Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ყველაფერი საკვები დანამატების შესახებ

საკვები დანამატების მიმართ საზოგადოებას ურთიერთსაპირისპირო დამოკიდებულება აქვს. ადამიანების ნაწილი მათ შესახებ სრულფასოვან ინფორმაციას არ ფლობს, რის გამოც არასწორი წარმოდგენა აქვს საკვები დანამატების დანიშნულების და ჯანმრთელობაზე მათი ზემოქმედების შესახებ. სიტყვა „დანამატი“ თავად გვეუბნება, რომ ის ორგანიზმში დანაკლისის შევსებისთვის არის საჭირო. საკვები დანამატების უმთავრესი დანიშნულება ადამიანის კვებითი რაციონის გამდიდრება და სრულყოფაა. ტერმინი „საკვები დანამატები“ ხმარებაში 1994 წელს შემოვიდა. ამ ტერმინით აღინიშნება ნებისმიერი სახის დანამატი, რომელიც რაციონის შევსებაში გეხმარებათ და შეიცავს რომელიმე შემდგომ ინგრედიენტს: მინერალები, ამინომჟავები, მცენარეული პროდუქტები, ვიტამინები, ბოჭკო, ცხიმოვანი მჟავები. მათ დანამატებად იმიტომ მოიხსენიებენ, რომ მხოლოდ მათზე დაყრდნობით თქვენ საკვებ ნივთიერებებს სრულფასოვნად ვერ მიიღებთ, ამისთვის სწორი კვების რაციონის შედგენა აუცილებელია. ადამიანს აუცილებლად სჭირდება საკვები, რათა ორგანიზმმა ყოველდღიური ფუნქციონირება შეძლოს. ადამიანებს ხშირად აინტერესებთ, შეუძლიათ თუ არა დანამატების მიღება, როდესაც აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, თუ რას აღნიშნავს სიტყვა „ჯანმრთელი.“  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით ჯანმრთელობა სრულფასოვან ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობას გულისხმობს. ადამიანი ჯანმრთელად არ უნდა მივიჩნიოთ მხოლოდ იმის გამო, რომ მას ქრონიკული დაავადებები არ აქვს.

 

სრულფასოვნად ჯანმრთელი ადამიანის პოვნა ძალიან რთულია. ეს უდიდეს იშვიათობას წარმოადგენს. წარმოვიდგინოთ, რომ თქვენი ორგანიზმი გამართულად მუშაობს, ყველა ორგანო თავის ფუნქციას იდეალურად ასრულებს. მიუხედავად ამისა, თქვენ ძალიან  გაგიჭირდებათ საკვების სახით სასარგებლო ნივთიერებების სრულად მიღება და შეთვისება. პროდუქტების უმრავლესობა ქიმიური საშუალებებით არის მოყვანილი. გარემო დაბინძურებულია და ჯანსაღი კვება ნებისმიერი ადამიანისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ის ადამიანებიც კი, რომლებიც ბალანსირებულად  იკვებებიან, ვერ ახერხებენ საკვები პროდუქტების დახმარებით სასარგებლო ნივთიერებების სრულფასოვნად შეთვისებას. საკვებიდან მიღებული სასარგებლო ნივთიერებების რიცხვსა და ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს თქვენი სოციალური და მენტალური მდგომარეობაც. თუ თქვენ წლების მანძილზე სტრესულ და ტოქსიკურ ქორწინებაში იმყოფებით, თქვენი შინაგანი ორგანოები გამართულად ფუნქციონირებას ნელ-ნელა წყვეტენ. სტრესი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას შეუძლებელს ხდის და მასზე უკიდურესად ნეგატიურად ზემოქმედებს. ადამიანების უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, რომ პრევენცია მკურნალობაზე უკეთეს შედეგებს გვაძლევს. როდესაც ჯანმრთელი ხართ, ყოველთვის უნდა ეცადოთ, რომ თქვენს ორგანიზმს ჯანმრთელობა შეუნარჩუნოთ. ამისთვის აუცილებელია, რომ იმუნიტეტის გაძლიერებაზე ყოველდღიურად იზრუნოთ. თანამედროვე სამყაროში, როდესაც ყველანი Covid-19-ის ვირუსულ ინფექციას ვებრძვით, იმუნური სისტემის გაჯანსაღებაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. კვლევებით დგინდება, რომ ინფექციებთან ბრძოლა ყველაზე მეტად სწორედ სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს უჭირთ.

 

საკვები დანამატები, რომლებიც შემოწმებული არ არის და მათი სანდოობა საეჭვოა, არ უნდა გამოიყენოთ. ადამიანების ნაწილი საკვებ დანამატებს მხოლოდ იმიტომ იღებს, რომ ის მეგობრის ან ნათესავისთვის ეფექტური აღმოჩნდა. მსგავსი მიდგომა გაუმართლებელია. მხოლოდ ისეთი საკვები დანამატები უნდა შეიძინოთ, რომლებიც მაღალი სანდოობით გამოირჩევა. თანამედროვე სამყაროში რამდენიმე სახის საკვები დანამატი გამოიყენება. სტრესულ და არაჯანსაღ გარემოში ცხოვრებისას ადამიანებს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ყველაზე მეტად ვიტამინები ესაჭიროებათ. მაშინაც კი, როდესაც თქვენ ჯანსაღად იკვებებით, დაზღვეული არ ხართ, რომ ვიტამინების ნაკლებობის პრობლემამ შეგაწუხოთ. ვიტამინების მიღება მსგავსი პრობლემებისგან გაზღვევთ. ვიტამინების ნაკლებობა თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. თქვენ მიერ მიღებული საკვების უდიდესი ნაწალი გადამუშავებულია. ვიტამინების უკმარისობა ქრონიკული პრობლემაა. მის ჩამოყალიბებას წლები სჭირდება. ვიტამინი A ცხიმში ხსნადი ვიტამინია. მას ძირითადად ბოსტნეულის, ხილის, ხორცის, კარაქის, რძის და თევზის მირთმევისას იღებთ. თქვენი თვალები, კანი, იმუნური სისტემა და ძირითადი ორგანოები ნორმალური ფუნქციონირებისთვის A ვიტამინის მარაგის შევსებას საჭიროებენ. ვიტამინი A სიმსივნის, კოლიტის, კატარაქტის და მშობიარობის შემდგომი გართულებების პრევენციაში გეხმარებათ. აღნიშნული ვიტამინის ჭარბი რაოდენობით მიღება თავის ტკივილს, დაღლილობას, გულისრევას, მუცლის არეში დისკომფორტსა და მენტალური მდგომარეობის გაუარესებას იწვევს.

ვიტამინ B12 წყალში ხსნადი ვიტამინია. ყოველთვის, როდესაც თქვენ ოფლიანობთ, ორგანიზმიდან აღნიშნულ ვიტამინს გამოდევნით. ვიტამინ B12  ორგანიზმში არ ინახება. ვიტამინ B 12 საკვებისა და საკვები დანამატების დახმარებით რეგულარულად უნდა მიიღოთ. აღნიშნულ ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს ხორცი, თევზი და რძის პროდუქტები. კვლევებით დგინდება, რომ B12-ის მარაგის შევსება აუცილებელია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ვიტამინ B12-ის მიღება ინტრავენურად, ორალურად და ნაზალურად შეგიძლიათ. აღნიშნული  ვიტამინი ძალიან ეფექტურია ეგზემის, ათეროსკლეროზის, ალცჰაიმერის დაავადების, სიმსივნის, დეპრესიის და სხვა მძიმე დაავადებების პრევენციისთვის. ვიტამინ B 12 ორგანიზმში არ ინახება, რის გამოც მისი დიდი დოზით მიღება განსაკუთრებულ გვერდით ეფექტებს არ იწვევს. მიუხედავად ამისა, დოზის გადაჭარბება რეკომენდებული არ არის. C ვიტამინი წყალში ხსნადი ვიტამინია. მისი მიღება ხილისა და ბოსტნეულის მირთმევისას შეგიძლიათ. აღნიშნული ვიტამინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა ციტრუსები. ვიტამინ C გაციების პრევენციისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა. ის იმუნიტეტს აძლიერებს და ორგანიზმს აჯანსაღებს. კვლევებით დგინდება, რომ ადამიანები, რომლებიც C ვიტამინის დანამატებს იღებენ, გაციების დროს გაცილებით უკეთ გრძნობენ თავს, ვიდრე სხვები. ამასთან ისინი ძალიან სწრაფად ამარცხებენ გაციებას. C ვიტამინის ჭარბი დოზებით მიღებამ, შესაძლოა, გულძმარვა, თავის ტკივილი, შეკრულობა და თავბრუსხვევა გამოიწვიოს.

D ვიტამინი ორგანიზმმა აუცილებლად გარედან უნდა მიიღოს. მართალია, სხვა ვიტამინებს თქვენ საკვების დახმარებით იღებთ, მაგრამ აღნიშნულ ვიტამინს ძალიან ცოტა საკვები პროდუქტი შეიცავს. D  ვიტამინის საუკეთესო წყაროს მზის სხივები წარმოადგენს. თანამედროვე ადამიანების უდიდესი ნაწილი ოფისში მუშაობს და დროს უმეტესად შენობაში ატარებს, რის გამოც მზის სხივების დახმარებით აღნიშნული ვიტამინის მიღება ძალიან რთულდება. ბევრი კვლევით დასტურდება, რომ D ვიტამინის ნაკლებობა ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს. აღნიშნული ვიტამინის დეფიციტმა, შესაძლოა, ძვლების სისუსტე, სიმსივნე, სიმსუქნე და გულის დაავადებები გამოიწვიოს. კვლევებით დადასტურებულია, რომ D ვიტამინის დანამატის მიღება წარმატებით ახდენს ოსტეოპოროზის პრევენციას. E ვიტამინი ცხიმში ხსნადი ვიტამიანია, რომელსაც ხილის, ბოსტნეულის, ხორცის, კვერცხის და დანამატების დახმარებით იღებთ. აღნიშნული ვიტამინი ანტიოქსიდანტია, შესაბამისად ის ორგანიზმს კარცენოგენებისა და ტოქსინებისგან იცავს. E ვიტამინის დანამატის მიღება სასარგებლოა მენსტრუალური ტკივილის შესამცირებლად, ანემიის, პრემენსტრუალური სინდრომისა და მზით დამწვრობის დროს.  K ვიტამინის საუკეთესო წყაროს მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული წარმოადგენს. აღნიშნული ვიტამინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა ბროკოლი და ბრიუსელის კომბოსტო.

საკვებ დანამატებს შორის უდიდესი პოპულარობით სარგებლობს პრობიოტიკები. პრობიოტიკებს იოგურტების და სასმელების შემადგენლობაში ძალიან ხშირად შეხვდებით. პრობიოტიკები ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომლებიც ნაწლავებში ბუნებრივად არსებობს. მათ სხვანაირად სასარგებლო ბაქტერიების სახელითაც ვიცნობთ. პრობიოტიკების მიღება საკვების გადამამუშავებელ სისტემაში ჯანსაღი ბალანსის შენარჩუნებას და აღდგენას უწყობს ხელს. პრობიოტიკების დახმარებით ორგანიზმი სასარგებლო ნივთიერებების ათვისებას უკეთ ახერხებს. მოწევა და ალკოჰოლის მიღება სასარგებლო ბაქტერიებზე ნეგატიურად ზემოქმედებს. ნაწლავურ ფლორას ყველაზე მეტად ანტიბიოტიკების მიღება აზიანებს. ანტიბიოტიკი სასარგებლო და საზიანო ბაქტერიებს ერთნაირად ანადგურებს. ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ ნაწლავური ფლორის ბალანსის აღდგენა აუცილებელია, რის გამოც  მსგავს შემთხვევაში პრობიოტიკების მიღება რეკომენდებულია. კვლევებით დგინდება, რომ პრობიოტიკებს იმუნური სისტემის გაჯანსაღების უნარი აქვს. მათი მიღება დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობაზე. პრობიოტიკების მიღება შეკრულობის დამარცხებაში გეხმარებათ, ის სასარგებლოა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე ადამიანებისთვისაც.

ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მინერალების მარაგის შევსებას. მინერალების მიღებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ რამდენიმე მინერალის ერთად მიღება ორგანიზმს ხელს უშლის თითოეული მათგანის სრულფასოვნად შეთვისებაში. თუ რკინის დანამატს იღებთ, ორგანიზმს თუთიის ათვისება გაუჭირდება. ორგანიზმს ჯამში 16 უმთავრესი მინერალის მიღება ესაჭიროება, რათა ნორმალურად ფუნქციონირება შეძლოს. ერთ-ერთი უმთავრესი მინერალი, რომელიც ადამიანმა უნდა მიიღოს კალციუმია. ის ოსტეოპოროზის პრევენციისთვის წარმატებით გამოიყენება. საკვებ დანამატებზე როდესაც ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ პროტეინი და ამინომჟავები. მათ გარეშე კუნთოვანი მასის ზრდაზე ფიქრი წარმოუდგენელია. პროტეინის დანამატები ფხვნილისა და თხევადი სახით არსებობს. აღნიშნულ დანამატებს უმეტესად ის ადამიანები იყენებენ, რომლებსაც წონაში კლება, კუნთის ზრდა და ტრავმებისგან განკურნება აქვთ გადაწყვეტილი. მნიშვნელოვან საკვებ დანამატებში შედის: კრეატინი და ცხიმოვანი მჟავები. კრეატინი კუნთების გაძლიერებისა და ვარჯიშის დროს შესრულების ხარისხის გაუმჯობესებისთვის გამოიყენება. ცხიმოვანი მჟავები  გულის დაავადებების პრევენციის, განწყობისა და  ტვინის ფუნქციების გაუმჯობესების, ასევე სიმსივნის რისკის შესამცირებლად გამოიყენება. განსაკუთრებით სასარგებლოა ომეგა 3, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

წარმატებებს გისურვებთ!

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა