რჩევები მენსტრუალური ტკივილის და სპაზმის შესამცირებლად
თუ თქვენ თვეში ერთხელ მენსტრუალური ტკივილები და სპაზმები გაწუხებთ, ჩვენი რჩევები ნამდვილად გამოგადგებათ.
პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ყოველთვიურად მილიონობით ქალი იტანჯება მსგავსი ტკივილებით. ზოგიერთთან დისმენორეა (მტკივნეული მენსტრუაცია) მხოლოდ უშუალოდ ციკლის დაწყებისას იჩენს თავს, ზოგს კი მსგავსი ტკივილები ციკლამდე რამდენიმე დღით ადრე ეწყება.
სიმპტომები, რომლებიც მუცლის ქვედა ნაწილსა და წელის მიდამოებში მსუბუქიდან მძიმე ტკივილამდე ვარირებენ, ციკლის დაწყებიდან მის დასრულებამდე შეიძლება გაგრძელდეს. ზოგიერთ ქალბატონს მენსტრუაციის დროს აწუხებს თავბრუსხვევები, გულისრევა, პირღებინება, დიარეა, სისუსტე და თავის ძლიერი ტკივილები.
საბედნიეროდ, მენსტრუალურ ტკივილთან და უსიამოვნებებთან საბრძოლველად უამრავი საშუალება არსებობს. ცხოვრების წესის შეცვლით თქვენ წარმოუდგენლად ბევრი რამის შეცვლა შეგიძლიათ.
ცვლილებები ცხოვრების წესში, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ
მუცლის ტკივილის დროს, შეგიძლიათ თბილი წყლით სავსე ბოთლი ან თბილი საფენი დაიდოთ მუცლის ქვედა ნაწილზე. ეს მცირე შვებას მოგიტანთ.
ადექვატური დასვენება და ვარჯიში მენსტრუალური ტკივილის პრევენციისთვის საუკეთესო გზაა. ვარჯიშს შეუძლია ბუნებრივი გზით გაგიძლიეროთ ორგანიზმი. მას წარმოუდგენლად ძლიერი ანტიანთებითი ეფექტი აქვს.
მნიშვნელოვანია სტრესის მენეჯმენტი, რათა თავიდან ავირიდოთ ჰორმონალური დისბალანსი. ჰორმონალური დარღვევები მენსტრუალური ტკივილის გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. ქრონიკული სტრესი მნიშვნელოვნად ამცირებს ორგანიზმში პროგესტერონის დონეს, რაც პრემენსტრუალურ დაძაბულობას და ციკლის დროს ტკივილის ინტენსივობას ზრდის. პროგესტერონი ის ჰორმონია, რომელიც ყველაზე დიდი დოზით მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში (ოვულაციის მე-14 დღიდან ციკლის დაწყების დღემდე) გამოიყოფა. ის პასუხისმგებელია მოამზადოს საშვილოსნო, როგორც მენსტრუაციის, ასევე ნაყოფის იმპლანტაციისთვის.
თუ თქვენ ეჭვობთ, რომ სტრესი თქვენი მენსტრუალური ტკივილების და პრემენსტრუალური სინდრომის მთავარი გამომწვევი ფაქტორია, მიმართეთ საშუალებებს, რომლებიც ამცირებენ სტრესის ნეგატიურ ეფექტებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. აუცილებლად გამოგადგებათ ძირტკბილას ნაყენი, C, B6 და B5 ვიტამინები, მინერალებიდან - მაგნეზიუმი და კალციუმი.
კვებასთან დაკავშირებული რჩევები, რომლებიც შვებას მოგიტანთ
ქალები ამჩნევენ, რომ მათი მეტაბოლიზმი მენსტრუაციის პერიოდში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. იმის ცოდნა, თუ რა სახის პროდუქტები მიირთვათ ამ დროს, დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ არასასურველ შეკრულობას, შებერილობასა და დისკომფორტს მუცლის არეში. ზოგიერთი ცხიმიანი პროდუქტი განსაკუთრებით მავნებელია მენსტრუალური ციკლის დროს, რადგან მათ ანთებითი პორცესების გამწვავება შეუძლიათ.
საკვები, რომელსაც ამ დროს უნდა ერიდოთ შემდეგია: რძის პროდუქტები, წითელი ხორცი, თხილი და ნიგოზი, ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც შეიცავს გაჯერებულ ცხიმებს, მაგ. მაფინები, პიცა, ჩიფსები და სხვა გადამუშავებული პროდუქტები. მიირთვით თევზი, კვერცხი, ქათმის და ინდაურის ხორცი, ნუში, სოიო, ასევე ორგანული ზეთები, მაგ. ზეთისხილის.
ანთებით პროცესებთან საბრძოლველად სასურველია ციკლის განმავლობაში თევზის ქონის მიღება. გირჩევთ ყველაზე ძლიერ ომეგა 3-ს ან ორეგანოს ზეთს, რომელსაც ასევე ძლიერი ანტიანთებითი მოქმედება აქვს. სასურველია იგი მიიღოთ ძილის წინ და უზმოზე, საწოლიდან ადგომისთანავე, სხვა შემთხვევაში ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამის დასრულებიდან 2 საათის შემდეგ.
ზომიერი რაოდენობით ბოჭკოს მიღება ასევე შეამცირებს შებერილობას. ამ მხრივ სასარგებლოა შვრია და ჭვავი, ოსპი, ბარდა, ხილი და ბოსტნეული.
თუ თქვენ ოდესმე იღებდით ანტიბიოტიკებს ან შაქრით მდიდარ პროდუქტებს, შესაძლოა ნაწლავური ფლორა წესრიგში არ გქონდეთ. ამ შემთხვევაში, სასურველია პრობიოტიკების მიღება, კონკრეტულად კი ბიფიდო და ლაქტობაქტერიების. პრობიოტიკები ის სასარგებლო ბაქტერიებია, რომლებიც ჩვენს ნაწლავურ ტრაქტში ბინადრობენ. ცალკეული ვიტამინების გამომუშავებასა და ძლიერი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაში ისინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. არ აქვს მნიშვნელობა, ნაწლავური პრობლემები მხოლოდ მენსტრუაციის დროს გაწუხებთ, თუ მის გარეშეც, უზმოზე პრობიოტიკების მიღება ნებისმიერ შემთხვევაში შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
ზოგიერთ შემთხვევაში დისმენორეას მედიკამენტების გარეშე ვერ დაამარცხებთ. ასპირინი და იბუპროფენი პროსტაგლანდინის გამომუშავებას მნიშვნელოვნად ამცირებს და შესაძლოა, ქალების ნაწილს მენსტრუალური ტკივილები შეუმსუბუქოს. ჩასახვის საწინააღმდეგო აბებსაც შეუძლია გარკვეული შვების მოტანა, თუმცა მათი მიღება ჯანმრთელობის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.
თუ სტატიაში შემოთავაზებული მეთოდები და მედიკამენტები ვერ დაგეხმარებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ სპეციალისტის დახმარება გჭირდებათ. ის შესაბამის დანიშნულებას მოგცემთ. გახსოვდეთ, ექიმთან ვიზიტი მნიშვნელოვანია, რათა გამოირიცხოს ტკივილის გამომწვევი ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ენდომეტრიოზი და საშვილოსნოს ანთება.