვნილება გაგიჩნდებათ, აუცილებლად დაფიქრდით, რა სახის შიმშილი გაწუხებთ, გაიაზრეთ, ნამდვილად გშიათ თუ არა. ყურადღებით დააკვირდით თქვენს ემოციებს, დაფიქრდით, რა პრობლემა გაქვთ. იქნებ გეშინიათ, სასოწარკვეთილი ხართ, თავს მარტო გრძნობთ, შფოთავთ, გაბრაზებული ხართ ან სევდიან განწყობაზე იმყოფებით. აუცილებლად გააცნობიერეთ, რა გაწუხებთ სინამდვილეში. როდესაც პრობლემის იდენტიფიცირებას შეძლებთ, დაფიქრდით, არის თუ არა საკვების მირთმევა ერთადერთი გამოსავალი. შესაძლოა, ფიქრის დროს აღმოაჩინოთ, რომ განწყობის გამოკეთების სხვა შესაძლებლობებიც არსებობს.
ფიქრისა და რეფლექსიის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება არასდროს ინანოთ. მაშინაც კი, როდესაც სტრესულ ვითარებაში საკვების მიღებას გადაწყვეტთ, ამის გამო არ უნდა აღელდეთ. გემრიელად მიირთვით და ცხოვრება მშვიდად განაგრძეთ. მსგავსი მიდგომა მოჯადოებული წრის გარღვევაში დაგეხმარებათ. მაცივარს რომ მიუახლოვდებით, დაფიქრდით, რატომ გადაწყვიტეთ ჭამა, არის თუ არა ამის მიზეზი კორტიზოლის დონის მატება, ან იქნებ იმიტომ მიირთმევთ, რომ მაცივარში საჭმელი გაქვთ და დროის გაყვანა გინდათ. კითხვების დასმა ზედმეტი არასდროს არის. თუ თქვენ აღნიშნულ კითხვებზე გულწრფელ პასუხებს გამონახავთ, პრობლემასთან გამკლავება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. როდესაც მსგავს ქცევას რეგულარულად გაიმეორებთ, ჯანსაღი კვებითი ჩვევების გამომუშავება გაგიმარტივდებათ. როდესაც საკუთარ თავს ჩაუღრმავდებით და მასთან გულახდილ საუბარს დაიწყებთ, შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ ჯანსაღი ატმის მირთმევა უფრო გესიამოვნებათ, ვიდრე შაქრით გაჯერებული ორცხობილასი, რომლის გასახსნელადაც ემზადებოდით. ტკბილეულის მირთმევამდე ღრმად ჩაისუნთქეთ და აუცილებლად ჰკითხეთ თქვენს თავს, ნამდვილად გინდათ თუ არა ნამცხვრის გემრიელი ნაჭრის მირთმევა.
საკუთარი სისუსტის გამო თავის დამნაშავედ ცნობა და სტრესის კიდევ უფრო გაძლიერება სწორი საქციელი არ არის. თუ ტკბილეულს მიირთმევთ, ამის გამო თავი არ უნდა დაისაჯოთ. გახსოვდეთ, რომ ადამიანი ხართ. სტრესის ან მოწყენილობის გამო საკვებს ნებისმიერი ადამიანი მიირთმევს, ხოლო ვინც ამტკიცებს, რომ ასე არასდროს იქცევა, ცრუობს. გირჩევთ, თქვენს არჩევანს (თუნდაც არაჯანსაღს) პატივი სცეთ. როდესაც ტკბილეული გინდებათ, საკუთარ თავს უთხარით, რომ ორცხობილას მიიღებთ და უკეთეს განწყობაზე დადგებით. როდესაც ამას გააკეთებთ, საკუთარი თავის კრიტიკა არ დაიწყოთ. დამშვიდდით და აღიარეთ, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება არ იყო, თუმცა შემდეგში უფრო მეტ გონიერებას გამოიჩენთ. შეცდომებს დიეტოლოგებიც კი უშვებენ. ხშირად ისინიც მიირთმევენ არაჯანსაღ საკვებს, როდესაც სტრესულ ვითარებაში არიან. როდესაც ცუდად ხართ, გააკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტად გსურთ, მაგრამ ეს საქციელი არ ინანოთ. წარსულში ჩადენილ საქციელს ვერ შეცვლით, რის გამოც, გირჩევთ წინ იყუროთ და მომავალზე ორიენტირებული გახდეთ. საკუთარი თავი დაარწმუნეთ, რომ სტრესთან გამკლავებას შეძლებთ და არაჯანსაღ კვებით ჩვევებსაც შეცვლით. ეს საუკეთესო მეთოდია სტრესით გამოწვეული მადის გაძლიერების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. თუ ჩვენ მიერ შემოთავაზებული რჩევებით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ, დახმარებისთვის პროფესიონალს უნდა მიმართოთ.
წარმატებებს გისურვებთ!