გავხდეთ თუ არა ვეგანი?
უპირატესობები და უარყოფითი მხარეები
აღიარებულია, რომ ვეგანური დიეტით ძალიან დიდი სარგებელი მოგვაქვს როგორც ჩვენი ასევე პლანეტის ჯანმრთელობისთვის. ამერიკის მეცნიერებათა აკადეემის უახლეს კვლევებში ნათქვამია, რომ ვეგანურ დიეტას, რომელიც გამორიცხავს ხორცის, კვერცხის, თევზის და რძის პროდუქტების მიღებას, ნამდვილად შეუძლია როგორც პირად, ასევე გლობალურ ფრონტზე წარმატებების მიღწევა. კვლევების თანახმად ყოველწლიურად 8.1. მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება, თუ ვეგანიზმს მეტი მიმდევარი გამოუჩნდება.
ამერიკაში ვეგანური დიეტა ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის გაპიარებას ხელი შეუწყვეს ისეთმა ცნობილმა სახეებმა, როგორებიც ბიონსე და ჯეი-ზი არიან, ასევე ისეთმა პატივსაცემმა პიროვნებამ, როგორიც ბილ კლინტონია.
2015 წლის კვლევებით, 18 წელს გადაცილებულ ამერიკელებს შორის 1 მილიონზე მეტი ვეგანია. უნდა მივბაძოთ თუ არა მათ? გავეცნოთ ვეგანიზმის სუსტ და ძლიერ მხარეებს.
უპირატესობა - ვეგანიზმი წონაში კლებას უწყობს ხელს
ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ვეგანიზმს ბევრი მიმდევარი ჰყავს წონაში დაკლების სურვილია. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ლექტორის და დიეტოლოგის რიდ მანგელსის თქმით, ვეგანური დიეტის ყველაზე მიმზიდველი მხარე სწორედ ეს არის. როგორც პროფესორი ამბობს, ვეგანური დიეტა ვეგეტარიანულზე ბევრად მკაცრია, რადგან ის ხორცთან ერთად მაღალცხიმიან რძის პროდუქტებსაც გამორიცხავს, შესაბამისად ძალიან დაბალკალორიულია და მისწრებაა მათთვის, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს. კვების ექსპერტი მონიკა მონტეგი ვეგანური დიეტით გამოწვეულ წონაში კლებას ბოსტნეულის, ხილის და მარცვლეულის შემადგენლობაში ცხიმების დაბალი წილით ხსნის. ერთი გრამი ცხიმი გაცილებით მეტ კალორიას შეიცავს, ვიდრე ერთი გრამი ნახშირწყალი. მონტეგის თქმით, ამიტომაც არის ვეგანური დიეტა ასეთი ეფექტური.
ნაკლი - წონაში მოულოდნელმა კლებამ შესაძლოა წონის მატებას შეუწყოს ხელი
ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას ორგანიზმისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. თუმცა წონაში მოულოდნელმა კლებამ შესაძლოა სიმსუქნის საფრთხის წინაშე დაგვაყენოს.
კონექტიკუტის უნივერსიტეტის კვების მეცნიერების პროფესორი ნენსი როდრიგესი აღნიშნავს, რომ გამომდინარე ვეგანური დიეტის მკაცრი ბუნებიდან, დამწყებებს უვითარდებათ შიმშილის გამძაფრებული გრძნობა, რის გამოც ისინი აქტიურად მიირთმევენ გადამუშავებული ნახშირწყლებით, შაქრით და ცხიმით მდიდარ პროდუქტებს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს წონასა და ჯანმრთელობაზე.
წონაში კლების და კვების ექსპერტი ჯეკი კელერი გვირჩევს ვეგანურ დიეტაზე ეტაპობრივად და ფრთხილად გადავიდეთ, მით უმეტეს, თუ ამგვარ დიეტას პირველად მივმართავთ.
უპირატესობა - ვეგანებს სერიოზული დაავადებების განვითარების ნაკლები საფრთხე აქვთ
ჯეკი კელერი ერთ-ერთია იმ კვების ექსპერტთა შორის, რომლებიც აღიარებენ, რომ ვეგანურ დიეტას სერიოზული დაავადებების წარმოქმნის რისკის შემცირება შეუძლია. ამერიკის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის 2015 წლის კვლევებით, ვეგანურ დიეტას ვეგეტარიანულ დიეტაზე მეტად შეუძლია დაგვიცვას დიაბეტის, ჰიპერტენზიის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენისგან. მცენარეულ კვებაზე მყოფი ადამიანები გაცილებით მცირე დოზებით იღებენ გაჯერებულ ცხიმებს, შესაბამისად არ აწუხებთ მაღალი წნევა, აქვთ ქოლესტერინის კარგი მაჩვენებელი, არ ემუქრებათ სიმსუქნე. კელერის თქმით ,მსგავსი დიეტები სიმსივნისგანაც გვიცავენ.
ნაკლი - ვეგანური დიეტა მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებების დეფიციტს იწვევს
სამწუხაროდ, დიეტა, რომელიც ყველა სახის ცხოველურ პროდუქტს გამორიცხავს, გარკვეული ნაკლოვანებებით ხასიათდება.
პროფესორი ნენსი როდრიგესი ასახელებს კალციუმს, ომეგა 3-ს, ვიტამინ B-12-ს და ფოლიუმის მჟავას, რომლებსაც მრავლად შეიცავენ ხორცის და რძის პროდუქტები და რომელთა დეფიციტიც ვეგანური დიეტისას გარდაუვალია. მისი თქმით მსგავსმა არაადეკვატურმა დანაკარგმა, შესაძლოა ძვლების და კუნთების დაავადებებამდე მიგვიყვანოს.
კვების ექსპერტ ჯეკი კელერისთვის სერიოზული კვლევის საგანს წარმოადგენს ვეგანებში ვიტამინ B-12- ის ნაკლებობა, უკიდურეს შემთხვევაში კი მისი არარსებობა. მას დიდი გავლენა აქვს მეტაბოლიზმის პროცესსა და ცენტრალური ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე. ძალიან რთულია B-12-ის მარაგის მხოლოდ ხილით და ბოსტნეულით შევსება.
უპირატესობა - ვიტამინ B-12- ის ალტერნატიული წყაროებიც არსებობს
დიეტოლოგი რიდ მანგელსი, რომელიც 25 წელია ვეგანია, აღნიშნავს, რომ ვიტამინ B-12-ის მთავარ წყაროებს კვერცხი, ხორცის და რძის პროდუქტები შეადგენენ, თუმცა ამ ვიტამინს ის პროდუქტებიც შეიცავენ, რომელთა ჩართვა ვეგანებს თავიანთ დიეტებში შეუძლიათ.ვიტამინ B-12 გვხვდება ფორტიფიცირებულ პროდუქტებში,ხორბალსა და სოიოს რძეში, მას შეიცავს ტოფუ (იაპონური სოიოს ხაჭო) და საფუარი.
ვიტამინ B-12-ის მარაგის შევსება საკვები დანამატების ბალანსირებული გამოყენებითაც შეიძლება.
ნაკლი - პროთეინის მიღების ალტერნატიული წყაროების ძიებას დისკომფორტამდე მივყავართ.
პროთეინის ალტერნატიული წყაროების ძიებისას ადამიანები უამრავ პრობლემას აწყდებიან, სანამ მათთვის მისაღებ პროდუქციას არ მიაგნებენ. კვების ექსპერტ ჯეკი კელერის თქმით, სანამ ადამიანები სხვა და სხვა ალტერნატიულ პროდუქტს აგემოვნებენ, მათი ორგანიზმი ადაპტაციის რთულ პერიოდს გადის. შესაძლოა ბევრის მომნელებელი სისტემა მნიშვნელოვნად გაღიზიანდეს, ყაბზობა ან შებერილობა განვითარდეს, რაც სერიოზულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული.
უპირატესობა - ვეგანიზმი ბუნებრივი გარემოსთვის სარგებლის მომტანია
მეცნიერებმა საუკუნის წინ აღმოაჩინეს, რომ ცხოველური ცხიმის წარმოებას მცენარეულ ცხიმთან შედარებით 100- ჯერ მეტი წყალი სჭირდება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და დროთა განმავლობაში უფრო მნიშვნელოვანი გახდება, რადგან ბუნებრივი რესურსების დაზოგვა თანამედროვე სამყაროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დიეტოლოგ რიდ მანგელსის თქმით, სარგებლიანობა ვეგანიზმის ერთ-ერთ უძლიერეს მხარეს წარმოადგენს.
ნაკლი - აქტივიზმზე დაფუძნებული დიეტა, შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის სარისკო იყოს
გარემოზე ზედმეტმა ზრუნვამ შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. კვების ექსპერტი ჯეკი კელერი აღნიშნავს: „დიახ, ვეგანად ყოფნას ბევრი დადებითი შედეგი მოაქვს, მაგრამ რით აპირებთ ხორცის და რძის პროდუქტების ჩანაცვლებას? ან რომელია პროთეინის შემცველი ის პროდუქტები, რომლებსაც ირჩევთ? მე შევხვედრივარ ვეგანებს, რომლებიც უარს ამბობენ სოიოზე, რადგან, მათი თქმით, სოიო გენმოდიფიცირებული პროდუქტია. ისინი აბსოლუტურად უგულებელყოფენ იმ ფაქტს, რომ სოიოს ჩვენი ორგანიზმის პროთეინებით მომარაგება შეუძლია და მათთვის პროთეინების მისაღებად შესანიშნავ ალტერნატიულ პროდუქტს წარმოადგენს.“
მთავარია თქვენთვის და თქვენი ორგანიზმისთვის სწორი არჩევანი გააკეთოთ!
ყველა ერთ ტანისამოსს ვერ ირგებს. დიეტის არჩევისას გასათვალისწინებელია ადამიანის ასაკი, ფიზიკური დატვირთვის ხარისხი, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა, დიეტებთან დაკავშირებული პერსონალური გამოცდილება. მართალია, ვეგანური დიეტა წონის კორექციისა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ მის დაწყებამდე მაინც აუცილებელია პროფესიონალის რჩევას მიმართოთ. ექსპერტის კონსულტაცია არა მხოლოდ დამწყებთათვის, გამოცდილი ვეგანებისთვისაც სასურველია.