ცნობილი დიეტების ღირსებები და ნაკლოვანებები
თანამედროვე სამყაროში წონის პრობლემის გადაჭრა და ახალი დიეტების ძიება საკმაოდ აქტუალურია.
დიეტები დიდი ინდუსტრიის ნაწილად დაახლოებით 1980 წლიდან იქცა. ყოველ ორ-სამ წელიწადში თითქოს არსაიდან ჩნდება რომელიმე ახალი დიეტა და ბაზარზე პირველ ადგილს სწრაფადვე იკავებს, ძირითადად ეს ცნობილი ადამიანების დახმარებით მიიღწევა, რომლებიც აქტიურად არეკლამებენ ამა თუ იმ მათთვის მოსაწონ დიეტას. მომხმარებლისთვის საკმაოდ რთული გასარკვევია, რომელი დიეტა უნდა აირჩიონ ზედმეტი კილოგრამებისგან გასათავისუფლებლად. სანამ რომელიმე დიეტის მიმდევარი გახდებით ან ფიტნეს გეგმას შეიმუშავებთ, უმჯობესია, თუ პროფესიონალს გაესაუბრებით, რადგან ასეთ დროს დიდი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. ჩვენ გადავწყვიტეთ მკითხველისთვის გაგვეცნო სამი მეტ-ნაკლებად პოპულარული და წარმატებული დიეტა და ერთმანეთისთვის შეგვედარებინა მათი უპირატესობები თუ ნაკლოვანებები. გთავაზობთ კემბრიჯის , დუკანის და სამხრეთ სანაპიროს დიეტების შედარებით განხილვას.
კემბრიჯის დიეტა
დიეტას ასე იმიტომ ეწოდა, რომ მისი შემქმნელი გახლდათ კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი. აღნიშნული დიეტის გეგმა ემყარება უკიდურესად მცირე კალორიების მიღებას და წონაში კლებას საკვების ჩამანაცვლებელი კოქტეილების, წვნიანების და ფაფების აქტიური გამოყენებით.
აღნიშნული დიეტის გეგმა თქვენს მიზნებზეა დამოკიდებული და მისი მიხედვით მუშავდება. დიეტის პროგრამა ძირითადად იწყება დღიურად 415 კალორიის მიღებით, ნელ-ნელა მოცემული რიცხვი 1500 კალორიამდე უნდა ავიდეს. დიეტის დაწყებამდე აუცილებელია პროფესიონალის კონსულტაცია, რათა თქვენზე მორგებული გეგმა შეიმუშაოთ.
საკვების ჩამანაცვლებელი პროდუქტები შესაძლოა გამოვიყენოთ:
- საკვებთან ერთად, წონის თანდათანობით კლებისთვის.
- საკვების გარეშე, დამოუკიდებლად, წონაში სწრაფი კლებისთვის.
აღნიშნული დიეტა 6 ეტაპად იყოფა. დასაწყისი განსაზღვრავს თქვენს სამომავლო გეგმებსა და შედეგებს.
კემბრიჯის დიეტას შემდეგ ეტაპებად ყოფენ:
- პირველ ეტაპზე გამოიყენება მხოლოდ საკვების ჩამანაცვლებელი პროდუქტები დღეში 3 ან 4 ჯერზე. თუ ვიყენებთ პირველი ეტაპის მეორე ვარიაციას, შეგვიძლია დამატებით ჩვეულებრივი საკვებიც მივიღოთ არაუმეტეს 200 კალორიისა.
- დღიური კალორიული ნორმა ამ ეტაპისთვის არის 415-დან 615 კალორიამდე. აღნიშნული ეტაპი 1-დან 12 კვირამდე გრძელდება.
- მეორე ეტაპზე დღიურად 3-ჯერ უნდა მიიღოთ საკვების შემცვლელი პროდუქტი, დამატებით კი დაიშვება პროტეინის მაღალი შემცველობის მქონე საკვებიც, რამდენიმე სახის ბოსტნეული და ცხიმმოხდილი რძე. დღიურად ადამიანი 810 კალორიას იღებს. მოცემული ეტაპი უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 1 კვირას.
- მესამე ეტაპზე საკვების შემცვლელებს დღეში 2-ჯერ იღებენ, ასევე საუზმედ მიირთმევენ რძეს, ლანჩზე სალათებს, აუცილებელია სამხარიც. ჯამში კალორიების რაოდენობა 1000-ს უნდა აღწევდეს. აღნიშნული ეტაპი ორ კვირამდე გრძელდება.
- მეოთხე ეტაპზე დასაშვები ხდება დაბალკალორიული ლანჩი და სადილი, დღეში 2-ჯერ საკვების შემცვლელი პროდუქტების მიღება აუცილებელია. მოცემული ეტაპის ხანგრძლივობა დიეტაზე მყოფი ადამიანის პირად სურვილზეა დამოკიდებული.
- მეხუთე ეტაპზე დღიურად 1500 კალორია მიიღება. ამ ეტაპზე კვება სამჯერადია, ამასთან აუცილებელია ერთიც ხემსი და ერთჯერადი კვება დიეტური პროდუქტით.
- ბოლო ეტაპზე ადამიანი ადაპტაციას გადის და მიღწეულ შედეგს ინარჩუნებს. კვება ჯანსაღი და სრულყოფილია. დღეში მხოლოდ ერთხელ მიიღება დიეტური პროდუქტი. სასურველია პროფესიონალთან კონსულტაციების კვლავ გაგრძელება.
კემბრიჯის დიეტის უპირატესობები: 1. საკვების ჩამანაცვლებელი პროდუქტები სწრაფად მოქმედებს და წონაში კლება გაცილებით მარტივდება. 2. კემბრიჯის დიეტაში შემავალი პროდუქტები საჭირო ვიტამინების და მინერალების მიღების შესაძლებლობას იძლევა. 3. აუცილებელი არაა დიეტა დაიწყოთ პირველი ეტაპიდან. თქვენი ნებაა, თუ საიდან გადაწყვეტთ დაწყებას. შეგიძლიათ სასტარტოდ ნებისმიერი ეტაპი შეარჩიოთ.
კემბრიჯის დიეტის ნაკლოვანებები: 1. საწყის ეტაპზე კალორიების ნაკლებობის გამო დიეტაზე მყოფ ადამიანებს ხშირად აწუხებთ თავბრუსხვევები და თავის ტკივილი. 2. უსიამოვნო ფიზიკური შეგრძნებებიდან გამომდინარე დიეტის ერგულება ბევრს უჭირს. 3. საკვების ჩამანაცვლებელი პროდუქტები,რომლებიც მოცემულ დიეტაში გამოიყენება, მრავალფეროვანი არ არის. თქვენ ან მოგწონთ, რასაც გთავაზობთ კემბრიჯის დიეტის გეგმა, ან დიეტას ვერ დაიცავთ. დიდი არჩევანი არ გაქვთ.
სამხრეთ სანაპიროს დიეტა
დიეტის გეგმა კარდიოლოგმა არტურ აგატსტონმა შეიმუშავა დიეტოლოგ მარი ალმონთან ერთად. მოცემული დიეტა გულის პრობლემების მქონე ადამიანების დასახმარებლად შეიქმნა და წარმოადგენდა ატკინსის დიეტის დაბალცხიმოვან ალტერნატივას.
სამხრეთ სანაპიროს დიეტა სამ ეტაპად იყოფა:
- დიეტის პირველ ეტაპზე უნდა მიირთვათ მჭლე ხორცი, თევზი, ბოსტნეული გლუკოზის დაბალი შემცველობით, გაუჯერებელი ცხიმები. ეს ეტაპი ორ კვირამდე გრძელდება და წონის კლების პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს.
- მეორე ეტაპზე ხდება დაბალნახშირწყლოვანი პროდუქტების თანდათანობითი ჩართვა კვების რაციონში, ძირითადად ბოსტნეულისა და მარცვლოვნების. დიეტა მოცემულ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ სასურველი შედეგი არ მიიღწევა.
- მესამე ეტაპი მიღწეული შედეგების შენარჩუნებას და ჯანსაღი კვების რეჟიმის ერთგულებას გულისხმობს.
სამხრეთ სანაპიროს დიეტის უპირატესობები: 1. დიეტის მეორე და მესამე ეტაპი მის მიმდევარს აძლევს ცოდნას ჯანსაღი კვების შესახებ და საკუთარ თავზე მორგებულ კვების რეჟიმს აღმოაჩენინებს. 2. მოცემული დიეტა კარგი დასაწყისია მათთვის, ვისაც 5 კილოზე მეტის დაკლება არ სურს. 3. ბოლო ორ ეტაპზე თითქმის არც ერთი კატეგორიის საკვები არ იკრძალება.
დიეტის ნაკლოვანებები კი შემდეგია: 1. პირველი ეტაპი საკმაოდ მკაცრია და შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი თავის ტკივილები,ადვილად გაღიზიანებადობა და დაღლილობა. 2. პირველი ეტაპი საკმაოდ ართულებს დიეტის ერთგულად დაცვას.
დუკანის დიეტა
ფრანგი ექიმის პიერ დუკანის დიეტა მაღალცილოვანი და დაბალნახშირწყლოვანი პროდუქტების მიღებაზეა ფოკუსირებული, რაც ორგანიზმს ცხიმების წვას აიძულებს და წონის სწრაფ კლებას, შემდეგ კი შედეგის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
მოცემული დიეტა ოთხი ეტაპისგან შედგება:
- პირველი შეტევითი ფაზა ერთიდან ათ დღემდე გრძელდება და პროტეინების დიდი დოზებით მიღებას გულისხმობს, რომლებიც მიიღება მხოლოდ სპეციალურად შექმნილი პროდუქტების სიის გამოყენებით.აუცილებელია მცირე რაოდენობით შვრიის ქატოს მიღება. უნდა დალიოთ 6 ჭიქამდე წყალი.ბოსნტეული და სხვა ნახშირწყლოვანი პროდუქტი დაუშვებელია.
- მეორე ეტაპზე მენიუში ჩნდება ბოსტნეული, რომელიც სახამებელს არ შეიცავს. შვრიის ქატოს მიღებას კვლავ აგრძელებთ. აღნიშნული ეტაპი რამდენიმე თვემდე გრძელდება
- მესამე, გამყარების ფაზაში ბოსტნეული ყოველდღიურად არის ნებადართული, ასევე მისაღებია ერთი ულუფა ხილის და ყველის მირთმევაც. პურის ორი ნაჭერიც დღიურ ნორმად ითვლება.
- მეოთხე, სტაბილიზაციის ეტაპზე შეგიძლიათ კვირაში 6 დღის მანძილზე სურვილისამებრ იკვებოთ, მეშვიდე დღეს კი პირველი ფაზის მდგომარეობაში გადაინაცვლოთ და მხოლოდ პროტეინები მიიღოთ. ყოველდღიურად ერთი სუფრის კოვზი შვრიის ქატოს მიღება აუცილებელია. სასურველია, ყოველდღიურად 20 წუთი სეირნობას დაუთმოთ.
დუკანის დიეტის უპირატესობები: 1. დიეტის დასაწყისშივე წონის სწრაფი კლება ადამიანთა უმეტესობისთვის უდიდეს მოტივატორს წარმოადგენს. 2. პროდუქტის სია წინასწარვე განსაზღვრულია და დიეტის მიმდევრებს არ სჭირდებათ კალორიების თვლა და ზედმეტი ძიებები. 3. თუ წესებს მიყვებით, აკრძალული პროდუქტების სია სწრაფად მცირდება.
დუკანის დიეტის ნაკლოვანებები: 1. შეტევის ეტაპი საკმაოდ რთულია და მისი დაძლევა ბევრს უჭირს. 2. ნახშირწყლების ნაკლებობამ შესაძლოა დაღლილობა და თავბრუსხვევები გამოიწვიოს, ბოსტნეულის და მარცვლეულის აკრძალვის გამო ბოჭკოს რაოდენობაც იკლებს, რაც თავის მხრივ ყაბზობის პროვოცირებას ახდენს. 3. დუკანის დიეტა არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც გულის ან თირკმლის პრობლემები აქვს, ასევე დიაბეტით დაავადებულთათვის საჭიროა ექიმთან წინასწარი კონსულტაცია და შეთანხმება.
გახსოვდეთ, დიეტის შერჩევისას სიფრთხილე და დაკვირვება აუცილებელია, რადგან თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და განსხვავდება სხვებისგან არა მხოლოდ ფიზიკური ან მეტაბოლური თავისებურებებით, არამედ შეხედულებებით, ენთუზიაზმით და გამძლეობითაც.